ქართველებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი უკვე დამთავრდა - კვირის პალიტრა

ქართველებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი უკვე დამთავრდა

თურქეთის ქალაქ ანტაქიაში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული 25 დეკემბერს გახდება ცნობილი, თუმცა, ქართველი დიდოსტატებისთვის ტურნირი უკვე დასრულებულია.

ოთხი ქართველი მოჭადრაკისგან ერთი პირველივე რაუნდში გამოეთიშა ასპარეზობას - მაია ლომინეიშვილი (2347) ამერიკელ ანა ზატონსკიხთან (2478) 0:2 დამარცხდა. სამაგიეროდ, იმარჯვეს სხვა ქართველებმა და იმედი გვქონდა, რომ ყოველ მომდევნო ეტაპზე ჩვენი მოჭადრაკეების დანაკლისი თითო მოთამაშის მეტი მაინც არ იქნებოდა, მაგრამ... რაც უნდა სამწუხარო იყოს, მეორე ეტაპი ის მაქსიმუმი გამოდგა, რისთვისაც ჩვენებურებს ძალა ეყოთ.

თანაც, სოფიკო ხუხაშვილს (2430) თუ არ ჩავთვლით, განსაკუთრებულად ძლიერი მოწინააღმდეგე არც ერთ ქართველს არ ჰყოლია. ხუხაშვილისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ალექსანდრა კოსტენიუკის (2507) ორივე პარტია ფრედ დასრულდა, ტაი-ბრეიკზე კი რუსი გაცილებით კარგად თამაშობდა და 2:0 გაიმარჯვა.

იმავე სცენარით განვითარდა ქართველთაგან საუკეთესო რეიტინგის მქონე ნანა ძაგნიძისა (2551) და საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ალმირა სკრიპჩენკოს (2460) დაპირისპირებაც: ძირითადი მატჩების ფრედ დასრულების შემდეგ, ორივე დამატებითი 25-წუთიანი მატჩი სკრიპჩენკომ მოიგო. მეოთხე ქართველმა და ჩვენი გუნდის ყველაზე ტიტულოვანმა მოთამაშე მაია ჩიბურდანიძემ (2502) კი ტაი-ბრეიკამდეც ვერ მიიყვანა საქმე და ჩინელ ქსიუ ჟაოსთან (2474) 0,5:1,5 დამარცხდა.