2020: "ოციანები" ქართული ფეხბურთისთვის - კვირის პალიტრა

2020: "ოციანები" ქართული ფეხბურთისთვის

გარდამტეხი წელი იწყება

"წელში გადატეხას" არ ვგულისხმობთ, ქართულ ფეხბურთს ისედაც არ აკლია "გადატეხილი" კლუბები და ფეხბურთელები, მით უმეტეს გულგატეხილი გულშემატკივარი... სწორედ ამიტომ გვინდა, რომ 2020 გულის გატეხის კი არა, გარდამტეხი წელი იყოს და ყველაფერი სიკეთისკენ შეიცვალოს.

მომავალი წელი ქართული ფეხბურთის მომავლის უნდა იყოს და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ეროვნულმა ნაკრებმა, ფეხბურთის ფედერაციამ, ხელისუფლებამ, გულშემატკივარმა, მედიამ... ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის ვერ იქნება მხოლოდ ტურნირი, სადაც სხვა ქვეყნების ნაკრებები ოთხ წელიწადში ერთხელ თამაშობენ.

"ევრო-2020"-ის ფინალურ ეტაპზე გასვლა საქართველოს და ქართული ფეხბურთისთვის იმედის, პერსპექტივის, მომავლის დაბრუნებაა. იმ თავდაჯერების, რომელსაც აგერ უკვე ოცდამეცხრამეტე წელიწადია დავეძებთ - 1981 წლის 13 მაისის შემდეგ...

ამიტომაც ჩვენი "13 მაისი" ამჯერად თვე-ნახევრით წინ "გადმოიწევს" და 26 მარტს დადგება - ბელარუსთან მატჩის დღეს...

უეფას საჩუქარი

ვაღიაროთ: ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ისევე მოულოდნელად "დაგვეცა თავზე", როგორც მთლიანად "ერთა ლიგა"! ცხადია, იმედი წინა ათწლეულებშიც "ბოლოს კვდებოდა", მაგრამ უეფას საჩუქარი რომ არა, კონტინენტის პირველობაზე ოცნება ისევ მხოლოდ თეორიული იქნებოდა ჩვენთვის და "ახალი გუნდის შენებას" და "მომდევნო შესარჩევისთვის მზადების დაწყებას" ისევ საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე-მეოთხე ტურის შემდეგ შევუდგებოდით. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისეთივე შანსი გვქონდა, როგორიც უახლოეს წლებში - საქართველოს ისევ "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე" გაერთიანების.

მაგრამ ახლა... ახლა ევროპა ლამის იმაზე ახლოს ჩანს, ვიდრე ვიზალიბერალიზაციის გამოცხადების შემდეგ! უეფამ მოგვცა შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ!

გვეშველება რამე?

გასული წელი ცუდი იყო ქართული ფეხბურთისთვის როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. ჩვენმა კლუბებმა ევროთასებზე "ჩვეული წარმატებით" ითამაშეს, მაგრამ ყველა დაღმართს აღმართი მოსდევს და იქნებ... იქნებ სწორედ ამ წელს უწევს ჩვენს ფეხბურთს მოფერიანება?!

მყისიერად არაფერი ხდება. დღეს ისეთ დღეში ვართ, კონტინენტის პირველობაზე კი არა, იქნებ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში თამაშმაც არ გვიშველოს, მაგრამ... თქმა არ უნდა, "ევრო-2020"-ის საგზური ჩვენს ფეხბურთში ბევრ რამეს შეცვლის: საქმისადმი მიდგომას, მაყურებლისა და სპონსორების რაოდენობას, პოპულარობის მასშტაბს და ა.შ.

თითქმის ორმოცი წელიწადია, ქართული ფეხბურთის წარმატების საზომად 1981 წლის 13 მაისი იქცა. ევროპის ჩემპიონატზე თამაში ვერ იქნება ევროთასის მოგების საპირწონე, თუმცა ნამდვილად იქნება ქართული ფეხბურთის ახალი სიცოცხლის დასაწყისი...

