"საქართველო ჩემი სახლია!"
"საქართველო ჩემი სახლია!"
მილტონ ჰეიგი: "ვცდილობ, არ ვიფიქრო ამ თემაზე, რადგან ძალიან მძიმე და ემოციურია ჩემთვის. მიხარია, რომ ამ დროს ჩემი ოჯახი არ იქნება თბილისში, თორემ ძალიან გაგვიჭირდებოდა ცრემლის შეკავება..."

რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების პირველ მატჩამდე თვეზე ნაკლები დარჩა (უელსს 23 სექტემბერს ვეთამაშებით. - რ.შ.) და თანდათანობით ბორჯღალოსნებიც უახლოვდებიან მზადების დასკვნით ფაზას. თურქული შეკრების შემდეგ მილტონ ჰეიგის გუნდი სამშობლოში დაბრუნდა და იაპონიაში გამგზავრებამდე სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავს: რუსეთის ნაკრების ნაცვლად, 27 აგვისტოს
სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" ვუმასპინძლებთ, მერე კი ორმაგი შოტლანდიური გველის. ორმაგი ვისკი არა - ორმაგი გამოცდა: 31 აგვისტოს "დინამო არენაზე", 6 სექტემბერს კი ედინბურგის "მარიფილდზე". მსოფლიო თასის შემდეგ ბორჯღალოსნების ზელანდიელი თავკაცი მილტონ ჰეიგი ასრულებს საქართველოს ნაკრებში მუშაობას, თუმცა გულის ნაწილს "ჩვენს ქვეყანაში" (მისი საყვარელი ფრაზაა. -
რ.შ.) ტოვებს, ქართველი ქომაგისგან კი მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა მიაქვს, ოღონდ ეს ცალკე წერილის თემაა. ამჯერად ჰეიგს მომავალ მატჩებსა და შეგირდების მზადყოფნაზე ველაპარაკეთ.

- ძალიან ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და მოთამაშეების ამჟამინდელი ფიზიკური კონდიციით კმაყოფილი ვარ. თვითონ მორაგბეებიც დაგიდასტურებენ, რომ ასეთი დატვირთვით არასდროს უვარჯიშიათ! განსაკუთრებით გამოვარჩევ თურქეთის შეკრებას, სადაც ბიჭებს საკმაოდ მძიმე ვარჯიშები შევთავაზეთ. თურქეთის ამ ბაზას რეკომენდაცია მსოფლიო რაგბის წარმომადგენლებმა გაუწიეს და ძალიან კმაყოფილი ვართ - ინფრასტრუქტურა, მოსამზადებელი და საცხოვრებელი პირობები, კვება - მსოფლიო დონისა იყო... სიცხითა და მაღალი ტენიანობით გამოწვეულ დისკომფორტს თუ არ ჩავთვლით, სხვა ყველაფრით ძალიან კმაყოფილები დავრჩით.

- ფიზმომზადების შემდეგ ახლა მთავარი ყურადღება ტაქტიკას და ბურთით თამაშს ეთმობა?
- უკვე გადავედით მზადების იმ ნაწილზე, რომელშიც თამაშის ტაქტიკაზე ვიმუშავებთ. ამ ეტაპზე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და მზადებით კმაყოფილი ვარ.

- რამდენიმე დღის წინ ნაკრები სამხედრო ბაზასაც ესტუმრა და ქართველ სამხედროებთან გაიარა მენტალური და ფიზიკური მზადყოფნის ტესტი. რა მისცა გუნდს ამ ერთმა დღემ?
- დიდი გამოცდილება. ძირითადად, გუნდურ მუშაობაზე გავაკეთეთ აქცენტი, ასევე, ვნახეთ, ვის შეუძლია ინიციატივის გამოჩენა. სამხედრო ბაზაში სტუმრობამ მოგვცა შესაძლებლობა, განზე გავმდგარიყავით და გვენახა, ვის როგორ შეუძლია დაგეგმვა, სტრატეგიის არჩევა, საქმისადმი მიდგომა, ლიდერის თვისებების გამოჩენა, დისციპლინისადმი დამოკიდებულება და ა.შ.

- საინტერესოა, თქვენც სამხედროებივით დისციპლინირებული ბიჭები გყავთ თუ გჭირდებათ სიმკაცრის გამოჩენა?
- მერვე წელიწადია, აქ ვმუშაობ, ბიჭები კარგად მიცნობენ და სიმკაცრე იშვიათად მჭირდება. უმეტესწილად, მეგობრული დამოკიდებულებით გავდივართ ფონს, მორაგბეებმა იციან, რომ თავდაუზოგავი შრომა მათსავე ინტერესშია და ზედმეტი მითითება არ სჭირდებათ.

- მომავალ მეტოქეებზე გადავიდეთ: საქართველოში ჩამოსვლაზე რუსეთის ნაკრების უარი საჩვენო გამოდგა - უკეთესი მოწინააღმდეგე ვიშოვეთ!
- მართალი ხართ, "საუზერნ კინგსი" ჩვენთვის ზედგამოჭრილი სპარინგპარტნიორია. ეს გუნდი წინათ სუპერრაგბიში ასპარეზობდა, ახლა პრო-14-შია. სწრაფია, უყვარს ბურთით თამაში, ჰყავს კარგი შერკინება, სწრაფი ფორვარდები, მობილური უკანა ხაზი... მათი სტილი წააგავს ჩვენი სამხრეთელი მეტოქეების - ავსტრალიის და ნაწილობრივ, ფიჯის თამაშსაც. "საუზერნ კინგსის" ძალიან მადლიერი ვართ, ასეთ შეზღუდულ დროში, მოწვევიდან მალევე რომ დაგვთანხმდნენ თბილისში ჩამოსვლაზე. იმედია, ამ სამხრეთაფრიკულ კლუბთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ.



- გაცილებით მნიშვნელოვანია შოტლანდიასთან მატჩი. რას ელით მათთან შეხვედრისგან?
- ეს დიდი შანსია ჩვენთვის, რადგან ასეთი მატჩების გამართვის შესაძლებლობა იშვიათად გვეძლევა. შოტლანდია დიდი გუნდია, ბოლო მატჩი მათთან დიდი სხვაობით წავაგეთ, მაგრამ თუ იმაზე ვიფიქრეთ, რომ შანსი არა გვაქვს, ნამდვილად არაფერი გამოგვივა, თანაც ახლა უკეთესი გუნდი გვყავს, უკეთ ვიცით, როგორ ვეთამაშოთ. შვებულებების პერიოდია და რაგბის მოყვარულთა დიდი ნაწილი ქალაქ­გარეთ არის, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ "დინამო არენა" მაინც გაივსება! მინდა შოტლანდიელ გულშემატკივარს ვაჩვენოთ, როგორ აინტერესებთ და უყვართ რაგბი საქართველოში, რომ საქართველოს სწრაფვა "ექვსი ერისკენ" სრულიად ლეგიტიმურია! ასე რომ, სტადიონის გავსება მხოლოდ ჩვენი ბიჭების მხარდასაჭერად კი არ გვჭირდება, "ექვსი ერის" მამებმაც ნახონ, როგორ ივსება საქართველოში სტადიონები.

- "ექვსი ერის" ნაკრებთან სპარინგი მნიშვნელოვანია, მაგრამ კარს მომდგარი მსოფლიო თასისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპია და ცხადია, ყველა კოზირს არ გამოამზეურებთ...
- ჩვენი ქვეჯგუფის გუნდები შოტლანდიასთან ჩვენს თამაშსაც გაარჩევენ და, რა თქმა უნდა, ყველაფერს არ ვაჩვენებთ, მაგრამ "ექვსი ერის" ნაკრებთან აუცილებლად უნდა მოვსინჯოთ ისე თამაში, როგორსაც მსოფლიო თასზე ვაპირებთ.

- ცოტათი უცნაური კითხვა უნდა დაგისვათ: იტალიასთან მატჩმა რა გვასწავლა ისეთი, რაც სქოთებთან შეხვედრაში გამოგვადგება?
- აპენინელებთან შეხვედრას ძალიან დიდი მოლოდინი ახლდა და ამან ხელი შეგვიშალა. ასეთ დიდ გუნდებთან მშვიდად, თავისუფლად თამაშია საჭირო, ჩვენი ბიჭები კი აღელვებულები, აფორიაქებულები შეხვდნენ იტალიასთან მატჩს და ეს თამაშზეც აისახა და შედეგზეც. ასეთ დროს უნდა ისიამოვნო თამაშით, თავისუფლად ითამაშო. ეს უნდა გავითვალისწინოთ.

- ამაზე ხშირად ელაპარაკებით შეგირდებს?
- მეც და გუნდის ლიდერებიც ხშირად ვეუბნებით ბიჭებს, რომ ეს მაინც მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპია. გასაგებია, რომ შოტლანდიას ვეთამაშებით, მაგრამ ბიჭებმა უნდა ისიამოვნონ თამაშით! უნდა აცნობიერებდნენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მსოფლიო თასია და ჩვენი გუნდი შედარებით იოლად, ლაღად უნდა მიუდგეს შოტლანდიასთან მომავალ შეხვედრას.

- მოსამზადებელი ეტაპის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენს სიტყვებს გავიმეორებ: დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რას აკეთებ მსოფლიო თასამდე, მთავარია, რას იზამ უშუალოდ მსოფლიოზეო... რა შეიძლება "გავაკეთოთ", რა არის ჩვენი მინიმუმ-მაქსიმუმი?
- წინა მსოფლიო თასზე ორი შეხვედრა მოვიგეთ. ასე რომ, მინიმუმი წელსაც ორი მატჩის მოგებაა, მაქსიმუმი - სამი გამარჯვება! ვიმეორებ, ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ სწორება ნამდვილად ამაზე გვაქვს.

