"ქართველი ჰალკი" არსად მიდის - კვირის პალიტრა

"ქართველი ჰალკი" არსად მიდის

"სხვა ქვეყნის დროშით ამდენ მედალს ვერც მოვიგებდი!"

სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა კი არა, საზღვარგარეთ ერთ კვირაზე მეტს ვერ ვძლებო, - მითხრა "ქართველმა ჰალკმა". ლევან საგინაშვილი მკლავჭიდში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია, 8 დეკემბერს კი, "ტოპ-8"-ის ფინალში ვიტალი ლალეტინს შეხვდება და თუ მსაჯებმა "მეტისმეტი არ მოინდომეს", რუსსაც დანარჩენი მეტოქეების გზას გაუყენებს. ამავე ტურნირის ნახევარფინალში ყაზახი კადირგალი ონგარბაევის დამარცხების შემდეგ, ლევანი გულნატკენი იყო - დახმარებას და სპონსორს ვიღა ჩივის, ჩემი გამარჯვება საქართველოში არც კი გაუშუქებიათო... ისიც კი დასცდა - თუ არაფერი შეიცვალა, მეტი გზა არ მრჩება, სხვა ქვეყნის სახელით უნდა ვიასპარეზოო...

მოგვიანებით, სპორტის სამინისტრომ განმარტა, რომ შარშან, საქართველოს ნაკრების სახელით მოპოვებული ჩემპიონობისთვის (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე. - რ.შ.) ლევან საგინაშვილმა მიიღო სახელმწიფოსგან დაწესებული კუთვნილი პრემია. კომერციულ ტურნირებში მონაწილეობა კი მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის მიერ არის აკრძალული: "სამინისტრო მკლავჭიდის ფედერაციას უფინანსებს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მონაწილეობას. შესაბამისად, ვერ დავუშვებთ გამონაკლისს და ვერ დავაფინანსებთ ამა თუ იმ სპორტსმენის კომერციულ ტურნირში მონაწილეობას, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტს და სპორტსმენს უკრძალავს საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას", - ნათქვამია სპორტის სამინისტროს განცხადებაში. თავის მხრივ, ლევან საგინაშვილმაც გვითხრა, რომ ინტერვიუ "ცხელ გულზე" მისცა და არსად წასვლას არ აპირებს. მით უმეტეს, რომ როგორც იქნა, სპონსორებიც იშოვა. რაც შეეხება რუსი მეტოქის დამარცხებას, ამ საქმეს არც სპონსორი სჭირდება და არც დამატებითი მოტივაცია:

- ლევან, აღნაგობით ბავშვობიდან გამოირჩეოდი? გამარჯვებები ამის დამსახურებაა, თუ პირიქით - ვარჯიშმა გაქცია "ჰალკად"?

- ბავშვობაში არც აღნაგობით გამოვირჩეოდი და არც ჯანით. პირიქით - სუსტი ბავშვი ვიყავი. სხვათა შორის, ვარჯიში საკმაოდ გვიან, 20 წლისამ დავიწყე და ამ 11 წლის განმავლობაში, თანდათანობით მომემატა კუნთოვანი მასა. შესაბამისად - წონაც.

- სპორტისთვის მართლაც საკმაოდ გვიან "მოგიცლია"...

- ჩემი მეგობრების უმეტესობა ვარჯიშობდა და მეც ამიყოლიეს. ფიტნესის დარბაზში მკლავჭიდის მაგიდაც იდგა. მწვრთნელმა - ლადო ხუციშვილმა შეამჩნია, რომ ძლიერი მაჯა და დიდი ხელის მტევანი მქონდა და დიდი ხნის ჩიჩინის შემდეგ, როგორც იქნა, დამარწმუნა - თუ ივარჯიშებ, მკლავჭიდში დიდ წარმატებას მიაღწევო.

- რადგან აღნაგობა და ფიზიკური ძალა ვახსენეთ, ისიც ვთქვათ - ქართველი მკლავჭიდელების წარმატების საიდუმლო ჩვენს გენეტიკაშია? - ცხადია. ქართველებს ფიზიკური სიძლიერე ტრადიციულად მოგვდგამს. ისევე როგორც ჩრდილოკავკასიელებს... მკლავჭიდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მაჯის, ხელის მტევნის ზომას და სიძლიერეს. ევროპელებს იშვიათად აქვთ იმხელა მტევნები, როგორიც ჩვენ. საქართველოს სოფლები რომ მოიარო, საუკეთესო ფიზიკური მონაცემების მქონე უამრავ პოტენციურ მკლავჭიდელს აღმოაჩენ... მოკლედ, სპორტი მანამდეც ძალიან მიყვარდა და სულ მინდოდა, რომელიმე სახეობაში დამეწყო ვარჯიში. 20 წლისას დიდი იმედი აღარც მქონია, ამ ასაკში რაღა დროს სპორტსმენად გახდომაა-მეთქი. თუმცა, ლადო ისე დამაჯერებლად მელაპარაკა, რომ დავუჯერე და რამდენიმე თვის შემდეგ დავიწყე კიდეც მკლავჭიდში ვარჯიში.

- მწვრთნელის "წინასწარმეტყველება" მალევე გამართლდა?

- საკმაოდ სწრაფად. ვარჯიშის დაწყებიდან წელიწად-ნახევრის თავზე, უკვე საპრიზო ადგილებზე გავდიოდი ქვეყნის პირველობაზე, მეხუთე წელს კი, საერთაშორისო მასშტაბის წარმატებაც მოვიდა - მარჯვენა ხელით ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოვიგე. იმავე წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ორივე ხელით ვაჯობე მეტოქეებს და ჩემპიონი გავხდი.

- შეგიძლია, შენი ყველა ტიტული ჩამოთვალო? ცხადია, მხოლოდ დიდ ტურნირებს ვგულისხმობ... - ევროპის ექვსგზის ჩემპიონი ვარ, შვიდჯერ მაქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი, ექვსჯერ - ევროპის პირველობა, ოთხჯერ - მსოფლიო თასი. ასევე, ვარ "Vendetta 50"-ის გამარჯვებული. ახლა ვმონაწილეობ კომერციულ ტურნირში "ტოპ-8", რომლის ფინალშიც, 8 დეკემბერს რუს ვიტალი ლალეტინს უნდა შევხვდე.

- შარშანწინ Zloty Tur-ზე (მკლავჭიდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურნირი. - რ.შ.) ოთხი ოქროს მედალი მოიგე და ახალი ფურცელი ჩაწერე ქართული მკლავჭიდის ისტორიაში. - Zloty Tur არის მსოფლიო თასი, სადაც ჩემს წონაშიც მოვიგე ოქროს ორი მედალი (როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით ასპარეზობაში) და აბსოლუტურ წონით კატეგორიაშიც. Zloty Tur-ის ისტორიაში პირველი ქართველი ვარ, ვინც აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ასეთი შედეგი აჩვენა.

- შარშან, Vendetta 50-ში იასპარეზე და ჩემპიონი გახდი. წელს მხოლოდ "ტოპ-8"-ში რატომ მონაწილეობ?

- "ტოპ-8" კომერციული ტურნირია და ორგანიზატორების მოთხოვნით, მონაწილეებმა მხოლოდ იქ უნდა ვიასპარეზოთ.

- მაშინ, ჩვენც ეს ტურნირი გავიხსენოთ: მეოთხედფინალში იოლად აჯობე გამოცდილ ამერიკელ ტიმ ბრესნანს (6:0), ნახევარფინალში კი ასეთივე ანგარიშით აჯობე ყაზახ კადირგალი ონგარბაევს. არადა, ყაზახები იმედიანად იყვნენ... - ჩემთან შეხვედრამდე ყაზახი ერთ-ერთ ბაზაზე "გახიზნეს" და ხუთი მწვრთნელის მეთვალყურეობით, გამალებით ვარჯიშობდა. მე კი, არ დაგიმალავთ - ნახევარფინალის წინ ვარჯიშით დიდად არ მომიკლავს თავი, რადგან ონგარბაევთან შედარებით, დიდი უპირატესობა მაქვს და ვიცოდი, რომ უპრობლემოდ დავამარცხებდი. მაგრამ შეხვედრის დაწყებამდე ყაზახები ისე იქადნებოდნენ - ქართველს უნდა მოვუგოთო, ცოტა არ იყოს, გავბრაზდი და გადავწყვიტე, ისეთი უპირატესობით მეჯობნა, რომ ხმა აღარ ამოეღოთ. ამიტომ, მსაჯის ნიშნის შემდეგ, ხელს ვუჩერებდი და მერე ვუგებდი, რათა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ კადირგალის ჩემთან შანსი არა აქვს!

- ყაზახს კი მიუჩინე თავისი ადგილი, მაგრამ მასთან გამარჯვების შემდეგ, შენც გულნატკენი იყავი: "ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრების ფინალში გავედი და საქართველოში ამას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. სამშობლოში დაბრუნებულს მხოლოდ მეგობრები დამხვდნენ. არც ერთი უწყებიდან, მათ შორის - არც სპორტის სამინისტროდან არავის დაურეკავს... არ დავმალავ - მეწყინა. ჯერ კიდევ დავიცდი, და თუ არაფერი შეიცვალა, სხვა ქვეყნის სახელით გამოვალ. სხვა გამოსავალი არ მაქვს", - თქვი ერთ-ერთ ინტერვიუში. - ნამდვილად არავისთვის მითხოვია - კომერციულ ტურნირში მოპოვებული გამარჯვებისთვის ისევე დამაჯილდოეთ, როგორც, მაგალითად, ონგარბაევი-მეთქი (პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ, ყაზახს 100-ათასიანი ავტომანქანა და ცხენი აჩუქეს) - უყურადღებობა მეწყინა... არანაირი მხარდაჭერა არ მქონია. არც ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულს შემხმიანებია რომელიმე ჟურნალისტი... ასეთ რაღაცებს მიჩვეული ვარ და დიდად არც გამკვირვებია, მაგრამ მერე, როცა ვნახე ვიდეოკადრები - როგორ დახვდნენ სამშობლოში დაბრუნებულ ყაზახს, გავბრაზდი... სწორედ ამ დროს დამირეკა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა და "ცხელ გულზე" ბევრი რაღაც ვთქვი...

- მაგრამ ახლა, "ცივ გონებაზე" ხომ აღარ ხარ ნაწყენი?!

- იმ ინტერვიუს შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: დამიკავშირდნენ გულშემატკივრებიც, ბიზნესმენებიც, კომპანიებიც. გამოჩნდა ერთჯერადი დახმარებებიც და კონტრაქტებიც. წლების განმავლობაში, ჩემთვის ერთი სპონსორიც კი სანატრელი იყო, ახლა კი, ჩემი სპონსორები გახდნენ კომპანიები "ლიდერბეთი" და "არდი", ასევე, თითქმის დავასრულეთ მოლაპარაკება კიდევ ერთ კომპანიასთან... ფინანსური მხარე მნიშვნელოვანია, მაგრამ სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი სტიმული ყურადღებაა. მით უმეტეს ძალიან რთულია, როცა წაგება-მოგების მიუხედავად, ერთნაირად გრძნობს უყურადღებობას...

ყაზახთან გამარჯვების შემდეგ, სტუმრად ვიყავი ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც ძალიან მაგრად დამხვდნენ, დარჩენაც შემომთავაზეს და ძალიან მაგარი პირობებიც, მაგრამ ცხადია, უარი ვუთხარი. მაგრამ როცა საქართველოში "ვერავინ შეამჩნია" ჩემი დაბრუნება, გულისტკივილით გამახსენდა ზემოთ აღნიშნული ქვეყანა და მეწყინა, სხვაგან უფრო რომ მაფასებენ, ვიდრე სამშობლოში... აღელვებულმა, სწორედ მაშინ ვახსენე "წასვლაც"...

- რაც მხოლოდ ემოციას აყოლილი სიტყვები იყო?! - რა თქმა უნდა... სად წამსვლელი ვარ?! წასვლა რომ მნდომოდა, აქამდე წავიდოდი! საცხოვრებლად კი არა, საზღვარგარეთ ერთ კვირასაც ძლივს ვძლებ... ისე, იმაზეც ბევრჯერ მიფიქრია, რომ სხვა ქვეყნის დროშით, ამდენ მედალს ვერც მოვიგებდი!

- "ტოპ-8"-ის ფინალამდე თვეზე ნაკლები დარჩა. ყაზახისგან განსხვავებით, ვიტალი ლალეტინზე ნამდვილად ვეღარ იტყვი - "მომზადებით თავს არ მოვიკლავო"... - ლალეტინი გაცილებით მაღალი დონის სპორტსმენია და ვფიქრობ, ფინალში გამარჯვების დაახლოებით თანაბარი შანსი გვაქვს. შემთხვევითი არ არის, რომ ტურნირის მონაწილე რვა სპორტსმენიდან, ფინალში ყველაზე ძლიერი მკლავჭიდელები ვხვდებით.

- ბოლოს როდის შეხვდით ერთმანეთს?

- 2017 წლის Zloty Tur-ში - თუ არ ვცდები, 3 თუ 4 შეხვედრა მოვუგე... თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ვნახოთ, ამჯერად ვის ექნება უპირატესობა. ერთი ვიცი, რომ რუს სპორტსმენთან შეხვედრა ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა.

- ისევე, როგორც ჩემპიონობისთვის დაწესებული 50 000 აშშ დოლარი...

- იმედია, რუსსაც დავამარცხებ და ბინასაც ვიყიდი (იცინის).

- თუ მსაჯობა სამართლიანი იქნება, ლალეტინსაც 6:0 მოვუგებო - არბირტს შენი ბრძოლაც ბევრჯერ "გაუფუჭებია"? - როცა იციან, რომ ფავორიტი, მეტოქეზე ძლიერი ხარ, ცდილობენ, მდგომარეობა გაგირთულონ, ისეთ მდგომარეობაში ჩაგაგდონ, რომ გაგიჭირდეს და ორთაბრძოლა მეტხანს გაგრძელდეს, უფრო სანახაობრივი გახდეს...

- მოგწონს, "ქართველ ჰალკს" რომ გეძახიან? სხვა მეტსახელებიც ხომ არ გაქვს? - მომწონს. ფერს თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, გარეგნულად მართლაც ვგავარ ამ კინოგმირს და რაღაცნაირად, ეს მეტსახელიც კარგად "მოვირგე". ისე, გააჩნია, როგორი განათებაა, თორემ ზოგჯერ, "მწვანეც" ვარ ხოლმე. რაც შეეხება სხვა მეტსახელებს, ხან "კინგ კონგს" მეძახდნენ ხოლმე და ხან სხვა რაღაცებს. მოკლედ, კარგს არაფერს (იცინის).