ფინალიც ჩვენთან! - კვირის პალიტრა

ფინალიც ჩვენთან!

ბელორუსის დამარცხების შემთხვევაში "ერთა ლიგის" ფინალსაც თბილისი უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მომავლის გუნდია!

ახლავე დაგიმტკიცებთ: წარსულში (დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე) ვერაფერს მივაღწიეთ, აწმყო არაფრად გვივარგა და მხოლოდ მომავლის იმედად ვართ დარჩენილი...

აბა, - მომავლის" არ გამოვდივართ?! ეს ხუმრობით. არადა, თუ მთლად სახუმაროდ არა, საქმე არც სატირლად გვაქვს: მადლობა უეფას, რომ "ჩვენისთანების ლიგა შექმნა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გაგვიჩინა. ცხადია, კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე თამაში დიდი მოტივაცია იქნება ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ... თუ ვერ მოვხვდებით, არც ამით დაიქცევა ქვეყანა (თქვენ წარმოიდგინეთ ევროპაც კი!). რაც არ გვქონია, რას დავკარგავთ?! აქამდე არც ერთი დიდი ტურნირი არ გამოგვიტოვებია და ახლა არგასვლით დავიღუპებით? ასე რომ, გავიდეთ (ჯერ მოედანზე, მერე კი იქნებ... ევროპის ჩემპიონატზეც) და ვითამაშოთ, დანარჩენს კი დრო და მატჩ(ებ)ი გამოაჩენს.

მოკლედ, შევთანხმდით, რომ მომავლის გუნდი ვართ, თანაც- უახლოესი მომავლის, რაკი მხოლოდ ოთხი თვე და ორი მატჩი გვაშორებს მიზანს, რომელიც აგერ უკვე მერამდენე თაობისთვის რჩება ოცნებად. ოთხი თვე და ორი თამაში! 26 მარტს ბელორუსი, მერე კოსოვო ან ჩრდილოეთი მაკედონია...

მარტის ბოლომდე ოთხი თვეა. სამწუხაროდ, ამ დროს ვერაფერში გამოვიყენებთ მარტივი მიზეზის გამო - საქართველოს ნაკრებს მეტი თამაში აღარ აქვს! გამოდის, "ერთა თასის" ნახევარფინალამდე "გენერალური რეპეტიცია" ნოემბრის მატჩები ყოფილა -შვეიცარიასა (0:1) და ხორვატიასთან (1:2). ჰოდა, ლოგიკურია, რომ შედარებით მეტს სწორედ ბოლო ორ თამაშზე ვილაპარაკებთ, 2019 წლის დანარჩენი მატჩების გახსენებას კი აზრი არც აქვს.

გიბრ-ალლ

სამწუხაროდ, ჩვენი"ყველაფერი" მხოლოდ გიბრალტარია. 2019 წელს გამართული თორმეტი თამაშიდან (ათი შესარჩევი და ორი ამხანაგური), საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ორი მატჩის მოგება მოახერხა - ორივე გიბრალტართან! ლაპარაკია ქვეყანაზე, რომლის მთელი მოსახლეობა "დინამო არენას" ტრიბუნებს მხოლოდ სანახევროდ თუ შეავსებს. ფაქტობრივად, სამოყვარულო გუნდზე, რომელმაც "ევრო-2020"-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ სამი გოლი გაიტანა და აქედან ორი - ლორიას კარში... ასე რომ, გიბრალტარი, ანდორა, სან-მარინო და მსგავსი "გრანდები" გვიცოცხლოს ღმერთმა, თორემ დიდია ალბათობა, წელი მოუგებლად დავასრულოთ.

არადა, რა დასრულებაზეა ლაპარაკი, როცა წლის პირველივე მატჩია აუცილებლად მოსაგები! მანამდე კი ბოლო მატჩებზე ვთქვათ:

შვეიცარ(ე)ული თავ-ბოლო

შვეიცარია 1:0 საქართველო

თავი იმიტომ, რომ შვეიცარიელებმა ჯერ საქართველოს ჰიმნის ჩართვისას "გაჭედეს" და სენტ-გალენის სტადიონზე "თავისუფლება" მხოლოდ მესამე ცდაზე აჟღერდა. გარდა ამისა, მატჩის დასაწყისიც და ბოლოც მთლიანად მასპინძლებისა იყო - ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდებმა ზედიზედ შექმნეს საგოლე ეპიზოდები და გიორგი ლორია რომ არა, საწყის 15 წუთში რამდენიმე გოლს გავუშვებდით... რაც შეეხება "ბოლოს", როგორც ყოველთვის, ჩვენთვის ამ ამბის ბოლოც მწარეა. საქართველოს ნაკრებმა "ევრო-2020"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩიც წააგო და ხუთგუნდიანი ქვეჯგუფი მეოთხე ადგილზე დაასრულა - რვა ქულით ამდენივე მატჩში.

