ამერიკამდე ნეკერჩხლის ფოთლები დავიფინეთ - კვირის პალიტრა

ამერიკამდე ნეკერჩხლის ფოთლები დავიფინეთ

საქართველო 22:15 კანადა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა ჩაატარა და კანადის ნაკრებს 22:15 მოუგო. ბორჯღალოსანთაგან საშინაო მატჩებში ყოველთვის დიდი ანგარიშით გამარჯვებას ვართ ჩვეული, თუმცა, თუ მეტოქის სიძლიერესთან ერთად იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახალმა მწვრთნელებმა ქართველი მორაგბეები საქმეში პირველად სულ სამიოდე დღის წინ ნახეს, ანგარიშს დასაწუნი ნამდვილად არაფერი აქვს.

კანადა რომ ძლიერი გუნდია, ამაზე "ნეკერჩხლის ფოთლების" შედეგებიც მეტყველებს და მათი ადგილიც მსოფლიო რეიტინგში. ჩრდილოამერიკელები უკვე რამდენიმე კვირაა ევროპულ ტურნეში არიან: ჯერ ბელგიას მოუგეს 43:12, მერე ესპანეთში გაისეირნეს - 60:22, თბილისიდან კი პორტუგალიას მიაშურეს "მგლებთან" გასაჯიბრებლად. თუმცა კანადელები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ ყველაზე პრინციპული და რთული მატჩი სწორედ საქართველოს ნაკრებთან ელოდათ.

კანადის ეროვნული გუნდი მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილზე იყო 69,62 ქულით, საქართველო კი მე-17 გახლდათ (66, 38 ქულა) და მომავალი შეხვედრის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რადგან გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა, ბორჯღალოსანთა კრებული რეიტინგში ერთი საფეხურით აინაცვლებს და თუ მომდევნო მატჩში კანადელთა კარის მეზობლებიც (27 ნოემბერს აშშ-ის ნაკრებს ვმასპინძლობთ) "ნეკერჩხალთა" გზას გაუყენა, იქნებ უფრო საგრძნობ პროგრესსაც გამოჰკრას ხელი.

რადგან რეიტინგზე ჩამოვარდა სიტყვა, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მე-17 საფეხურამდე ჩვენს დაქვეითებაში კანადელებსაც მიუძღვით წვლილი. 2009 წლის ივნისში საქართველოს ნაკრები "ჩერჩილის თასზე" ექსპერიმენტული შემადგენლობით გაემგზავრა და ამერიკაში სამივე მატჩი წააგო,  მათ შორის - კანადელებთანაც 10:42. "ჩერჩილის თასიდან" დაბრუნების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა თქვა კიდეც, - განახევრებული შემადგენლობით წასვლას, სჯობდა არ წავსულიყავითო. მართლაც, ფაქტია, ჩვენს გუნდს რეიტინგში მაშინდელი რეგრესის აღმოფხვრა ახლაც უწევს.

ამგვარად, კანადელთა დამარცხებისთვის ჩვენს გუნდს მოტივაცია საკმარისზე მეტი ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს დიდი სხვაობით ვერ მოვუგეთ, ეროვნულ სტადიონზე მოპოვებული გამარჯვება მაინც აუცილებელი იყო. რევანში რევანშად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ 2011 წლის მსოფლიო თასამდე ახალ სამწვრთნელო შტაბს მოსამზადებლად წელიწადზე ნაკლები დრო აქვს, რაგბის უმთავრესი ტურნირისთვის კარგად მოსამზადებლად კი სწორედ კანადის რანგის მეტოქეებთან ჭიდილია აუცილებელი.

შესავალი ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, რამდენიმე სიტყვა მატჩზეც ვთქვათ. საქართველოს ნაკრების შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჩრდილოამერიკული ნაკრების დასახვედრ შეკრებაზე ორმოცზე მეტ მორაგბეს უხმო. ამ ჩამონათვალში "ძირითადებთან" ერთად, ახალშექმნილი  ნაკრების მოთამაშეებიც მოხვდნენ. უფრო სწორად, მწვრთნელთა კრებულისთვის ყველა მორაგბე ახალია და სურთ, საქმეში თითოეული მათგანი იხილონ.

მამუკა გორგოძის დისკვალიფიკაციას თუ არ ჩავთვლით, რიჩი დიქსონმა ყველა უძლიერეს მორაგბეს მოუყარა თავი. რაც შეეხება ეროვნული გუნდის ლიდერ გორგოძეს, საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში მუშტების ქნევისთვის ოცდღიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (სასჯელი ნაკრების მატჩებზეც ვრცელდება) და ქართველი გოლიათი ამიტომაც მოვისაკლისეთ. ისე, გორგოძე რამდენადაც ძლიერი მოთამაშეა, იმდენად ფიცხი გახლავთ და მოწინააღმდეგეც ხშირად "შემოელახება" ხოლმე, რაც არც მისთვის არის სასარგებლო და არც გუნდისთვის. იმედია, ზელანდიის მსოფლიო თასს მამუკა უფრო "დაღვინებული" შეხვდება.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ლაშა მალაღურაძემ საჯარიმო დარტყმით თანაგუნდელები უკვე მეოთხე წუთზე დააწინაურა. მალე დიქსონის შეგირდებმა მარცხენა ფლანგიდან ორჯერ შეუტიეს და ორივეჯერ ვეტერანმა მალხაზ ურჯუკაშვილმა ისახელა თავი, თუმცა მახოს მეტოქის ჩათვლის მოედნამდე ცოტა დააკლდა. ამის შემდეგ ბორჯღალოსნებმა ხუთწუთიანი იერიში მიიტანეს სტუმართა ჩათვლის მოედანზე. რაკიღა ქართველთა უმძლავრეს შეტევას ვერაფერს უხერხებდნენ, კანადელებს ისღა დარჩენოდათ, ჩვენი შერკინება ზედიზედ რამდენჯერმე ჩაექციათ და ეს იქამდე არ მოიშალეს, სანამ მსაჯმა ტექნიკური ლელო არ ჩათვალა. მალაღურაძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და მეოცე წუთზე 10:0 დავწინაურდით.

როგორც ჩანს, ამან მასპინძლების ყურადღება ოდნავ მოადუნა და "ნეკერჩხლის ფოთლებმაც" უმალ ისარგებლეს მთავარი კოზირით - სისწრაფით: ჩვენებმა მოედნის ცენტრში დაკარგეს ბურთი, სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა გამოაცხვეს და ჯეისონ მარშალმა საპასუხო ლელო გაგვიტანა. საბედნიეროდ,  ჯეიმს პრიჩარდი თანაგუნდელივით იღბლიანი არ აღმოჩნდა და ზუსტად ვერ გარდასახა - 10:5.

ამის შემდეგ ქართველები თამაშის დალაგებას ცდილობდნენ, მომხვდურნი კი პირიქით - ამღვრეულ წყალში ლამობდნენ თევზის დაჭერას, რაკი ჩვენს შერკინებასთან გამკლავება კანადისთვის კი არა, მასზე გაცილებით ძლიერი ნაკრებისთვისაც რთული საქმეა. სწორედ მორიგ შერკინებებს მოჰყვა ბორჯღალოსანთა მეორე ლელო: "ფოთლები" საკუთარ ლელოს ხაზთან მივხვეტეთ, იქ კი ზირაქაშვილმა იმარჯვა და გუნდს ხუთი ქულა შესძინა. სამწუხაროდ, მალაღურაძემ გარდასახვის გატანა ვერ შეძლო - 15:5. ტაიმის ბოლო წუთზე სტუმრებმა საჯარიმოს უფლება მოიპოვეს და ამჯერად პრიჩარდი გაცილებით ზუსტი აღმოჩნდა - 15:8.

მეორე ნახევარში უფრო მეტს სტუმრები უტევდნენ, თუმცა ლელო მაინც ქართველებმა გაიტანეს. კანადელთა ერთ-ერთი სახიფათო შეტევის მოგერიების შემდეგ, ბურთი მოედანზე მალაღურაძის ნაცვლად შესულმა მერაბ კვირიკაშვილმა მოიგდო და ფეხით მეტოქის ნახევარზე გადაჰკიდა. იქ კი ყველაზე სწრაფად ურჯუკაშვილმა მიირბინა და უკანასკნელ წამს ბურთი იქამდე დაამიწა, სანამ აუტის ხაზს გადაკვეთდა. მალხაზ ურჯუკაშვილისთვის ეს ნაკრების მაისურით გატანილი მეთვრამეტე ლელო გახლდათ და მახომ სამასქულიან ზღვარსაც უწია.

კვირიკაშვილის ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში 22:8 გახდა, თუმცა ამის შემდეგ უპირატესობა სტუმრებს გადავულოცეთ. ამის მიზეზად რამდენიმე ჩვენებურის ტრავმა, მინდორზე ორჯერ ატეხილი ცემა-ტყეპა და ცვლილებები უნდა დავასახელოთ. რაკი ქულების მოხვეჭას ვერ ახერხებდნენ, კანადელები ჩხუბზე გადავიდნენ და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი - კანადა ხომ ჰოკეის სამშობლოა, სპორტის ამ სახეობაში კი მუშტი-კრივი ჩვეულებრივი ამბავია. როგორც ჩანს, სტუმრებს ბევრი არაფერი სმენიათ ქართველებზე, მაგრამ ეჭვგარეშეა, რამდენიმე მათგანს კარგა ხანს ეხსომება ქართული მუშტის სიმწარე.

ასეა თუ ისე, სტუმრებმა მაინც შეძლეს ანგარიშის შემცირება: მეოთხმოცე წუთზე აარონ კარპენტერმა გაინავარდა ჩვენს მცველებში, მის ლელოს ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც გამოჩნდა - 22:15.

ნამატჩევს კანადელ მორაგბეებს ისეთი დაძმარებული სახეები ჰქონდათ, ეჭვგარეშეა, აქ მოსაგებად იყვნენ ჩამოსული. თუმცა ჩვენ მათ გეგმებზე მეტად, ჩვენი მომავალი გვაინტერესებს. საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელებისთვის სადებიუტო მატჩმა დაგვანახა, რომ "დიქსონსა და კომპანიას" მსოფლიო თასზე წარმატებით სათამაშოდ გვარიანი ჯაფა ელის. ქართული შერკინება ისევ ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში, თუმცა, უკანა ხაზის თამაშში ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზია.

ეგ არაფერი - აკი თქვა კიდეც დიქსონმა, რომ ეს პირველი ნაბიჯი იყო, ახალ ზელანდიამდე კი სწორედ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ჩავიდეთ. პირველ ჯერზე ხმელი "ნეკერჩხლის ფოთლები" ავაშრიალეთ, უახლოესი გეგმა კი კანადაზე არანაკლებ ძლიერი - აშშ-ის ნაკრების დამარცხებაა.