ასათიანი მოსკოვს ტოვებს? - კვირის პალიტრა

ასათიანი მოსკოვს ტოვებს?

საქმეს ისე ეტყობა, მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი ლეგიონერი მალხაზ ასათიანი კლუბს მალე გამოიცვლის. საქართველოს ნაკრების მცველს "რკინიგზელებთან"

კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება და მოსკოვური კლუბი მასთან ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებს.

ყოველ შემთხვევაში, ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ რუსული სააგენტოები. მალხაზი "ლოკომოტივში" 2003 წელს გადავიდა, შარშანწინ ერთი სეზონით კიევის "დინამოს" მიაშურა და რაკი უკრაინაში თავისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა ვერ შეძლო, ისევ მოსკოვში დაბრუნდა. ქართველი ფეხბურთელი მისი გადაბირების მსურველთა ნაკლებობას არასდროს უჩიოდა, მეტიც, რამდენიმე წლის წინ იტალიის "რომაში" მის შესაძლო ტრანსფერზეც იყო ლაპარაკი.

თუმცა, არაერთი შეთავაზების მიუხედავად, ასათიანი დღემდე "ლოკომოტივის" მოთამაშეა. როგორც ჩანს, მისი მოსკოვური კარიერა დასასრულს უახლოვდება და რადგან იანვრიდან თავისუფალი აგენტის სტატუსსაც შეიძენს, კარგი კლუბის გამოძებნა არ უნდა გაუჭირდეს.