კიუჯო, შინაპატიმრობა და მომავალი - გააგრძელებს "გაგამარუ"კარიერას? (ექსკლუზივი)
20-01-2020
კიუჯო, შინაპატიმრობა და მომავალი - გააგრძელებს "გაგამარუ"კარიერას? (ექსკლუზივი)
"ახლა, როცა ჩემს 14-წლიან კარიერას გადავხედავ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მხოლოდ ერთი დღეა გასული!"

თოთხმეტწლიანი კარიერის განმავლობაში არათუ მთელი ბაშო, ერთი შეხვედრაც არ გამოუტოვებია, ბოლო სამ თვეში კი ზედიზედ მეორედ მოუწია "კიუჯოს" (ტურნირიდან ნაადრევად მოხსნა რ.შ.) გამოცხადებამ. ბევრისთვის ეს კარიერის დასრულებას ნიშნავს, თუმცა გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ვეტერან სუმოისტს, რომელიც თებერვალში 33 წლის ხდება, ორივე მუხლი ტრავმირებული აქვს და დოჰიოზე გადაადგილებაც კი უჭირდა, რასაც მოჰყვა კიდეც
ლოგიკური გადაწყვეტილება - კიუჯო, თუმცა ჯერაც არ ვიცი, როგორ მოვიქცევიო, მითხრა შინაპატიმრობაში მყოფმა.

- გაგა, როგორ ხდება კიუჯოს გამოცხადება?

- უმეტესწილად, კიუჯო ცხადდება მაშინ, როცა სუმოისტი ტრავმის გამო ვეღარ ახერხებს ასპარეზობის გაგრძელებას. მენისკის პრობლემა ორივე ფეხზე მაქვს და გასული წლის სექტემბრის შემდეგ მუხლებიდან სამ ლიტრზე
მეტი სითხე ამომიღეს... შარშან, ნოემბრის ბაშოს მიწურულს, კარიერაში პირველად გამოვაცხადე კიუჯო, რადგან ტრავმის გამო დოჰიოზე გადაადგილებაც კი მიჭირდა. მაინც ვაპირებდი ბაშოს ჩამთავრებას, თუმცა სუმოს ფედერაციაში უთხრეს ჩემი კლუბის პრეზიდენტს, ყველა ვხედავთ, როგორ წვალობს და ჯობს, ტურნირიდან მოიხსნასო. სამწუხაროდ, იანვრის ტურნირის დაწყებიდან მალევე გამოჩნდა, რომ ბრძოლის გაგრძელებას ისევ ვერ ვახერხებდი და ამჯერად კიუჯო თვითონ გამოვაცხადე.

- კიუჯოს გარეშე არც ერთი ბაშო არ ჩაივლის ხოლმე, მაგრამ აქამდე შენთვის ეს უჩვეულო იყო...
- წარმოიდგინეთ, რომ თოთხმეტი წლის განმავლობაში ყოველდღე დარბაზში ხარ და უცებ... ტურნირი მიმდინარეობს, შენ კი იქ არ ხარ... უნდა ჭიდაობდე და ამ დროს ტელევიზიით უყურებ ბაშოს... ასეთ დროს რაღაცნაირად დანაშაულის შეგრძნებაც კი გეუფლება, თითქოს რაღაცას არასწორად აკეთებ... რამდენჯერმე, ინსტინქტურად, ლამის ავდექი კიდეც და ბაშოზე წავედი!

- კიუჯოს გამოცხადების შემდეგ სუმოისტს აქვს უფლება, ბაშოს დაესწროს?
- ასეთ დროს არათუ ბაშოზე დასწრების, კლუბიდან გასვლის უფლებაც კი არ გაქვს. ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში ხარ! ფედერაციის წარმომადგენლებმა თუნდაც მაღაზიაში გასული რომ დაგინახონ, გეტყვიან, ქუჩაში სეირნობა თუ შეგიძლია, ტურნირს რაღატომ ტოვებო?! მახსოვს, წლების წინ იოკოძუნა ასაშორიუმ ჯუნგიო (საჩვენებელი ორთაბრძოლების ტურნე ბაშოებს შორის. - რ.შ.) გამოტოვა, მშობლიურ მონღოლეთში წავიდა და მას შემდეგ, რაც იქ ფეხბურთის თამაშის დროს "გამოიჭირეს", იაპონიაში ისეთი ამბავი ატყდა, ლამის ტურნირიდან მოხსნეს... ბაშოს დასრულების შემდეგაც სასურველია, იშვიათად გამოჩნდე ხალხმრავალ ადგილებში.