მიუხედავად იმისა, მე ისევ ძველებურად ვფიქრობ: თუ ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე ვერ მოვხვდებით, არც ამით დაიქცევა ქვეყანა (თქვენ წარმოიდგინეთ, ევროპაც კი!), გეგონება, აქამდე ერთი ტურნირიც არ გამოგვიტოვებია, მაგრამ აქამდე არც ასეთი რეალური შანსი გვქონია და როგორმე უნდა გამოვიყენოთ.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს მეტოქეებსაც (26 მარტს ბელარუსს ვუმასპინძლებთ, გამარჯვების შემთხვევაში –კოსოვოს ან ჩრდილოეთ მაკედონიას) არანაკლებ სურთ ევროპის ჩემპიონატზე თამაში, მაგრამ საქართველოს უპირატესობაც აქვს (საკუთარი მოედნის ფაქტორი) და უდიდესი მოტივაციაც - მხოლოდ ორი მატჩი გვაშორებს მიზანს, რომელიც აგერ უკვე მერამდენე თაობისთვის აუხდენელი ოცნებაა...

ბელარუსი

ჩვენი არ იყოს, 2019 წელს არც ბელარუსის ნაკრები ბრწყინავდა: შარშან გამართული ათი მატჩიდან მიხაილ მარხელის შეგირდებმა მხოლოდ ძალიან სუსტი ესტონეთი დაიბრიყვეს (ტალინში 2:1 დაამარცხეს, მინსკში გამართული შეხვედრა კი ¬0:0 დასრულდა), დანარჩენ რვა მატჩში კი დამარცხდნენ. ამ შედეგითაც კარგად ჩანს, რომ "თეთრ რუსებს" არც ისე ძლიერი გუნდი ჰყავთ, თუმცა არც ძალიან ჩამოგვრჩებიან, ერთი თამაშის მოგება კი დღეს ყველას შეუძლია. ამის ნათელ მაგალითად გიბრალტარი-საქართველოს შეხვედრაც გამოდგება. რაც შეეხება გამორჩეულ ფეხბურთელებს, ბელარუსულ ფეხბურთში ასეთი არც ისე ბევრია. ვინც იყო, უკვე დაასრულა კარიერა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს შანსი, ალექსანდრ გლებმა გულშემატკივრის მუდარა შეისმინოს და დაუბრუნდეს ნაკრებს, სადაც 80 მატჩი ჩაუტარებია. სხვა არაერთი კლუბის გარდა, გლებს უთამაშია "ბარსელონაში", ლონდონის "არსენალსა" და "შტუტგარტში", თუმცა ბელარუსული ფეხბურთის ლეგენდა უკვე 38 წლის არის და ეყოფა კი მხოლოდ გამოცდილება ნაკრებისთვის თუნდაც მცირე სარგებლის მოსატანად?

პრინციპში, ამაზე გლებმა, მარხელმა და ლუკაშენკომ იფიქრონ, ჩვენ კი ჩვენი გაგვჭირვებია: 2020 წლის 26 მარტს ოპტიმალური შემადგენლობითა და ისეთი განწყობით უნდა შევხვდეთ, გლებმა კი არა, (მ)გლებმაც ვერ შეგვაშინონ! ვლადიმერ ვაისმა "ფსიქოლოგობაც" უნდა ისწავლოს და შეგირდებს რაც შეიძლება შეუმსუბუქოს აუცილებლად მოსაგები თამაშით გამოწვეული წნეხი...

მერე? ვინ მოდის მანდ, მომავლიდან? თუმცა რაღა "მომავლიდან"?! სულ რაღაც სამ დღეში თუ ბელარუსული "ჰოპლა" დავიძახეთ, კოსოვო ან ჩრდილოეთი მაკედონია გვესტუმრება.

მაკედონია რა დონეა?

