"ნახევარი ტონა თუ ავწიე, ამაზე აღარც გავჩერდები!" - კვირის პალიტრა

"ნახევარი ტონა თუ ავწიე, ამაზე აღარც გავჩერდები!"

"უკან იშვიათად ვიყურები... წარსულზე მეტად იმაზე ვფიქრობ, წინ რა მელის..."

გასულ კვირას 26 წლის გახდა, მანამდე კი "გახდა ყველაფერი", რითიც შეიძლება სპორტსმენმა იამაყოს! ბოლო ტრიუმფი რამდენიმე დღის წინ ტაილანდში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახეთ, სადაც ლაშა ტალახაძემ ოქროს მედლებისა და რეკორდების ტრადიციული "კორიანტელი" დააყენა: 484 კილოგრამი ორჭიდის ჯამში (ატაცი - 220 კგ, აკვრა - 264), მორიგი მსოფლიო რეკორდები და განცდა, რომ ეს სულაც არ არის მისი მაქსიმუმი! მწვრთნელები ჯერ არ "მიშვებენ", თორემ უკვე შევუტევდი 500 კილოგრამსო, ამბობს ყველა ტურნირის ჩემპიონი და მრავალგზის რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე. სხვა საინტერესო რაღაცებსაც ამბობს:

- ტაილანდში ნაჩვენები შედეგით, ცხადია, კმაყოფილი ვარ. მსოფლიო ჩემპიონატს მცირე ტრავმით შევხვდი და მაჯა დღემდე მაწუხებს, მაგრამ ნაკრების ექიმის, გიორგი ჭინჭარაულის დახმარებით ტურნირამდეც "მშვიდობით" მივედით და ტრავმას არც შედეგის ჩვენებაში შეუშლია ხელი. რაც შეეხება ტურნირის ორგანიზებას, სავარჯიშო და საშეჯიბრებო დარბაზები კარგი იყო, თუმცა უკმაყოფილო დავრჩით კვებით, რაც მძიმეწონოსნისთვის სულაც არ არის უმნიშვნელო საკითხი. ტაილანდური კერძები ისედაც არ მიყვარს და არც მათი არჩევანი იყო დიდი - ძალიან ერთფეროვანი მენიუ ჰქონდათ, ამიტომ მის "გადახალისებაზე" საკუთარი ხარჯით ვზრუნავდით.

- რადგან ექიმი ახსენე, გიორგი ჭინჭარაულთან განსაკუთრებულ მეგობრობასა და მის მაისურზეც გკითხავ, რომელიც "კარგად გაქვთ დაცდილი" და ტურნირების დროს გიორგის მხოლოდ ის აცვია. - სანამ გიორგი ჩაიცვამს, მაისური ჩემი ხატების გვერდით დევს და ჩვენთვის წარმატების მომტანი ერთგვარი თილისმაა. საერთოდაც, გიორგი არა მარტო ნაკრების ექიმი, ჩემი მეგობარი, ოჯახის წევრიც არის, არ თაკილობს ისეთ რაღაცებსაც, რაც არ ევალება: შტანგაზე "ბლინების" მორგებას, შეხვევაში დახმარებას, მასაჟისტობას და ა.შ. მაქსიმალურად ცდილობს, სპორტსმენებს დაეხმაროს.

- საინტერესოა, რა ხდება ტურნირის დასრულების შემდეგ. თავს რამდენი ხნით აძლევ დასვენების უფლებას? - ოქტომბერში მხოლოდ ერთი კვირა დავისვენებ, მერე კი ნოემბერში გასამართი მორიგი ტურნირისთვის დავიწყებ მზადებას. ოლიმპიადის ლიცენზია გასანაღდებელი მაქვს, რათა ყოველგვარი "სიურპრიზისგან" დაზღვეული ვიყოთ.

- სრულად განტვირთვა, ყველაფრისგან "გათიშვა" როდის უფრო გჭირდება - შეჯიბრებამდე თუ ასპარეზობის დასრულების შემდგომ? - სიმართლე გითხრათ, ასეთ რაღაცებს მონატრებული ვარ, მაგრამ შეჯიბრების შემდეგ ჩემთვის საუკეთესო ანტისტრესი ოჯახის წევრებთან ყოფნაა. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მამა გავხდი და შინ პატარა მელოდება.

