The Machine სრული სვლით! - კვირის პალიტრა

The Machine სრული სვლით!

"უდიდეს სიამაყეს გრძნობ, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა გააჟღერე შენი ქვეყნის სახელი და მაღლა ასწიე შენი დროშა! რინგამდე მისასვლელად ცხოვრებაში უამრავი სირთულე მხვდება, თუმცა გამარჯვება ყველა პრობლემას მავიწყებს და საოცარი სიმშვიდის, სიამაყისა და სიხარულის შეგრძნება მეუფლება..."

მერაბ The Machine დვალიშვილმა ზედიზედ მესამე ორთაბრძოლა მოიგო შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაცია UFC-ში. ნიუ-მექსიკოს ქალაქ რიო რანჩოში გამართულ ტურნირზე Fight Night 167-მა ქართველმა მებრძოლმა რეიტინგში მის წინ მყოფი ამერიკელი კეისი კენი დაამარცხა და წესით, მისი ადგილი უნდა დაეკავებინა, მაგრამ სამწუხაროდ, განახლებულ რეიტინგში ქართველის ადგილი ჯერჯერობით ისევ არ მოიძებნა, დივიზიონის ჩამონათვალში მე-15 პოზიცია კი ბრაზილიელ ბარსელოსს დარჩა.

დვალიშვილი ამ ამბავს მაინცდამაინც არ დაუმწუხრებია, თუმცა UFC-ის გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით მაინც გამოეხმაურა: "რეიტინგის ტოპ 15-დან კეისი კენი გავაძევე, მაგრამ მისი ადგილი ჩემთვის არ დაგითმიათ. მზად ვარ მომდევნო ბრძოლისთვის. UFC, ვინ გყავთ ჩემთვის? ვინ ჰყავთ, მალე გამოჩნდება". მერაბ დვალიშვილი კი ამბობს, რომ რეიტინგს დიდ მნიშვნელობას არც ანიჭებს. მთავარია, კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვო, რათა რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაცნო ჩვენი ქვეყანა და დროშაო, მითხრა ინტერვიუს დროს.

- მერაბ, ჯერ ბოლო ორთაბრძოლა გავიხსენოთ. ფავორიტი კენი იყო, მაგრამ უპირატესობა სამივე რაუნდში შენ გქონდა. ელოდი ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებას?

- მართლაც ძლიერი მოწინააღმდეგე მყავდა, მაგრამ მოსამზადებელი ეტაპის დროს თავი წუთითაც არ დამიზოგავს, მზად ვიყავი როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. საბოლოოდ შევძელი კიდეც ბრძოლის რიტმის ჩემთვის სასურველი ტაქტიკით წარმართვა და გამარჯვებასაც მივაღწიე.

- შენთან შეხვედრამდე კეისი კენის პროფესიულ კარიერაში მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა, რეიტინგშიც შენზე წინ იყო და ფავორიტადაც მიიჩნეოდა, თუმცა ბრძოლის წინ ბაქიაობა არ დაუწყია, პირიქით, ამბობდა, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე ხარ და სუსტი წერტილები არ გაქვს... ნამატჩევს რა გითხრა? - კარგი ვაჟკაცია, ნამდვილი ჯენტლმენი. ბრძოლამდე შემთხვევით სასტუმროში შევხვდი, ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და ძალიან მეგობრულადაც ვუსურვეთ წარმატება. კეისი კარგი ადამიანია, თუმცა, ცხადია, რინგზე ისე ვიბრძვით, როგორც მეტოქეებს შეეფერებათ და გამარჯვება უფრო ძლიერს რჩება. ბრძოლის შემდეგაც მეგობრულად გადავეხვიეთ ერთმანეთს.

- ყველამ ვიცოდით (ცხადია კენიმაც), რომ "პარტერში" უპირატესობა გექნებოდა და წინააღმდეგობა ვერც ამ კომპონენტში გაგიწია. იმდენჯერ წააქციე, სათვალავი აგვერია, საბოლოოდ 12 "თეიქდაუნი" (გდება. - რ.შ.) მოაგროვე და UFC-ის რეკორდიც დაამყარე სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში. გადამწყვეტი სწორედ გდებებით მოპოვებული უპირატესობა გამოდგა? - კეისი ჩემზე კარგი მოჭიდავეა და, სიმართლე გითხრათ, არც ველოდი, ამდენჯერ თუ წავაქცევდი, თუმცა პირველი წაქცევის შემდეგ დაიბნა და აღარ იცოდა, დგომში ეფიქრა ჩემი შეტევების განეიტრალებაზე თუ ჭიდაობით. მოკლედ, გონება ავურიე და მოპოვებული უპირატესობა აღარც გამიშვია ხელიდან.

- სულ ამბობ, რომ საუკეთესო გუნდის წევრი ხარ და შენს წარმატებებში მწვრთნელების, "სერა ლონგოს" მთლიანი შემადგენლობის დამსახურება უდიდესია. რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა, რა არის მთავარი, რასაც გუნდი გაძლევს? - ადამიანური სიყვარული. ძალიან მაფასებენ, მათგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ. შვიდი წელიწადია, ემიგრაციაში ვარ ოჯახის წევრების გარეშე და ოჯახურ სითბოს და სიყვარულს დარბაზში ვგრძნობ. არადა, როცა დარბაზში პირველად მივედი, არც ენა ვიცოდი, არც სახელი მქონდა, არც რაიმე მიღწევა... თავდაპირველად, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ველოსიპედით დავდიოდი... ჩემს კლუბში მაღალი დონის სავარჯიშო სისტემაა, ფაქტობრივად, შერეული ორთაბრძოლების მთელი ტექნიკა აქ შევისწავლე, აქ განვვითარდი, როგორც მებრძოლი, ამიტომაც ჩემი გუნდის უზომოდ მადლიერი ვარ.

- შენმა თანაგუნდელმა ელ იაკვინტამ, რომელიც კეისი კენისთან ბრძოლისასაც ჩვეულად მხურვალედ გქომაგობდა, ნამატჩევს თქვა, ყველა რომ მერაბ დვალიშვილისნაირი იყოს, მსოფლიო უკეთესი იქნებოდაო. - ემიგრაციის პირველივე დღიდან სულ ვცდილობ, ყველანაირად დადებითად წარმოვაჩინო ჩვენი ქვეყანა და კულტურა, მეტი ადამიანობა გამოვიჩინო და სიკეთე ვაკეთო. ალბათ, იაკვინტამაც ეს დაინახა...

- დარწმუნებული ვიყავით, რომ კენის დამარცხების შემდეგ საუკეთესო 15-ეულში დაიმკვიდრებდი ადგილს. სამწუხაროდ, UFC-ში სხვანაირად გადაწყვიტეს... - სამწუხაროდ, ასე მოხდა, მაგრამ ამ ეტაპზე ტოპ 15-ს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ქამრისთვის ბრძოლა ჯერ არ მიწევს. მინდა, კიდევ ბევრი გამარჯვება მოვიპოვო, რათა ხალხს უკეთ გავაცნო ჩვენი ქვეყანა და დროშა. თავის დროზე კი დამსახურებული ტოპ 15-იც იქნება, ტოპ-10-იც და საჩემპიონო ქამარიც!

- ცხადია, UFC-ში ზედიზედ სამი გამარჯვება მეტ თავდაჯერებას მოგიტანს. რა გრძნობა მოაქვს ყოველ მომდევნო გამარჯვებას? - ყველაზე მძაფრად სწორედ ასეთ დროს გრძნობ, რომ შრომა დაგიფასდა, გრძნობ უდიდეს სიამაყეს, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა გააჟღერე შენი ქვეყნის სახელი და მაღლა ასწიე შენი დროშა! რინგამდე მისასვლელად ცხოვრებაში უამრავი სირთულე მხვდება, თუმცა გამარჯვება ყველა პრობლემას მავიწყებს და საოცარი სიმშვიდის, სიამაყისა და სიხარულის შეგრძნება მეუფლება... მეორე დღიდან კი ისევ ვიწყებ ახალ ბრძოლაზე ფიქრს, ჯანსაღ კვებას, სპორტული რეჟიმის დაცვას... თავიდან იწყება ცხოვრებისეულ პრობლემებსა და გამოწვევებთან ბრძოლა.

- თითქმის არასდროს იღლები. "პარტერში" უპირატესობის გარდა, სწორედ გამძლეობაა შენი ერთ-ერთი მთავარი კოზირი. ეს ყველაფერი ბუნებრივი მონაცემების დამსახურება უფროა თუ ვარჯიშის? - მებრძოლი ხასიათის გარდა, ყველაფერი, რაც მაქვს, ვარჯიშის დამსახურებაა. ამ ყველაფერს ბევრი შრომით და ვარჯიშით მივაღწიე.

- ვიცი, რომ არანაკლებ რთულია წინასამატჩო აწონის წინ რამდენიმე კილოგრამის დაკლება. ოფიციალური აწონის შემდეგ კი პირიქით "გაძლიერებულ კვებაზე" ხარ დაკარგული ენერგიის აღსადგენად... - მართალი ხარ, წონის დაკლება რთული და არასასიამოვნო პროცესია. იმიტომაც არის, რომ ამ დროს სულ უხასიათოდ ვარ, დაღლილი, ენერგიისგან დაცლილი... წონის "ჩაბარების" შემდეგ კი არანაკლებ მნიშვნელოვანია, არ ავჩქარდე და ნელ-ნელა, ზომიერად მივიღო სითხე და საკვები.

- მათმა უმეტესობამ, ვინც მხოლოდ ბოლო წლებში გაგიცნო, შენი წარმატებების მეტი არაფერი იცის და წარმოდგენაც არ აქვს, რა მძიმე შრომაა (პირდაპირი გაგებით) ამ ყველაფრის უკან... წლების განმავლობაში, ვარჯიშის პარალელურად, მშენებლობებზე გიწევდა მუშაობა... რა გაჩვენა და გასწავლა ამ ყველაფერმა? - შრომის კიდევ უფრო დაფასება, მეტი მოთმინება, გამძლეობა, ორგანიზებულობა და სხვ.

- ყოფილა შემთხვევა, როცა რომელიმე დამკვეთს, თანამშრომელს ან სტუმარს მშენებლობაზე მომუშავე კაცში შერეული ორთაბრძოლების ცნობილი მებრძოლი ამოუცნია? - სხვათა შორის, არაერთხელ ვუცნივარ, მაგრამ ამაში არც გასაკვირია რამე, არც დასაძრახი ან დასამალი - აქ შრომა არავის უკვირს, გაცნობა კი უხარიათ და მერე ნაცნობ-მეგობრებში იწონებენ ხოლმე თავს.

- მერაბ The Machine დვალიშვილი -როდის და როგორ გაჩნდა ეს მეტსახელი? - ეს მეტსახელი დარბაზში შემარქვეს, რადგან არ ვჩერდები, სულ ვცდილობ, შეუჩერებლად ვივარჯიშო. თანაც, როგორც აღნიშნე, არც სუნთქვის პრობლემა მაქვს და შესაბამისად, არც ვიღლები.

- ინტერვიუს ბოლოს რას ეტყვის "საბრძოლო მანქანა" - მერაბ დვალიშვილი თავის გულშემატკივრებს? - ძალიან დიდ მადლობას! არაერთხელ მითქვამს, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. თითოეული პოზიტიური, გამამხნევებელი სიტყვა, ისევე როგორც სწორი და სამართლიანი კრიტიკა მაძლიერებს და სტიმულს მმატებს.