შვეიცარია? არა - მეკარე! შვეიცარის მოვალეობა სტუმრებისთვის კარის გაღებაა, მეკარის - კარის დაცვა. იცავდა კიდეც - გიორგი ლორია 77-ე წუთამდე, სანამ შეცვლაზე შესულმა იტენმა აუღებელი თავური არ დაარტყა... გაშვებულ ბურთში ლორიას დადანაშაულება უმადურობა იქნება - ცენტრალური მცველების უყურადღებობის წყალობით კარის წინ ეულად მყოფმა იტენმა მეკარის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით დაარტყა და გაიტანა გოლი, რომელმაც შვეიცარიას 99%-ით დაუბევა "ევრო-2020"-ის საგზური.

მანამდე ჩვენც გვქონდა რამდენიმე რეალური შანსი. ქვილითაიას დარტყმა ძელს მოხვდა, მეორე ნახევარში კი მარტო შენგელიამ სამჯერ დაარტყა ზომერის კარში, მოგვიანებით, ვაკომ და კიტეიშვილმაც "მოსინჯეს" მასპინძელთა კარის დარაჯის სიმარჯვე, თუმცა ყაზაიშვილის დარტყმულმა ბურთმა ხუთიოდე სანტიმეტრში ჩაუქროლა ზომერის კარის ძელს, ოთარის ჩინებული დარტყმა კი მეკარემ მოიგერია.

ისევ ვაი-სი?

ვისი ვაი? ვაისი."შედეგით არა, მაგრამ თამაშის იმ ხარისხით, რომელიც ჩემმა გუნდმა აჩვენა, კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, ერთი შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავმარცხდით", - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მწვრთნელმა.

ვაისს ბევრ რამეში ვეთანხმებით, მაგრამ ცვლილებების დაგვიანებისთვის ამჯერადაც უნდა გავაკრიტიკოთ, მით უმეტეს, მისივე სიტყვების შემდეგ - ყველა გუნდისთვის რთულია შვეიცარიის წინააღმდეგ 90 წუთის განმავლობაში თანაბარ ტემპში თამაშიო. როცა ეს იცი და იმასაც ხედავ, რომ შენი რამდენიმე ფეხბურთელი აშკარად დაიღალა, ცვლილებისთვის მაინცდამაინც 82-ე წუთს რატომღა ელი?! გვესმის, რომ მეორე ტაიმში მისი გუნდი მეტ-ნაკლები წარმატებით უმკლავდებოდა მასპინძელთა შეტევებს, მაგრამ ასე დაუსრულებლად ხომ ვერ გაგრძელდებოდა? ლობჯანიძე, პაპუნაშვილი და გვილია მაშინ გამოჩნდნენ მოედანზე, როცა შვეიცარიას უკვე გატანილი ჰქონდა ნანატრი გოლი, ნება-ნება აგორებდა ბურთს და კონტრშეტევისთვის აღარც სივრცეს გვიტოვებდა, დრო კი ისედაც აღარ იყო. 7 ან თუნდაც 10 წუთი იქნებ მესის ან რონალდუს დონის მოთამაშეებისთვის იყოს საკმარისი (ჩვენთვის "მესი" 22 წლის იტენი გამოდგა), თორემ ჩვენებურებს ამ დროში რაღა უნდა მოესწროთ?! მოკლედ, ორი ვლადი-მირის (ვაისის და პეტკოვიჩის)""მირი" არ გამოვიდა - მოიგო მან, ვისაც მეტი მოტივაცია და მომენტი ჰქონდა.

სუსტებთან დრო არ უნდა დავკარგოთო...

ხორვატია 2:1 საქართველო

ეს სიტყვები საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ თქვა ხორვატთა თავკაცმა ზლატკო დალიჩმა: "არ ვაპირებ სუსტებთან თამაშით დროის დაკარგვას. ჩვენ ბელგიის, გერმანიისა და იტალიისდარი მეტოქეები გვჭირდება. ხორვატია მსოფლიოს საფეხბურთო მწვერვალია და ყველამ უნდა დაგვაფასოს. ძლიერ მოწინააღმდეგეებთან დავინახავთ, რას წარმოვადგენთ და რა გვაქვს გამოსასწორებელი". ხორვატიის "მწვერვალობისა" რა გითხრათ (იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგი გუნდია და შარშანდელი მუნდიალის ფინალშიც ითამაშა), მაგრამ საქართველოს ნაკრები რომ ფსკერთან გაცილებით ახლოს არის, ეს "ევრო-2020"-ის შესარჩევმა ეტაპმაც აჩვენა და ბოლო ამხანაგურმა შეხვედრამაც. საქართველოს ნაკრებს ბევრი პრობლემა აქვს შემადგენლობის, თამაშის ორგანიზებისა და რაც მთავარია, საგოლე ეპიზოდების გამოყენების მხრივ. აქამდე დაცვაში მაინც არა გვიშავდა, ხორვატიის ექსპერიმენტულ შემადგენლობასთან კი ორივე ბურთი დაცვის შეცდომის გამო გავუშვით...

