"ღარიბი ოჯახიდან ვიყავი, ერთ პატარა ოთახში მარტოხელა დედა სამ ძმას გვზრდიდა" - კვირის პალიტრა

"ღარიბი ოჯახიდან ვიყავი, ერთ პატარა ოთახში მარტოხელა დედა სამ ძმას გვზრდიდა"

"ჩვენს დროს ჩემპიონობისთვის დიდ პრემიებს არ იძლეოდნენ. თუ რამ ღირებული დაგვრჩა, ხალხის სიყვარულია და ამით ამაყი ვარ"

არიან ადამიანები, რომლებსაც ყამირ მიწაზეც რუდუნებით გაუვლიათ ხნული, მომავალი თაობებისთვის გზა გაუკაფავთ დიდი სარბიელისკენ, მწვერვალებიც დაულაშქრავთ, მაგრამ ყოველთვის თავმდაბლობა ყოფილა მათი თანმდევი - უჩუმრად უკეთებიათ საქმე და ხალხის სიყვარულიც უმკიათ ულევად.

მოკრივე დავით კვაჭაძეზე მოგახსენებთ - ტყავის ხელთათმნის ქართველ ოსტატთაგან პირველმა რომ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა სამჯერ (1976, 1977, 1980), პირველმა იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე (1977) და პირველმა ჩამოიტანა ჰალედან ოქროს მედალი, 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე იასპარეზა, რითაც ქართველ მოკრივეთაგან ოლიმპიურ თამაშებზე პირველმა მოსინჯა ძალები.

25 დეკემბერი დავით კვაჭაძის დაბადების დღეა. იგი 68 წლისა გახდა.

- რატომ კრივი? - ვკითხე ერთხელ ბატონ დავითს.

- ბავშვობისას თანატოლებივით მეც ფეხბურთი მიტაცებდა, ტანვარჯიშზეც დავდიოდი, მაგრამ სპორტის ამ სახეობებს გული ვერ დავუდე. ერთხელ ამერიკელი პროფესიონალი მოკრივის - ჯო ლუისის ავტობიოგრაფიული წიგნი ჩამივარდა ხელთ: ღარიბი ოჯახიდან ყოფილა.

მეგობარს წაუყვანია დარბაზში - ჯანიანი ბიჭი ხარ და სპარინგპარტნიორობა გამიწიეო. მალე ისე გაიწაფა, რომ სახელოვანი მოკრივე გახდა. ლუისის ცხოვრების ისტორიამ, ალბათ, იმიტომ დამაინტერესა, რომ საოცრად ჰგავდა ჩემსას - მეც ღარიბი ოჯახიდან ვიყავი. ორთაჭალაში მკერავთა უბნის ერთ პატარა ოთახში მარტოხელა დედა სამ ძმას გვზრდიდა. დიდი რინგისკენ უფროსმა ძმამ - როლანდმა გამიკაფა გზა. 1976 წელს მქონდა ბედნიერება, ამერიკაში მასპინძელთა და საბჭოთა მძიმეწონოსნების მატჩის შემდეგ ლუისი გამეცნო და მასთან სურათი გადამეღო...

იმავე წელს დავით კვაჭაძემ ჯერ "ბურევესტნიკის" საკავშირო პირველობა, მერე კი სვერდლოვსკში საბჭოთა კავშირის სტუდენტთა თამაშები მოიგო.

იქვე სსრ კავშირის ჩემპიონატის ნახევარფინალში საბჭოეთის მრავალგზის ჩემპიონი, ევროპის პირველობის გამარჯვებული და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი ოლეგ კოროტაევი დაამარცხა, რისთვისაც საუკეთესო ტექნიკური მოკრივის პრიზით დააჯილდოვეს. ფინალში პეტერბურგელ ვიქტორ ეგოროვს აჯობა.

-ვიმედოვნებდი, რომ მონრეალის ოლიმპიადაზე წამიყვანდნენ, მაგრამ თამაშებამდე კუბის საერთაშორისო ტურნირზე ნახევარფინალი მასპინძელთან წავაგე. საბჭოთა ნაკრების მესვეურებმა მიიჩნიეს, რომ გამოცდილება მაკლდა და თამაშებისკენ გზა გადამიკეტეს. მომდევნო წელს ფრუნზეში საკავშირო პირველობაზე ზედიზედ მეორედ გავიმარჯვე და გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გავემგზავრე. ჰალეში ოთხ მეტოქეს ვაჯობე. ფინალში მასპინძელი ქალაქის მკვიდრს, მსოფლიოს და ევროპის პრიზიორ ოტომარ ზაქსეს ვძლიე და მთელ საქართველოს დიდი სიხარული ვაჩუქე.

1978 წელს დავით კვაჭაძემ თბილისში საკავშირო ჩემპიონატის ფინალური ორთაბრძოლა დათმო ანატოლი კლიმანოვთან და დიდ სპორტთან განშორება გადაწყვიტა. გაგრძელება