სათვალავი საქართველოს ნაკრებისათვის - კვირის პალიტრა

სათვალავი საქართველოს ნაკრებისათვის

სლოვენია 1 : 2 საქართველო

საქართველოს ნაკრებში მორიგი "იმედისმომცემი" მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ, ყოველ ჯერზე ვამბობდით: - "ახალი მწვრთნელი ჯადოქარი არ არის, მაგრამ..." მაგრამ მაინც გვჯეროდა სასწაულის. და რაკიღა, აქ ნამუშევარი სპეციალისტებისგან "ჯადოქარი" ერთიც არ აღმოჩნდა, ჯოხის ერთი მოქნევით რომ გაეცოცხლებინა ჩვენი დაჩაჩანაკებული ნაკრები, ბოლო წლებია ვითვლით - სხვა გუნდების გასწვრივ ქულებს, ჩვენს კარში კი - გოლებს.

არც თემურ ქეცბაიაა ჯადოქარი, თუმცა, მას შემდეგ, რაც ეროვნული ნაკრების თავკაცად დაინიშნა, ახლა უკვე იმას ვითვლით - მერამდენე მატჩია საქართველოს ნაკრები წაუგებლად თამაშობს (სამი მოგება და ხუთი ფრე - ასეთია საქართველოს ნაკრების მონაგარი 2010 წელს). ეს პირველი შემთხვევაა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, როცა ეროვნულმა ნაკრებმა წელიწადი წაუგებლად ჩაამთავრა!

წინამორბედებისგან (ან მათი დამნიშვნელებისაგან) განსხვავებით ქეცბაიას გულზე მჯიღის ცემა არ დაუწყია - აქაოდა, გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიყვანო. მეტიც, კარგა ხანს იფიქრა, სანამ ნაკრებში მუშაობას დათანხმდებოდა, მაგრამ... "ყველას როდი ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარ ქვეყანას გამოადგეს. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კარიერისთვის ეს ნამდვილად არ ყოფილა ოპტიმალური ვარინტი, უარი ვერ ვთქვი..." თემურ ქეცბაიას ეს სიტყვები პირადად მაქვს მოსმენილი.

ქეცბაიას არც ის შეუძლია, ბოლომდე არ დაიხარჯოს და შეგირდებსაც იმავეს სთხოვს. მისი გუნდის ძირითად ბირთვს ისევ ის მოთამაშეები შეადგენენ, რომლებიც ნაკრებში გასულ წლებშიც თამაშობდნენ, თუმცა, გინდა ჯადოქრობა დაარქვით და გინდა სხვა რამ, ერთი რამ ფაქტია - ახალი მწვრთნელის ხელში ნაკრები ახლებურად თამაშობს და რაც მთავარია, თემურმა შეუძლებელი შეძლო - მოთამაშეებს საკუთარი თავის რწმენა, ქართულ ფეხბურთს კი - ქომაგი დაუბრუნა.

საქართველოს ნაკრებს "კარის გაჯახუნება" არასოდეს ეშლებოდა: შესარჩევ ეტაპს საწყისი 3-4 მატჩის შემდეგ ვამთავრებდით, წასაგებს წავაგებდით და... წლის ბოლოს ისეთ მატჩებს ვიგებდით ხოლმე, მათი შედეგი აღარაფერს რომ აღარ წყვეტდა. ახლა კი პირიქითაა და გულზე ხელი დავიდოთ: უმეტესობას გვეგონა, რომ წაუგებელი სერია ჩვენი გუნდისთვის სწორედ სლოვენიაში დასრულდებოდა.

სლოვენიის ნაკრებისთვის მიმდინარე წელი საუკეთესოა ამ ქვეყნის ნაკრების არსებობის ისტორიაში. მატიაჟ კეკის გუნდი ამჟამად მე-15 პოზიციაზეა მსოფლიო რეიტინგში და, ბუნებრივია, წარმატებული წლის დასრულებაც მაჟორულ ნოტზე სურდათ. მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, ჩვენი გუნდის გადახალისებული შემადგენლობაც გვაფიქრებდა, ქეცბაიამ ხომ კოპერში არაერთი ახალბედა იახლა. მეტიც, სლოვენიაში საქართველოს ნაკრების მაისური ექვსმა დებიუტანტმა მოირგო!

