"ქართულის საცეკვაოდ არაფრის ახსნა არ მჭირდება!" - რას ჰყვება მოციგურავე, რომელმაც "აჭარულით" ყინულზე ცეცხლი დაანთო (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ქართულის საცეკვაოდ არაფრის ახსნა არ მჭირდება!" - რას ჰყვება მოციგურავე, რომელმაც "აჭარულით" ყინულზე ცეცხლი დაანთო (ექსკლუზივი)

გასული სეზონი საუკეთესო იყო მოციგურავე გიორგი რევიას და მის მეწყვილე მარია კაზაკოვასთვის - სეოკმა ამიტომაც დაასახელა ზამთრის სახეობებში წლის საუკეთესო სპორტსმენებად. შარშან კაზაკოვა/რევიას წყვილმა წარმატებით იასპარეზა როგორც ასაკობრივ, ისე უფროსების ტურნირებზე, წლის კულმინაცია კი ტურინში იუნიორთა გრან-პრის ფინალში მოპოვებული სენსაციური გამარჯვება იყო: მარიამ და გიორგიმ ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს როგორც მოკლე, ისე თავისუფალი პროგრამის შესრულების შემდეგ, საჩვენებელი გამოსვლისას კი ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილებმა, "აჭარულის" მელოდიაზე დაანთეს ქართული ცეცხლი იტალიურ ყინულზე. გიორგი მოსკოვში დაიბადა, ყინულზე 4 წლის ასაკიდან დგას, საქართველოს სახელით - 2016 წლიდან. გიორგი რევია თბილისშიც იყო სეოკის დაჯილდოებაზე, 2020-ის დადგომას წელსაც ბორჯომში შეხვდა, თუმცა ტურინული სენსაციის შემდეგ ინტერვიუსთვის ვერავინ მოიხელთა, "კვირის პალიტრის" გარდა:

- მოსკოვის ფიზკულტურის სახელმწიფო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი ვარ. ციგურებზე შედგომას დედას უნდა ვუმადლოდე. პატარაობისას ხშირად ვავადმყოფობდი და როგორც კი ოდინცოვოში ყინულის მოედანი გაიხსნა, ლამის ქრონიკულად ქცეული ბრონქიტის სამკურნალოდ და იმუნიტეტის გასაძლიერებლად დედამ იქ მიმიყვანა. ექვსი წლის განმავლობაში მეწყვილის გარეშე ვსრიალებდი, მაგრამ განსაკუთრებული წარმატება არ მქონია და მწვრთნელებმა დედას ურჩიეს, ემოციური ბავშვია და ყინულზე ცეკვა მოსინჯეთო.

- როდის გადავიდა თქვენი ოჯახი საცხოვრებლად საქართველოდან რუსეთში? - მამაჩემი და მისი ოჯახი საქართველოში ცხოვრობდნენ, ჩემი მშობლები ვლადიკავკაზში გადავიდნენ, იმდროინდელ ორჯონიკიძეში შეხვდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით მოსკოვის გარეუბან ოდინცოვოში დასახლდნენ. საქართველოში ცხოვრობს მამის მხრიდან ჩემი ყველა ნათესავი - ბებია, ბიძები, დეიდები, ბიძაშვილ-მამიდაშვილები...

- თქვენც ხშირად ჩამოდიხართ? - ვცდილობ, წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვიდე. ზაფხულსა და ზამთარში, როცა კონდიციების აღდგენაა აუცილებელი, ბორჯომის სანატორიუმში ვცხოვრობ და მკურნალობა-რეაბილიტაციას გავდივარ, რათა ენერგია მოვიკრიბო სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის.

- საქართველოს სახელით 2016 წლიდან ასპარეზობთ. ეს ვისი დამსახურებაა?

- საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტ მაკა გიორგობიანის. იმ პერიოდში შევიცვალე მწვრთნელიც და მეწყვილეც და როდესაც ქალბატონი მაკასგან შემოთავაზება მივიღე, ბევრი აღარ მიფიქრია. საქართველოს ერთადერთი წყვილი ვართ და საუცხოო პირობები გვაქვს, მხოლოდ ჩვენი საქმის კეთება და მასზე ფიქრი გვევალება.

მარია კაზაკოვა და გიორგი რევია

- წინააღმდეგობა არ შეგხვედრიათ ოჯახის ან რუსეთის ციგურაობის ფედერაციისგან? - 17 წლის ვიყავი და უკვე დამოუკიდებლადაც შემეძლო გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ოჯახის წევრებთანაც შევათანხმე. იმ მომენტში გზაგასაყარზე ვიყავი, მართალია, ძალიან მინდოდა სპორტში დარჩენა, მაგრამ მაკა გიორგობიანის შემოთავაზება რომ არა, შესაძლოა ციგურაობისთვის თავი დამენებებინა. საბედნიეროდ, გვერდში დამიდგნენ ჩემი მშობლები, ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მიმაჩნია, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა! რუსეთის ფედერაციამაც უპრობლემოდ მომცა წასვლის უფლება. ქვეყნის შეცვლის გამო, ერთი წლის განმავლობაში აკრძალული მქონდა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა. სხვა პრობლემა არ ყოფილა.

- როგორც ვიცი, რუსები უკვე ნანობენ, წასვლის უფლება რომ მოგცეს... - ვერ გეტყვით... მათ ისედაც ჰყავთ არაერთი პერსპექტიული წყვილი.

- საქართველოში გადმოსვლის შემდეგ თქვენი მეწყვილე იყო ევა ხაჩატურიანი, 2017 წლიდან კი მარია კაზაკოვასთან ერთად სრიალებთ. როგორ იპოვეთ ერთმანეთი? - ეს საინტერესო ისტორიაა: იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩემი და ევას წყვილი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დაიშალა. მარტო ვვარჯიშობდი. სწორედ ამ დროს სოციალურ ქსელში მომწერა მაშამ (მარია კაზაკოვა - რ.შ.), მეწყვილეს დავშორდი, თავისუფალი ვარ და თუ წინააღმდეგი არა ხარ, მოვსინჯოთ ერთად ცეკვაო...

- კაზაკოვას მანამდეც იცნობდით? - ტურნირების დროს ხანდახან ჩვენი გზები იკვეთებოდა, თუმცა კარგად არ ვიცნობდი. ჩვენ შორის სიმაღლეში სხვაობა დიდია და ამის გამო სულ დაძაბული ვიყავი. თუმცა ერთმანეთს სწრაფად შევეწყვეთ. მაშას გაბარიტებს უპირატესობაც აქვს - მსუბუქი, ჰაეროვანი, სწრაფი გოგონაა, ჩინებული ტექნიკაც აქვს.

- ზამთრის სახეობებში საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები გახდით. სეოკის დაჯილდოებიდან რა გახსოვთ ყველაზე ემოციურად? - ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი, რომ მე და ჩემმა მეწყვილემ, მთელმა ჩვენმა გუნდმა გავახარეთ ოჯახები, ფედერაცია, გულშემატკივრები, ქვეყანა! მაღლა ავწიეთ საქართველოს დროშა და, ბოლოს და ბოლოს, მივაღწიეთ იმას, რისკენაც ამდენი ხნის განმავლობაში მივდიოდით.

- დაჯილდოების შემდეგ თბილისში დარჩით? - ცერემონიალის შემდეგ დავუბრუნდი ბორჯომის სანატორიუმს. შარშანდელივით ახალ წელს ახლაც ბორჯომში შევხვდი და მომდევნო წლებშიც ასე იქნება. მთის უნიკალური კლიმატი და სამკურნალო წყალი ძალის აღსადგენად საუკეთესო ადგილია.

- გასული სეზონის შედეგების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ეს საუკეთესო ახალი წელი იყო თქვენთვის?

- ბუნებრივია, გასული სეზონის წარმატებებმა კარგ განწყობაზე დაგვაყენა. 2019 წელს თითქმის ყველაფერი ისე იყო, როგორც გვინდოდა, ამიტომ ეს ნამდვილად იყო ყველაზე სასიხარულო ახალი წელი! იმედია, 2020 არანაკლებ ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

- მით უმეტეს, რომ არა მარტო იუნიორთა, დიდების ტურნირებზეც წარმატებით იასპარეზეთ. მზად ხართ, გაცილებით გამოცდილ მეტოქეებსაც გაუწიოთ კონკურენცია? - ვფიქრობ, მზად ვართ. მე და მარია კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, თავისუფლად ვსრიალებთ, ერთი მიზანი და მიმართულება გვაქვს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია წყვილებში. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი სრიალი თავდაჯერებული და პროფესიული იყოს, რათა ბავშვებად აღარ აღგვიქვან...

- ტურინული ტრიუმფიც გავიხსენოთ: გრან-პრის ფინალის მოკლე პროგრამაში ქუიკ-სტეპზე იცეკვეთ, თავისუფალში - ლინკინ პარკის სიმღერაზე, საჩვენებელში კი აჭარულ მელოდიაზე. რომელი ჟანრია ყველაზე ახლოს? - რთული კითხვაა, რადგან პროგრამებთან მიდგომა აბსოლუტურად განსხვავებულია. მოკლე და თავისუფალ პროგრამებს სეზონის დასაწყისიდან ვხვეწთ, მაგრამ მაინც ლინკინ პარკის კომპოზიციას გამოვარჩევდი - რთულიც არის, ემოციურიც. მიმაჩნია, რომ მე და მაშას ეს სტილი უფრო შეგვეფერება. ქართულის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა. საწყისი ორი პროგრამით ისე ვიყავით დატვირთული, აჭარული, ფაქტობრივად, არც დაგვიმუშავებია.

- ამის მიუხედავად, დიდი მოწონება დაიმსახურეთ, განსაკუთრებით, საქართველოში. ჩოხით ცეკვისას გრძნობდით სისხლის ყივილს? - რა თქმა უნდა. ეს არის სტილი, რისთვისაც არ მჭირდება ახსნა, რას და რისთვის ვაკეთებ. მოძრაობების უმეტესობას უხეშად, არასწორად ვაკეთებდით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხასიათის გადმოცემა მოვახერხეთ... აჭარულის ილეთები გვასწავლა ნაცნობმა ქართველმა, რომელსაც მოსკოვში ქართული ცეკვის სტუდია აქვს. რამდენიმე საათით მოახერხა ჩვენთან მოსვლა და მოძრაობები გვაჩვენა. სხვათა შორის, ვამზადებთ და ჩვენს უახლოეს გეგმაში ქართული პროგრამაც არის. იმედია, გამოგვივა.

- ქართული ენის შესწავლასაც აპირებთ? - ძალიან გვინდა, დავიწყეთ კიდეც, მაგრამ ტურნირებისთვის მზადებას, ვარჯიშს, რეაბილიტაციას, დასვენებას მთელი ჩვენი დრო მიაქვს. ისე, უკვე მოძებნილი გვყავს რეპეტიტორი და აუცილებლად გავაგრძელებთ სწავლას. კარგად მესმის, რომ ჩემი წარმომავლობისა და გვარ-სახელის პატრონს ქართული ენის კარგად ცოდნა მევალება. ამიტომ უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს - რამდენიმე სიტყვის თქმა მაინც უნდა შემეძლოს იმ ქვეყნის ენაზე, რომელიც ჩემი სამშობლოა, რომლის ღირსებას და დროშასაც ვიცავ...

