მართლა მაგრები არიან!.. - კვირის პალიტრა

მართლა მაგრები არიან!..

საქართველო - ამერიკა 19:17

ბურთიც გამოვგლიჯეთ და გამარჯვებაც!

გულწრფელი მადლობა საქართველოს უანგარო სიყვარულისთვის

ქართველმა მორაგბეებმა გასულ შაბათს უკვე მერამდენედ დაუმტკიცეს სამშობლოს სიყვარული და ერთგულება. უაღრესად მძიმე და დაძაბული პაექრობა, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა ამერიკის ნაკრებთან გამართეს, კვლავ ქართული გენის ზეობით დასრულდა. არადა, ჩვენი სტუმრები კარგა ხანს დომინირებდნენ ეროვნული სტადიონის მწვანე მინდორზე და როცა უკვე გამარჯვება ჯიბეში ჩადებული ეგონათ, ქართველთა არნახულმა შემართებამ წარმატების იმედი გაუქარწყლათ.

ამერიკის მორაგბეთა ნაკრები რუსეთის შემდეგ მეორე ზესახელმწიფოს გუნდია, რომელსაც ტოლი არაფერში დავუდეთ და ვაჯობეთ. თუკი დიდ პოლიტიკაში სიდიდე და ფული წყვეტს ყველაფერს, რაგბიში, ტოლ-სწორად შერკინებისას, ყველაფერი ვაჟკაცობასა და თავგანწირვაზეა დამოკიდებული. ეს თვისებები კი ქართველ მორაგბეებს სისხლსა და ხორცში აქვთ გამჯდარი. სწორედ რომ თავები გადადეს ბიჭებმა და მატჩის დრამატული ფინალი გამარჯვებით დააგვირგვინეს.

უკვე მსაჯის მიერ დამატებულ დროში, უკანასკნელი შეტევისას უკანასკნელად მიაწვა ქართველთ კრებული ამერიკელთა გაძლიერებულ დაცვას და ისეთი ლელო დაუდო, თვით მეტოქეც გააოგნა. გარდასახვა მერაბ კვირიკაშვილმა დაარტყა და იმდენად მტკიცე ხასიათი გამოავლინა, რომ ნერვიც კი არ შესტოკებია. ბურთმა ზუსტად ჩაიბზრიალა ძელთა შორის და ამერიკამაც თეთრი ბაირაღი გადმოაგდო.

ძნელია ამ ვაჟკაც ბიჭებს შორის ვინმე გამოარჩიო, რადგან უგულოდ ამ თამაშში ვერ გაირჯები. მთელი გუნდი ქებათა ქებას იმსახურებს, მაგრამ კვირიკაშვილს ცალკე კიდევ ეკუთვნის მადლობის თქმა. მეორე ტაიმში შემოსულმა მეკომ (კვირიკაშვილის სარაგბო მეტსახელია) საოცრად დადებითი მუხტი შემოიტანა თანაგუნდელებში. ჯერ ბრწყინვალე ფინტებით გაარღვია ამერიკელთა უკანა ხაზი, მერე ჯარიმა გაიტანა 50 მეტრიდან, ბოლო წამზე კი ხახამშრალი დატოვა სტუმართა დაცვის ბასტიონი, როცა ერთი უზუსტესი პასით ლექსო გუგავას ლელო გაატანინა.

ამერიკა, გარდა იმისა, რომ ჩვენ მიერ ამას წინათ ძლეულ კანადელებზე ძლიერია, საგაისო მსოფლიო ჩემპიონატისთვის უძლიერეს გუნდს აყალიბებს და ამისთვის არაფერს იშურებს. ლამის მთელი დედამიწიდან თავშეყრილ მორაგბეთა კონგლომერატს შორის მძაფრი კონკურენციაა და არავის ეგონოს, რომ თბილისში ისინი ხინკლისა და ხაჭაპურის დასაგემოვნებლად ჩამოვიდნენ (ეს სიამოვნება მათ მატჩის შემდეგ მაინც არ მოჰკლებიათ მასპინძელთაგან). ყველა ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვის ნაკრებში და მინდვრის ნებისმიერ გოჯს თავს აკლავენ.

