FOOTBALL BREXIT: რა ელის პრემიერლიგას?! - კვირის პალიტრა

FOOTBALL BREXIT: რა ელის პრემიერლიგას?!

"შავი ჰელოუინი" ბრიტანული ფეხბურთისთვის

დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ვერა და ვერ შეთანხმდნენ ბრექსიტის (ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან) ფორმასა და ვადებზე. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იქადნებოდა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს 31 ოქტომბრამდე დატოვებდა, მაგრამ დიდი ალბათობით, დაანონსებული თარიღი კიდევ რამდენიმე კვირით ან თვით გადაიდება. ფეხბურთის გულშემატკივრებს კი (მათ შორის საქართველოშიც) ნაკლებად აინტერესებთ ბორის ჯონსონიც, ელისაბედ II-ც და გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაც. მათთვის ბრიტანეთი უპირველესად პრემიერლიგასთან ასოცირდება - ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატთან, რომელიც ბრექსიტთან ერთად ბევრს (ფეხბურთელსაც) დაკარგავს! ბრექსიტთან დაკავშირებული რეფერენდუმის დასრულებისთანავე, ბრიტანულმა კლუბებმა "ახალი დროებისთვის" მზადება დაიწყეს. დღევანდელ წერილში მოკლედ ჩვენც განვიხილოთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ ბრიტანეთი, ბოლოს და ბოლოს, მართლაც დატოვებს ევროკავშირს.

ინგლისის პრემიერლიგა ინტერნაციონალური ტურნირია. გასულ სეზონში ინგლისური კლუბების მთავარი შემადგენლობის მოთამაშეთა 77%-ს(!) უცხოელები შეადგენდნენ! სტატუს-კვო დაახლოებით ანალოგიურია წლევანდელ სეზონშიც. ასე რომ, ლოგიკურია ნერვიულობა იმის თაობაზე, რა მოხდება ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში. ფეხბურთისთვის (ისევე, როგორც ბრიტანელების უმეტესებისთვის) ყველაზე უარესი სცენარი იქნება ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა, რაც საზღვრების ფორმირებასთან ერთად, გამოიწვევს:

1. 31 ოქტომბრიდან (ან იმ თარიღიდან, როდესაც ბრექსიტი ოფიციალურად დადასტურდება) ყველა ევროპელი მოთამაშე, ანუ პრემიერლიგის ნახევარზე მეტი, შესაძლოა ლეგიონერად იქცეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობის უფლების მოპოვება მოუწევთ. ცხადია, ამ თემაზე დაწვრილებით ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ მოკლედ თუ ვიტყვით, ფეხბურთელებს ამისთვის ორი გზა ექნებათ: განსაზღვრული რაოდენობის მატჩები ნაკრებში (დაწესებულ ნორმას საკმაოდ ბევრი ჩამორჩება. მაგალითად, ლონდონის "არსენალის" ვარსკვლავ ალექსანდრ ლაკაზეტს ეროვნულ ნაკრებში 2017 წლის შემდეგ აღარ უთამაშია!) ან სპეციალური საექსპერტო კომისია. თავის მხრივ, პრემიერლიგაც შეეცდება, გამოსავალი ოპერატიულად მოძებნოს. სხვა შემთხვევაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს საფეხბურთო ლიგას ძალიან გაუჭირდება კლუბების ფეხბურთელების "შევსება". 2. ნასამართლევი ევროპელები (მესი!) ვერ შეძლებენ ბრიტანეთში მოხვედრას. ამჟამად წარსულში ნასამართლევ პირთაგან საზღვრები გახსნილია მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის (მესის ესპანური პასპორტიც აქვს. - რ.შ.), კავშირის არაწევრი ქვეყნების ნასამართლევი მოქალაქეებისთვის კი საზღვრები დაკეტილია. გამოდის, ბრექსიტის შემდგომ ევროპელები დანარჩენ უცხოელებს გაუთანაბრდებიან. "ხვრელების" მოძებნა, ალბათ, შესაძლებელი (და აუცილებელიც - ინგლისს ხომ ექნება სურვილი უმასპინძლოს დიდ ტურნირებსა და ევროთასების ფინალებს) გახდება, თუმცა ამ ყველაფერს დრო დასჭირდება;

3. ინგლისურ კლუბებს აეკრძალებათ კონტრაქტის გაფორმება 18-წლამდე ასაკის ევროპელ მოთამაშეებთან, ჯერჯერობით კი ეს შესაძლებელია. მაგალითად პიკეს, ფაბრეგასისა და სხვა შემთხვევების გახსენებაც შეიძლება. ფიფას წესების მე-19 პუნქტი უკრძალავს კლუბებს სხვა ქვეყნებიდან ზემოაღნიშნულზე პატარა ასაკის მოთამაშეების გადმობირებას. ევროკავშირი ამ წესისთვის გვერდის ავლას ამართლებდა შემდეგი მიზეზებით: "გადაადგილების თავისუფლება", "მუშაობა", "სწავლა" და ა.შ. შედეგად, პრემიერლიგის კლუბები არასრულწლოვნებთან კონტრაქტების გაფორმებას იმავე უფლებებით ახერხებენ, როგორც რეალი", "ბარსელონა", "იუვენტუსი" და სხვ. როცა ბრიტანეთი აღარ იქნება ევროკავშირის ნაწილი, ამ უფლებასაც დაკარგავს. თუმცა კლუბებმა უკვე მიაგნეს გამოსავალს - დაიბევონ არასრულწლოვანი მოთამაშეები პარტნიორი ევროპული კლუბების მეშვეობით და დაელოდონ, სანამ ფეხბურთელს 18 წელი შეუსრულდება. მაგალითად, "ლესტერი" და "ბრაიტონი" თანამშრომლობენ "წვრილმან" ბელგიურ კლუბებთან, "მანჩესტერ სიტის" კი სულაც მსოფლიო მასშტაბის ქსელი აქვს;

