ქალთა კალათბურთის ოთხმე(გ)ზური WNBA-სკენ - კვირის პალიტრა

ქალთა კალათბურთის ოთხმე(გ)ზური WNBA-სკენ

კასპერში ზაფხულის ბოლოს ჩამოვედით. კოლეჯმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. განსაკუთრებით მომხიბლა საკალათბურთო დარბაზმა და სავარჯიშო პირობებმა

ამერიკულ ქალთა კალათბურთში ნატალია ოთხმეზური და ანა ქავთარაძე პირველი ქართველი გოგონები არიან, ვინც სრული სტიპენდია და აშშ-ის კოლეჯების ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს. ახალგაზრდა ქართველებმა უკვე მოასწრეს ჯუნიორ კოლეჯების ლიგის ბინადარ კასპერის "თანდერბირდში" გაშინაურება. სამწუხაროდ, ანა ტრავმამ შეაფერხა, 19 წლის ნატალია ოთხმეზური კი შედეგიანობას მატჩიდან მატჩამდე უმატებს და 3 დეკემბერს სულაც 38 ქულა ჩაუგდო ოტეროს კოლეჯს! ნატალიასგან არც გვიკვირს, ლიდერი და კაპიტანი იყო თითქმის ყველგან, სადაც უთამაშია, ქართულ გუნდებსა თუ ასაკობრივ ნაკრებებში. შედეგიანად თამაშობდა ევროპის ჩემპიონატის სხვადასხვა დივიზიონშიც. სამი წლის წინ U18 ევროპის ჩემპიონატში MVP-ც (ყველაზე სასარგებლო მოთამაშე) გახდა - საუკეთესო მექულე (20.0), მეპასე (4.2) და ჩამჭრელი (4.0) იყო. თუმცა საქართველო და ევროპა სხვაა, კალათბურთის სამშობლოში წარმატება კი ორმაგად ფასეული. მით უმეტეს, რომ სტუდენტური ლიგიდან არც WNBA (ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია) არის ძალიან შორს! ნატალია ოთხმეზურს ვაიომინგში შევეხმიანეთ:

- ნატალია, სანამ აშშ-ში "ჩამოვალთ", სულ თავიდან დავიწყოთ: როდის და როგორ გაჩნდა კალათბურთი შენს ცხოვრებაში?

- მას შემდეგ, რაც ჩემმა ძმებმა დაიწყეს სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში, მეც ძალიან დავინტერესდი და მამამ ბატონ ზურა რაზმაძესთან მიმიყვანა სავარჯიშოდ. დღეს კალათბურთელი რომ ვარ, ჩემი მასწავლებლებისა და მამაჩემის დამსახურებაა. მამა პირველივე დღიდან გვერდით მიდგას და მეხმარება. შეიძლება ითქვას, ჩემი პირადი მწვრთნელიც არის.

- სპორტის სხვა სახეობებშიც მოგისინჯავს ძალა? - ოთხი წლის ასაკში ჩემს უფროს დასთან ერთად ფიგურული ციგურაობის სექციაში მივედი, თუმცა ყინულზე სრიალს მალევე დავანებე თავი.

- და გადაერთე კალათბურთზე. გავიხსენოთ, სად თამაშობდი ზაზა ფაჩულიას აკადემიაში მისვლამდე. - ფაჩულიას აკადემიაში მისვლამდე ვთამაშობდი "ოვერტაიმში" ზურა რაზმაძესთან, "ბასტიონში"– ლელა ცანავასა და როლანდ გელოვანთან, "თსსუ"-ში სერგო იშხნელთან, "არმიაში" ბატონ ნუგზარ კანდელაკთან. 2015 წლიდან ვარ საქართველოს ქალთა ნაკრებში, ნინო ყიფშიძესა და ზვიად დიდბარიძესთან.

- წარმატებით ითამაშე ასაკობრივ ნაკრებებშიც. U18 ევროპის ჩემპიონატის MVP-ც გახდი... რა მოგცა იმ ტურნირმა? - ერთია საქართველოს პირველობაზე თამაში და სულ სხვაა, როცა შენს ქვეყანას საზღვარგარეთ წარმოადგენ. ყოველი გასვლითი თამაში დიდ პასუხისმგებლობასა და ნერვიულობასთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც ორმაგად სასიხარულოა, როცა MVP ხდები და ახალი მიღწევებით ბრუნდები სამშობლოში.

- ფაჩულიას აკადემიაში გადასვლიდან მალევე შენ და ანა ქავთარაძე გახდით პირველი ქართველი გოგონები, ვინც სრული სტიპენდია და აშშ-ში თამაშის შესაძლებლობა მიიღეს... - აშშ-ში სწავლისა და თამაშის შესაძლებლობის მოცემით ზაზა ფაჩულიას აკადემიამ განვითარების კარგი შანსი მოგვცა. ამ ყველაფრისთვის აკადემიას უდიდეს მადლობას ვუხდით! მე და ანა ერთდროულად ჩავირიცხეთ კასპერის კოლეჯში. ცოტა არ იყოს, დამღლელი აღმოჩნდა ჩასვლისთანავე ინტენსიური ვარჯიშები და სწავლის დატვირთული გრაფიკი, მაგრამ ალღო ავუღეთ და თანაგუნდელებთან ერთად წარმატებით ვასრულებთ მწვრთნელების დავალებებს.

- ცნობილია, რომ მოლაპარაკება რამდენიმე კოლეჯთან მიმდინარეობდა. საბოლოოდ, რის მიხედვით შეირჩა კასპერის კოლეჯი? - საკალათბურთო გუნდისა და სწავლების დონის მიხედვით.

- თქვენი კოლეჯის "ქალთა კალათბურთის ძლიერი პროგრამა" სხვადასხვა ქვეყნიდან ნიჭიერი გოგონების შეკრებას გულისხმობს, თუ მათი სპეციალური პროგრამით მომზადებას? - "ძლიერი პროგრამა" გულისხმობს ინტენსიურ ვარჯიშებს, როგორც ინდივიდუალურს, ასევე ფიზიკურ დატვირთვას და ა.შ. დიდი ყურადღება ექცევა დისციპლინასა და აკადემიურ მოსწრებასაც. აქ ზაფხულის ბოლოს ჩამოვედით. კოლეჯმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. განსაკუთრებით მომხიბლა საკალათბურთო დარბაზმა და სავარჯიშო პირობებმა. გუნდი და მწვრთნელები თბილად შეგვხვდნენ.

- რა იყო მთავარი სირთულე, რასაც აშშ-ში წააწყდი? გაგიჭირდა უცხო ქვეყანაში, ოჯახისგან შორს ყოფნა? - ენობრივი ბარიერისა და განსხვავებული მენტალიტეტის პრობლემები არ მქონია. ცხადია, მიჭირს ოჯახისგან შორს ყოფნა, მაგრამ ამასთან გამკლავებას ხშირი კომუნიკაციით ვახერხებ.

- "კასპერს კოლეჯის" მოთამაშეთა ერთობლივ ფოტოზე ჩანს, რომ გუნდში ყველა თეთრკანიანი ხართ, რაც, ცოტა არ იყოს, უცნაურია აშშ-ის საკალათბურთო გუნდისთვის... - ის, რომ ამჟამინდელ გუნდში მხოლოდ თეთრკანიანი მოთამაშეები არიან, შემთხვევითობაა. მაგალითად, ჩვენი კოლეჯის ვაჟთა გუნდში უმეტესობა შავკანიანი სპორტსმენია.

- თქვენს კოლეჯში სწავლასა და ვარჯიშს თანაბარი ყურადღება ექცევა, თუ პრიორიტეტი მაინც განათლების მიღებაა? - ისევე, როგორც აშშ-ის შტატების უმეტესობაში, აქ სწავლას დიდი ყურადღება ექცევა. თუ საკმარისი კრედიტი ვერ დააგროვე, თამაში გეკრძალება.

- აშშ-ის სტუდენტურ ლიგაში შენი დებიუტიც წარმატებული გამოდგა და მატჩიდან მატჩამდე უკეთესი შედეგი გაქვს. რა გახსოვს "თანდერბირდის" შემადგენლობაში ჩატარებული პირველი თამაშიდან? - ბუნებრივია, ვინერვიულე "თანდერბირდის" შემადგენლობაში გამართული სადებიუტო მატჩისას, თუმცა კარგად ვითამაშე და მწვრთნელის შექებაც დავიმსახურე.