- წლების განმავლობაში ტრავმა ერთხელაც არ მიგიღია, ბოლო თვეებში კი ორივე მუხლმა გიმტყუნა.
- დღესაც ძლივს ვიჯერებ, ტრავმირებული რომ ვარ, რადგან აქამდე ტრავმა არასდროს მიმიღია. ჭიდაობის ჩემი სტილიდან გამომდინარე, არ უნდა მიმეღო და არც ვიღებდი. იაპონელებს უკვირდათ კიდეც - ამდენი წელია, ტრავმის გარეშე ჭიდაობო... მეტოქეს სასტარტო შეჯახებით თუ ვაჯობებ ხოლმე, ხომ კარგი, თუ არადა მერე, გაჩერებაც კი მიჭირს. სხვა სუმოისტებისგან განსხვავებით, არ შემეძლო დოჰიოს საზღვართან შეჩერება და მოწინააღმდეგისთვის წინააღმდეგობის გაწევა. როცა მეტოქე გაწვება, შენ კი მის შეჩერებას უკან გაწეული ცალი ფეხით ცდილობ, ფეხი ყველაზე მეტად იტვირთება. მე ამას ვერ ვაკეთებდი და ტრავმის ალბათობაც ნაკლები იყო. მარჯვენა მუხლის მენისკი ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას მაწუხებდა, თუმცა იშვიათად შემახსენებდა ხოლმე თავს. სამწუხაროდ, გასული წლის სექტემბერში, სოკოკურაისთან შეჯახებისას მარცხენა მუხლის ტრავმაც მივიღე... სექტემბრის ბაშო კი ჩავამთავრე, მაგრამ სამწუხაროდ, შესვენების დროსაც ვერაფერი ვუშველეთ. ტკივილი არ მაძინებდა, მუხლიდან სითხის ამოღება კი 2-3 დღეში ერთხელ ხდებოდა საჭირო...

- შეძლებ დაბრუნებას, თუ მართლაც გადაწყვიტე კარიერის დასრულება?
- კარიერის დასრულებას შარშანაც ვაპირებდი, მაგრამ... იანვარის ბაშოზე, როცა მაკუშიტაში (სუმოს რანგით მესამე დივიზიონი. - რ.შ.) ორჯერ დავმარცხდი, ვფიქრობდი, ამათთან როგორ ვაგებ-მეთქი?! ეს შეგრძნება დღემდე მომყვება, მაგრამ ჯერ არ ვიცი, როგორ მოვიქცევი. კლუბის პრეზიდენტიც მეუბნება, იმდენი წელიწადია სუმოში ხარ, გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოო... თუ მუხლების ტრავმას რამე მოვუხერხე, ალბათ, გავაგრძელებ კარიერას. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი მაქვს და ვნახოთ... ასე ერთი ხელის მოსმით ვერ დავასრულებ იმას, რასაც ამდენი წელია, ვაკეთებ. ფსიქოლოგიურადაც უნდა მოვემზადო, რომ ყოველდღე აღარ ვივარჯიშებ, დოჰიოზე აღარ გავალ და ა.შ.

- ყველაზე ცუდი ის არის, რომ შენს შემთხვევაში მენისკის პრობლემას ვერც ქირურგიული ჩარევა მოაგვარებს...
- ერთი ძვალი უკვე იმ დონეზე ეხება მეორეს, რომ დეფორმაცია აქვს დაწყებული, კუნთოვანი მასაც დაჟეჟილია და მუხლიდან ამოღებულ სითხეს უკვე სისხლიც მოჰყვება... უამრავი კლინიკა მოვიარე და ყველა ექიმი ერთსა და იმავეს მეუბნება - თუ ასეთი ფეხებით სუმოში ვარჯიშს გააგრძელებ, ხუთ წელიწადში სიარულიც კი გაგიჭირდებაო! ოპერაციის შემთხვევაში ერთი წელი მომიწევს დასვენება. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ეს დიდი დროა, მაგრამ ამასაც დავთანხმდებოდი, რომელიმე ექიმი მაინც რომ მაძლევდეს გარანტიას, რომ ახალი ხრტილი დატვირთვას გაუძლებს.

- იანვრის ბაშოს დაწყებამდე წონაში დაკლებამ ოდნავი შეღავათი მაინც არ მოგცა?
- როცა 212 კილოგრამი ვიყავი, სულ ჩემი წონა იყო სალაპარაკო, არადა, როცა წონა მქონდა და ჯანზეც ვიყავი, ყველას სიამოვნებდა დანახვა, ერთი დაჯახებით როგორ ვატრიალებდი მეტოქეებს. როდესაც მუხლებზე პრობლემა შემექმნა, თვითონაც მივხვდი, რომ წონის დაკლება აუცილებელი იყო. დავიკელი კიდეც, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის ეს ძალიან რთულია - ყველანაირად ვცდილობ, ვწვალობ, მაგრამ ზოგჯერ რამდენიმე თვის შრომა ორ დღეში ჩამეყრება ხოლმე წყალში...

- ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგიღია, მაგრამ ალბათ, უკვე იმაზეც ფიქრობ, რას გააკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ. იაპონიაში დარჩები?
- ამაზე უკვე რამდენიმე წელიწადია, ვფიქრობ...
ჩემს სამშობლოში ჩამოსვლა როგორ არ მინდა, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა - რის გაკეთებას შევძლებ საქართველოში, როცა ამდენი წელიწადია ვცხოვრობ იაპონიაში, აქ მყავს მეგობრები, რომლებსაც სახელიც აქვთ და სიტყვაც ეთქმით... საქართველოში ჩამოსვლას და დაჯდომას ყველაზე კარგ ადგილას - თამადად, სჯობს, იაპონიაში ვაკეთო ქართული საქმე...
26 წელიწადია, რაც სპორტში ვარ და წარმოიდგინეთ, რა რთულია, შეუდგე ახალ საქმეს, რომელშიც ჯერ არაფერი იცი. სპორტი ან გამოგდის, ან - არა, მაგრამ როცა ბიზნესს, ან სხვა ახალ საქმეს იწყებ, რთულია, რადგან ბევრი რამ არ იცი და 33 წლის ასაკში გიწევს თავიდან დაწყება...

- ყოფილ სუმოისტებს სუმოს კლუბში რა პოზიციაზე შეუძლიათ საქმიანობა?
- შეგიძლია, კლუბის ოიაკატა (კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელი. - რ.შ.) გახდე, მაგრამ ამისთვის საჭიროა სპეციალური ლიცენზიის ყიდვა, რომელიც მხოლოდ 105-ია. აქამდე, ოიაკატა ვალდებული იყო, თანამდებობა და ლიცენზია 65 წლის ასაკში დაეთმო, მაგრამ ერთი წლის წინ ახალ "საპენსიო ასაკად" 70 წელი განისაზღვრა, ასე რომ, სანამ რომელიმე კლუბის პრეზიდენტი 70 წლის არ გახდება ან არ გარდაიცვლება, ლიცენზია არ თავისუფლდება. ამ ეტაპზე პრეზიდენტობაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, რადგან რამდენიმე წელი მომიწევს ლოდინი და უამრავი მსურველის პირობებში ისიც საკითხავია, შემხვდება თუ არა ლიცენზია.

- ტოჩინოშინმა რა გითხრა მეორე კიუჯოს შემდეგ?
- მხოლოდ იმას მეუბნება, შენი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევიო. თვითონაც უამრავი ტრავმა გადაუტანია, მესამე დივიზიონშიც კი იყო დაქვეითებული და კარგად იცის, რამდენი შრომაა საჭირო ელიტაში დასაბრუნებლად.

- თვითონ როგორ გრძნობს თავს?
- თავდაპირველად ისე აწუხებდა გატეხილი ნეკნი, ლაპარაკს და გაცინებასაც კი ვერ ახერხებდა. ნაახალწლევს ცოტა გამოკეთდა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ წლების მატებასთან ერთად სულ უფრო რთულდება ენერგიის აღდგენა. დრო არც ჰქონია და იანვრის ბაშოს მოუმზადებელი შეხვდა, მაგრამ იმედია, შეძლებს ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულებას.

- თუ მაკუუჩიდან გავვარდი, ალბათ, კარიერასაც დავასრულებო...
- რა გავარდნაზეა ლაპარაკი?! თუ გულით მოინდომებს, დარწმუნებული ვარ, ლევანი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში შეძლებს უმაღლეს დონეზე ასპარეზობას! პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ: ტოჩის არ უყვარს ხოლმე თქმა, რომ კარგად არის და არაფერი აწუხებს. როგორც ჩანს, ეშინია, რომ ნათქვამი უკუღმა შეუბრუნდება...

- უპირველესად რა გახსენდება განვლილი წლებიდან?
- პირველად რომ გადავედი ჯურიოში, სულ მიკვირდა, უფროსი სუმოისტებისგან რომ მესმოდა, წლები რა სწრაფად გადისო. ახლა კი, როცა ჩემს 14-წლიან კარიერას გადავხედავ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მხოლოდ ერთი დღეა გასული! კარგიც ბევრი ვნახე და ცუდიც, მაგრამ ის წლები მაინც საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში... მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა,
იყო პერიოდები, როცა პასიური ვიყავი, მეტი აქტიურობა მომეთხოვებოდა, მაგრამ საერთოდ მადლობელი ვარ, იაპონიაში რომ მოვხვდი და სუმოში მეც დავწერე ჩემი პატარა ისტორია...

