"ყველაფერი დავძლიე და ძიუდოს თავი არ დავანებე. მინდოდა "დამეწერა" ჩემი პატარა ისტორია" - მსოფლიო ჩემპიონი ერთი ოჯახით დასახლებული სვანური სოფლიდან - კვირის პალიტრა

"ყველაფერი დავძლიე და ძიუდოს თავი არ დავანებე. მინდოდა "დამეწერა" ჩემი პატარა ისტორია" - მსოფლიო ჩემპიონი ერთი ოჯახით დასახლებული სვანური სოფლიდან

25 აგვისტოს, ტოკიოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 60-კმდე წონით კატეგორიაში ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულა  ქართველმა მოჭიდავე ლუხუმ ჩხვიმიანმა და საკუთარ კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ლუხუმმა ფინალში უზბეკი ძუდოისტი შარაფუდინ ლუტფილაევი დაამარცხა. მანამდე ერთი თვით ადრე კი ევროპულ თამაშებზე, ლუხუმ ჩხვიმიანმა ასევე ოქროს მედალი მოიპოვა. სწორედ ამ ასპარეზობის შემდეგ ჩაწერა მასთან ინტერვიუ ჟურნალმა "გზამ", რომელსაც გთავაზობთ:

ლუხუმ ჩხვიმიანი: - მესტიის რაიონის სოფელ ლაყვრში დავიბადე და გავიზარდე. ეს მიკარგული ადგილია, რომლის შესახებ ბევრმა სვანეთში მცხოვრებელმაც არ იცის.

- რამდენი მოსახლეა? - იმ ადგილას ჩემი ოჯახის გარდა, არავინ ცხოვრობდა. ჩვენგან 5 კილომეტრის რადიუსში იყო 30 ოჯახი და ჩვენგან ყველაზე ახლოს 2 კილომეტრის მოშორებით 4 ოჯახი ცხოვრობდა, ანუ ირგვლივ მეზობელი არ მყავდა. ოჯახში სამი დედმამიშვილი ვიზრდებოდით. მყავს და და ძმა. მე და ჩემს ძმას ფიზიკურად მამა გვავარჯიშებდა, მეორე კლასამდე სკოლაში გვერდით სოფელში, 2 კილომეტრის იქით დავდიოდი, ხოლო შემდეგ უკვე ზუგდიდში გადამიყვანეს.

სვანეთში ხშირად იმართება სხვადასხვა დღესასწაული და დღეობა, რომელზეც შეჯიბრებები იმართება. მათში მეც ვმონაწილეობდი, ვჭიდაობდი და უმეტესწილად, ვიმარჯვებდი ხოლმე. ზუგდიდის სკოლაში რომ გადავედი, იქ ჩემმა უბნელებმა გამოთქვეს აზრი, რომ ბიჭებს გვევარჯიშა. მეც მქონდა ამის სურვილი და ერთ ადგილას მივედით, სადაც მსურველებს ძიუდოში ხანში შესული ვასო კვიციანი ავარჯიშებდა.

მე და ჩემმა ძმამ, რომელიც ჩემზე 2 წლით უფროსია, მასთან ვარჯიში დავიწყეთ. რამდენიმე წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ეს ადამიანი გარდაიცვალა და სხვასთან მოგვიწია გადასვლამ. ზუგდიდში ვსწავლობდი, იქვე ვცხოვრობდი და ვვარჯიშობდით. 15 წლის რომ გავხდი, "ჭაბუკების საქართველო" მოვიგე. ამ გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად უნდა წამოვსულიყავი თბილისში, სადაც ნაკრებთან ერთად უნდა მევარჯიშა. თბილისში სახლი არ გვქონდა, ამიტომ მე, ჩემმა ძმამ და კიდევ ორმა სპორტსმენმა მეგობარმა ერთად, ჩვენი ნათესავის სახლში დავიწყეთ ცხოვრება და ოჯახები, როგორც შეეძლოთ, შორიდან გვეხმარებოდნენ.

15 წლის ბავშვს, რომელსაც დედაქალაქში არავინ მყავდა, არავის ვიცნობდი, არც გზა ვიცოდი, მარტოს მომიწია ფეხის ადგმამ. ყოველდღიურობაში ავითვისეთ ბევრი რამ და გავაცნობიერეთ, რომ დამოუკიდებლად უნდა დაგვეწყო ცხოვრება. "ჭაბუკების საქართველოს" მოგების შემდეგ, 2009 წელს ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკებს შორის მესამე და ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე ჭაბუკებს შორის კვლავ მესამე ადგილების მფლობელი გავხდი. თბილისში, გლდანში არსებობს ოლიმპიური მზადების ცენტრი, რომელსაც ინტერნატსაც ეძახიან. იქ აქტიურად მოასპარეზე სპორტსმენებს, რომლებიც ნაკრების წევრებად მოიაზრებიან, ცხოვრების შესაძლებლობა აქვთ. საქართველოში რომ დავბრუნდი, 2010 წლიდან დღემდე, ანუ უკვე 9 წელია გლდანში, ამ სპორტსკოლაში ვცხოვრობ. რა თქმა უნდა, ოჯახის გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი და დღემდე ასეა, მაგრამ თუ რამეს მივაღწიე ჩემი კარიერის განმავლობაში, ეს ყველაფერი დამოუკიდებლად შევძელი. მეამაყება, რომ თუ რამეს მივაღწიე, ეს ყველაფერი ჩემი შრომის შედეგია.

-  მთაში დაბადებულ-გაზრდილი ადამიანისთვის, ყველაზე რთული დედაქალაქში რა ეტაპი იყო? - ქალაქის აკლიმატიზაციასთან შეგუების შემდეგ, ბევრ ხალხთან ურთიერთობებში შესვლა და "გახსნა" რთულია, მით უმეტეს, რომ მე მთაში დავიბადე, სადაც მეზობელი არ მყავდა. რთულია ისიც, რომ დილას სავარჯიშოდ მიდიხარ, შემდეგ მოდიხარ და თავად გიწევს საჭმლის მომზადება. საღამოს ისევ ვარჯიში, დაღლილი ბრუნდები შინ და კვლავ მარტომ უნდა იზრუნო საკუთარ თავზე. გადატვირთული რეჟიმი მქონდა, მაგრამ ყველაფერი დავძლიე და სპორტს თავი არ დავანებე. ბევრი შეჯიბრება წამიგია, იყო იმედგაცრუება, მიფიქრია თავის დანებებაზეც, მაგრამ ამ აზრებს მაინც სძლევდა ხოლმე იმედი და გამარჯვების ჟინი. ვფიქრობდი ხოლმე, სადაც აქამდე მოვედი, კიდევ უფრო შორს უნდა წავიდე-მეთქი (იღიმის). სწორედ ეს მაძლიერებდა, ეს ფიქრები ყველაზე დიდ მოტივაციას მაძლევდა, რომ მომეხერხებინა დიდ სპორტში ერთი-ორი ნაბიჯის გადადგმა, რათა "დამეწერა" ჩემი პატარა ისტორია. იხილეთ სრულად

ანა კალანდაძე