ის ლანდია, - ჩვენ?! - კვირის პალიტრა

ის ლანდია, - ჩვენ?!

როგორც ჩანს, ფეხბურთი საქართველოში მხოლოდ გულშემატკივრებმა და ფეხბურთის ფედერაციამ კი არა, ფეხბურთელებმაც საბოლოოდ "დაიკიდეს".

იქნებ ვინმემ დაგვიწუნოს კიდეც ეს სიტყვა და ზედმეტი მოგდითო, დაგვაბრალოს, მაგრამ სხვა რა უნდა ვთქვათ იმის შემდეგ, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგი სამარცხვინო ფურცლის ჩასაწერად, ისლანდიაში ამხანაგური მატჩის გასამართავად ეროვნული გუნდის სახელით გაერთიანებული 14(?!) ფეხბურთელი გაემგზავრა?

შეიძლება ითქვას, მარტივი გამოსავალია - არ წახვალ სათამაშოდ და ცილსაც ვერავინ დაგწამებს, - აქაოდა, მინდორზე ბოლომდე არ დაიხარჯეო. იტალიასთან თბილისური მატჩის შემდეგ, ექტორ რაულ კუპერს ლეგიონერები შარშანდელი თოვლივით შემოადნენ ხელში, დარჩა ეროვნულ პირველობაზე მობურთალთა ამარა და მათგან მხოლოდ 14 მოთამაშე მოაქუჩა. კარგი, ბატონო, "პატარები" - ყენია, სანაია, ანანიძე და ვაწაძე კუპერმა ახალგაზრდულ ნაკრებს "ათხოვა", მაგრამ სხვები? რეიკიავიკში რომელიმე მოთამაშე რომ დამტვრეულიყო ან გაეძევებინათ, არგენტინელი მწვრთნელი მეკარე ბედიაშვილს ათამაშებდა თავდამსხმელად?

მაგრამ, რაკიღა პასუხს არავინ სთხოვს, ფეხბურთელები რატომ გაიგიჟებდნენ თავს? ეროვნული გუნდი კარგა ხანია დამარცხებულის ფსიქოლოგიითაა გაჟღენთილი, რომელი ბრძოლა, რის თავდადება?! მით უფრო ახლა - ვისაც იძახებენ ან არ იძახებენ ნაკრებში, ყველა კუპერის წასვლას ელის და ამ ფონზე რომელ თამაშზეა ლაპარაკი?

რაც შეეხება უშუალოდ ამხანაგურ შეხვედრას, ის ისე დამთავრდა, როგორც უნდა დამთავრებულიყო: ისლანდიელმა მეთევზეებმა 3:1 მოუგეს საქართველოს (ჩემპიონატის) ნაკრებს. ყველაზე ხშირად კი ადგილობრივი ინტერნეტგვერდები ქართველთა თამაშის შეფასების დროს სიტყვა უსუსურს რომ იყენებდნენ, ქართული ფეხბურთის "პროგრესზე" ესეც ნათლად მეტყველებს. სტუმართაგან, ერთადერთი გოლი ლადო დვალიშვილმა გაიტანა და "ორ ბურთზე მეტით არწაგების ტრადიცია" გააგრძელა...

თუმცა, რატომაც არა - მალტა, ისლანდია, მოლდავეთი და მისთანანი სამი ბურთით რომ ვერ გვიგებენ, ესეც ხომ საქმეა? სულთმობრძავი ქართული ფეხბურთის იავარქმნილი სახელისგან თუ რამე იყო დარჩენილი, ისიც ისლანდიურმა გეიზერმა ჩარეცხა.

P.S. ის, რასაც ისლანდიელები თამაშობენ, თანამედროვე ფეხბურთის ლანდია. და მაშინ, იმას რაღა ჰქვია, რასაც ჩვენ ვთამაშობთ?!