- ოჯახის შექმნის შემდგომ ზოგიერთი სპორტსმენის კარიერა უკან მიდის, შენს შემთხვევაში კი აშკარად პირიქით არის! - დაოჯახება სულაც არ მიმაჩნია სპორტსმენისთვის კარიერაში ხელის შემშლელად, პირიქით, მეტი სტიმული გეძლევა, რათა შენი მეუღლე და შვილები გაახარო, შედეგების მხრივაც უკეთესად იყო და ფინანსურადაც. მით უმეტეს, თუ მეორე ნახევარიც ხელს გიწყობს. გული მწყდება, რომ ოჯახში დიდ დროს ვერ ვატარებ, მაგრამ სულ ვცდილობ, შვილთან ვიყო. ჯერ მხოლოდ გოგონა მყავს და არ ვიცი, როგორია ვაჟის მამობა, აი, ქალიშვილს კი საოცარი სიყვარული სცოდნია!

- შენში რა შეიცვალა ბოლო წლების საოცარი წარმატებების შემდეგ?

- გაცილებით მეტი გულშემატკივარი შევიძინე, ბევრად მეტი ადამიანი გამოხატავს სითბოსა და სიყვარულს, თორემ მე ნამდვილად არ შევცვლილვარ! ისე კი, სტიმულის მატებასთან ერთად, ქომაგის სიყვარული პასუხისმგებლობის გრძნობასაც ერთიორად ზრდის, რათა გულშემატკივარს იმედი არ გაუცრუო.

- ბოლო წლებში, ფაქტობრივად, არ ყოფილა ტურნირი, სადაც წარუმატებლად იასპარეზე. ასპარეზობის დაწყებამდე, ალბათ, იმაზეც ფიქრობ, როგორი რეაქცია გექნება, ჩემპიონი რომ ვერ გახდე? - ნამდვილად არ ვაპირებ, რომელიმე ტურნირი დავთმო, მაგრამ თუ ასე მოხდება, გული არ დამწყდება, ე.ი. რაღაც დავაკელი, კიდევ უფრო მეტი უნდა მოვინდომო! სულ ზემოთ სვლა, ალბათ, არც არის კარგი, დაცემაც უნდა გამოცადო, რომ ადგომა ისწავლო!

- ისეთ შედეგებს მიგვაჩვიე, გულშემატკივარს ვეღარც წარმოუდგენია, რომ შეიძლება ლაშა ტალახაძემ რომელიმე წონა ვერ დასძლიოს! - სპორტში ყველაფერი შეიძლება მოხდეს - ტრავმამ ან სხვა რაღაცამ შეგიშალოს ხელი, მაგრამ, საბედნიეროდ, ჯერ ასეთი ფიქრები არ მაწუხებს.

- მწვრთნელების როლსა და დამსახურებაზე ხშირად ლაპარაკობ. რას ნიშნავს მწვრთნელი ძალოსნობაში და კონკრეტულად შენს შემთხვევაში? - სპორტსმენისთვის მწვრთნელი მარჯვენა ხელია! ათლეტის ნიჭს სწორედ მან უნდა მისცეს მიმართულება, სწორად გაზარდოს, საჭირო სტრატეგია, დატვირთვები მისცეს. თუ მეტი არა, მწვრთნელს შეგირდზე არანაკლები დატვირთვა აწევს შეჯიბრების დროს. დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან გათვლებისას დაშვებული ერთი პატარა შეცდომა შეიძლება მარცხის საფუძველი გახდეს. ერთკვირიანი დასვენების შემდგომ კონდიციის აღსადგენად რამდენიმე თვე გვჭირდება და მწვრთნელების როლი ამ დროსაც განუზომელია.