საკმაოდ მაღალი: გასულ წელს გამართული ათი საკვალიფიკაციო შეხვედრიდან იგორ ანგელოვსკის სამწყსომ ოთხი მოიგო, ორჯერ ფრე ითამაშა, ჩამორჩა მხოლოდ პოლონეთსა და ავსტრიას და ქვეჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. საქმე მხოლოდ სატურნირო ცხრილშიც არ არის - მაკედონიელებს გამოცდილი გუნდი ჰყავთ, უმეტესად იტალიაში გამობრძმედილი მოთამაშეებით: უბერებელი გორან პანდევი დღემდე სტაბილურად თამაშობს "ჯენოას" შემადგენლობაში, ილია ნესტეროვსკი "უდინეზეს" მაისურით უტევს, ახალგაზრდა ელიფ ელმასი კი უკვე გაუშინაურდა "ნაპოლის" ძირითად შემადგენლობას. მოკლედ, ჩრდილოეთი მაკედონია საჩუქარი არავისთვის არის, მით უმეტეს, საქართველოს დონის ნაკრებისთვის, მაგრამ ანგელოვსკის გუნდმა ჯერ კოსოვოს უნდა "დაუფრთხოს ანგელოზები" და საფიქრალი ჯერ ჩვენც ბელარუსზე გვაქვს.

კოსოვ ოოოო...

აი, რაც შეეხება კოსოვოს, ოოოო... ამ გუნდს მართლაც საოცარი წელი ჰქონდა: 2019 წელს გამართული ათი თამაშიდან ნაწილობრივ აღიარებულმა ამ "რესპუბლიკამ" (2008 წლის თებერვალში კოსოვომ, რომელიც სერბეთის შემადგენლობაში იყო, ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ოფიციალური პრიშტინის განცხადებით, დღესდღეობით კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 117 სახელმწიფოს. თუმცა კოსოვოს დამოუკიდებელ ქვეყნად არ აღიარებენ ჩინეთი, რუსეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, კვიპროსი და სლოვაკეთი, ისევე, როგორც საქართველო. - რ.შ.) მხოლოდ სამი მატჩი წააგო: ორჯერ ინგლისთან (5:3, 0:4) და ერთიც ჩეხეთთან. სხვათა შორის, სწორედ ჩეხეთში ბოლო წუთებზე წაგებული მატჩი გამოდგა კოსოვოსთვის საბედისწერო, თორემ ჯგუფში მეორე ადგილზე გადიოდა, საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიპოვებდა "ევრო-2020"-ის საგზურს და ვეღარც ამ წერილში მოხვდებოდა... კოსოვოელთა მთავარი ვარსკვლავები არიან "ფენერბაჰჩეს" ზეშედეგიანი შემტევი ვედათ მურიქი და ვალონ ბერიშა რომის "ლაციოდან", თუმცა ამ სიმპათიურ ნაკრებში სხვა არაერთ ძლიერ ფეხბურთელსაც აღმოაჩენთ.

საფეხბურთო თვალსაზრისით ძლიერი მეტოქის გარდა, არის მეორე, არანაკლებ დელიკატური საკითხიც: რა მოხდება, თუ "ერთა თასის" პლეი-ოფის ფინალში საქართველო და კოსოვო გავლენ? ასეთ შემთხვევაში საქართველოში უნდა შემოვუშვათ გუნდი, რომლის ქვეყნის დამოუკიდებლობასაც არ ვაღიარებთ... სპეციალური ნებართვის საფუძველზე დამოუკიდებელი გუნდის სახელით კოსოვოს აქამდეც მიუღია მონაწილეობა საქართველოში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში, მაგრამ როგორ იქნება საქმე ამჯერად, ძნელი სათქმელია. თუმცა ამაზე მერე ვიფიქროთ, თუ ჩვენ ბელარუსს, კოსოვო კი ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობებს!

ჩვენ ვისი იმედი გვაქვს?

ბელარუსს გლების დაბრუნების იმედი აქვს, მაკედონიას და კოსოვოს - პანდევის, ნესტეროვსკისა თუ მურიქის... ჩვენ კი...

