"ის არის ჭკვიანი და სამართლიანი კაცი" - ექსკლუზიური ინტერვიუ "ბარსელონას" ექიმთან, რომელმაც ტყვეობაში მყოფ ქართველ კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადა - კვირის პალიტრა

"ის არის ჭკვიანი და სამართლიანი კაცი" - ექსკლუზიური ინტერვიუ "ბარსელონას" ექიმთან, რომელმაც ტყვეობაში მყოფ ქართველ კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადა

...რამონ კუგატის ყოფილ პაციენტებს შორის არიან "ბარსელონას" ვარსკვლავები პეპ გვარდიოლა, სამუელ ეტო,ო, ანდრეს ინიესტა, კარლეს პუიოლი, დავიდ ვილია და ა.შ.

ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავი ნამდვილ საზღვრებსაც კარგა ხანია გასცდა. ქართულ და საერთაშორისო უწყებებსა და ორგანიზაციებთან ერთად ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდა ცნობილი ესპანელი ექიმი რამონ კუგატ ბართომეუც, რომელმაც სახელი კატალონიის "ბარსელონასთან" თანამშრომლობით გაითქვა და ხშირად მას "მედიცინის მესისაც" კი უწოდებენ. რამონ კუგატი არის ორთოპედიული ქირურგიის, ორთოპედიული სპორტული მედიცინისა და ართროსკოპიის სპეციალისტი. ამჟამად მუშაობს კლინიკა Quiron Barcelona-ს ორთოპედიული ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად, არის ბიოსამედიცინო კვლევების ფონდ Garcia Cugat-ის ხელმძღვანელი, ასევე კატალონიის საფეხბურთო დაზღვევის კომპანიის პრეზიდენტი, ესპანური ფეხბურთის სამეფო ფედერაციის (Royal Spanish Football Federation) ექიმი, ბარსელონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დოცენტი და ა.შ.

1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების დროს კუგატი იმ ქირურგი-ორთოპედების ჯგუფის წევრი გახლდათ, რომლებიც ოლიმპიადას ემსახურებოდნენ. მას შემდეგ დოქტორ კუგატის "ხელში" ათასობით სპორტსმენს გაუვლია. აქტიურად თანამშრომლობს საფეხბურთო კლუბ "ბარსელონასთან". მის ყოფილ პაციენტებს შორის არიან კატალონიური კლუბის ვარსკვლავები პეპ გვარდიოლა, სამუელ ეტო,ო, ანდრეს ინიესტა, კარლეს პუიოლი, დავიდ ვილია და ა.შ. კუგატის დახმარებით გამოჯანმრთელდნენ ფერნანდო ტორესი, დავიდ სილვა, კევინ დე ბრუინი, ილკაი გუნდოგანი და სხვ.

15 ნოემბერს, საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, რამონ კუგატმა და მისმა მეუღლემ, ასევე ცნობილმა ექიმმა მონსერატ გარსია ბალეტბომ გაავრცელეს მიმართვა, რომელშიც ნათქვამია:

"ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა.

მათ, ვისაც ეს საკითხი ეხება: ამ მიმართვას ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ვწერთ. ჩვენ მას იმ დროიდან ვიცნობთ, როცა ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გასავლელად ჩამოვიდა. ვიცნობთ, როგორც კეთილ, გულისხმიერ, პატიოსან და სამართლიან ექიმს, რომლის უდიდესი სურვილიც დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს, თანაგრძნობასა და პატივისცემას იმსახურებს.

როგორც ჩვენ გავიგეთ, ექიმი გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური ინტერესების გამო არ წასულა. მისი ერთადერთი მიზანი პაციენტის მონახულება იყო.

უფლებამოსილ პირებს მივმართავთ, რომ საკითხი სამართლიანად განსაჯონ. გთხოვთ, ჩვენი კოლეგა რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოთ, რათა დასრულდეს მისი, მისი ოჯახისა და მისი მეგობრების ტანჯვა.

თუ არსებობს რამე, რითიც ჩვენ შეგვიძლია მშვიდობიანი მეთოდით შევუწყოთ ხელი ამ პროცესის დაჩქარებას, გთხოვთ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გვაცნობოთ.

გარწმუნებთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც მას ვიცნობთ, იგი ყოველთვის თავდადებული იყო თავისი პაციენტებისა და ავადმყოფების მიმართ".

"კვირის პალიტრამ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა "მედიცინის მესისთან" და გაარკვია, რომ ცნობილი ესპანელი ექიმი საქართველოში რამდენჯერმეა ნამყოფი, ვაჟა გაფრინდაშვილს კი 1992 წლიდან იცნობს:

- ბატონო რამონ, დიდი მადლობა ჩვენი ექიმისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის! როდის გაიცანით ვაჟა გაფრინდაშვილი? - ერთმანეთს პირველად 1992 წელს, ესპანეთში შევხვდით, როცა ვაჟა გაფრინდაშვილმა მონაწილეობა მიიღო Asociación Española de Artroscopiaა-ს (ესპანეთის ართროსკოპიის ასოციაცია) ორგანიზებულ სამედიცინო კონფერენციაში. სამწუხაროდ, ზუსტ თარიღს ვერ ვიხსენებ, მაგრამ მალევე ვაჟა ექიმი ჩვენს სამედიცინო ცენტრში ჩამოვიდა ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამით.

- დიდი ხნის მეგობრები ყოფილხართ... - დიახ, ბარსელონაში მისი ჩამოსვლის პირველივე დღიდან ხშირი ურთიერთობა გვქონდა, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაჟა ექიმი ჩვენთან ცხოვრობდა.

- რას იტყვით მასზე, როგორ დაახასიათებთ ვაჟა გაფრინდაშვილს? - ის არის ჭკვიანი, განათლებული, გაწონასწორებული, სამართლიანი კაცი, რომელიც ყველასგან პატივისცემას იმსახურებს. ვაჟა ყოველთვის ცდილობდა, მაქსიმალური ცოდნა მიეღო თანამედროვე ართროსკოპიურ ქირურგიაში, რათა სამშობლოში ჩაეტანა და ქართველებისთვის გაეზიარებინა მკურნალობის ახალი მეთოდები.

- როდესაც თქვენი ქართველი მეგობრის უკანონო დაკავების შესახებ შეიტყვეთ, მისი გათავისუფლების შესახებ მიმართვა თქვენი პირველი რეაქცია იყო? - ჩვენს მიმართვაშიც წერია, რომ ჩვენი ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური მიზნით არ წასულა, მიზანი მხოლოდ მისი სამედიცინო საქმიანობა გახლდათ. ამიტომ მივმართეთ უფლებამოსილ პირებს, სამართლიანად განიხილონ ქართველი ექიმის საქმე და რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლონ.

- როგორ ფიქრობთ, მოიტანს შედეგს საქმეში ქართული და საერთაშორისო უწყებებისა და ორგანიზაციების ჩართვა? მათ შორის ისეთი ცნობილი ექიმების თხოვნა, როგორიც თქვენ და თქვენი მეუღლე ხართ? - იმედია. ალბათ, ხვდებით, რომ გამიჭირდება ვილაპარაკო ისეთ საკითხებზე, რაც პოლიტიკას ეხება.

- გასაგებია. გმადლობთ. ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა, სხვა ქართველ ექიმებთან ან სპორტსმენებთანაც გქონიათ ურთიერთობა? - ვაჟა ექიმის მეშვეობით საქართველოს მედიცინის სხვა პატივსაცემ წარმომადგენლებსაც ვიცნობთ: როგორც ქირურგ-ორთოპედებს, ისე სხვადასხვა მიმართულების ექიმებს. გარდა ამისა, ქართველი ექიმების რეკომენდაციით, სპორტსმენებთანაც გვითანამშრომლია.

- რა იცით საქართველოს შესახებ? - არა მხოლოდ ვიცი, საქართველოში რამდენჯერმე ვართ ნამყოფი! დავათვალიერეთ თბილისი და მისი შემოგარენი... თქვენი ქვეყანა ძალიან ლამაზია!

- სპორტს დავუბრუნდეთ... ფეხბურთი თქვენი საყვარელი სახეობაა? - ოჰ, დიახ, მე მიყვარს ფეხბურთი! ახალგაზრდობაში თვითონაც ვთამაშობდი სხვადასხვა გუნდში. ფეხბურთელის კარიერა Fútbol Club Barcelona-ში დავასრულე.

- ასეც რომ არა, მაინც არ გკითხავდით, რომელია თქვენი საყვარელი კლუბი - კატალონიელი ხართ და წლებია, "ბარსელონაში" მუშაობთ... - რაც შეეხება საყვარელ კლუბს, იმის მიუხედავად, რომ ამჟამად ესპანური ფეხბურთის სამეფო ფედერაციის ექიმი ვარ, იმის მიუხედავად, რომ საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" წევრი გახლავართ, მთელი საფეხბურთო სამყარო მიყვარს!

- ძალიან საინტერესოა თქვენი, როგორც ორთოპედიული სპორტული მედიცინის სპეციალისტის შეხედულება: მოთამაშეთა ტრავმების თვალსაზრისით რა არის თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე დიდი პრობლემა?

- დღესდღეობით ხშირად მოზარდები ძალიან ადრეულ ასაკში იწყებენ ფეხბურთის თამაშს... და ეს ასაკი სულ უფრო და უფრო მცირდება... ამის ძალიან სამწუხარო შედეგი კი არის ის, რომ უკვე 10 (!) წლის ბავშვებშიც კი ვხვდებით სერიოზულ ტრავმებს, მათ შორის ჯვარედინი იოგების ტრავმას!

- უშუალოდ შეჯახებისას მიღებული დაზიანებების გარდა, ყველაზე ხშირად რის გამო იღებენ ტრავმას ფეხბურთელები? - ტრავმის გამოწვევა ბევრ ფაქტორს შეუძლია: გადაღლილობას, არაადეკვატურ ან არასწორ ვარჯიშს და ა.შ. იმ ბალახის ხარისხმაც კი, რომელზეც თამაშობს ან ვარჯიშობს, შეიძლება იმოქმედოს ფეხბურთელის ფიზიკურ მდგომარეობაზე.

- მრავალწლიანი სამედიცინო საქმიანობის განმავლობაში გიმკურნალიათ უამრავი ცნობილი და უცნობი სპორტსმენისთვის. მათთან მეგობრობა და ურთიერთობა მკურნალობის დასრულების შემდეგაც გრძელდება? - დიახ, გასული წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ზოგიერთ ყოფილ პაციენტთან. ვფიქრობ, ეს ორმხრივი გრძნობაა: ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს პაციენტების გამოჯანმრთელებასა და შესაბამისად, წარმატებული კარიერის შექმნაში, ისინი კი აფასებენ იმ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ ან გაგვიკეთებია მათთვის.