სკანდალების, ცვლილებებისა და მოპოვებული საგზურების წელი - კვირის პალიტრა

სკანდალების, ცვლილებებისა და მოპოვებული საგზურების წელი

წინა წლების მსგავსად, სპორტული ცხოვრება 2010-შიც დუღდა და გადმოდუღდა. თუმცა, თუ აქამდე წლის შეჯამებისას, ძირითადად, საჭიდაო სახეობების წარმატებაზე გვიწევდა წერა, წელს პირიქით მოხდა - მოჭიდავეებმა სკანდალებითა და უმედლო ტურნირებით უფრო დაგვამახსოვრეს თავი, მათ ნაცვლად კი საფეხბურთო და საკალათბურთო ნაკრებებმა გაგვახარეს.

საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ჩვენთვის ჯერაც ფანტასტიკის სფეროა, მედლებისთვის ბრძოლა, ჯერჯერობით, არც ზამთრის ოლიმპიადაზე შეგვიძლია, მაგრამ ვანკუვერში ქართული დელეგაცია მაინც მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში - სამწუხაროდ, მხოლოდ ტრაგიკული შემთხვევის გამო.

ბორჯღალოსნები

თებერვლის მიწურულს, საქართველოს მოგარბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში ესპანეთი დაამარცხა 17:9 და ოფიციალურად გაიფორმა ახალ ზელანდიაში გასამართი 2011 წლის მსოფლიო თასის საგზური. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ტრაბზონული მატჩი, რომელშიც ბორჯღალოსნებმა  36:8 გადათელეს რუსეთის ნაკრები და გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარეს.

შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენიც მორაგბე - რუსეთთან საოცარი ლელოს დამდები დავით ზირაქაშვილი გახდა. შემოდგომაზე, ნაკრების თავკაცი შეიცვალა - ავსტრალიელი ტიმ ლეინის ნაცვლად, რაგბის კავშირმა ეროვნული გუნდი შოტლანდიელ რიჩი დიქსონს ჩააბარა. დიქსონის ხელმძღვანელობით ბორჯღალოსნებმა ნოემბერში კანადასა და აშშ-ს უმასპინძლეს და ჩრდილოამერიკელების ძლევის ხარჯზე მსოფლიო რეიტინგში ორი საფეხურით, მე-15 პოზიციამდე დაწინაურდნენ.

KvirisPalitra.Geქეცბაია

ქართველი გულშემატკივრისთვის 2010 წლის ყველაზე სასიამოვნო მოულოდნელობად საფეხბურთო ნაკრები იქცა. ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე თემურ ქეცბაიას დანიშვნისთანავე ჩვენი გუნდის თამაში ისე შეიცვალა, თითქოს ახალ მწვრთნელს ფეხბურთელებიც ახალი მოეყვანოს.

მეტიც, პირველად მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებმა წელიწადი წაუგებლად ჩაამთავრა! რვა თამაში - სამი მოგება და ხუთი ფრე.

როდესაც თემურ ქეცბაია მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, საქართველოს ნაკრები 124-ე ადგილზე იყო, 2011 წლის იანვარს კი "ჯვაროსნები"...

73-ე პოზიციაზე შეხვდნენ! ჩვენს ფეხბურთელებს ვარსკვლავები ნამდვილად არ მოუწყვეტიათ, თუმცა, ბოლომდე იბრძვიან. რაც მთავარია, თემურ ქეცბაიამ ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო - ეროვნულ ნაკრებს ქართულ ფეხბურთზე ხელჩაქნეული ქომაგი და იმედი დაუბრუნა.

KvirisPalitra.Geევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ!

ექვსი წლის განმავლობაში ცდილობდა საქართველოს საკალათბურთო ნაკრები "მოჯადოებული წრის" გარღვევას და A  დივიზიონში გადასვლას და, როგორც იქნა, მოახერხა სერბი თავკაცის - იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით. ჩვენმა გუნდმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც კარგად ითამაშა, თუმცა,  დანარჩენი ჯგუფების მეორეადგილოსნებზე უარესი მაჩვენებლები აღმოაჩნდა და ფიბა-ევროპისეული ჩახლართული და უსამართლო ფორმატის გამო, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა სამომავლო პერსპექტივად ექცა.

