ცურვის სარგებელი - კვირის პალიტრა

ცურვის სარგებელი

"კვირის პალიტრა" ეცდება, პერიოდულად მოგაწოდოთ ინფორმაცია სპორტის ამა თუ იმ სახეობის სარგებლიანობის შესახებ. ამჯერად, რუბრიკაში ვილაპარაკებთ ცურვაზე - სახეობაზე, რომელიც ძალიან სასარგებლოა როგორც ზრდასრულების, ისე ბავშვებისთვის. ჩვენი რესპონდენტია საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, წყალბურთის მწვრთნელობის 28-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი დავით ხავთასი, რომელიც გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის ცურვისა და წყალბურთის მწვრთნელია:

- კარდიოდატვირთვებით ცურვას სპორტის ვერც ერთი სახეობა ვერ შეედრება. რეგულარული ცურვა აქვეითებს არტერიულ წნევას და ამცირებს გულის შეკუმშვის სიხშირეს. შესაბამისად, პროფესიონალ მოცურავეებში ორჯერ ნაკლებია ჰიპერტონიული პათოლოგიები, ვიდრე სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელთა შორის.

ცურვა ძალიან სასარგებლოა კუნთებისა და სახსრებისთვის, ზრდის სისხლში ჰემოგლობინის დონეს, სასარგებლოა ორსულთათვის, ძვალ-სახსროვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების პათოლოგიით დაავადებულთათვის, მათთვისაც, ვისაც ჭარბი წონა (ცურვის წყალობით საათში დაახლოებით 500 კილოკალორია იხარჯება) და ზურგის ტკივილი აქვს.

ცურვა განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, რადგან 20-ჯერ იზრდება მათში ზრდის ჰორმონის სომატოტროპინის გამომუშავება. დადგენილია, რომ ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან ცურავენ, თანატოლებთან შედარებით ბევრად გონებამახვილები და ჭკვიანები არიან.

ბავშვის ცურვაზე მიყვანა ნებისმიერ ასაკშია დაშვებული. მოზარდები ცურვის ტექნიკის შესწავლას იწყებენ მაშინ, როდესაც უკვე შეუძლიათ დავალებებზე ადეკვატურად რეაგირება. ბავშვი მუცლად ყოფნის პერიოდშივე წყალშია, ფიზიოლოგიურად მან უკვე იცის ცურვა და იბადება ცურვის ნიჭით, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ სპორტულ ცურვაში გადადის. ბრტყელტერფიანებისთვის სავალდებულოა ბრასით ცურვა, სკოლიოზის, კიფოზის, ხერხემლის გამრუდებისა და ამ ტიპის სხვა დაავადებების დროს შესაძლებელია კროლი და ზურგზე ცურვა.

ცურვისთვის ოპტიმალურ დროდ სპეციალისტები დილის 7-9 და საღამოს 18-20 საათს მიიჩნევენ. დილის საათებში ადამიანის ორგანიზმი მოდუნებულია და ფიზიკურ დატვირთვასაც კარგად უძლებს, საღამოს ცურვა კი მაქსიმალურად წვავს კალორიებს.