რომანი "დინამოსთან" - კვირის პალიტრა

რომანი "დინამოსთან"

თითქმის გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ახალი მეპატრონე ეყოლება. გასული კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ თბილისის "დინამოს" 44 წლის ბიზნესმენი რომან ფიფია ჩაიბარებს. შეთანხმება უკვე მიღწეულია და მხოლოდ დეტალების დაზუსტებაა საჭირო ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან.

რომან ფიფია წლების განმავლობაში საქმიანობდა სარატოვში და ქონების (რომელიც 2007 წლის მონაცემებით რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს შეადგენდა) დიდი ნაწილიც სწორედ მაშინ დააგროვა. ალკოჰოლური სასმელებისა და ხორბლის ბიზნესის გარდა, ქართველი ბიზნესმენი 90-იანი წლების ბოლოს სარატოვის "სოკოლის" პრეზიდენტი და სპონსორიც გახლდათ. სწორედ მისი მმართველობის დროს მიაღწია სარატოვულმა კლუბმა არნახულ წარმატებას. იყო პერიოდი, როცა "სოკოლი" რუსეთის ხუთ ყველაზე მაღალბიუჯეტიან კლუბს შორისაც კი გახლდათ.

რუსეთიდან წასვლის შემდეგ რომან ფიფია საფრანგეთში, ნიცაში ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას. გაგრაში დაბადებულ ბიზნესმენს საქართველოშიც აქვს ბიზნესი (სწორედ ფიფია აშენებდა ყოფილი რესტორან "არაგვის" ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "ჰაიატს"), ამიერიდან კი - საფეხბურთო ინტერესებიც. ახალი მეპატრონე "დინამოში" მრავალმილიონიანი ინვესტიციის ჩადებას აპირებს.