მერე? მერე გაიხსენეთ, თამაშის "შემოტრიალებაზე" რომ აღარაფერი ვთქვათ, ბოლოს როდის მოიგო ჩვენმა ნაკრებმა გასვლითი მატჩი? ბოლოს როდის მოიგერია საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა, როდის გავიტანეთ ერთ წუთში ორი გოლი, ანდა აქამდე ბევრჯერ გინახავთ, ქართველი ფეხბურთელი უბურთოდ მოძრაობდეს?

ზემოთ გადახალისებული შემადგენლობა ვახსენეთ. ნაკრების ახალწვეულთაგან ყველას ერთნაირი წარმატებით არ უთამაშია, თუმცა, ფეხბურთელი საქმეში თუ არ ნახე, ვერც მის ავ-კარგზე იმსჯელებ, ამხანაგური მატჩები კი სწორედ ფეხბურთელების გამოსაცდელად არსებობს. მოთამაშეთა სათითაოდ დახასიათებას ნამდვილად არ ვაპირებთ, თუმცა დებიუტანტთაგან რამდენიმე ჩინებულად რომ ჩაერთო თამაშში, ყველა დაგვეთანხმება.

განსაკუთრებით ეს სანდრო გურულსა და თორნიკე ოქრიაშვილზე ითქმის. გურული მეორე ტაიმის დასაწყისიდან ჩაერთო საქმეში, თამაშიც არაერთხელ გაამწვავა და რაც მთავარია, უმნიშვნელოვანესი გოლიც გაიტანა. ამ სხარტი და ტექნიკური ფეხბურთელისთვის კოპერის "ბონიფიკას" სტადიონი იღბლიანი გამოდგა, ისევე როგორც ჯანო ანანიძისთვის. მოსკოვის "სპარტაკის" უნიჭიერესმა ნახევარმცველმა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი სწორედ სლოვენიაში გაიტანა. რაც შეეხება ოქრიაშვილს, 18 წლის ფეხბურთელმა თავი ტექნიკური თამაშითა და ზუსტი პასებით დაგვამახსოვრა.

ერთიცაა - სლოვენიის ნაკრები მთლიანად ლეგიონერებით იყო დაკომპლექტებული, საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა შორის კი ეროვნული პირველობის ფეხბურთელებიც მრავლად იყვნენ, ამას ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავთ, რომ ცხადია, ქეცბაიამ კარგად იცის, მხოლოდ ლეგიონერების იმედად ყოფნა არც ნაკრებს წაადგება და არც ქვეყნის ჩემპიონატს.

ჰო, მეკარე არ დაგვავიწყდეს - გიორგი ლორია თანაგუნდელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო და არა მხოლოდ მოგერიებული პენალტის გამო. თბილისის "დინამოს" გოლკიპერი ისე მშვიდად იყო, გეგონებოდა, საქართველოს ჩემპიონატში კი არა, ინგლისის პრემიერლიგაში ჰქონდეს ჭიპი მოჭრილი. იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელ წლებში მუდმივად მეკარეზე ვწუწუნებდით და არცთუ იშვიათად ნაკრების კარის დარაჯი "განტევების ვაცადაც" გვიქცევია, ნუკრი რევიშვილისა და გიორგი ლორიას საიმედო თამაშიც ერთ-ერთ ნაპერწკლად ემატება იმედის იმ კოცონს, თემურ ქეცბაიამ რომ ააბრიალა ქართველი გულშემატკივრის გულში.

და ყველაზე მთავარი - მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივარსა და ფეხბურთელებს იმედი და რწმენა დაუბრუნდათ, თემური გვირჩევს - ღრუბლებში ფრენას თავი დავანებოთ:  "სლოვენიაში მოგებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს. მიწაზე უნდა დავეშვათ, მომდევნო მატჩებზე ვიფიქროთ და ყველა მატჩში კვლავაც ბოლომდე ვიბრძოლოთ".

"მომდევნო მატჩები" კი არც ისე შორსაა: 6 თებერვალს ლექსემბურგთან, 26 მარტს კი - ჯგუფის ლიდერ ხორვატიასთან.