"რომ გაიგო, ქართველები ვიყავით, მწვადითა და საფერავით ცალკე ოთახში გაგვიშალა სუფრა. სამთავრობო ბანკეტი ლხინად ვაქციეთ" - კვირის პალიტრა

"რომ გაიგო, ქართველები ვიყავით, მწვადითა და საფერავით ცალკე ოთახში გაგვიშალა სუფრა. სამთავრობო ბანკეტი ლხინად ვაქციეთ"

გარბენი ჰაერში დედამიწის მიზიდულობის კანონის საწინააღმდეგოდ

არიან ადამიანები, რომლებიც ფუტკარივით თავდადებული გარჯით წარუშლელ კვალს ტოვებენ ცხოვრებაში. ასეთი პიროვნება გახლდათ სახელოვანი სპორტსმენი, ქართველ კალათბურთელთა დიდი თანავარსკვლავედის წევრი ვლადიმერ უგრეხელიძე, რომელსაც დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა.

1939 წლის 18 აგვისტოს დაიბადა თბილისში. კალათბურთში ვარჯიში 17 წლისამ დაიწყო. 1958-1974 წლებში თბილისის "დინამოს", ხოლო 1960-1965 წლებში საკავშირო ნაკრების სპორტის ღირსებას იცავდა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ოქროს (1968 წ.), ოთხჯერ კი ვერცხლისა (1959-1961, 1969) და ერთხელ ბრინჯაოს (1965) მედალი დაიმსახურა. 1962 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელმა 1969 წელს საბჭოთა კავშირის თასიც მოიპოვა და იმავე წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში ითამაშა. 1961 წელს საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. რომის ოლიმპიურ თამაშებზე (1960) ვერცხლის, ხოლო სამი წლის შემდეგ ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი ერგო. 1971 წელს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიანიჭეს.

პტიცა

რამდენიმე წლის წინათ ტელევიზიით ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩს ვუყურებდი. მაიკლ ჯორდანის მორიგი ნახტომისას აღფრთოვანებულმა რუსმა კომენტატორმა წამოიძახა - ჰაერში ამდენ ხანს, მაიკლის გარდა, ვერავინ შეყოვნდებოდაო. საუბარში კალათბურთის ცნობილი სპეციალისტი ალექსანდრ გომელსკი ჩაერია: სამოციან წლებში თბილისის "დინამოს" ჰყავდა ასეთი კალათბურთელი - ვოვა უგრეხელიძე, რომელსაც სწორედ ჯორდანივით შეეძლო ფრენა, ამიტომ "პტიცა" შეარქვესო...

ბავშვობისას პლეხანოვზე ცხოვრობდა და "არტოს" ბაღში მიხეილ შიშოვთან დადიოდა ჭადრაკის სექციაზე. პირველ თანრიგამდეც მიაღწია, მაგრამ მერე მძლეოსნობამ გადასძალა - თარჯრბენსა და სიმაღლეზე ხტომაში ცდიდა ძალებს. 180 სანტიმეტრ სიმაღლეზე გადებულ თამასას მრავალგზის გადავლებია. ამის შემხედვარე ერთ-ერთ თანაკლასელს წამოუძახია: ნახეთ, რა ჩიტივით გადააფრინდაო. მაშინ შერქმეული მეტსახელი "პტიცა" სიცოცხლის ბოლომდე შერჩა.

მძლეოსნობაში კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა დიდხანს არც "სპორტის დედოფალს" შერჩენია - ფრენბურთში დაიწყო ვარჯიში. მალე საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს და სწორედ ამ დროს კიდევ ერთხელ შეიცვალა "პროფილი" - მეგობრების რჩევით მიხეილ კეკელიძესთან კალათბურთში ამოყო თავი. 1958 წელს "დინამოს" მაისურა მოირგო და 16 წელიწადი ღირსეულად ატარა ის. არაერთხელ უთქვამს, მაშინ დედაქალაქის გუნდში შესანიშნავი პიროვნებისა და მწვრთნელის - გიორგი ავალიშვილის ხელმძღვანელობით თამაშობდნენ გურამ მინაშვილი, ლევან ინწკირველი, ვაჟა ჟღენტი, ალექსანდრე კილაძე, გურამ აბაშიძე, ილარიონ ხაზარაძე, ვალერი ალთაბაევი, ვაჟა გვანცელაძე, რეზო გოგელია და სხვები, რომლებისგან ძალიან ბევრი ვისწავლეო. კალათბურთში მიხეილ კეკელიძემ დააკვალიანა. როცა მეგობრებმა უგრეხელიძე ამ ცნობილ სპეციალისტს წარუდგინეს, რატომღაც სექციაში მიღება არ უნდოდა, მაგრამ, ყმაწვილისთვის გული რომ არ დაეწყვიტა, აბა, ფარზე ახტიო, უთქვამს. სანამ იგი იატაკზე დაშვებას მოაწრებდა, აღფრთოვანებულს უყვირია, დარჩი, დარჩიო.

თბილისის "დინამოში" როგორ აღმოჩნდით-მეთქი, ვკითხე ერთხელ ბატონ ვლადიმერს. "ეს ცნობილი კალათბურთელის - გურამ აბაშიძის წყალობაა, - მიპასუხა სახელოვანმა კალათბურთელმა. – "დინამოში" მიმიყვანა და თანაგუნდელებს უთხრა, ისეთი მოთამაშე მოგიყვანეთ, ჰაერში "გარბენს" რომ აკეთებსო. მართლაც, ჩემდა უნერბურად, სასწაული გამომდიოდა. როგორც ამბობდნენ, ყოველივე ეს დედამიწის მიზიდულობის კანონს ეწინააღმდეგებოდა: ჰაერში რომ ავიჭრებოდი, რამდენიმე ხანს ვყოვნდებოდი იქ, მეტოქეებს ჩამოვიცილებდი და ბურთს იოლად ვათავსებდი კალათში". გაგრძელება