- კინბოშითაც (რიგითი მაეგაშირას მიერ დიდი ჩემპიონის - იოკოძუნას დამარცხება. - რ.შ.) ხომ შეგიძლია თავის მოწონება?
- დიახ, იოკოძუნა ჰარუმაფუჯი 2015 წლის მარტის ბაშოზე დავამარცხე. მაშინ თითქოს ჯილდო მივიღე იმ ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში გავიღე სპორტისთვის... დედაჩემი ცოცხალი იყო და როცა მის თვალებში სიხარულის ცრემლები დავინახე, ლამის მეც ავტირდი... დედას პირდაპირ ეთერში არასდროს უნახავს ჩემი ორთაბრძოლა - არ შემიძლიაო, მაგრამ როცა ვიგებდი, ყველაზე ბედნიერი იყო... უფლის მადლობელი ვარ, რადგან ისეთ პერიოდში მომიწია ჭიდაობამ, როცა ჰაკუჰო (მონღოლი იოკოძუნა, თანამედროვე სუმოს ისტორიაში იმპერატორის თასის ყველაზე მეტჯერ (43) მფლობელი. - რ.შ.) შეუჩერებელი იყო, როცა ლევანმა იმპერატორის თასი და ოძეკის წოდება მოიპოვა... ვიმეორებ, ეს წლები დაუვიწყარია ჩემთვის და იმედი მაქვს, რომ თუ არ იამაყებენ, ჩემი შვილიშვილები იმას მაინც იტყვიან, გაგამარუ ჩვენი ბაბუააო.

- ბოლო ოცი წლის განმავლობაში სუმოს ელიტაში სულ იყო ერთი ქართველი მაინც. კოკაიმ კარგა ხნის წინ დაასრულა კარიერა, დღეს-ხვალ შენ და ლევანიც წახვალთ და სუმო "ქართული დესანტის" გარეშე რჩება?!
- სუმოს კლუბებში უცხოელების მიღების პროცესიც გართულდა და სიმართლე გითხრათ, საქართველოდან არც არის დიდი მოთხოვნა. თუმცა არიან ჩამოსვლის მსურველი ბიჭები და ვნახოთ, რა გამოვა.

- შარშან მითხარი, დასასრული ყველაფერს აქვს, მაგრამ ძალიან მინდა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს სუმოისტის რანგში შევხვდეო...
- კარიერაც რომ დავასრულო, ოლიმპიადაზე დასწრებაში ხელს არც ეს შემიშლის. უბრალოდ, დაახლოებით ერთი წლის წინ ერთად ვისხედით მე, ლევანი, ჰაკუჰო და კაკურიუ და ვისურვეთ, კარგი იქნება, თუ 2020 წლის ოლიმპიადამდე მაინც შევინარჩუნებთ ადგილს ელიტაშიო. მე ვერ შევძელი, მაგრამ ხომ მივუახლოვდი მაინც?

- შედეგებიდან გამომდინარე, ბოლო წლებში ლევანი უფრო ხშირად იყო ყურადღების ცენტრში, მაგრამ ალბათ იცი, რომ ქართველი ქომაგებისთვის ტოჩინოშინსა და გაგამარუს (ცხადია, კოკაისთან ერთად) თანაბარი წვლილი მიუძღვით იაპონიაში საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში. კარიერის მიწურულს რას ეტყვის გაგა თავის ქართველ ქომაგს?
- დიდ მადლობას ვეტყვი როგორც სიყვარულის, მხარდაჭერის, გვერდში დგომის, ასევე - კრიტიკისთვისაც. მათი დამსახურებაა თუნდაც ის ბოლო წელი, რაც სუმოში გავატარე! ბევჯერ ისეთი სიტყვები მოუწერიათ, ცრემლის შეკავება გამიჭირდა... ვეცდები, ამ სიყვარულისთვის მადლობა გადაგიხადოთ ყველგან - სპორტში ვიქნები თუ სხვა სფეროში.
სოსო
24 იანვარი 2020 11:21
კარგი კაცი ხარ თემურ.შენც და ლევანსაც უდიდეს პატივს გცემთ და წარმატებებს გისურვებთ,მაგრამ ჯანმრთელობა უმთავრესია.არა მგონია გიღირდეთ მთელი სიცოცხლე ინვალიდად დარჩენა.იმკურნალეთ და შემდეგ თვითონ საქმე გიჩვენებთ,როგორ მოიქცეთ.ზუსტად იგივეს ვეტყვი ლევანსაც,ამდენ ტანჯვა ტკივილს,სჯობია გამოტოვოს ერთი ბაშო,მოირჩინოს ტრავმები და შემდეგ ეცადოს ტიტულის დაბრუნება.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?