- მოულოდნელობა ვეღარ იქნება ჩვენი კოზირი, რადგან საქართველოს ნაკრებს უკვე ყველა იცნობს. მაშ, ტაქტიკა-სტრატეგიის იმედი გვქონდეს, ქართული ძალის თუ ხასიათის?
- მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი სიძლიერე, ფიზიკური მომზადება, შერკინების უპირატესობა. კარგია, რომ ჩვენს გუნდში ახალგაზრდებისა და გამოცდილი მოთამაშეების ერთგვარი მიქსია. კარგია, რომ ახალგაზრდული ნაკრებიდან გადმოსული ბიჭები, რომლებსაც კარგი შეტევითი პოტენციალი აქვთ, ძალიან სწრაფად და ორგანულად შეეწყვნენ გუნდს. ჩვენი უპირატესობაა, რომ მეტოქეებმა ბევრი არაფერი იციან ჩვენი ახალგაზრდა შემტევების შესახებ.

- მხოლოდ დანაკლისია თუ, გარკვეულწილად, კარგიც, რომ ამ ჩემპიონატზე გუნდში არ გვეყოლება მამუკა გორგოძის მსგავსი გამოკვეთილი ლიდერი?
- კარგი იქნებოდა, გუნდში ისევ გვყოლოდა მამუკასნაირი ლიდერი, მისი ხასიათისა და ძალის პატრონი, მაგრამ... დიდი ხანია ვიცოდით, რომ სავარაუდოდ, მსოფლიო თასზე მამუკას გარეშე მოგვიწევდა თამაში და შეგუებული ვიყავით ამ ფაქტს. გვყავს ახალგაზრდა, პერსპექტიული ბიჭები, რომლებიც "გორგოძეები" არ არიან, მაგრამ გუნდისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ.

- სულ ამბობთ: "ჩვენ", "ჩვენი ქვეყანა", "ჩვენი გუნდი" - ეს გულიდან მოდის, თავს მართლაც "ქართველად" გრძნობთ?
- უკვე რვა წელიწადია, საქართველო სახლია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ზელანდიელიც ვარ და ქართველიც. ეს არის ქვეყანა, რომელიც თუნდაც დატოვო, შენს გულში რჩება.

- შოტლანდიასთან თბილისური მატჩი, საქართველოში ჩატარებული ბოლო თამაში იქნება თქვენთვის. რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ამაზე ფიქრობთ?
- ვცდილობ, არ ვიფიქრო ამ თემაზე, რადგან ძალიან მძიმე და ემოციურია ჩემთვის. მიხარია, რომ ამ დროს ჩემი ოჯახი არ იქნება თბილისში, თორემ ძალიან გაგვიჭირდებოდა ცრემლის შეკავება. ყველანაირად ვეცდებით, კარგი თამაში გამოვიდეს. ძალიან რთული იქნება, მაგრამ თუ წარმატებით ვითამაშებთ, ვიტყვი, რომ ჩემი საქმე გაკეთებულია! რთულია იმაზე ფიქრი, რომ დამთავრდა ის, რასაც რვა წელიწადს აკეთებდი, მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ ვიცი - ქართულ რაგბიში ბევრად უკეთეს ვითარებას ვტოვებ, ვიდრე ჩემს მოსვლამდე იყო!

- თქვენი პროფესიონალიზმიდან, ხასიათიდან და საქართველოსადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, გულშემატკივრების უმეტესობას სურს მომავალშიც გნახოთ ქართულ რაგბიში |- თუნდაც რომელიმე სხვა პოზიციაზე... თქვენ რას ფიქრობთ?
- შესაძლოა ჩემი რვაწლიანი მუშაობის შემდეგ ბიჭებისთვის საჭირო იყოს ცვლილებები. ალბათ, მეც ახალი გამოწვევა მჭირდება, თორემ მართლაც დავრჩებოდი საქართველოში. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, მსოფლიო თასის შემდეგ კი იაპონიაში გავაგრძელებ მუშაობას. სულ მინდოდა "ამომავალი მზის ქვეყანაში" მწვრთნელად წასვლა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ იოლი არც იქ იქნება მუშაობა. ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები ჩემს "მეორე სამშობლო" საქართველოში. ჩემი გულის ნაწილი აქ რჩება!

- ზელანდიელი ქართველი ვარო... რით ჰგავს ერთმანეთს ეს ორი ერი?
- უპირველესად, იმით, რომ თითქმის ერთნაირი გვაქვს ოჯახური ფასეულობები! საქართველო უძველესი, მრავალფეროვანი კულტურის ქვეყანაა, თბილი და სტუმართმოყვარე ხალხით, ჩინებული ღვინით, სამზარეულოთი და "გადარეული" მძღოლებით!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა