საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა - კვირის პალიტრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2021 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის სპორტის სასახლეში შვეიცარიის გუნდს უმასპინძლა და სტუმრები 8 ქულის სხვაობით - 96:88 დაამარცხა.

sportall.ge -ის ინფორმაციით, შეხვედრა საკმაოდ არეულად დაიწყო, ქართველმა კალათბურთელებმა პირველივე წუთზე 3 პერსონალური ფოლი მიიღეს, თუმცა მალე ყველაფერი დალაგდა და პირველი ნახევარი ჩვენმა ნაკრებმა 9 ქულის სხვაობით - 17:8 მოიგო . მეორე მეოთხედი უფრო აქტიურად დაიწყო და 21-ქულიანი სხვაობაც დაფიქსირდა. თუმცა ამის შემდეგ ქართველი კალათბურთელები ცოტა მოეშვნენ, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და მეორე წუთისთვის სხვაობა 13 ქულამდე შეამცირეს. მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 25:21 მოიგო.

მესამე მეოთხედი ჩვენმა კალათბურთელებმა აშკარად ჩააგდეს და 8 ქულით წააგეს- 16:24. ბოლო მეოთხედის წინ საქართველოს ნაკრები მხოლოდ 5 ქულით იყო წინ - 58:53.

მეტოქემ ბოლო მეოთხედიც ძალიან აქტიურად დაიწყო და ანგარიში 1 ქულამდე ორჯერ შეამცირეს. ჯერ მე-7 წუთზე - 62:61, გახდა, რასაც უმალ თად მაკფადენის ზუსტი სამქულიანი მოჰყვა. მე-5 წუთზე 67:66 იყო, როცა უკვე გიორგი კორსანტიამ ზუსტად მოათავსა 3-ქულიანი შვეიცარიელთა კალათში. მე-4 წუთზე, კი სტუმრებმა საერთოდაც გაათანაბრეს ანგარიში - 70:70 და ისევ მაკფადენმა ზუსტი 3-ქულიანით გაიყვანა ჩვენი ნაკრები წინ.

თამაშის დასრულებამდე 40 წამით ადრე, როცა ანგარიში 76:74 იყო, ბექა ბურჯანაძემ სამქულიანი ზუსტად ისროლა და ჩვენი ნაკრები 5 ქულით დააწინაურა, თუმცა შვეიცარიელებმა ბოლო წამზე მაინც გაგვითანაბრეს - 79:79.

ოვერტაიმი ისევ შვეიცარიელებმა დაიწყეს უკეთ, წინაც გავიდნენ 3 ქულით, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა მობილიზება მოახერხეს და შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე 6 ქულით გავედით წინ - 94:88.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ქულა ბექა ბურჯანაძემ ჩააგდო - 21 ქულა, თედ მაკფადენს კი 18 ქულა ჰქონდა. გიორგი შერმადინმა მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა - 16 ქულა და 13 მოხსნა. დუდა სანაძეს კი 12 ქულა მიითვალა, მიხეილ ბერიშვილმა - 13. მატჩის ბომბარდირი კი, შვეიცარიელთა 6 ნომერი ჯონათან კაზადი გახდა 22 ქულით.

"ინტერპრესნიუსი"