ტოჩიNO OZEKI
ტოჩიNO OZEKI
მაგრამ ბრძოლა გრძელდება!

ოძეკი აღარ არის. მეტიც, მორიგმა ტრავმამ სანიაკუდანაც (სუმოს ოთხი უდიდესი წოდების კრებსითი სახელი) დააქვეითა და იანვრის ბაშოს რიგითი მაეგაშირას რანგში შეხვდება, მაგრამ ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დანებებას არც ამჯერად აპირებს. "სრულფასოვნად ვარჯიშს, ალბათ, ნაახალწლევს დავიწყებ, იანვრის ბაშოზე კი იმდენი ორთაბრძოლის მოგება მაინც უნდა მოვახერხო, ელიტურ დივიზიონში ადგილი შევინარჩუნო", - გვითხრა ლევანმა ექსკლუზიურ ინტერვიუში. ტოჩინოშინს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ველაპარაკეთ, იანვრის ბაშოზეც და იაპონელების საახალწლო ტრადიციებზეც:

- ლევან, მოირჩინე გატეხილი
ნეკნი?

- ძალიან აღარ მტკივა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გადაღებულმა რენტგენმა აჩვენა, რომ ჯერ კიდევ არ არის შეხორცებული. დაზიანება ისეთ უხერხულ ადგილას არის, რომ მცირე მოძრაობაც კი აფერხებს შეხორცების პროცესს. ტრავმის მიღებიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ დაზიანების შესახორცებლად კიდევ არის საჭირო რამდენიმე დღე.

-
ბოლომდე ვერც მუხლის ტრავმას უმკურნალე?

- მუხლის ქრონიკული ტრავმა მაქვს, მყესებია გაწყვეტილი და ხანგრძლივმა წოლითმა რეჟიმმა ძალიან დამხია უკან. რამდენიმე კვირის განმავლობაში უქმად მყოფი კუნთები ძალიან მოეშვა... უკვე დავბრუნდი ტოკიოში და ორ კვირაზე მეტია, ფეხის კუნთების ვარჯიშებიც დავიწყე, რათა მუხლი მოვაღონიერო. როგორმე უნდა "გადავაგორო" იანვრის ბაშო...

- "ტაკარაფუჯი" წააქციე და ზედ დაეცი. ნეკნი სწორედ დაცემისას დაიშავე...
- როცა დამარცხებულ მოწინააღმდეგეს დავეცი, ტრავმა უკვე მიღებული მქონდა: ერთმანეთს ქამრებში ჩავავლეთ ხელი და მარჯვენით ისე ძლიერად მოვქაჩე, რომ ტაკარაფუჯის მარცხენა ხელი ნეკნზე დამაწვა და გატეხა... ტკივილი ვიგრძენი თუ არა, მაშინვე გავუშვი ხელი, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

- ორმაგად დასანანია, რომ მძიმე ტრავმა სწორედ მაშინ მიიღე, როცა ჭიდაობა გამოასწორე და ლამაზად მოგებული ზედიზედ ორი შეხვედრით ჯანმრთელი ტოჩინოშინი გაგვახსენე...
- კიუშუ-ბაშოსთვის მართლაც კარგად ვიყავი მომზადებული. მუხლიც უკეთ მქონდა და ვფიქრობდი, რომ ოძეკის წოდების დაბრუნებას შევძლებდი, თუმცა... ნათქვამია, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო! ფიზიკური ტკივილისთვის სხვა დროსაც ბევრჯერ გამიძლია, ბაშოდან ჩახსნის და ოძეკობის დაბრუნების შანსის დაკარგვაც "გადავხარშე, მაგრამ ყველაზე მეტად ის განვიცადე, რომ იმედი გავუცრუე მრავალრიცხოვან გულშემატკივარს. ოძეკობას ვინ ჩივის, სეკივაკეც აღარ ვიყავი... თუმცა უმთავრესი მაინც ჯანმრთელობაა.

- ვიცი, რომ ცრუმორწმუნე არა ხარ, მაგრამ უკვე ბევრჯერ ვთქვით, რომ 13 რიცხვში, ან ბაშოს მეცამეტე დღეს, შენს თავს სულ ცუდი რაღაცები ხდება. ნეკნიც 13 ნოემბერს გაიტეხე და ოძეკის წოდების დაბრუნებას ვიღა ჩივის, ანიაკუდანაც გავარდი...
- 13 რიცხვს თუ პარასკევიც დაემთხვა, მთლად ცუდად არის ხოლმე საქმე. მაგალითად, 13 დეკემბერი პარასკევი იყო და სახლიდან ფეხი არ გამიდგამს,– კიდევ რამე შარში არ გავეხვიო-მეთქი. არადა, 13 ოქტომბერს ვარ დაბადებული და როგორ ვთქვა, რომ 13"თარსი რიცხვია ჩემთვის?!

- ბანძუკე (სუმოს რეიტინგლისტი - რ.შ.) ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ დაახლოებით მაინც გეცოდინება, სადამდე დაქვეითდები.
- ახალი ბანძუკე 24 დეკემბერს გამოქვეყნდება და მეც თქვენთან ერთად გავიგებ ჩემს ახალ "რანგს. წინასწარ მართლა არ მიკითხავს, რომელ საფეხურზე ვიქნები. ან რა მნიშვნელობა აქვს, მეხუთე მაეგაშირა ვიქნები, მესამე თუ მეცხრე?!

- წლის პირველ ბაშოზე ტრადიციულად კარგად ჭიდაობ, "იმპერატორის თასიც" იანვარში მოიპოვე. ამის გათვალისწინებით, ალბათ, მომავალ იანვარსაც იმედიანად ელი...
- ექიმის ვერდიქტით, სრულფასოვან ვარჯიშს მხოლოდ ნაახალწლევს დავიწყებ. ბაშოს სტარტამდე მხოლოდ რამდენიმე დღე მექნება სავარჯიშოდ და, ფაქტობრივად, მოუმზადებლად უნდა ვიჭიდაო. მიზანი? პირველ რიგში, ტრავმას უნდა გადავურჩე, მეორე ამოცანა კი მაკუუჩიში (სუმოს ელიტური დივიზიონი. - რ.შ.) დარჩენაა...

- ამისთვის რა იქნება აუცილებელი?
- ნეკნთან ერთად მუხლიც მაწუხებს და "კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დაფიქსირება ძალიან რთული იქნება, მაგრამ თუნდაც"მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) იყოს, იმდენი მოგება მაინც უნდა დავაგროვო, ელიტაში დასარჩენად იკმაროს. იანვრის ბაშოს გამოტოვება ჩემთვის"ჯურიოში დაქვეითებას ნიშნავს. ვფიქრობ, თუ"ჯურიოში გადავედი, კარიერასაც დავასრულებ... ეს რომ არ მოხდეს, როგორმე უნდა შევინარჩუნო ადგილი"მაკუუჩიში, მერე კი, ალბათ, სასურველი კონდიციის დაბრუნებასაც მოვახერხებ. ძალიან ბევრი მწერს, მართლა აპირებ კარიერის დასრულებასო? არა, ჯერ არ ვაპირებ! თუ იანვრის ბაშო"გადავიტანე და უფლის წყალობით, არც ტრავმები მივიღე, კიდევ ვიბრძოლებ"სანიაკუში დასაბრუნებლად.

- გაგამარუზეც ვთქვათ: მუხლები ისე სტკიოდა, 14-წლიანი კარიერის განმავლობაში პირველად ბაშოს მიტოვება მოუხდა და ჯურიოდანაც დაქვეითდა. ახლა როგორ არის?
- გაგას ისევ აწუხებს მუხლები და კვირაში ერთხელ სითხის ამოღებაც სჭირდება. გაგამ წონის კლებაც დაიწყო, რომ მუხლებზე დატვირთვა ცოტათი მაინც შეამციროს. ცუდია, რომ დაქვეითდა, მაგრამ თუ მკურნალობა შედეგს მოიტანს და გაგა ფეხზე მყარად დადგომას შეძლებს,"ჯურიოში დაბრუნებაც შეუძლია.

- მოგვიყევი, ტოკიოში როგორ ხვდებით წლის პირველ დღეს?
- ვიკრიბებით ქართველები და ვხვდებით ახალ წელს. 1-ლი იანვრის 08:00 საათიდან კი კიმონოებში გამოწყობილი სუმოისტები ჩვენს კლუბ "კასუგანოში" მივდივართ და ერთმანეთს ვულოცავთ ახალ წელს. მოგვიანებით, კლუბის ყველა წევრი ერთად მივაგებთ პატივს"კასუგანოს, პირველი­ პრეზიდენტის საფლავს, საღამოს კი საკეთი და თევზით აღვნიშნავთ ახალ წელს.

