დივაცი მცხეთამ მოხიბლა - კვირის პალიტრა

დივაცი მცხეთამ მოხიბლა

შესაძლოა, ლეო მესი თბილისში კარგა ხანს ვერ ვნახოთ, სამაგიეროდ, გასულ კვირას სერბული და მსოფლიო კალათბურთის ლეგენდა ვლადე დივაცი გვესტუმრა.

აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ სახელგანთქმული მოთამაშე სერბეთის ოლიმპიურ კომიტეტს ჩაუდგა სათავეში და საქართველოს დედაქალაქსაც ქართველი კოლეგის, გია ნაცვლიშვილის მიწვევით ეწვია.

ცნობილია, რომ თბილისი ჩეხეთის ქალაქ ბრნოს ეცილება 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძლობის უფლების მოპოვებას და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად დივაცი ამის გამო არ ჩამოსულა, თქმა არ უნდა, როცა საქმე თბილისსა და ბრნოს შორის არჩევანის გაკეთებაზე მიდგება, სერბ ვარსკვლავს აუცილებლად გაახსენდება საქართველოში სტუმრობა და იქნებ მისი სახით წონიანი მოკავშირეც შევიძინოთ.

მით უმეტეს, რომ მცხეთაში სტუმრობის შემდეგ დივაცი აღფრთოვანებას ვერ მალავდა და პირობა დადო - ცოტა ხანში, საქართველოს მეუღლესთან ერთად უფრო ხანგრძლივი დროით ვესტუმრებიო. ბუნებრივია, სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის თავკაცი აქ მხოლოდ ღირსშესანიშნაობების სანახავად არ ჩამოსულა, სპორტული კომპლექსების დათვალიერების შემდეგ, ის კათოლიკოს-პატრიარქს ესტუმრა, თბილისის მერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სპორტის მინისტრსაც შეხვდა, ბოლოს კი ახალგაზრდა კალათბურთელებთან ერთად სპორტის სასახლის კალათიც დააჭაშნიკა.