"მარიფილდის" მარილი და მარიფათი - კვირის პალიტრა

"მარიფილდის" მარილი და მარიფათი

შოტლანდია 36:9 საქართველო

გასულ კვირას ორი მატჩი გამართა საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა. ამ ორიდან უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა (ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში დანიას ვუმასპინძლეთ) კვირას ღამით დასრულდა და მისი შედეგი გაზეთის ამ ნომერში ვერ მოხვდა, ამიტომაც არც სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩზე (2:2) ვიტყვით რამეს და მთელ ყურადღებას რაგბის დავუთმობთ, მით უმეტეს, რომ იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება.

"ბორჯღალოსნებს" მძიმე, მაგრამ ისტორიული კვირა ჰქონდათ - თბილისში პირველად უმასპინძლეს ტიერ-1-ის გუნდს (შოტლანდიის უძლიერეს ნაკრებს) და ასევე პირველად ითამაშეს ედინბურგის ლეგენდარულ "მარიფილდზე". ცხადია, ორივე შეხვედრაში სქოთებმა იმარჯვეს.

შოტლანდია არამხოლოდ "ექვსი ერის", მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია და "ნარშავების" დამარცხების ილუზია არ გვქონია, თუმცა, "მარიფილდზე" ნანახმა მეორე ტაიმმა ერთხელაც დაგვარწმუნა, რომ ასეთი თამაშით მსოფლიო თასზე ძალიან გაგვიჭირდება. ამდენ შეცდომას არათუ ავსტრალია, უელსი და ფიჯი, ურუგვაიც არ გვაპატიებს.

ედინბურგში გამართული შეხვედრა ჩვენთვის ანგარიშითაც უკეთესი იყო (თბილისში 10:44 დავმარცხდით) და თამაშის ხარისხითა და მატჩის მიმდინარეობითაც. საწყის ორმოც წუთში მეტოქეს არაფერი დავუთმეთ და ტაიმის მოგებაც შეგვეძლო: მასპინძლებმა ორი ლელო კი გაგვიტანეს, მაგრამ ვერც ერთი ვერ გარდასახეს, მილტონ ჰეიგის გუნდმა კი სამი საჯარიმო გაიტანა (სამივე თედო აბჟანდაძემ) და შესვენებაზე მხოლოდ მცირე ჩამორჩენითა (10:9) და დიდი იმედით გავედით. სამწუხაროდ, მეორე ნახევარში ქულათა მარაგს ჩვენ ვეღარაფერი შევმატეთ, "ნარშავებმა" კი მეტი "ეკალი" გამოაჩინეს და ლელოების რაოდენობა ექვსამდე გაზარდეს.

"მარილზე" არა - "მარიფილდზე"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველად ითამაშა ახალი, თეთრი ფორმით, თუმცა, (ნარ)შავი თეთრზე ძლიერიც გამოდგა, ოღონდ, განსხვავებით თბილისური მატჩისგან, რომელშიც ყველაფერი პირველივე ნახევარში გადაწყდა (მე-20 წუთზე უკვე 0:20 ვაგებდით), ედინბურგის ლეგენდარულ სტადიონზე თავიდანვე არ "გავსულვართ მარილზე" - თითქმის ერთი საათის განმავლობაში სქოთებს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ და კლასით დიდი განსხვავებაც მხოლოდ დასკვნით ოც წუთში გამოჩნდა.

თბილისური მატჩის შემდეგ მილტონ ჰეიგს შემადგენლობაში ბევრი არავინ (მხოლოდ სამი მორაგბე) შეუცვლია - ცენტრში კაჭარავას შეუწყვილდა ლაშა მალაღურაძე, რომელიც საკმაოდ აქტიურიც გახლდათ, სანდრო თოდუას ნაცვლად ფრთაზე ზურაბ ძნელაძემ ითამაშა, ბექა საღინაძის მაგივრად კი ამჯერად ფლანკერად გიორგი თხილაიშვილი ვნახეთ. როგორც უკვე ვთქვი, საწყის წუთებში კარგად ვითამაშეთ - ბურთსაც ვინარჩუნებდით, დერეფანშიც უშეცდომოთ ვითამაშეთ, ჯარიმიდან კიდეზეც გადავიტანეთ ბურთი და ბოლო წამს ხელიდან გავარდნილი ბურთი რომ არა, იქნებ გიგაშვილსაც მიეღწია შოტლანდიელთა ჩათვლის მოედნამდე.

მასპინძლებმა მე-15 წუთისთვის "გაიღვიძეს", ორიოდ წუთში კი პირველი ლელოც გავუშვით: ფეხით გადაკიდებულ ბურთს "ნარშავების" სწრაფი შეტევა მოჰყვა და პრაისმა დაამიწა. გარდასახვა ვერ გაიტანეს, სამაგიეროდ, გავიტანეთ ჩვენ - თედო აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა შეამცირა. 23-ე წუთზე მეორე ლელოც გავუშვით, თუმცა მასპინძლებმა გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტად დაარტყეს და თედოს ორი ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე შევამცირეთ - 10:9. არადა, მასპინძლებიც იმდენჯერ შეცდნენ, არამხოლოდ საჯარიმოების, ლელოების გატანაც შეგვეძლო. სამწუხაროდ, ერთ ეპიზოდში მიმყოლებმა ვერ ივარგეს, მეორე შეტევის დროს კი ბურთი წინ გადაგვივარდა... თუმცა, საქართველოს ნაკრებმა მაინც კარგი ტაიმი ჩაატარა და მინიმალური სხვაობით წაგებული პირველი ნახევრის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ თბილისის მსგავსად, მეორე ნახევარში ლელოს ედინბურგშიც გავიტანდით.

ხაზი მაინც არ გვეყო. მარიფათი?

ედინბურგის "მარიფილდი" არამხოლოდ სილამაზითა და ქომაგებით, ჩათვლის მოედნითაც გამორჩეულია - ლელოს ხაზი იქ ისეთი ფართოა, ზემოიმერელი გლეხკაცი საყანე ადგილადაც იკმარებდა, თუმცა... ქართველებისთვის მაინც მიუწვდომელი დარჩა. ლელოს ვინ ჩივის, მეორე ტაიმში კინკილა ქულის მოპოვებაც კი ვერ შევძელით და ჩვენთვის ანგარიში პირველი ტაიმისა დარჩა, სქოთებმა კი პირველი ნახევრის ორ ლელოს კიდევ ოთხი მიამატეს, გარდასახვებიც უკეთესად დაარტყეს და მეორე ნახევარი "მშრალად" - 26:0 მოგვიგეს.

არადა, მეორე ტაიმის სტარტიც ჩვენი იყო: საწყისი წუთები შეტევაში გავატარეთ, ორჯერ ხაზიც გავჭერით და მასპინძლები თავის ნახევარში გამოვკეტეთ, მაგრამ "ნარშავები" მალევე მოვიდნენ გონს, ბურთიც დაიბრუნეს და ინიციატივაც. 50-ე წუთზე მესამე ლელო გავუშვით, ძნელაძეც გაასინბინეს და აბჟანდაძესაც გაუცუდდა საჯარიმო დარტყმა, ბოლო 12 წუთში კი სამი ლელოს გაშვებაც მოვახერხეთ...

