კობი ბრ(ილი)ანტი
10-02-2020
კობი ბრ(ილი)ანტი
"Mamba Out. უკვე ორ კვირაზე მეტია, მაგრამ... კობი არ არის კალათბურთელი, რომელსაც ორ, ან თუნდაც - ორას კვირაში დაივიწყებენ. ბრაიანტი კალათბურთში დარჩება, სანამ კალათი და ბურთი იარსებებს. მათ კი, ვისაც ბრაიანტის სიკვდილით გამოწვეული აჟიოტაჟი აღიზიანებს, ვურჩევ, ერთხელ (ახლა მაინც) ნახოს კობის თამაშის მცირე მონაკვეთი ან ვიდეოკოლაჟი"

კალათბურთს ელვარება მოაკლდა. კალათბურთმა ბრილიანტი დაკარგა - კობი ბრაიანტი. ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. კალათბურთელი, რომლის მასშტაბის შესაფასებლად მაიკლ ჯორდანის სიტყვებიც კმარა: "მხოლოდ ბრაიანტი იმსახურებს
ჩემთან შედარებას!"
სინამდვილეში, ბრაიანტის ვინმესთან შედარება არასწორია. კობი შეუდარებელი იყო. ვიღაცაზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ მაინც შეუდარებელი! თავისი სტილი ჰქონდა - თვითმყოფადი, ლამაზი, შედეგიანი...

და მაინც: ჯორდანი თუ ბრაიანტი? პელე-მარადონასა თუ მესი-რონალდუს მსგავსად, ესეც საკამათო (და გემოვნების) საკითხია, ოღონდ ჯერ იმაზე შევთანხმდეთ "საუკეთესოდ" დასახელებისას მთავარი
სტატისტიკაა თუ სილამაზე?

ჯორდანი მეხუთე პოზიციაზეა NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეთა ჩამონათვალში და რეიტინგის ლიდერ ქარიმ აბდულ-ჯაბარს მთელი 6000(!) ქულით ჩამორჩება, მაგრამ ჰკითხეთ სპორტის ნებისმიერ მოყვარულს, ვინ არის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელი?!
სტატისტიკა არც ბრაიანტს დაეწუნება: "შავი მამბა" ხუთჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი, ოცწლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში 18-ჯერ ითამაშა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის All Star-ში, სხვადასხვა დროს დასახელდა ასოციაციის ფინალების, "All Star"-ის, NBA-ს ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP), "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" მაისურით მის ანგარიშზეა 33 643 ქულა (საშუალოდ, ერთ მატჩში 25,0 ქულა!), 7 047 მოხსნა და 6 306 შედეგიანი გადაცემა...

მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ტიტულები და ქულები უკან რჩება. დიდი მოთამაშის უკან. მისი თამაშის, სტილის, იმ საოცრებების, რასაც ბრაიანტი მოედანზე აკეთებდა... შეუდარებელი იყო. თვითმყოფადი ალმასი. შავი ბრილიანტი. დიახ, "ბრილიანტი" ყველაზე მეტად შეეფერება, ფრანგულ ენაზე ხომ brilliant "ელვარეს" ნიშნავს. ეს არის ალმასი, რომელსაც დამუშავებით, ე.წ. ბრილიანტური დაწახნაგებით აძლევენ სპეციალურ ფორმას. სწორედ ბრილიანტური დაწახნაგება ავლენს მაქსიმალურად ქვის ბუნებრივ ელვარებას.

"ელვარე?! ეს სიტყვა საუკეთესოდ გამოხატავს კობი ბრაიანტის თამაშსაც და მთელ კარიერასაც. და ბრილიანტური დაწახნაგებისა"არ იყოს, "შავმა მამბამაც" მაქსიმალურად გამოავლინა კალათბურთის მთელი სილამაზე და "ბუნებრივი ელვარება...

Mamba Out - ფრაზა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სულ ჩანს: მედიაში, სოციალურ ქსელში, მსოფლიოს უმაღლესი შენობების ფასადებზე, სპორტის ვარსკვლავების მაისურებზე, სტატუსებში, სვირინგებადაც კი...
კარიერა სამი წლის წინ დაასრულა. სიცოცხლე რამდენიმე დღის წინ. უკანასკნელი ფრენა კერძო ვერტმფრენით, რომელსაც ბრაიანტი "ლეიკერსში" თამაშის დროსაც ხშირად იყენებდა, საბედისწერო აღმოჩნდა კობის, მისი 13 წლის ქალიშვილის და კიდევ ექვსი მგზავრისთვის.

შემთხვევითი არ არის, რომ ავიაკატასტროფა კალიფორნიის მთებში მოხდა, იმ ადგილების სიახლოვეს, სადაც ბრაიანტმა მთელი კარიერა გაატარა. ცხადია, "მამბასთან" გამოთხოვების ცერემონიალიც ლოს-ანჯელესში - "ლეიკერსის" Staples Center-ში გაიმართება. 24 თებერვალს. –
ბრაიანტს საოცრად შთამბეჭდავი, ნაყოფიერი, სიურპრიზებით სავსე კარიერა ჰქონდა, მაგრამ არანაკლები მოულოდნელობებით აღსავსე გამოდგა სიცოცხლე "კალათბურთის შემდეგ": 2016 წლის 13 აპრილიდან (როცა კარიერის ბოლო მატჩი ითამაშა. - რ.შ.) 2020 წლის 26 იანვრამდე, კობი ბრაიანტმა მოასწრო ბიზნესის წამოწყება, წიგნის დაწერა და "ოსკარის" მიღებაც! კარიერის დასრულებისთანავე, 39 წლის კალათბურთელმა დააფუძნა მულტიმედიური პლატფორმა Kobe Studios (რომელმაც, მოგვიანებით, სახელი შეიცვალა და გახდა Granity Studios) - ბრაიანტმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და ანიმაციური ფილმების გადაღება დაიწყო. დაარსებიდან მეორე წლისთავზე სტუდიამ გრანდიოზულ წარმატებას მიაღწია და ხუთწუთიანი ანიმაციური ფილმისთვის "ძვირფასი კალათბურთი", მიიღო კინოაკადემიის პრიზი "ოსკარი" ნომინაციაში "საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი".

და მაინც, საუკეთესო "ანიმაციური", "დოკუმენტური" და გნებავთ, "მხატვრული" ფილმი მაინც კობის კარიერა იყო, ისეთი, როგორიც მხოლოდ ლეგენდარული ათლეტების ხვედრია.

ბრაიანტს აღმერთებდნენ. ცხადია, არა მარტო "ლეიკერსის" ფანები. იყვნენ და არიან ისეთებიც, ვისაც კობი არ უყვარდა ამა თუ იმ მიზეზის გამო. თუმცა ყველაზე მეტი "მტერი" "ლეიკერსის" მეტოქე გუნდის ფანებს შორის ჰყავდა. აკი კობის სიკვდილის შემდეგ სწორედ ერთ-ერთი ასეთი კლუბის გულშემატკივრებმა დაწერეს: გვეგონა, რაკი კარიერა დაასრულა, ბრაიანტი ვეღარასდროს გაგვამწარებდაო.

გაამწარა. ყველაზე მაგრად იანვრის ბოლოს გაამწარა არა მარტო "ლეიკერსის" მოსისხლე მტრის ქომაგები, მთელი მსოფლიო. ყველა, ვისაც კალათბურთი უყვარს, ვისაც თუნდაც ერთხელ მაინც უნახავს კობის თამაში.
ისე, ვინც ერთხელ ნახა, მერე სულ უნდოდა ბრაიანტის მოედანზე ნახვა. მონუსხული რჩებოდა, ისე, როგორც პითონი მონუსხავს ხოლმე მსხვერპლს...

პითონი არ ყოფილა. მამბა იყო.

"შავი მამბა" - მეტოქეების თამაშით მომაკვდინებელი!
Mamba Out. უკვე ორ კვირაზე მეტია, მაგრამ... კობი არ არის კალათბურთელი, რომელსაც ორ, ან თუნდაც - ორას კვირაში დაივიწყებენ. ბრაიანტი კალათბურთში დარჩება, სანამ კალათი და ბურთი იარსებებს.

მათ კი, ვისაც ბრაიანტის სიკვდილით გამოწვეული აჟიოტაჟი აღიზიანებს, ვურჩევ, ერთხელ (ახლა მაინც) ნახოს კობის თამაშის მცირე მონაკვეთი ან ვიდეოკოლაჟი.

პრინციპში, ორწუთიანი მონაკვეთის ნახვაც საკმარისია. 2016 წლის 13 აპრილი. ბრაიანტის ბოლო მატჩი NBA-ში: საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე "ლეიკერსი" 10 ქულით ჩამორჩება "იუტას". დარჩენილ 130 წამში 39 წლის "შავმა მამბამ" გაგვახსენა ყველაფერი, რაც ოცწლიანი კარიერის განმავლობაში უჩვენებია და მარტომ მოუგო მეტოქე კლუბს.

არა მარტო მოუგო, იმ შეხვედრაში ჩააგდო 60(!) ქულა და კარიერის ბოლო მატჩშიც მოიწყო მისი მასშტაბისთვის ზედგამოჭრილი და მისთვის ჩვეული ბენეფისი.

"ლოს-ანჯელეს ლეიკერსისთვის" არასდროს უღალატია. 24-ნომრიანი მაისურიც სულ გაგვახსენებს კალათბურთის ლეგენდას - კობი ბრაიანტს, ოღონდ "შავი მამბა" მხოლოდ "ლეიკერსის" ან ამერიკული კალათბურთის არ ყოფილა. ყველასი იყო. ამ თამაშის ყველა მოყვარულის.
კალათბურთს ელვარება დააკლდა, რადგან ბრილიანტი დაკარგა.

ლამაზ თამაშს, რომელსაც ჰყავდა ჯორდანი, ჯერ კიდევ ჰყავს "მეფე" ლებრონ ჯეიმსი და სხვა ვარსკვლავები, ბრაიანტი მოუკვდა. კობი ბრაიანტი. კალათბურთის ბრ(ილი)ანტი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?