"საქართველოს ნაკრები ყველა მატჩზე მოსაგებად გადის!" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ნაკრები ყველა მატჩზე მოსაგებად გადის!"

დავით კაჭარავა: "საქართველოს ნაკრების მაისურით გამართულ მატჩებს დამატებითი მოტივაცია აღარ სჭირდება! რაც შეეხება დიდხანს თამაშს, ვფიქრობ, კარიერის დასასრული უკვე ახლოს არის... ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ..."

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაშია და გამალებით ემზადება მსოფლიო თასის პირველი მატჩისთვის (საქართველო-უელსი, 23 სექტემბერი)." "ბორჯღალოსნებს" შეუერთდა ნაკრების საუკეთესო მელელოვე მამუკა გორგოძეც, თუმცა ამჯერად მეორე რეკორდსმენს - დავით კაჭარავას ველაპარაკეთ, რომელმაც ცოტა ხნის წინ 116-ედ მოირგო ნაკრების მაისური!

- ამ რეკორდს ორი მხარე აქვს: ძალიან სასიამოვნო გრძნობაც არის და დიდი შრომის დაფასებაც, რასაც ტრავმების ნაკლებობაში გამოხატული სპორტული იღბალიც დაემთხვა. მეორე მხრივ, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა გუნდის, საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე.

- დამატებითი მოტივაციაც იქნება, რათა კიდევ ბევრი ითამაშო და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნო სარეკორდო მაჩვენებელი. - საქართველოს ნაკრების მაისურით გამართულ მატჩებს დამატებითი მოტივაცია აღარ სჭირდება! რაც შეეხება დიდხანს თამაშს, ვფიქრობ, კარიერის დასასრული უკვე ახლოს არის... ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ...

- მსოფლიო თასზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებ. როგორ ფიქრობ, რით იქნება განსხვავებული ეს ჩემპიონატი? - კარგ ფორმაში ვართ და მეტის გაკეთება ამჯერადაც შეგვიძლია. გუნდი ოფიციალურ შეკრებას უკვე კარგ კონდიციაში შეხვდა როგორც ფიზიკური, ისე ტექნიკური მაჩვენებლით და სხვა ეტაპზე გადასვლა აღარ გაგვჭირვებია. გულშემატკივარს მუხლჩაუხრელ შრომას და თავდადებას ვპირდებით, დანარჩენს კი მომავალი გვაჩვენებს...

- ფიზიკური მონაცემებით ისედაც გამოირჩევი და ერთ-ერთი საუკეთესო მბოჭავიც ხარ. რაშია შენი წარმატებული თამაშის საიდუმლო? - თანდაყოლილ უნარს პლუს ბევრი ვარჯიში და გამოცდილება - ალბათ, მიზეზი ეს არის.

- წლებია, რუსულ კლუბში თამაშობ: რა გამოხმაურება მოჰყვა რუსეთში თბილისში სათამაშოდ ჩამოსვლაზე მათი ნაკრების უარს? - რუსეთში რაგბი არ არის პოპულარული და ამ ამბავს დიდი დისკუსია არ მოჰყოლია.

- ფაქტია, რომ რუსების უარით უკეთესი სპარინგ-პარტნიორი გამოვძებნეთ. კმაყოფილი ხარ "საუზერნ კინგსთან" თამაშით?

- რუსეთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქეა და ახალს ვერაფერს შემოგვთავაზებდა. არც ჩვენი სუსტი წერტილები გამოჩნდებოდა ისე კარგად, როგორც "კინგსთან.

- საქართველოში პირველად ჩამოვიდა "ტიერ 1"-ის გუნდი. კლასში მართლაც ამხელა სხვაობაა, თუ ჩვენივე შეცდომების ბრალია, შოტლანდიასთან თბილისური მატჩის ბედი, ფაქტობრივად, საწყის 20 წუთში რომ გადაწყდა?

- ჩვენც და მაყურებელიც დიდხანს ველოდით ამ მატჩს, ამიტომ წნეხი დიდი იყო, თანაც მზადების ბოლო ეტაპზე არც ისეთ სათამაშო კონდიციაში ვიყავით, ამ დონის გუნდთან უშეცდომოდ გვეთამაშა.

- მარიფილდზე გამართული შეხვედრა რით იყო განსხვავებული? მატჩის ბოლოს ზედიზედ სამი ლელო გავუშვით და ისევ დიდი სხვაობით დავმარცხდით. ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულიო და, გამოდის, ბოლო წუთებზე დაშვებული შეცდომები მენტალური პრობლემების ბრალია. - მიზეზი ის არის, რომ ძალიან იშვიათად გვაქვს ასეთ ნაკრებებთან თამაშის შესაძლებლობა. ცხადია, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ანგარიშში სხვაობაც მცირე იყო და მოგებაც შეიძლებოდა. სამწუხაროდ, ბოლო წუთებში დაშვებულმა შეცდომებმა არ მოგვცა ამის საშუალება.

ბოლო წლებში ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა მორაგბე დაწინაურდა, უკანა ხაზიც ბევრად მობილური და სწრაფი გახდა, მაგრამ შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის ქულებში ადეკვატურად ასახვა მაინც გვიჭირს. შერკინების უძლიერესი მოთამაშეები გვყავს და უკანახაზელებმაც უნდა მოვახერხოთ მათი შრომის და უპირატესობის ქულებში გარდაქმნა, ასევე აუცილებელია, ფიზიკური ძალა დინამიკურობაში გამოვიყენოთ.

- მამუკა გორგოძის დაბრუნებამ რა მუხტი შემოიტანა ნაკრებში? - მეტი თავდაჯერებულობა და რწმენა. დიდი სიამოვნებაა ცოცხალი ლეგენდის მხარდამხარ თამაში!

- ტოკუშიმას აეროპორტში საქართველოს დროშებით და ქართული წარწერებით დაგხვდნენ. - იაპონელები დიდ ყურადღებას გვითმობენ და ცდილობენ მაქსიმალური კომფორტი შეგვიქმნან. უქმეებზე სახალისო აქტივობებიც გვაქვს, რაც დამღლელი სავარჯიშო განრიგისგან განტვირთვაში გვეხმარება. ტოკუშიმას რამდენიმე სკოლასაც ვესტუმრეთ და იაპონელ ბავშვებს რაგბის მასტერკლასი ჩავუტარეთ, მათ კი იაპონური კულტურის ნაირსახეობა და სპორტული უნარები გვიჩვენეს. საბედნიეროდ, იაპონიის სანაპიროებთან მძვინვარე ტაიფუნს არ შევუწუხებივართ. მოკლედ, კმაყოფილი ვართ.

- ნაკრებს თარჯიმნობას უწევს იაპონელი ქართველოლოგი ჰაიატე სოტომე, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს კულტურას. - ჰაიატე უზომოდ კარგი ახალგაზრდაა და მისი აქ ყოფნა გვახალისებს.

- მსოფლიო თასის შემდეგ მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრებიდან მიდის. როგორ შეაფასებ ნაკრებში ჰეიგის რვაწლიან მუშაობას, რა არის მთავარი, რაც ზელანდიელმა მისცა ქართულ რაგბის? - ნაკრებში მილტონის მუშაობის პერიოდში ქართულ რაგბიში ბევრი დადებითი რამ მოხდა - იქამდე მიუღწევადი შედეგების ჩვენებითა თუ რაგბის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, რასაც საფუძვლად ნაკრების წარმატება ედო. ქართული რაგბი უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდა.

- მსოფლიო თასის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, რას ეტყვის "ბორჯღალოსნების" რეკორდსმენი დავით კაჭარავა ქართველ გულშემატკივრებს? - დიდი მადლობა თანადგომისთვის! რომ არა გულშემატკივარი, ჩვენი შრომა ფუჭი იქნებოდა. გპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა თავაწეულებმა დავასრულოთ მსოფლიო თასი. ვამაყობ, რომ დღეს საქართველოს ნაკრები ყველა თამაშზე მოსაგებად გადის მოედანზე!