"ქართველი ჰალკის" ახალი წელი - კვირის პალიტრა

"ქართველი ჰალკის" ახალი წელი

"გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავერთიანდეთ პოლიტიკოსებიც და ხალხიც, ქვეყანაზე ვიფიქროთ და არა პირად გამორჩენაზე"

თუ სამართლიანი მსაჯობა იქნება, ფინალსაც 6:0 მოვიგებო, მითხრა ლევან საგინაშვილმა "ტოპ-8"-ის ფინალის წინ. მსაჯობაც სამართლიანი იყო და შედეგიც: "ქართველმა ჰალკმა" რუსი ვიტალი ლალეტინიც ისეთივე "მშრალი" ანგარიშით დაამარცხა, როგორც ყველა სხვა მეტოქე პროფესიონალებში გადაბარგების შემდეგ. "ტოპ-8" კომერციული ტურნირია, მთელი წლის განმავლობაში გრძელდება და მსოფლიოს რვა უძლიერესი მკლავჭიდელიდან საუკეთესოს არჩევს. საუკეთესო კი სწორედ ლევან საგინაშვილი გახლავთ - მსოფლიო, ევროპის და პროფესიული ტურნირების არაერთგზის ჩემპიონი, "ქართველი ჰალკი", პლანეტის უძლიერესი მკლავჭიდელი. იმედი აქვს, რომ ლეგენდარულ დენის ციპლენკოვთან შეხვედრის შესაძლებლობა გაისად მაინც მიეცემა, მანამდე კი ჩვენ გველაპარაკა მკლავჭიდზე, ახალ წელსა და გეგმებზე, ლაშა ტალახაძეზეც კი...

- ლევან, გილოცავ ჩემპიონობას. ელოდი ფინალში ასე იოლად გამარჯვებას?

- სიმართლე გითხრათ, ლალეტინისგან უფრო დიდ წინააღმდეგობას ველოდი. მეგონა, ისეთი დაძაბული ბრძოლა იქნებოდა, როგორიც პირველ რაუნდში იყო. თუმცა მთელი ძალა პირველ დაჭიდებას შეალია და დარჩენილ რაუნდებში იოლად ვაჯობე.

მე პირველი რაუნდი ყველაზე მეტად მიჭირს ხოლმე. ვღელავ, ტექნიკურ შეცდომებსაც ვუშვებ, ხელს კარგად ვერ ვწევ. მეორიდან უკვე მშვიდად ვმუშაობ. მკლავჭიდში უმეტესწილად მთლიან დაპირისპირებასაც ის იგებს, ვინც პირველ რაუნდს. ჯერჯერობით თავად არც ერთი რაუნდი არ წამიგია, მაგრამ ვფიქრობ, პირველი რომც წავაგო, დარჩენილ შეხვედრებში გაორმაგებული მონდომებით ვიბრძოლებ!

- წლევანდელ "ტოპ-8"-ში მსოფლიოს ყველა უძლიერესი მკლავჭიდელი მონაწილეობდა? რით განსხვავდება ეს ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატისგან? - რამდენიმე ძლიერი სპორტსმენი 2019 წლის ტურნირს ტრავმის, არასასურველი კონდიციის ან სხვა პრობლემის გამო გამოაკლდა, მაგრამ მსოფლიო ელიტის წარმომადგენელთაგან, ვინც ფორმაში იყო, ყველა მოქმედმა მკლავჭიდელმა იასპარეზა. რაც შეეხება განსხვავებას, "ტოპ-8" ყველანაირად აღემატება მსოფლიო ჩემპიონატს შემადგენლობით, ორგანიზებით, სტატუსით, პოპულარობით. ერთი სიტყვით, სულ სხვა სამყაროა...

- რატომ? "მსოფლიო ჩემპიონატი" არ ჟღერს საკმარისად მიმზიდველად? - ცხადია, იქაც მაღალი დონეა, მაგრამ პროფესიონალები რატომღაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებს "სამოყვარულო" დონედ მიიჩნევენ. შესაძლოა იმიტომაც, რომ "ტოპ-8"-ში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონები ასპარეზობენ. მაგალითად, რუსტამ ბაბაევი მსოფლიოს ოცგზის(!) ჩემპიონია, მეც და ლალეტინსაც შვიდ-შვიდჯერ გვაქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი - მე მძიმე წონაში, მას სხვა წონით კატეგორიაში. ევროპას და მსოფლიოს სულ ვიგებდი, მაგრამ მაინც ამბობდნენ, პროფესიონალებში ვერაფერს მიაღწევს, იქ სხვა დონეაო. 2017 წელს პირველად ვმონაწილეობდი პროფესიულ ტურნირში და მსოფლიო თასზე ჩემპიონი გავხდი როგორც მძიმე წონაში, ისე აბსოლუტურ კატეგორიაში მარჯვენა და მარცხენა ხელით. ამის შემდეგ ისევ დავუბრუნდი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებს, ორივეგან გავიმარჯვე ორივე ხელით, 25 დღეში კი "ვენდეტაში" ვიასპარეზე და 6:0 ვაჯობე დმიტრი ტრუბინს. მას შემდეგ დაუმარცხებლად მოვდივარ.

- პროფესიონალებში გადაბარგების შემდეგ ერთი რაუნდიც არ წაგიგია! "ტოპ-8"-ის ფინალამდე ლალეტინიც ასეთივე სტატისტიკით მოვიდა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ერთი რაუნდიც არ დაუთმე. - ძალიან ბევრი, მათ შორის საქართველოშიც, ფიქრობდა, რომ ფინალში ლალეტინი გაიმარჯვებდა. ორი წლის წინ, როცა პირველად დავამარცხე, მე 170 კილოგრამი ვიყავი, ლალეტინი - 117. მაშინ რუსის მარცხი წონაში დიდ სხვაობას დააბრალეს. ამჯერად ჩვენ შორის სხვაობა მხოლოდ 30 კილოგრამი იყო, რუსები სხვა მხრივაც იმედიანად იყვნენ: ჩვენი ფალავანი საუკეთესო ფორმაშია და საგინაშვილს გაანადგურებსო... სხვათა შორის, მეც ძალიან ბევრი მყავს რუსი "პირადი" ქომაგი. რაც შეეხება ტურნირის მონაწილე მკლავჭიდელებს, რატომღაც უმეტესობა ჩემს მოწინააღმდეგეს უჭერდა მხარს.

- ალბათ, იმიტომ, რომ "დაიღალნენ" შენი ამდენი გამარჯვებით. - ალბათ, "მოჰბეზრდათ" ამდენი საგინაშვილი და უნდოდათ ლალეტინს გაემარჯვა. მკლავჭიდელების უმეტესობას ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, თუმცა რუსებს შიგადაშიგ ქედმაღლობა შეეპარებათ ხოლმე. მაგალითად, ფინალის წინ სახელგანთქმული დენის ციპლენკოვი (რომელიც სეკუნდანტობას უწევდა ლალეტინს) ამტკიცებდა, ლევანს გამარჯვების შანსი არა აქვს, მით უმეტეს, "ზევიდან" თუ შეეცდება ვიტალისთვის მკლავის გადაწევასო. "ზევიდან გადაწევაში" ლალეტინი მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლებოდა, მაგრამ ექვსივე რაუნდი მისივე ტექნიკაში ვაჯობე, სწორედ "ზევიდან" მოვუგე და მწვრთნელიან-სპორტსმენიანად ყბაჩამოვარდნილები მიყურებდნენ... ფინალის შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, პირველ რაუნდში კინაღამ მოუგოო, ცოტა დააკლდაო და ა.შ. არადა, სპორტსმენს მარცხის აღიარებაც უნდა შეეძლოს.

- დავუშვათ, პირველ რაუნდში "შემთხვევით დამარცხდა", მეორე, მესამე ან მეექვსე რაუნდში რამ შეუშალა ლალეტინს ხელი?! - მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე, სადაც გამარჯვებულს მხოლოდ ერთი გადაწევა გამოავლენს, შეიძლება მართლაც წააგო შემთხვევით ან მეტოქის შეუფასებლობით. მეც წამიგია ასე, მაგრამ ექვსრაუნდიან დაპირისპირებაში შემთხვევითობა გამორიცხულია.

- არის ალბათობა, რომ გაიმართოს ციპლენკოვი-საგინაშვილის ნანატრი მატჩი?

- ბოლო შეხვედრაზე შევთავაზე, თუ მზად იქნები, მომავალი წლის ბოლოს პროფესიონალების ქამრისთვის გადავწიოთ მარცხენა ხელი-მეთქი. ზაფხულში გამოკვლევას გავიკეთებ და თუ ექიმები უფლებას მომცემენ, მზად ვარო... მსოფლიო მკლავჭიდში ეს დიდი მოვლენაც იქნებოდა. ძალიან მაინტერესებს მასთან ძალის მოსინჯვა, რადგან როცა ვარჯიში დავიწყე, ყველაზე ხშირად სწორედ დენის ციპლენკოვის ორთაბრძოლების ვიდეოჩანაწერებს ვუყურებდი, ვერც წარმომედგინა, ოდესმე თუ მივუახლოვდებოდი მის დონეს. არადა, ახლა თვითონ ცდილობს ჩემთან შეხვედრას...

- ფინალამდე მითხარი, თუ სამართლიანი მსაჯობა იქნება, ლალეტინსაც 6:0 დავამარცხებო. - სხვათა შორის, მეტოქემ რამდენჯერმე გააკეთა ფალსსტარტი, სიგნალის მიცემამდე იწყებდა მოძრაობას, რაც მსაჯებს აუცილებლად უნდა "შეემჩნიათ". რუსს ამანაც არ უშველა და რადგან უპრობლემოდ გავიმარჯვე, აღარც მსაჯების მიმართ გამოვხატე უკმაყოფილება.

- "ტოპ-8"-ის ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ გულნატკენი იყავი, უძლიერესი ტურნირის ფინალში ჩემი გასვლა საქართველოში არავინ შეიმჩნიაო. თუმცა იმ ინტერვიუს შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა... - მაშინ ჩემს გამარჯვებას არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, ასე როდემდე უნდა იყო, თქვი რამეო... აჰა, ვთქვი გაბრაზებულმა და... იმ ინტერვიუმ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა: წინათ რომ ერთიც სანატრელი მყავდა, ახლა უკვე სამი სპონსორი მყავს. დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ფინალის შემდეგ ჩემი სოციალური ქსელი "აფეთქდა" შეტყობინებებისგან, ყოველდღიურად მიკავშირდებიან ჟურნალისტები და გულშემატკივრები...

- სპორტის სამინისტრო ამბობს, რომ "კომერციულ ტურნირებში მონაწილეობა მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის მიერ არის აკრძალული, ამიტომ ვერ დააფინანსებენ ამა თუ იმ სპორტსმენის ასეთ ტურნირში მონაწილეობას". - როცა მეკუთვნოდა, მაშინ არ მომითხოვია და მით უმეტეს ახლა, როცა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში აღარ ვმონაწილეობ.

გული იმაზე მწყდებოდა, რომ ელემენტარული ყურადღებაც არავის მოუქცევია. მათი განცხადება გათვლილია ისეთ ადამიანებზე, ვინც სპორტში ვერ ერკვევა. თორემ კომერციულია სარაგბო "ექვსი ერი", საჩოგბურთო თუ სხვა სახეობების ტურნირები,– მათ გამარჯვებულებს ყურადღებას არ აქცევენ?! დღეს "ტოპ-8" მკლავჭიდის უმაღლესი საფეხურია და მგონი, მისი გამარჯვებული მცირე ყურადღებას ან სატელეფონო მილოცვას მაინც იმსახურებს სპორტის სამინისტროსგან. თუმცა, თუ არ დამირეკავენ, არც ეს იქნება დიდი ტრაგედია...

- 2020 წელს რა გეგმები აქვს "ქართველ ჰალკს"?

- მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას არც გაისად ვგეგმავ, ისევ "ტოპ-8"-ში ვიასპარეზებ ტიტულის დასაცავად.

- ათწლეულებია, ქართველი მკლავჭიდელები დიდი წარმატებით ასპარეზობენ საერთაშორისო ტურნირებზე, თუმცა სპორტის ამ სახეობას ჩვენს ქვეყანაში მაინც არა აქვს სათანადო ყურადღება. რატომ? - ალბათ, მეტი ზრუნვაა საჭირო მისი პოპულარიზაციისთვის. არადა, მკლავჭიდი სპორტის ძალიან "მარტივი" სახეობაა, არ სჭირდება დიდი სპორტული ნაგებობა, მაგალითად, სტადიონი, აუზი ან დიდი დარბაზი. საკმარისია საშუალო ზომის ოთახი მკლავჭიდის მაგიდით და რამდენიმე სპეციალური ტრენაჟორით! ჩემი წარმატებების შემხედვარე, ძალიან ბევრი დაინტერესდა, ვარჯიშის დაწყება უნდათ, მაგრამ როცა მეკითხებიან, სად მივიდეთო, ნაკრების დარბაზში ვგზავნი, რომელიც ყველა მსურველს ნამდვილად ვერ დაიტევს, სხვა კი, სამწუხაროდ, არ არსებობს...