ეგ იყო, რომ სტუმრებს მთლად ვაჟკაცური რაგბი არ გამოუვიდათ თავიდან და მეტისმეტად უხეშობდნენ. ქართველებმა ამით ისარგებლეს და მალაღურაძის ორი ზუსტი საჯარიმოს მერე 6:0 დაწინაურდნენ. ამერიკამ მხოლოდ ამის მერე აამუშავა თავისი კოზირი - ხაზზე მობილური თამაში და მაგრად მოგვეძალა. ქართველები ერთხანს სურამის ციხესავით მტკიცედ ედგნენ სტუმართა შეტევას, მაგრამ ვეღარ გაუძლეს და შესვენებაზე ამერიკელები 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

ცხადი გახლდათ, რომ მეორე ტაიმში როგორმე ბურთი უნდა დაგვეჭირა და შერკინებაში მივწოლოდით გალაღებულ მეტოქეს. თქმა და სურვილი კი კარგია, მაგრამ მის ხორცშესხმას კოლოსალური ჭაპანწყვეტა და ჩვენი რამდენიმე მორაგბის დასისხლიანება დასჭირდა. თუმცა, იმდენად გულიანად ირჯებოდნენ ჩვენი ბიჭები, რომ გამარჯვების რწმენა ბოლო წამებამდე შეგვინარჩუნეს.

ამერიკელი "არწივები" ის ჩიტები არ გამოდგნენ, უომრად რაიმე დაეთმოთ, მაგრამ ქართველებმა მაინც ჩაუყენეს მუხლებში ზაფრა. შევამცირეთ ანგარიშში სხვაობა, მერე ისევ გაგვისწრეს სტუმრებმა, ისევ და ისევ... ბოლო წუთებზე ყველაფერი ნათელი იყო: ამერიკა 17:12-ს გვიგებდა და მინიმუმ ფრედ დასრულებისთვის როგორმე(!) ლელო უნდა დაგვედო.

“როგორმე”- ისიც ბოლო წუთზე, უკანასკნელი ძალისხმევითა და ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვით. მართლაც ვაჟკაცობა უნდა ამ ყველაფრის აღსრულებას. ამიტომაც გამოუცხადა ხალხმა კიდევ ერთხელ უანგარო სიყვარული მათ თავგანწირვას.

ბოლო შეტევა... ამერიკელებს ერთი ამოტანა უნდათ ბურთის და მორჩება. ქართველები იქვე ახრჩობენ მათ მცდელობას, გასაქანს არ აძლევენ, ბოჭავენ... სტუმართა ლიდერმა ქლევერმა მოიგდო ბურთი ამოსატანად, მაგრამ ჩვენმა კაპიტანმა აბუსერიძემ ვეფხვივით ისკუპა და ბურთიანად ძელს შემოანარცხა ამერიკელი.

შერკინება მათია. გაათამაშეს, ერთიც მივაწექით, უკან დავახევინეთ და ბურთიც გამოვგლიჯეთ და გამარჯვებაც!

P.S. ქართველი მორაგბეებისგან გამარჯვებას როგორ არ ვართ მიჩვეული, მაგრამ ეს მოგება მართლაც განსაკუთრებული იყო, როგორც თავდადებისა და შემართების თვალსაჩინო ნიმუში. ამისთვის კიდევ ერთხელ გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენს მორაგბეებს და მათი სიჩაუქის შემხედვარეთ მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია: ჩვენო საქართველო, ნეტა ამ ბიჭების თავდადება და შენდამი უანგარო სიყვარული უკლებლივ ყველა ქართველს გადასდებოდეს!