- თანდათანობით გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდი, 3 დეკემბერს კი პირადი რეკორდიც დაამყარე ოტეროს კოლეჯთან - 38 ქულა! რა არის შენი წარმატებული თამაშის საიდუმლო? უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამერიკულ ლიგასაც გაუშინაურდი? - ნებისმიერი წარმატების საიდუმლო თავდაუზოგავი შრომა და საქმის სიყვარულია. მწვრთნელებისა და თანაგუნდელებისგანაც დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. სხვათა შორის, ხშირად მეკითხებიან საქართველოს შესახებ.

- ძნელია, აშშ-ში კალათბურთის თამაშით გააკვირვო ვინმე, მით უმეტეს, ევროპელისთვის! რის ხარჯზე ახერხებ ლიდერობას ამერიკულ კლუბში? - ამერიკელების კალათბურთით გაკვირვება მართლაც ძნელია. რაც უნდა ტრავმა ან პრობლემა გაწუხებდეს, ფორმაში ყოფნა აუცილებელია, რადგან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ. ჩემ უკან ჩემი ოჯახი, მეგობრები, ახლობლები არიან და ძალიან არ მინდა მათი გაწბილება. ისიც, რომ ჩვენ პირველი ქართველი გოგონები ვართ ამერიკულ კალათბურთში, ერთიორად ზრდის პასუხისმგებლობას. ჩვენი თამაშით, სწავლით, საქციელით უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ნდობას, რომ გზამკვლევები ვართ სხვა ქართველი გოგონებისთვის.

- ანამ გული ხომ არ გაიტეხა, იმდენივე სათამაშო დრო რომ არ ეძლევა, რამდენიც შენ? - ანას ტრავმა ჰქონდა. ახლა კარგადაა და იმედია, მალე დაიბრუნებს სასურველ ფორმას.

- "ქარიშხალაში" 30-ნომრიანი მაისურით თამაშობ, ეს ნომერი თვითონ აირჩიე? - თავად ავირჩიე ჩემი საყვარელი მოთამაშის, სტეფ ქარის პატივსაცემად.

- "თანდერბირდი" გათამაშების ლიდერია. რა გეგმები აქვს თქვენს გუნდს მიმდინარე გათამაშებაში? - ცხადია, ტურნირის მოგებას ვგეგმავთ და ამისთვის თავს არავინ დავზოგავთ.

- რით გასხვავდება ამერიკული კალათბურთი იმისგან, რაც აქამდე გითამაშია საქართველოსა თუ ევროპაში? - აქაური კალათბურთი ევროპულისაგან სტილითა და სისწრაფით განსხვავდება.

- კოლეჯების ლიგიდან მამაკაცი მოთამაშეები NBA-ში მიდიან სათამაშოდ. გოგონები WNBA-ში? - კოლეჯების ლიგის შემდეგ საუნივერსიტეტო ლიგა მოდის, იქიდან კი NBA-მდე ერთი ნაბიჯია.

- წარმატებული და პერსპექტიული მოთამაშე ხარ. აპირებ, კალათბურთი პროფესიულად ითამაშო? თუ ეს მაინც ჰობია სწავლის პარალელურად? - მიმაჩნია, რომ კალათბურთი ჩემი პროფესიაა. თუმცა აქ ხელოვნებათმცოდნეობას ვსწავლობ და მგონი, ერთი მეორეს ხელს არ უშლის.

- სამწუხაროდ, საქართველოში ქალთა კალათბურთი არ არის ისეთივე დონეზე განვითარებული, როგორც მამაკაცების. შენი აზრით, ეს რისი ბრალია? - ხელშეწყობა სპორტის ნებისმიერ სახეობას სჭირდება. აშშ-ში ეს სახელმწიფო დონეზეა მოგვარებული. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, საქართველოში ქალთა კალათბურთს სათანადო ყურადღება რომ არ ექცევა, მაგრამ იმედია, ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორება პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ყველა სფეროზე, სპორტზეც და მათ შორის ქალთა კალათბურთზეც.

- ვის გულშემატკივრობ, რომელია შენი საყვარელი გუნდი და კალათბურთელი? - ვგულშემატკივრობ "გოლდენ სტეიტს", მოთამაშეებიდან კი ყველაზე მეტად სტეფ ქარი მიყვარს.

- რა არის ნატალია ოთხმეზურის მიზანი? - WNBA-ში თამაში.