ყველაზე მეტად ქართველ ქომაგს გიორგი ჩაკვეტაძის ეიმედება, რომელმაც ლომის წილი დაიდო "ერთა თასის" ჯგუფური ეტაპის მოგებაში. ტრავმით გამოწვეული რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ახალგაზრდა შემტევი უკვე დაუბრუნდა მოედანს და როცა "გენტის" მწვრთნელი შიგადაშიგ თამაშის შესაძლებლობას აძლევს, უკვე გვახსენებს ხოლმე "ძველ" გიორგის, მაგრამ...

20 წლის ბიჭზე (თუნდაც 2020 წელი იყოს!) ამხელა პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორი იქნება! ჯანმრთელი გიორგი ჩვენს კოზირად უნდა იქცეს, მაგრამ ყოველ წუთს იმის გამეორებით, ევროპის ჩემპიონატზე ჩაკვეტაძემ უნდა გაგვიყვანოსო, ახალგაზრდა ფეხბურთელს დიდ წნეხში ვაქცევთ, ნაკრების დანარჩენ ფეხბურთელებს კი მოტივაციას ვუკარგავთ.

გიორგი ჩაკვეტაძე ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერია ახალი თაობის ქართველ ფეხბურთელებს შორის და უეფას "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის მოგებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ საქართველოს ნაკრებში საკმარისად არიან მასზე არანაკლებ ნიჭიერი და ბევრად გამოცდილი მოთამაშეებიც. გადამწყვეტი გოლის გატანა ყველა მათგანს შეუძლია, გამოცდილება კი ის კომპონენტია, ამ დონის მატჩებში განსაკუთრებულად რომ ფასობს.

ამიტომაც, მოდი, დროებით თავი დავანებოთ ფეხბურთელების გამორჩევას და საქართველოს მთელ ნაკრებს ვაგრძნობინოთ, რომ მარტო არ არის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ბრძოლების წინ!

რა გა(მო)ჩნდება, თუ "ევროპელები" გავხდით?

"ევროპელები" იმაზე გაცილებით ადრე ვიყავით, ვიდრე ევროკავშირის ახლანდელი წევრების უმეტესობა. ჰოდა, აქამდეც უნდა გვეხსენებინა "ზეზვა", "მზია", "ვაზი", "ვიზა" და... ევროპაში (ფეხბურთში მაინც) ჩვენი "კუთვნილი" ადგილი მოგვეთხოვა! ხუმრობა იქით იყოს და, თუ ამ ქვეთავის სათაურში დასმულ კითხვას მივუბრუნდებით, კონტინენტის პირველობაზე გასვლით ქართულ ფეხბურთში მეტი პერსპექტივა, იმედი, მოტივაცია და ფული გა(მო)ჩნდება!

დიახ, კარგად ვიცით, რომ მეტისმეტად გაჭირვებულ ჩვენს ფეხბურთს ევროპის ჩემპიონატის მოგებითაც კი არ ეშველება, მაგრამ იმასაც ხომ ყველა ვაცნობიერებთ, რომ "ევრო-2020"-ის საგზური ქართულ ფეხბურთში ბევრ რამეს შეცვლის: ინტერესს, მაყურებლისა და სპონსორების რაოდენობას, პრესტიჟს...

ევროპის ჩემპიონატზე თამაშის იმედით საქართველოს ნაკრებმა უკვე რამდენიმე თაობა მოილია, მაგრამ ახლა ევროპა ლამის იმაზე ახლოს ჩანს, ვიდრე ვიზალიბერალიზაციის გამოცხადების შემდეგ!

ევროპას ორად ორი სადგური გვაშორებს და ორივე საქართველოშია!

კარგა ხანია, საქართველოში "ცხვარზე და ოციანზე" თამაში მოდიდან გადავიდა, მაგრამ... ცხვრები კარგად იყვნენ და, იმედია, გაისად საქართველოში ფეხბურთის გამოც ბევრი "ოციანი" გაიხსნება!

2020 საფეხბურთო 20-ნების ახდენის წლად უნდა იქცეს!