"მთელი ცხოვრება საქართველოს სამსახურში ვიყავი და ბოლო ამოსუნთქვამდე მის სადარაჯოზე დავრჩები!.." - კვირის პალიტრა

"მთელი ცხოვრება საქართველოს სამსახურში ვიყავი და ბოლო ამოსუნთქვამდე მის სადარაჯოზე დავრჩები!.."

პირველი

ყველგან, ყოველთვის, ყველაფერში! - ნათლად და ლაკონიურად ასე შეიძლება დაახასიათო!

ფოტოგალერეა

1961 წელს იუგოსლავიის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს პირველობის პრეტენდენტთა ტურნირში 20 წლის ნონა გაფრინდაშვილმა ყველა მეტოქეს აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონ ელიზავეტა ბიკოვასთან შეხვედრის უფლება მოიპოვა.

სწორედ იმ გამარჯვებიდან დაანათლა უფალმა, ყველგან და ყოველთვის ყოფილიყო პირველი:

პირველი ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი,

პირველი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ქალთა შორის,

პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ქალი, რომელმაც ტიტული 16 წელიწადი შეინარჩუნა,

პირველი დიდოსტატი ქალი,

პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის,

პირველი მანდილოსანი, რომელმაც ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა,

პირველი მფლობელი ქალთა საჭადრაკო ოსკარისა,

პირველი თერთმეტგზის გამარჯვებული მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადებისა,

პირველი პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა,

პირველი პრეზიდენტი ქალი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა,

პირველი XX საუკუნის სპორტსმენ ქალთა შორის...

და ვინ იცის, კიდევ რამდენი პირველი... მართებულად შენიშნავს ჟურნალისტი ავთანდილ გურასაშვილი: "წინმავალი ადამიანია ნონა გაფრინდაშვილი, რომელმაც მომავალი თაობებისთვის მტკიცე ხიდი გადო. ამ ხიდმა არა ერთი და ორი აიყვანა ოლიმპზე, კიდევ ბევრნი ავლენ, მაგრამ ისინი ათგზის და მეტგზის ჩემპიონებიც რომ გახდნენ, ნონა გაფრინდაშვილი მაინც პირველი იქნება, ამაში მას ვერავინ შეეცილება".

ჭეშმარიტად!

ქალბატონმა ნონამ ქალთა ჭადრაკი არნახულ სიმაღლეზე აიყვანა, მან აგრძნობინა და დაანახვა ყველას, რომ ქალებსაც ძალუძთ თამაში უმაღლეს დონეზე... მან გაუკვალა გზა ქართულ საჭადრაკო სკოლას საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენი ქვეყანა საჭადრაკო მექად აქცია...

ტახტის მემკვიდრე

შემოდგომის ცივი დღეები იდგა მოსკოვში, საჭადრაკო წრეებში კი ციებ-ცხელებას არ უჩანდა ბოლო – მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინისათვის მის რუს მფლობელსა და ტახტის ახალგაზრდა ქართველ მემკვიდრეს ცხარე ბრძოლები გაეჩაღებინათ...

ეს იყო 1962 წელს. 21 წლის ნონა გაფრინდაშვილმა 49 წლის ელიზავეტა ბიკოვას მატჩი 9:2 მოუგო და მერე დედოფლის ტახტი 16 წელიწადი არ დაუთმია.

"მახსოვს, 17 ოქტომბერს დილით სასტუმრო "მოსკოვის" ფოიეში გაზეთები ვიყიდე და ნონასთან ავედი ნომერში, - წერს ერთ-ერთ მოგონებაში ქართველი ჟურნალისტი და საჭადრაკო მიმომხილველი თენგიზ გიორგაძე. - იგი დედასთან ერთად ცხოვრობდა. ამ დროს ტელეფონმა დაიწკრიალა. ნონამ ყურმილი აიღო, შიშოვი რეკავდა - ბიკოვა გადადებულ პარტიაში დაგნებდათ და ჩემპიონობას გილოცავთო. ნონას სახე გაუბრწყინდა. უნებურად საათს დავხედე - თერთმეტს ორი წუთი აკლდა. ასე დაიწყო ქართველ ქალთა სახელოვანი საჭადრაკო ეპოპეა, რომელიც სამ ათეულ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა"...

ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს დაიბადა ზუგდიდში. ჭადრაკის თამაში 5 წლისამ ისწავლა. მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონია ქალთა შორის. ტიტული 1962 წელს მოიპოვა ელიზავეტა ბიკოვას დამარცხებით, შემდეგ ეს წოდება ოთხჯერ დაიცვა: 1965 (8,5:4,5), 1969 (8,5:4,5) და 1972 (8,5:7,5) წლებში სამჯერ მოუგო ალა კუშნირს, 1975-ში კი - ნანა ალექსანდრიას (8,5:3,5). ტიტული 1978 წელს მაია ჩიბურდანიძესთან მატჩში (6,5:8,5) დათმო.

საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა (1976) და ვაჟთა შორის (1978, ჭადრაკის ისტორიაში პირველად), მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული (1963, 1966, 1969, 1972, 1974, 1978, 1980, 1982, 1984, 1986 - სსრკ ნაკრებში; 1992 - საქართველოს ნაკრებში), სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1964, 1973, 1981, 1983, 1985), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი (1969, 1972). ჭადრაკის "ოსკარის" პირველი ლაურეატი (1982), საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1969, 1975) და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალად (ოქროს პრიზი) დაასახელეს.

1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადებზე ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდების შედეგთა ჯამით საუკეთესო ქვეყანას გადაეცემა. ქალბატონი ნონა გახლდათ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989-1996, ამჟამად საპატიო პრეზიდენტია), საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2002), ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986); 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის 1996 წელს დაჯილდოვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ორდენით, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო ორდენით.

ნებას გრთავ, სვლა დააბრუნო

- ჩემი აქტიური საჭადრაკო ცხოვრება 1955 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ზუგდიდიდან თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. - მითხრა ერთხელ ქალბატონმა ნონამ. - წელიწად-ნახევარი ვახტანგ ქარსელაძე მავარჯიშებდა, მერე მიხეილ შიშოვთან ვიმაღლებდი ოსტატობას. 1956 წელს მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა: თბილისის და საქართველოს ჩემპიონატები, საკავშირო პირველობის ნახევარფინალი, რომელიც ჩვენს დედაქალაქში გაიმართა. ფინალში გავედი. ის კი ძალიან ძლიერი ტურნირი იყო. დასტურად გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონი უფრო ადრე გავხდი, ვიდრე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

უაღრესად მაღალ დონეზე მომზადებული უამრავი კონკურენტი მყავდა, ამიტომ პირველ წლებში მნიშვნელოვანი წარმატებები არ მქონია. საზონათშორისო ტურნირებში მონაწილეობაც რამდენიმე წლით დავაგვიანე. ერთ-ერთ მიზეზს გეტყვით: 1957 წლის საკავშირო ჩემპიონატი, რომელიც საზონათშორისოსთვის შესარჩევი ასპარეზობა იყო, კარგად დავიწყე - სამიდან 2,5 ქულა მქონდა. მე-4 ტურში ლენინგრადელ მოჭადრაკე ფლორა დმიტრიევას შევხვდი. ლოყებღაჟღაჟა ნიჭიერი გოგონა გახლდათ, წარმატებებიც ჰქონდა. დებიუტში ფიგურა შევწირე და კარგი პოზიცია მივიღე. შუა თამაშში მეტოქემ ლაზიერების გაცვლა მოინდომა. ხელი წაავლო თუ არა თავს ფიგურას, მიხვდა, რომ ენდშპილში ორი პაიკის გარეშე დარჩებოდა. ლოყები უფრო გაუწითლდა.

პარტიის მოგებაში იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ ფლორას ვუთხარი, უფლებას გრთავ, სვლა დააბრუნო-მეთქი. ასეთი რამ, იცით, ჭადრაკში არ ხდება. მეტოქეს გაუხარდა, ლაზიერი თავის ადგილას დადო და სხვა სვლა გააკეთა. სპორტული პრინციპის დარღვევისთვის დავისაჯე - ნელ-ნელა გავაფუჭე პოზიცია. პარტია გადავდეთ, რომელშიც დმიტრიევა აშკარად იგებდა. გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ნონა გაფრინდაშვილი: "3 ქორწილი მქონდა"