საბედნიეროდ, სამართალმა სწორედ იმ დროს "ჭამა პური", როცა არ ველოდით: ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში, როგორც იქნა, მიხვდნენ, რაღაც უნდა შეეცვალათ და... 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ლიტვა უმასპინძლებს, 16-ის ნაცვლად 24 ნაკრები დაუშვეს. ასე რომ, არსებობის ისტორიაში პირველად საქართველოს საკალათბურთო ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ითამაშებს!

ტრაგედია ვანკუვერში

2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩვენთვის შავი არშიის თანხლებით დაიწყო. ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საწვრთნელი დაშვებისას 21 წლის ქართველი მოციგავე - ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა - ბოლო სავარჯიშო დაშვებისას ქუმარიტაშვილმა მართვა დაკარგა და 145კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ბორტს შეეჯახა. დარტყმის ძალამ სპორტსმენი ციგიდან გადმოაგდო და ტრასის გვერდით მდგარ ლითონის კონსტრუქციას მიანარცხა. ნოდარი შვეულმფრენით მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა...

სკანდალებისა და მარცხის წელი

ქართული ძიუდოსთვის 2010 ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გამოდგა. შოთა ხაბარელის ნაცვლად ეროვნული ნაკრების თავკაცად დანიშნულმა ამირან ტოტიკაშვილმა ვერც ძიუდოს დაქსაქსული ოჯახის გამთლიანება შეძლო და შედეგებით მით უმეტეს არ გამოუჩენია თავი. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა მხოლოდ ევროპის გუნდური ჩემპიონობის მოპოვება შეძლო ავსტრიის დედაქალაქში გამართულ კონტინენტის პირველობაზე.

საბოლოოდ, ტოტიკაშვილიცა და ძიუდოს ფედერაციის თავკაცებიც "ცირეკიძის კაზუსს" გადააყოლეს, ეროვნული ნაკრები კი სოსო ლიპარტელიანს ჩააბარეს.  იაპონიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ასპარეზობას იმიტომ გამოეთიშა, რომ საჭიდაოდ გასვლა დააგვიანა! ცირეკიძე მოსათელ დარბაზში იყო, როცა ტატამიზე უხმეს, თუმცა, მის გასაფრთხილებლად მრავალრიცხოვანი ქართული დელეგაციიდან ვერავინ "მოიცალა"...

"სუსტი სქესი"

ტყვიის სროლაში მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ მსოფლიო სუპერთასი მეცხრედ მოიგო! ჩვენებურის მაჩვენებელი სარეკორდოა და უახლოეს მდევრებს 6-6 თასის მფლობელ სერბ იანა სეკარიჩსა და ჩინელ ტაო ლუნას უკვე სამი თასით უსწრებს. ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის მოარტყამს ნინო სალუქვაძე "ათიანში" მეათედ!

...რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში ჩატარებულ საჭადრაკო ოლიმპიადას საქართველოს ქალთა ნაკრები მოქმედი ჩემპიონის რანგში ესტუმრა, თუმცა, სამშობლოში მხოლოდ ბრინჯაოს მედლის ამარა დაბრუნდა. ჩვენმა გუნდმა, რომლის ღირსებასაც ნანა ძაგნიძე (2534), ლელა ჯავახიშვილი (2451), სოფიკო ხუხაშვილი (2422), ბელა ხოტენაშვილი (2464) და სალომე მელია (2439) იცავდნენ, ჩინეთის პირველი გუნდის დამარცხებაც მოახერხა, თუმცა მომავალ ჩემპიონთან - რუსეთის პირველ ნაკრებთან წაგებას სერბებთან მოულოდნელი მარცხიც მიაყოლა და მხოლოდ მესამე ადგილს შესწვდა.

...თბილისში გამართულ სამბისტთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური მსოფლიო ჩემპიონობა და სხვადასხვა სინჯის 20 მედალი მოიპოვა, თუმცა, უფრო აღსანიშნავი ჩვენი გოგონების წარმატებაა - ოთხიდან ოთხი მედალი სწორედ ქალ სამბისტებზე მოდის და რაც მთავარია, პირველად ქართული სამბოს ისტორიაში ქალი მსოფლიო ჩემპიონიც გვყავს. წყნეთელმა ნინო ოძელაშვილმა, რომელიც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრია, სამბოში დებიუტი ოქროს მედლით აღნიშნა - ნახევარფინალში რუს ჟანარა კუსანოვას მოუგო, ფინალში კი ბელორუსი ანჟელა მოროზოვა გაამწარა - 3:0!