4. ყველა ბრიტანელი ფეხბურთელი ავტომატურად გახდება "უცხოელი" ევროკავშირში. ეს უკვე გაცილებით სერიოზული საქმეა: ბრიტანეთს, ასე თუ ისე, შეუძლია შიდა წეს-კანონების კორექტირება, აი, ევროპული კანონების სათავისოდ შეცვლა ნამდვილად გაუჭირდება. საზღვარგარეთ მომუშავე ბრიტანელები მომენტალურად შეეჯახებიან ადგილობრივ შეზღუდვებს. ყველაზე ნათელი მაგალითია გარეთ ბეილი. ესპანური წესების თანახმად ხომ "რეალს" განაცხადში მხოლოდ 3 არაევროკავშირელის შეყვანა შეუძლია, ეს კვოტა კი უკვე შევსებულია (მილიტაო, როდრიგო, ვინისიუსი) და უელსელისთვის აღარ რჩება ადგილი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება (ისიც, თუ მიაღწიეს) მხოლოდ გარდამავალ პერიოდს მოიცავს და 2020-ის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. =რა იქნება შემდგომ, არავინ იცის. არსებობს წინასწარი, ძალიან პატარა დოკუმენტი, რომელშიც ლაპარაკია ზოგად საკითხებზე: "ბრიტანეთი და ევროკავშირი ეცდებიან შეთანხმებას დროებით შესვლაზე საქმიანი მიზნებით, უვიზო, მოკლევადიან ვიზიტებსა და ერთობლივ ბრძოლაზე არალეგალურ მიგრაციასთან". ეს იმას ნიშნავს, რომ გადაადგილებისა და მუშაობის ისეთივე თავისუფლება, როგორიც დღეს არის, აღარ იქნება. ეს კი სამომავლოდ აუცილებლად იმოქმედებს პრემიერლიგაზე.

ინგლისის პრემიერლიგამ უკვე იგრძნო ბრექსიტის მოახლოება და უფრო მძაფრად იგრძნობს ზამთრის სატრანსფერო "ფანჯრის" დროს. ფორმალურად, ჯერ კიდევ არაფერი მომხდარა, თუმცა ბევრმა მოთამაშემ და კლუბმა უკვე იზარალა. 2016 წლის ივნისში ბრექსიტთან დაკავშირებული რეფერენდუმის შემდგომ ბრიტანული გირვანქა 13%-ით გაუფასურდა. ამან "დაარტყა" ყველას: ფეხბურთელებს, რომლებიც ხელფასს ამ ვალუტით იღებენ, და კლუბებს, რომლებიც ხელფასს ევროთი იხდიან (მაგალითად, "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეთა ნაწილი ანაზღაურებას ევროში იღებს).

რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ ზამთრის სატრანსფერო "ფანჯარას", სირთულეები უკვე წელს იქნება. ლაპარაკია კონტრაქტების ხანგრძლივობაზე. როგორც წესი, ტოპკლასის ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ფეხბურთელებთან ხელშეკრულებას მინიმუმ ხუთი წლით აფორმებენ, მაგრამ როგორი გასარისკია გააფორმო 5-წლიანი კონტრაქტი, როცა არ იცი, რა შეზღუდვები გელის გარდამავალი პერიოდის შემდეგ? შეინარჩუნებენ თუ არა ევროპელები ბრიტანეთში მუშაობის უფლებას? დარჩება თუ არა ძალაში მოქმედი საგადასახადო წესები? კითხვა ბევრია - პასუხები კი არ ჩანს...

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინგლისის პრემიერლიგას ბრიტანეთის ბიუჯეტში წლიურად 3,3 მილიარდი გირვანქა შეაქვს. დიდწილად ამის დამსახურებაც არის, რომ როგორც წინა, ისე მოქმედმა პრემიერმა განაცხადა: "ფეხბურთისთვის ცვლილებები მინიმალური იქნება!" შემოსავლის ამხელა წყაროს ახალი რეგულაციებით შეზღუდვა არავის აწყობს, თუმცა პრობლემა ის არის, რომ მხოლოდ ბორის ჯონსონი არაფერს წყვეტს, მისი ყველა წინადადება ოპოზიციის წინააღმდეგობას აწყდება. ასე რომ, აუცილებელი იქნება ფეხბურთელებისთვის პრივილეგირებული სამუშაო უფლებების (ისევე, როგორც პრემიერლიგისთვის აუცილებელი სხვა გამონაკლისების) შეთანხმება.

რა გამოვა ამ საქმიდან, მომავალი გვიჩვენებს.

31 ოქტომბერს ჰელოუინს ბრიტანეთშიც აღნიშნავენ. ძნელად სავარაუდოა, ბორის ჯონსონის ქადილი გამართლდეს და გაერთიანებული სამეფო ოქტომბრის ბოლო დღეს ევროკავშირის გარეშე შეხვდეს, მაგრამ... თუ ასე მოხდა, წლევანდელი ჰელოუინი ყველაზე "შავი" იქნება ლეგიონერებით გადაჭედილი პრემიერლიგისთვის.