- მართალია, რომ ამომავალი მზის ქვეყანაში 25 დეკემბერი უფრო უყვართ?
- 25 დეკემბერს მართლაც მასშტაბურად აღნიშნავენ. დეკემბერში ქუჩებში უკვე ნაძვის ხეებსაც ნახავთ და სადღესასწაულო განათებებსაც, მაგრამ 31 დეკემბერს განსაკუთრებული არაფერი ხდება. არასდროს დამავიწყდება პირველი ახალი წელი იაპონიაში: მეგონა, ახალი წლის დადგომასთან ერთად ტოკიოშიც ატყდებოდა იარაღის და პიროტექნიკის ბათქაბუთქი. თუმცა გახდა 23:00 საათი და... ყველა დასაძინებლად წავიდა! იაპონური ენა არ ვიცოდი, ვინმესთვის რომ მეკითხა, რა ხდებოდა. ვფიქრობდი, 00:00 საათის მოახლოების შემდეგ მაინც განათდებოდა ტოკიოს ცა, ფანჯარაც კი გამოვაღე, იქნებ ხმა არ შემოდის-მეთქი, მაგრამ ჩამიჩუმი არ ისმოდა... ძეგვში უფრო მაგარი დღესასწაული გვქონია, ვიდრე აქ-მეთქი...

- როგორც ჩანს, იაპონიაში ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია არ ჰქონიათ!
- განსაკუთრებული მართლაც არაფერია. ახალ წელს მიღებულია ბავშვებისთვის მცირეოდენი თანხის ჩუქება. ჩვენც ვჩუქნით ფულს ჩემი კლუბის პრეზიდენტის შვილებს, ასევე თანაგუნდელების ბავშვებს.

- ანუ უფროსები იჩაგრებით, საჩუქრების გარეშე რჩებით?
- არა, სუმოისტებს კლუბის პრეზიდენტი გვჩუქნის ფულს.

- ვიცი, რომ საქართველოდან წაღებული ნედლი თუ ხმელი ინგრედიენტებით ტოკიოში ხშირად ამზადებ ქართულ კერძებს. ეს ტრადიცია საახალწლო კერძებსაც ეხება?
- საახალწლო სუფრისთვის აუცილებლად მოვამზადებ ჩვენებურ კერძებს. საცივიც გამიკეთებია, ტოლმაც, ხინკალიც, ჩაშუშულიც და სხვ. თითქმის ყველა ქართული კერძის გაკეთება შემიძლია. აი, გოზინაყი არასდროს გამიკეთებია. აქ ნიგოზიც არის და თაფლიც, რომ მოვიწადინო, გოზინაყსაც გავაკეთებ, მაგრამ რატომღაც არასდროს მომიმზადებია.

- ამას წინათ სოციალურ ქსელში გავრცელდა ველოსიპედზე მჯდომი ტოჩინოშინის ფოტოსურათი. სუმოისტები სპეცშეკვეთით დამზადებულ ველოებს იყენებთ თუ თქვენსავით "არასტანდარტული წონის" ხალხს სტანდარტული ველოსიპედებიც უძლებს?
- ჩვეულებრივი ველოსიპედებია, ოღონდ ზომით ყველაზე დიდი. ჩემი სახლიდან კლუბამდე მხოლოდ ათი წუთის სავალია ფეხით, მაგრამ დილის ექვს საათზე სიცივესა და წვიმაში გასეირნება ასეთ მოკლე მანძილზეც კი უსიამოვნოა. ამიტომ ველოსიპედს მოვახტები და ორ წუთში კლუბში ვარ.

- რას ფიქრობ იმ ყველაფერზე, რაც დღეს ხდება ჩვენს სამშობლოში?
- თუ არ გავერთიანდით ხალხიც, პოზიციაც თუ ოპოზიციაც, ასეთიც და ისეთიც, ვერც ქვეყანას დავალაგებთ და მით უმეტეს, ვერ დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს. თუმცა, რომელ დალაგებაზეა ლაპარაკი, როცა ერთმანეთთან ქიშპობას ვუნდებით!

- 2020 წელს რას უსურვებს ლევან გორგაძე თავის ქვეყანას, ხალხს, გულშემატკივრებს?
- უდიდეს მადლობას ვეტყვი ჩემს გულშემატკივრებს წლების განმავლობაში გვერდში დგომისთვის, ქომაგობისთვის... ყველა ქართველს ვულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, გამრავლებას, ბევრ სიხარულს. ქართველებს ერთმანეთი გვყვარებოდეს, ჩვენი სამშობლო კი გაერთიანებული, აყვავებული გვენახოს! თანდათან ახლოვდება დრო, როცა ჩემს ქვეყანას დავუბრუნდები, მანამდე კი განსაკუთრებულად მოვიკითხავ ემიგრანტ ქართველებს და ვეტყვი, რომ კარგად მესმის მათი, რადგან ახალ წელს თავადაც მეთხუთმეტედ ვხვდები სამშობლოსგან შორს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები