მაღლA და მაღლA - კვირის პალიტრა

მაღლA და მაღლA

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ახალ სიმაღლეზეა. ჯერ მთლად კენწეროზე ვერა, როგორც თუნდაც პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მობურთალი ზოგიერთი ბობოლა ნაკრები, მაგრამ ისევე მაღლა, როგორც ბელორუსიასთან მატჩის შემდეგ შეგირდების მიერ ჰაერში ატყორცნილი იგორ კოკოშკოვი, ანდა ვიქტორ სანიკიძე - ფარისკენ მორიგი გაფრენისას...

მეექვსე წელია მივუყვებით  ა დივიზიონისკენ მიმავალ კიბეს. 2005-ში ფინეთმა არ მიგვიშვა პლეიოფამდე, ორი წლის შემდეგ კი, ისლანდიასთან ჩაგდებულმა მატჩმა გადაგვირაზა ელიტის კარი. როგორც ჩანს, მაშინ ჯერ არც ვიყავით მზად უმაღლეს დივიზიონში სათამაშოდ. სამაგიეროდ, საჭირო გამოცდილება მივიღეთ და უგრძესი, ეკლიანი გზის ბოლოს, ახლაღა ჩავიტკბარუნეთ პირი დამსახურებული "A ვიტამინით"...

წინა წლებში, არცთუ იშვიათად გვესმოდა პესიმისტური ტონით ნათქვამი, - დავუშვათ, გადავედით A დივიზიონში, მერე? ამის თქმის საფუძველი ქომაგს ჰქონდა კიდეც, - ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ, საქართველოს ნაკრები პერსპექტიული, მაგრამ არასტაბილური და "ერთი მოთამაშის" გუნდი იყო. ასეთი კოლექტივი კი, რაც უნდა მაღალი დონის კალათბურთელი იყოს "ის ერთი", მარცხისთვის არის განწირული. და რა ხდება ახლა? საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი ყველაზე თანაბრად დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს ევროპაში და როგორც იქნა, ჰყავს ჭკვიანი მწვრთნელი, რომელსაც არც დროული შეცვლები ეშლება და თითქმის ყველა შეგირდსაც თანაბრად ენდობა.

და კიდევ... ვოვა ბოისამ მითხრა რამდენიმე წლის წინ, - ბელგრადის "პარტიზანს" ისეთი ქომაგები ჰყავს, მათ მოედანზე გამარჯვება, ფაქტობრივად, შეუძლებელიაო. შვედეთთან და ბელორუსიასთან გამართული საშინაო მატჩების შემდეგ, წესით, ვოვას ბელგრადის დარბაზი აღარც უნდა გაახსენდეს. ქართველი გულშემატკივარი ყველა საშინაო მატჩში მეექვსე მოთამაშედ დაემატა ჩვენს გუნდს და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ტყუილად კი არ შეადარა ბელორუსთა თავკაცმა სპორტის სასახლეში ატეხილი ხმაური თვითმფრინავის აფრენის ხმას. თანაც, ალექსანდრ პაპკოვმა ეს თბილისში ჩამოსვლამდე თქვა...

მოგილიოვში 14 ქულის სხვაობით გამარჯვების შემდეგ, კოკოშკოვის სამწყსომ შინ მხოლოდ ორი ქულით - 86:84 მოიგო. ეს მოსალოდნელიც იყო. ჯერ ერთი, ბელორუსიის ნაკრები სტუმრად გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე საკუთარ მოედანზე (თბილისში ჩამოსვლამდე, ამ შესარჩევ ციკლში "თეთრ რუსებს" სტუმრად ერთი მატჩიც კი არ წაუგიათ). თანაც, პირველ შეხვედრაში სოლიდური სხვაობით მარცხის შემდეგ, სტუმრებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და თავისუფლად, ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე თამაშობდნენ. საპირისპირო სიტუაციაში გახლდათ საქართველოს ნაკრები. მატჩამდე, მწვრთნელიან-მოთამაშიანად ჩვენი გუნდის ყველა წევრი მობილიზებული იყო, მაგრამ ჩინებული პირველი მეოთხედისა და ათი ქულით დაწინაურების შემდეგ, როგორც ჩანს, მასპინძლებს კონცენტრაციის შენარჩუნება გაუჭირდათ, საქმე მოთავებულად ნაადრევად ჩათვალეს და...

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაყურებლებთან ერთად, მოთამაშეებსაც ერთი სული ჰქონდათ, როდის დასრულდებოდა შეხვედრა...

ამიტომაც ნუღარ გავიხსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა დაცვაში უამრავი შეცდომა დაუშვა, რომ ზაზა ფაჩულიასთვის ეს ნამდვილად არ იყო საუკეთესო მატჩი. აქ, უპირველესად, შედეგიანობა იგულისხმება, თორემ თავისი საქმე ნაკრების კაპიტანმა მაინც გააკეთა - მოწინააღმდეგეს ბლომად ჯარიმა "აჰკიდა" და ორი ტანმაღალი ბელორუსი მოედნიდანაც მიაბრძანა. გარდა იმისა, რომ სტუმარი კალათბურთელები ზაზას გასანეიტრალებლად ყველა ხერხს მიმართავდნენ, "ატლანტას" ცენტრს იმ დღეს იღბალმაც აქცია ზურგი. არ გვახსენდება მატჩი, ფაჩულიას ამდენი სროლა გაცუდებოდეს. ბურთი ჯიუტად არ ჩადიოდა კალათში და 12 ორქულიანი ტყორცნიდან, ზაზამ მხოლოდ ორი(?!) ჩააგდო. თანაც, პირველად ეს მხოლოდ მესამე პერიოდის ამოწურვამდე სამიოდ წუთით ადრე მოახერხა და რა გასაკვირია, მაშინვე პირჯვარი რომ გადაისახა...

მაგრამ, ახლა უიღბლო მომენტების გახსენების კი არა, გამარჯვებით ტკბობის დროა. ელიტისკენ ექვსწლიანი სვლა საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მოგებული ექვსი მატჩით დაასრულა და ამიერიდან, უმაღლესი დივიზიონის სრულუფლებიანი წევრია. ბოლო ერთი თვეა, ყველა ნომერში კალათბურთზე ვწერთ, თუმცა წინა მატჩებზე სიტყვაც რომ არ გვეთქვა, გადამწყვეტმა შეხვედრამ იმხელა სიხარული მოიტანა, მოედანზე აღარ დაეტია, სპორტის სასახლის გადაჭედილი ტრიბუნებივით იხუვლა და გამარჯვებას დანატრებულ საქართველოს მოედო...

"ჩვენი ამდენწლიანი შრომა დაფასდა და როგორც იქნა, ელიტის საგზური მოვიპოვეთ. გადავედით იქ, სადაც თამაშს ვიმსახურებთ. ვიმსახურებთ როგორც თამაშით, ასევე შემადგენლობითა და ტრადიციებით", - ბელორუსიის ნაკრებთან მატჩის დამთავრების შემდეგ თქვა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც NBA-ს ტრადიცია არ დაარღვია და ნამატჩევს, სპორტული ფეხსაცმელი ტრიბუნაზე ისროლა...

და რა პასუხს მივიღებთ, თუ კიდევ ერთხელ დავსვამთ კითხვას: "გადავედით A დივიზიონში, მერე?" მერე ის, რომ ახლა უკვე შეგვიძლია 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ვიბრძოლოთ. ამაში ძალიან ბევრი ძლიერი ნაკრები შეგვეცილება, მაგრამ თუ ყველა ფაქტორს გავითვალისწინებთ, ჩვენი სავარაუდო მეტოქეებიდან თითქმის არც ერთია ისეთი, საქართველოსთან უპირობო ფავორიტად რომ მიიჩნეოდეს.

ამის თქმის საფუძველს ჩვენი გუნდის შემადგენლობა გვაძლევს: B დივიზიონის საუკეთესო მომხსნელი, ფანტასტიკური ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც წელს ექვსივე მატჩში "იფრინა" და მხოლოდ ორ შეხვედრაში ვერ შესწვდა ორმაგ დუბლს; ფუტკარივით მშრომელი და საიმედო ვლადიმერ ბოისა; NBA-ში ჭიპმოჭრილი ზაზა ფაჩულია; სნაიპერი ელისი; ცინცაძისა და გამყრელიძისთანა ჭკვიანი გამთამაშებლები; ცქიტიშვილი, შერმადინი, ტუღუში... ცოტა ხანში ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი, მანუჩარ მარკოიშვილიც დაუბრუნდება და თუ ახალგაზრდა მოთამაშეებსაც ჩამოვთვლით და იმასაც გავიხსენებთ, რომ ქართველ მოთამაშეთაგან, ყველაზე "ასაკოვანი" 28 წლის ვოვა ბოისაა, ცხადი გახდება, რომ ჩვენს გუნდს დიდი მომავალი აქვს...