- ტაილანდში 27 სექტემბერს იასპარეზე და დაჯილდოების შემდგომ თქვი, რომ სოხუმის დაცემის დღეს წაგების უფლება არ გქონდა! რა არის შენთვის "სოხუმი"? - როცა სოხუმი დაეცა, იმ წელს დავიბადე და ცხადია, არასდროს მინახავს, მაგრამ მინახავს ბევრი ფირი, წამიკითხავს, მომისმენია ბევრი რამ და დღეს ამ ძირძველი ქართული მიწის გარეშე ყოფნა ისევე მადარდებს, როგორც სოხუმში დაბადებულ-გაზრდილ ქართველებს. 27 სექტემბერი ყველა ჩვენგანის ტკივილია, ამ დღეს მართლაც არ მქონდა დამარცხების უფლება! სულ ვცდილობ საკადრისი პატივი მივაგო ჩვენს გმირებს, აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში დაღუპულ ბიჭებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გაიღეს სამშობლოსთვის! მინდა მალე გამთლიანდეს ჩვენი ქვეყანა, ჩემმა თაობამაც ნახოს აფხაზეთისა თუ სამაჩაბლოს ულამაზესი ადგილები.

- ძალოსნობას დავუბრუნდეთ: მსოფლიო რეკორდებს ისე იოლად აუმჯობესებ, ორჭიდის ჯამში 500 კილოგრამის აწევაც მხოლოდ დროის ამბავია. ხომ ფიქრობთ ამაზე? - ვფიქრობ, ტაილანდშიც შესაძლებელი იყო, მეცადა ორჭიდის ჯამში ნახევარი ტონის აწევა. მთლად 500-ის თუ არა, ამ ეტაპზე 5-6 კილოგრამით ნაკლების აწევას მაინც შევძლებდი. ჩემი ორგანიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ასაკთან ერთად ძალაც მომემატება და... ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევ! თუ 500 კილოგრამი ავწიე, ნახევარ ტონაზე აღარ გავჩერდები და კიდევ მეტის აწევის სურვილი გამიჩნდება! ორჭიდის ჯამში 500 კგ ყველასთვის საოცნებო მაჩვენებელია, მით უმეტეს, რომ ძალოსნობის ისტორიაში 472 იყო საუკეთესო შედეგი, რაც უკვე 12 კილოგრამით გავაუმჯობესეთ და მჯერა, რომ უფლის წყალობით მეტს შევძლებთ! მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და აუცილებლად ავალთ საოცნებო მაჩვენებლამდე.

- ორჭიდის ჯამში ნახევარი ტონის აწევამდე მხოლოდ "ერთი ფუთი" (16 კგ - რ.შ.) გაკლია... ფიქრობ ამ 16 კილოგრამზე? - როცა დიდ სიმძიმეებზეა ლაპარაკი, თითო კილოგრამიც ბევრს ნიშნავს. შეიძლება 200 ასწიო, 201-ს კი ვერაფერი მოუხერხო... დარბაზში 484-ზე მეტიც ამიწევია, 500-ზეც წავიდოდი, მაგრამ არ მიშვებენ მწვრთნელები, არ უნდათ გარისკვა. გიორგი ასანიძე სულ მეუბნება, არ ვიჩქაროთ, ჯობს, ნელ-ნელა მივყვეთ, ვიდრე ისეთი შეცდომა დავუშვათ, რაც ცუდად აისახება შენს კარიერაზეო. კი ვბუზღუნებ, მაგრამ ბოლოს მაინც ვუჯერებ და მორჩილად ველი, როდის მომცემენ უფლებას.

- შტანგის გარდა, სხვა სიმძიმეების აწევაც გიცდია?

- მაქსიმალურად ვფრთხილობ, ტრავმა არ მივიღო და არ გადავდგა ისეთი ნაბიჯი, რაც ჩემს კარიერას შეაფერხებს. ამიტომ, სანამ სპორტში ვარ, შტანგის გარდა, სხვა რაღაცებს არ ვეჭიდები.

- პლანეტის უძლიერეს მამაკაცს არა აქვს "ყველაზე ძლიერის" ტურნირებში მონაწილეობის სურვილი? შემოთავაზება ბევრი გექნება... - სიმართლე გითხრა, სემინარების გამართვას უფრო ხშირად მთავაზობენ აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან - ყველას უნდა ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. "სტრონგმენმა" და სხვა სახეობებმა ძალოსნობას დიდი პოპულარობა მოუტანა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ საქართველოს ფარგლებს არ გავცდე, აქვე მოვემზადო, არ გავრისკო. კომერციულ ტურნირებში მონაწილეობა კარგია, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი პროფესიული სპორტია! კარიერის დასრულების შემდგომ კი რატომაც არა?!

