აბრამოვიჩს სტადიონი "შეაწერეს" - კვირის პალიტრა

აბრამოვიჩს სტადიონი "შეაწერეს"

ჩუკოტკის გუბერნატორი და რუსეთის უმდიდრესი ადამიანი რომან აბრამოვიჩი მოსკოვის გარეუბანში სტადიონს ააშენებს. 44275-ადგილიან არენას რუსეთში გასამართი მუნდიალისთვის ააგებენ, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი აღნიშნულ სტადიონზე საშინაო მატჩებს ადგილობრივი ნაკრები გამართავს.

ლონდონის "ჩელსის" მფლობელი "რუსეთი 2018"-ის საგანაცხადო კომიტეტის წევრი გახლდათ და რადგან ასეთი პატივი ხვდა წილად, მსუქან ჯიბეზე ხელის გაკვრაც მოუწევს. არ გაიკრავს და... ხოდორკოვსკი რა, რომაზე ნაკლები ბიჭი იყო, დღემდე ვირის აბანოში რომ აყურყუტებენ? აბრამოვიჩმა კარგად იცის, მსოფლიო ჩემპიონატის ორგკომიტეტში ლამაზი თვალებისთვის რომ არ აურჩევიათ, ამიტომაც რუსეთის კანდიდატურის "გამარჯვებისთანავე" გამოთქვა სტადიონის აშენების "სურვილი".

თუმცა, მის ამ "ინიციატივას" წინ რუსეთის პრემიერის, ვლადიმირ პუტინის გამოსვლა უძღოდა. "არაფერი უჭირს, აბრამოვიჩი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებაში თუ დაგვეხმარება - ამას "კერძო-სახელმწიფოებრივი პარტნიორობა" ჰქვია. გაღარიბება კი ნამდვილად არ ემუქრება, ფული ბლომად აქვს!" - ზუსტად ასე თქვა ვოვამ.

გაღარიბება არა, მაგრამ ცოტა ხანში ჩუკოტკის გუბერნატორს ნამდვილად მოუწევს ჯიბეზე ხელის გაკვრა - გაზაფხულზე ხომ მისი 18 წლის ქალიშვილის - ანას ქორწილია დანიშნული. ცერემონიალი კარიბის ზღვაში მდებარე ცნობილ კურორტ სენ-ბარტელმიზე გაიმართება და რუს მილიარდერს ის სულ რაღაც... 8 მილიონი დოლარი დაუჯდება.