ბევრჯერ გვითქვამს, რომ ვაისს თითქმის არასდროს მისცემია ოპტიმალური შემადგენლობის შეკრების შესაძლებლობა. თუმცა ტრავმებისა თუ შეგირდების სათამაშო პრაქტიკის არქონის გარდა, ამაში თავადაც არის ხოლმე დამნაშავე. სლოვაკს არ უყვარს შეცვლები. გარდა ამისა, შეგირდების სათამაშო კონდიციებზე წუწუნის პარალელურად, მაინც უჭირს იმ მოთამაშეების "შემჩნევა", რომლებიც სტაბილურად თამაშობენ არცთუ დაბალი დონის ჩემპიონატებში. მეტიც,- კლუბის ლიდერები და გოლეადორებიც არიან!

ხორვატიასთან მატჩმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რამდენს ნიშნავს საქართველოს ნაკრებისთვის ჯაბა კანკავა. ხორვატიასთან მატჩში კაპიტანი ტრავმის გამო გამოგვაკლდა და მისი არყოფნა არა მარტო ნახევარდაცვას დაეტყო...

ბოლო-შანსი - ბელო-რუსი

მოკლედ, "გენერალური რეპეტიცია" მარტივი მიზეზის გამო არ გამოვიდა - ხორვატიასთან ითამაშეს მათ, ვისი დიდი ნაწილიც, დიდი ალბათობით, არ იქნება ბელორუსთან მატჩის ძირითად შემადგენლობაში. სხვანაირი იქნება (უნდა იყოს) ტაქტიკაც: თუ "ერთა თასის" ფინალში გასვლა გვინდა, უნდა შევუტიოთ და გოლ(ებ)ი გავიტანოთ!

ნახევარფინალამდე კი ოთხი თვეა დარჩენილი. შესაბამისად, ამ ეტაპზე აზრს კარგავს იმაზე მარჩიელობა, როგორი ტაქტიკითა და შემადგენლობით დავუხვდებით "თეთრ რუსებს". როგორი შემადგენლობაც გვეყოლება, ისეთით უნდა ვითამაშოთ, ისე კი ეროვნული გუნდის ამჟამინდელი თავკაცისგან არც "სიურპრიზები" გაგვიკვირდება.

მეორე საკითხია - ოთხი თვის შემდეგაც ვლადიმირ ვაისი იქნება საქართველოს ნაკრების მწვრთნელი? სლოვაკისა და სფფ-ის ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლოს იწურება, ვაისის "ნელ-თბილი" პასუხებით კი რთული დასადგენია, სად იქნება გაზაფხულზე: თბილისში, ალმათიში, პეტრჟალკაში თუ სოჭში... ლოგიკურად, თავისი დაწყებული საქმე ისევ სლოვაკმა უნდა მიიყვანოს ბოლომდე, მთავარი ის არის, როგორია ეს "საქმე" და როგორი იქნება "ბოლო... საქმე კი არცთუ სახარბიელოდ არის. ყოველ შემთხვევაში, საკვალიფიკაციო და ამხანაგურ მატჩებში ასე იყო. იმედისმომცემი ის არის, რომ უეფას "ერთა ლიგა" გვაქვს დაცდილი კარგად და იმედია, ბელორუსიცა და კოსოვო/მაკედონიაც ანდორად, ლატვიად და ყაზახეთად "მოგვეჩვენება". იმედია, გაზაფხულზე გაცილებით მეტ ოსტატობას გამოვიჩენთ, ვიდრე აქამდე -არაფრის მომცემ მატჩებში...

P.S. სადაც კი "რუსი" ურევია, კარგად არაფერი გვაქვს დაცდილი, მაგრამ ეს ტრადიციაც უნდა შევცვალოთ. ბელო-რუსთან თამაში ამის კარგი შანსია. ბოლო შანსი ბელო-რუსთან - შესაძლებლობა, ისტორიაში პირველად ჩვენც გავაგოროთ ბურთი ევროპის ჩემპიონატზე... მით უმეტეს, რომ გასულ პარასკევს გამართულმა წილისყრამ დაადგინა, რომ ბელორუსის ძლევის შემთხვევაში, კოსოვო/მაკედონიას შორის გამარჯვებულსაც თბილისში ვუმასპინძლებთ!