- 2 ოქტომბერს მხოლოდ 26 წლის გახდი, მაგრამ საქმით და შედეგებით უკვე ძალიან დიდი ხარ! ყველაზე ემოციურად რა გახსენდება, როცა განვლილ წლებს იხსენებ? - სიმართლე გითხრათ, წარსულზე მეტად იმაზე ვფიქრობ, წინ რა მელის... უკან იშვიათად ვიყურები, ისეთიც არაფერი მახსენდება, რომ ვნანობდე. შესაძლოა, რაღაც მართლაც გამიკეთებია, მაგრამ რადგან წინ ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს, მომავალზე უფრო მეტს ვფიქრობ! აი, როცა სპორტულ კარიერას დავასრულებ, "ახალგაზრდობას" მერე გავიხსენებ...

- გიყვარს შენი დაბადების დღის აღნიშვნა? რა იქნებოდა საუკეთესო საჩუქარი ლაშა ტალახაძისთვის? - ხმაურიანად არასდროს აღვნიშნავ. წელსაც უამრავმა ადამიანმა მომილოცა, მაგრამ განსაკუთრებულად გამახარა უწმინდესის სატელეფონო მოლოცვამ, ასევე პრემიერის ყურადღებამ. რაც შეეხება საჩუქრებს, გულით მორთმეული ნებისმიერი ნივთი ძვირფასია, მაგრამ ყველაზე მეტად მიხარია, როცა ხატებს მჩუქნიან. ხატი ყოველთვის უძვირფასესი საჩუქარია ჩემთვის!

- ყველაფრის მოგების შემდეგ, ადრე თუ გვიან, დგება მომენტი, როცა სპორტსმენი ზედმეტი თავდაჯერების გამო ისჯება, ან პირიქით, მოტივაციას კარგავს. - არა მგონია, ეს მემუქრებოდეს, რადგან ყოველი ტურნირის შემდგომ თავიდან ვიწყებ ფიქრს, რომ კიდევ ბევრი მწვერვალია დასაპყრობი. ძალოსნობა სპორტის ისეთი სახეობაა, მოდუნების საშუალებას არ გაძლევს - მცირე უყურადღებობა, იმედგაცრუება ან მეტოქეების შეუფასებლობა საკმარისია, რათა ძალიან დაშორდე კონდიციას, რომლისთვისაც წლების განმავლობაში იბრძოდი. ამიტომ სულ მობილიზებული ვარ მაქსიმუმის გასაკეთებლად!

- თითქმის ყველა თაობაში არიან გამორჩეული სპორტსმენები, რომლებიც ჩემპიონობისთვის სულ ერთმანეთს ეპაექრებიან. ასეთი შენც გყავდა - ირანელი ბეჰდად სალიმი, მაგრამ ახლა შენივე თავის გარდა, კონკურენტი აღარ გყავს! - ფავორიტობა ერთია, მაგრამ შეჯიბრების დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს: შესაძლოა ტრავმა მიიღო, ან კარგ ფორმაში ყოფნის მიუხედავად, საუკეთესო შედეგი ვერ აჩვენო. თუ თავდაუზოგავად არ ივარჯიშე, შეიძლება ნებისმიერმა მეტოქემ გაჯობოს!

- ლაშა ტალახაძემ ყველაფერი ასწია და ლარის კურსიც ასწიოსო! დაგვეხმარები? - ოოო, ეს ძალიან რთული იქნება. გაცილებით რთული, ვიდრე ნახევარი ტონის აწევა!

- დიდება გმირებსო, თქვი 27 სექტემბერს, როცა მსოფლიო ჩემპიონობა და მორიგი რეკორდები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულ ქართველ ვაჟკაცებს მიუძღვენი. აცნობიერებ, რომ ბევრისთვის შენც გმირი ხარ? - ჩემი შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა ვინმე ასეც იფიქროს, მაგრამ... ჩემთვის გმირობა სხვა რამეა, გმირობამდე ჩვენ ბევრი გვიკლია. გმირი ის არის, ვინც სამშობლოს შესწირა თავი!

რატი შელეგია