- მაკა გიორგობიანმა თქვა, რომ ჩოხით მაშინაც ცეკვავდით ყინულზე, როცა ჯერ კიდევ რუსეთის სახელით ასპარეზობდით... - პირველ სპორტულ თანრიგში მქონდა პროგრამა და ლეკურს ვცეკვავდი ჩემს მაშინდელ პარტნიორთან ერთად. როგორი გრძნობაა? ამას ბუნებრივ მოვლენად აღვიქვამ. მეტიც, ამ პროგრამებში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი, რადგან, მაგალითად, თუ რომელიმე სხვა პროგრამაში ვიღებთ გარკვეულ სტილს და ისტორიას, გვიხსნიან, როგორი იდეა და ემოცია უნდა გადმოვცეთ, ამ შემთხვევაში ჩემთვის ყველაფერი ცხადი და ბუნებრივია და არაფრის ახსნა არ მჭირდება! უბრალოდ, უნდა გახვიდე და იცეკვო...

- თქვენმა მწვრთნელმა დენის სამოხინმა თქვა, რომ მართალია, ძალიან პერსპექტიული წყვილი ხართ, მაგრამ გაგიჭირდებათ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე წარმატების მიღწევა, რადგან საქართველოს ამ ტურნირებზე მსაჯები არ ეყოლება... - არ წამიკითხავს ეს ინტერვიუ. თუმცა ვიტყვი, რომ ადვილი არ არის, იმის მიუხედავად, გყავს თუ არა არბიტრი. როცა ყინულზე გავდივარ, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, სადაური მსაჯი ზის ბორტს მიღმა. ჩვენი საქმეა მომზადება და მაყურებლის და მსაჯებისთვის ჩვენება, რა შეგვიძლია.

- 20 იანვარს გრაცში ევროპის ჩემპიონატი იწყება. მზად ხართ კონტინენტის პირველობისთვის? - ჯერ არა, მაგრამ თავდაუზოგავად ვემზადებით და იმედია, 23 იანვრამდე სასურველ კონდიციას მივაღწევთ. მთავარი სირთულე ის არის, რომ ავსტრიაში მიგვაქვს ახალი პროგრამა, რომლის დასამუშავებლად მხოლოდ რამდენიმე კვირა გვქონდა.

- თქვენს მეწყვილეს ყველაზე მეტად რა მოსწონს საქართველოში?

- თბილისში მხოლოდ ერთხელ არის ნამყოფი და ბევრი არაფერი უნახავს, მაგრამ აღფრთოვანებულია ქართული სამზარეულოთი, იმის მიუხედავად, რომ სპორტსმენისთვის არ არის რეკომენდებული ქართულ რესტორნებში ხშირი სტუმრობა (იცინის). მე კი შემიძლია ვთქვა, რომ რუსთაველზე კაფეში (სარდაფში კიბით უნდა ჩახვიდე), ლიმონათთან ერთად ამზადებენ ყველაზე გემრიელ ხაჭაპურს, რაც კი ოდესმე გამისინჯავს. ამის შემდეგ მოსკოვის ქართული რესტორნები სასაცილოდ მეჩვენება.

საქართველო ჩემთვის არის ქვეყანა, რომლის ღირსებასაც კარიერის ბოლომდე დავიცავ. მე და მარია ვაცნობიერებთ, რომ ამ სახეობაში მთავარი ფიგურები ვართ საქართველოსთვის. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და ყველას ვაჩვენოთ, რომ საქართველოში არა მარტო არის, ვითარდება კიდეც ფიგურული ციგურაობა.

- ქართულად ჯერ ვერ, მაგრამ რუსულად მაინც რას ეტყვით ქართველ ქომაგებს, რომლებიც ძალიან გგულშემატკივრობენ?

- უდიდესი მადლობა ყველას, ვინც გვქომაგობს, გვამხნევებს ან თუნდაც მხოლოდ გვიყურებს. დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. თითოეული კომენტარი თუ შეტყობინება, რომელიც ჩვენამდე აღწევს, ორმაგ სტიმულს გვაძლევს.

იხილეთ ვიდეო