საბოლოოდ სხვაობა თბილისურ მატჩზე უკეთესია, პირველ ტაიმში თამაშითაც კმაყოფილი დავრჩით, თუმცა დასანანია, რომ ბოლო წუთებზე გაშვებულმა სამმა ლელომ ანგარიში იმაზე უსიამოვნო გახადა, ვიდრე თამაშით ვიმსახურებდით. ვიმეორებ - შოტლანდიასთან წაგება არც მოულოდნელი ყოფილა და არც - სამარცხვინო. ამ გუნდის უსწრაფესი შეტევების ამბავი თბილისიდანაც მწარედ გვახსოვდა, მაგრამ ჩვენი დაცვის ხაზის თამაშმა მაინც ბევრი საფიქრალი გაგვიჩინა. კონცენტრაცია არაერთხელ დავკარგეთ, ბოლო ლელოები ხომ პირდაპირ "ვაჩუქეთ" მასპინძლებს და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დისციპლინაზე ჯერაც ბევრი გვაქვს სამუშაო. განსაკუთრებით - ახალგაზრდა მორაგბეებს...

ეს კარგი გაკვეთილი იყო. "მარიფილდზე" ტესტ-მატჩით სტუმრობა, დიდ გამოცდილებასთან ერთად, დიდი პატივიც არის ამ დონის მატჩებს დანატრებული "ბორჯღალოსნებისთვის". "მარიფილდზე" შოტლანდიასთან მოგებას ჩვენ კი არა (ჯერჯერობით!), გარანტირებულად "ექვსი ერის" ვერც ერთი ნაკრები ვერ დაგეგმავს! არც დაგვიგეგმავს და არც მოგვითხოვია (თუმცა ალალად ვთქვათ - პირველი ტაიმის შემდეგ გულის სიღრმეში ხომ მაინც გაგვიჩნდა სასწაულის იმედი?!), რაც შეგვეძლო, ვითამაშეთ და კარს მომდგარი მსოფლიო თასის წინ ისიც კარგად დავინახეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი.

დასანანია, რომ პირველ ნახევარში ნაჩვენებს ვეღარაფერი შევმატეთ და მეორეში "მარილი" დაგვაკლდა. ზოგი იტყვის, მარიფათიცო, მაგრამ ვერ დავეთანხმები - რაც შეგვეძლო, ვითამაშეთ, ჩვეულად, თავდაუზოგავადაც ვიბრძოლეთ და ამდენ ლელოს ნამდვილად არ ვიმსახურებდით.

შეცდომები კი არ გვიკვირს. მთავარია, ეს შეცდომები არამხოლოდ დავინახოთ, მათ გამოსწორებაზე მეტი ვიმუშაოთ. და, რაც მთავარია, არ დავარღვიოთ ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე უკეთ თამაშობს, ვიდრე ჩემპიონატისთვის მზადების დროს!

"გორგოძილას" დაბრუნება

ცუცქირიძისა და შარიქაძის ტრავმებს კარგი ამბავიც მოჰყვა: ნაკრებში დაბრუნდა ლიდერი და "ბორჯღალოსნების" ყველა დროის საუკეთესო მელელოვე მამუკა გორგოძე! ეროვნული გუნდიდან 2017 წელს წასული "გორგოძილა" ქომაგის, მორაგბეებისა და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის - მისი სეხნია ბახტაძის თხოვნამ დააბრუნა. არაერთხელ უთქვამს, სადაც ვარ, ყველგან კარგად უნდა ვითამაშო, არ მინდა, ნაკრებში მხოლოდ სახელისთვის ვიყოო, მაგრამ... გუნდში მისი მხოლოდ ყოფნაც კი განსაკუთრებულად მოქმედებს თანაგუნდელებსა თუ მეტოქეებზე, მით უმეტეს, რომ 35 წლის "გულივერა" (გორგოძის კიდევ ერთი მეტსახელია. - რ.შ.) ახლაც ჩინებულ ფორმაშია და თავის სიტყვას მისთვის ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასზეც იტყვის.

და რადგან საუკეთესო მელელოვე ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ "ბორჯღალოსნებს" ახალი რეკორდსმენიც ჰყავთ: ედინბურგული მატჩი ეროვნულ გუნდში ჩატარებული 116-ე შეხვედრაა დავით კაჭარავასთვის!

2019 წლის მსოფლიო თასზე კი საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 23 სექტემბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავს.