ყველაფერი იყიდება... "დინამოს" გარდა - კვირის პალიტრა

ყველაფერი იყიდება... "დინამოს" გარდა

"დინამოს" დინამიტიანივით გაურბიან

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვწერდით, რომ თბილისის "დინამო" იცლება - ფეხბურთელებისგან, თავკაცებისგან, ფულისგან... ახლა უკვე - პოტენციური ინვესტორებისგანაც.

დიდი ხანია გვესმის, რომ "დინამოს" ყიდულობენ... ეს ის შემთხვევაა, როცა ჭორ-მართალი ელარჯივით არის გადაზელილი ერთმანეთში - "დინამოს" "ყიდულობდნენ": მერაბ ჟორდანია, ჯოზეფ ქეი, ილია კოკაია, თქვენ წარმოიდგინეთ, რომან აბრამოვიჩიც კი (ეტყობა, ფული არ ეყო)...

ეს ყველაფერი ჭორი გამოდგა (ჯერჯერობით მაინც). სიმართლე კი ის არის, რომ "დინამო" ისევ იყიდება - სიმბოლურ ფასად! ასე გადაწყვიტა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა. თუ მსურველი დაამტკიცებს, რომ შეუძლია კლუბში სერიოზული, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ინვესტიცია ჩადოს, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ფაქტობრივად, უფასოდ ჩაიბარებს - მხოლოდ იურიდიული მხარის მოგვარება, დოკუმენტაციის გაფორმება და სიმბოლური თანხის გადახდა მოუწევს!

მანამდე კი იყიდება თბილისის "დინამო": მიწის ნაკვეთით, ინფრასტრუქტურით, სახელით, წარსული დიდებით და... ამ დიდების დაბრუნების იმედით!

დეიდებო და ბიძიებო, თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე...

მაგრამ საქართველოში ხომ ყველაფერი იყიდება... "დინამოს" გარდა.

პატარკაციშვილის ოჯახს კლუბის დაკარგვა არ სურს - მან ისედაც ბევრი დაკარგა. მთავარია, "დინამო" საიმედო ხელში აღმოჩნდეს.

თუმცა "დინამოს" დინამიტშემოწყობილ, დასანგრევად გამზადებულ შენობასავით გაურბიან, არავის სურს საფეხბურთო კლუბში ფულის დაბანდება, რადგან საქართველოში ფეხბურთი არარენტაბელურია.

ამიტომაც არის, რომ კლუბი ისევ იცლება - ფეხბურთელებისგან, ფულისგან, პოტენციური ინვესტორობის კანდიდატებისგანაც კი... მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დიღმის საწვრთნელი ბაზის ღობე ისევ წაქცევის პირასაა, "დინამო" არ დაცლილა იმედისგან, რომ გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი და საქართველოს ცამეტგზის ჩემპიონი ისევ დაიბრუნებს ტიტულებს, სახელს, ქომაგს, ისევ იქნება ტალანტების სამჭედლო...

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, თბილისის "დინამო" პირველია ამიერკავკასიაში ათწლეულის საუკეთესო გუნდებს შორის და საგრძნობლად უსწრებს მეზობლებს - ერევნის "პიუნიკსა" და ბაქოს "ნეფთჩის".

სასაცილოა? უფრო - სატირალი... რაც ბოლო წლებში აზერბაიჯანულ და სომხურ ფეხბურთში ფული ჩაიდო, იმასთან არათუ "დინამოს", მთელი ქართული ფეხბურთის "ბიუჯეტი" მოჩანს "სიმბოლურ ფასად"...

არადა, ყველაფერი იყიდება - ფიფაც გაყიდულია უკვე, 2022 წლამდე, "დინამო" კი...

არ ვიცი,  კარგია თუ ცუდი, მაგრამ ფაქტია: ამ ქვეყანაში ყველაფერი იყიდება... "დინამოს" გარდა...