ფული გააქვს? - კვირის პალიტრა

ფული გააქვს?

"დედამიწაზე მხოლოდ ორი საიდუმლო ორგანიზაცია დარჩა - ფიფა და კა-გე-ბე", - ეს სიტყვები ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ტერი ვენეიბლიზმა მას შემდეგ წარმოთქვა, რაც ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს რუსეთის ფედერაცია უმასპინძლებს.

ვენეიბლიზი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებაზე გავლენა სწორედ რუსეთის საიდუმლო სამსახურებმა და ფულმა მოახდინა.

2018 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის 4 კანდიდატი იბრძოდა: რუსეთი, ინგლისი, ესპანეთი-პორტუგალია და ბელგია-ჰოლანდია. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისს გამარჯვების ყველაზე დიდი იმედი ჰქონდა და ფიფას აღმასკომს საპატიო სამეულით (დევიდ ქემერონი, პრინცი უილიამი და დევიდ ბექჰემი) ესტუმრა, ვისენტე დელ ბოსკე კი აცხადებდა, რომ ესპანეთი მზადაა, დღესვე ჩაატაროს მუნდიალი, გამარჯვებულად მაინც რუსეთი გამოცხადდა. როგორც ჩანს, იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, როგორი ხარ ან როგორ იქნები მზად 8 წლის შემდეგ, ის არის, რამდენი ფული გაქვს და რამდენად არის ევროპა დამოკიდებული ბუნებრივ აირზე...

უკვე ცნობილია, რომ მუნდიალის მასპინძლობა რუსეთს 50 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდება: ასაშენებელია ახალი სტადიონები, მოსაწესრიგებელია საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები, ტურისტული ინფრასტრუქტურა და სხვ.

2018 წლის მუნდიალის მასპინძლის გარდა, ციურიხში გამართულ აღმასკომზე შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატის გასამართავი ადგილიც აირჩიეს, - 2022 წელს პლანეტის უმთავრესი საფეხბურთო ტურნირი კატარში ჩატარდება. თუ რუსეთს ორჯერ მაინც აქვს ნათამაშები იმ ტურნირზე, რომლის მასპინძლობა რვა წელიწადში თავადაც მოუწევს, კატარში მხოლოდ კომერციული ამხანაგური მატჩები იციან. სხვა დროს კი არა მგონია, იქაურები ბურთს ფულის ტომრისგან არჩევდნენ. მოდი და ნუ იტყვი ამის შემდეგ, რომ სიმდიდრე არაფერ შუაშია.

პ.ს. საქართველოში ბევრი ისეთი ადამიანი ვიცი, მუნდიალის მასპინძლად რუსეთის არჩევამ ძალიან რომ გაახარა - მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრებას ერთხელ მაინც ვეღირსებითო. აი, რა სარგებლობა მოაქვს მდიდარი სახელმწიფოს მეზობლობას!