- მკლავჭიდის გარდა, რა გიყვარს?

- ძალიან მიყვარს ფეხბურთი, ასევე ავტოსპორტიც, საქართველოში გამართულ თითქმის ყველა რბოლას ვესწრები.

- შენ თვითონ თუ "ეტევი" რომელიმე მანქანაში? - BMW-ს მოყვარული ვარ. ამჟამადაც ამ მარკის მოდელი მყავს – X5, სადაც, ცოტა "ვიწროდ" კი ვარ, მაგრამ ბოლო დროს წონა დავიკელი. სპორტის გარდა, მიყვარს მეგობრებთან ყოფნა, ფილმების ყურება და ა.შ.

- "ჰალკთან" მსგავსების, გამორჩეული ფიზიკური მონაცემების გამო, ხშირად ხარ ხოლმე უხერხულ ან კურიოზულ სიტუაციაში? - ახლახან ერთ-ერთ ტელევიზიაში ვიყავი სტუმრად და კარს ისე დავეჯახე, კინაღამ მოვგლიჯე... ქუჩაში ჩემს დანახვაზე ხალხს განსხვავებული რეაქცია აქვს ხოლმე: ზოგს ეშინია, სხვებში სიხარულს ან გაოცებას ვიწვევ... წინათ გაკვირვებულები მიყურებდნენ, ბოლო დროს კი ყველგან მცნობენ, სითბოს გამოხატავენ, სამახსოვრო ფოტოებს იღებენ. ასეთი ყურადღება ძალიან მსიამოვნებს. ყველაზე დიდი ბედნიერება კი ჩემთვის კათოლიკოს-პატრიარქის დალოცვა იყო: რამდენიმე დღის წინ უწმინდესმა მიგვიწვია და დაგვლოცა მე და ჩემი ოჯახი...

- ლაშა ტალახაძე, კონსტანტინე ჯანაშია, ლევან საგინაშვილი... რა გრძნობაა, როცა ერთ-ერთი ხარ პლანეტის უძლიერეს მამაკაცთა შორის? - ძალიან მიხარია, რომ მეც ვარ იმ ქართველ მძიმეწონოსანთა შორის, ვინც წარმატებით ასპარეზობენ მსოფლიო დონეზე. ჩამონათვალს დავამატებდი ძიუდოისტ გურამ თუშიშვილსაც. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ლაშა ტალახაძე, რომელიც მართლაც ფენომენია, არც კი ვიცი, ვის შევადარო... "ტოპ-8"-ის ფინალზე გამგზავრებამდე მე და ლაშას "კომაროვის" სკოლაში გვქონდა ბავშვებთან შეხვედრა და იქ ვუთხარი, მარჯვენა ხელზე დამადე ხელი, შენი ძალის ნაწილი გამატანე-მეთქი. "გამატანა" და... ლალეტინს რაც დაემართა, ყველამ ნახეთ.

- ბავშვებთან სტუმრობა და სპორტის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია ჩემპიონობაზე არანაკლებ დასაფასებელია! განსაკუთრებით დღეს, როცა გარშემო ამდენი ნეგატივია... - ბავშვებმა ძალიან საინტერესო, აზრიანი შეკითხვები დაგვისვეს, ჩინებულად ერკვეოდნენ სპორტშიც და ჩვენს კარიერაშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლების ადმინისტრაციამ უფრო მეტად იაქტიუროს და სპორტსმენებმაც მეტად მოიცალონ ახალი თაობისთვის.

- საახალწლოდ რას უსურვებს 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი თავის სამშობლოს, ხალხს? - უპირველესად დიდ მადლობას ვეტყვი იმ სითბოს და სიყვარულისთვის, რასაც ყოველ წუთს ვგრძნობ. ჩვენს სამშობლოს მშვიდობას და წინსვლას ვუსურვებ, აქ მცხოვრებ ყველა ადამიანს–ჯანმრთელობას და წარმატებას, სამართლიან ქვეყანაში ცხოვრებას... გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავერთიანდეთ პოლიტიკოსებიც და ხალხიც, ქვეყანაზე ვიფიქროთ და არა პირად გამორჩენაზე.