ექსკლუზიური ინტერვიუ ბელორუსის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან - კვირის პალიტრა

ექსკლუზიური ინტერვიუ ბელორუსის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან

"თბილისში არაერთხელ ვყოფილვარ - ამ ქალაქში სტუმრობა ყოველთვის სასიამოვნოა"

26 მარტის გადამწყვეტ მატჩამდე სამიოდე კვირით ადრე ჩვენი მომავალი მეტოქე აქტიურად ემზადება. ბელარუსის ნაკრების მოთამაშეთა 95% ეროვნული პირველობის კლუბებს წარმოადგენს, ქვეყნის ჩემპიონატი კი ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე იწყება. სამაგიეროდ, "თეთრმა ფრთებმა" (ბელარუსის ნაკრების მეტსახელია. - რ.შ.) თებერვალში უკვე მოასწრეს ორი ამხანაგური მატჩის გამართვა და ერთნაირი ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს უზბეკეთი და ბულგარეთი. "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ბელარუსის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან - მიხაილ მარხელთან და შეეცადა გაერკვია, რა განწყობითა და მოლოდინით მოდის თბილისში ჩვენი მომავალი მეტოქე.

- ბატონო მიხაილ, მომავალ მატჩთან დაკავშირებული საყოველთაო აჟიოტაჟის ფონზე უპირველესად რა გახსენდებათ, როდესაც "საქართველო" გესმით?

- სტუმართმოყვარე, მეგობრული ხალხი.

- ასეთი შეფასება იმის მაჩვენებელია, რომ ქართველებს არაერთხელ შეხვედრიხართ. თბილისშიც ბევრჯერ ყოფილხართ. - ცხადია, არაერთხელ ვყოფილვარ - ამ ქალაქში სტუმრობა ყოველთვის სასიამოვნოა. საქართველოს დედაქალაქში მითამაშია სსრკ-ის ჩემპიონატის მატჩებშიც (საბჭოთა კავშირის დაშლამდე მიხაილ მარხელი მინსკის "დინამოს" და მოგილევის "დნეპრის" თავდამსხმელი იყო, მოგვიანებით კი ითამაშა ყოფილი იუგოსლავიის, უნგრეთის, რუსეთისა და ბელარუსის სხვადასხვა კლუბში. - რ.შ.) და თბილისში მწვრთნელის რანგშიც რამდენჯერმე ვყოფილვარ - ბელარუსის ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად. ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობისას საქართველოში "ევრო-2012"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დროსაც ჩამოვედი. თუმცა ქართველებს შორის ახლო ნაცნობები არა მყავს.

- ბელარუსი და საქართველო ორივე პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, ფეხბურთში უამრავი პრობლემა აქვთ და არც ერთ მათგანს არ უთამაშია ევროპის ჩემპიონატზე... კიდევ რითი ჰგავს ერთმანეთს და განსხვავდება ეს ორი გუნდი? - ვფიქრობ, პასუხი თქვენსავე კითხვაშია - ჩვენი ნაკრებებიდან არც ერთს არ უთამაშია ტოპტურნირზე, რაც მომავალ მატჩს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს.

- საქართველოსგან განსხვავებით, ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობა ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს. მეტიც, ამჟამად] თქვენს გუნდში მხოლოდ ერთადერთი ლეგიონერია. ეს პრობლემაა თუ უპირატესობა? - სინამდვილეში ლეგიონერი ერთზე მეტი გვყავს, თუმცა საქართველოს ნაკრებთან შედარებით გაცილებით ცოტა. ცხადია, გვინდა ბევრი ბელარუსი ფეხბურთელი მიდიოდეს ძლიერ ევროპულ ჩემპიონატებში სათამაშოდ, მაგრამ... რაც არის, არის, ამ ეტაპზე ჩვენთვის აუცილებელია, ისე მოვახერხოთ, რომ ეროვნული ჩემპიონატიდან მოთამაშეების დიდი რაოდენობა ჩვენს უპირატესობად იქცეს!

- საქართველოს ნაკრებზე რა იცით? - ვნახეთ ძალიან ბევრი თამაში, ზოგიერთ მათგანს დავესწარით კიდეც, მომავალი მეტოქის თამაში "ცოცხლადაც" რომ გვენახა. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ საქართველოს ნაკრებს და კარგად გვესმის, რას უნდა ველოდოთ მარტში. თქვენი ნაკრები ახალგაზრდობისა და გამოცდილების კარგი "ნაზავია".

- ვინ არის დღეს საქართველოს ნაკრების ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი?

- რომელიმე ერთს არ გამოვყოფ, თქვენი გუნდის შემტევ ხაზს გამოვარჩევ.

- როგორც ყოფილი თავდამსხმელი, რომელ შემტევს გამოარჩევთ თქვენი შეგირდებიდან? - გვარების დასახელებისგან ამჯერადაც შევიკავებ თავს... 26 მარტამდე კიდევ რამდენიმე კვირაა დარჩენილი და ჯერ არ ვარ მზად იმის სათქმელად, ვინ ითამაშებს ჩემი გუნდის შეტევაში.

- ალექსანდრ გლები უკვე აღარ თამაშობს ნაკრებში. მალე 39 წლის ხდება, მაგრამ, ალბათ, მაინც გწყდებათ გული, რომ თქვენს გუნდში აღარ არის ფეხბურთელი, რომელსაც უთამაშია ლონდონის "არსენალსა" და "ბარსელონაში"... - ალექსანდრ გლების მიღწევებს დიდ პატივს ვცემ. ნებისმიერი ბელარუსი ფეხბურთელისთვის რთული იქნება მისი მიღწევების გამეორება და მსგავსი დონის კლუბებში თამაში. ბელარუსის ნაკრებში გლები დიდხანს ასრულებდა მნიშვნელოვან როლს, მაგრამ ახლა თაობათა ცვლის დრო მოვიდა.

- როდესაც გლებს "ერთა ლიგის" პლეი-ოფის მატჩებში ბელარუსის შანსზე ჰკითხეს, ლაკონიურად უპასუხა: "კარგს ვერაფერს ვიტყვი, ცუდის თქმა კი არ მინდა"... როგორ ფიქრობთ, ვეტერანი ფეხბურთელის პასუხი მხოლოდ დიპლომატიური იყო?

- ყველას აქვს უფლება, პირადი შეხედულება ჰქონდეს.

- უკვე დაზუსტებით შეიძლება თქმა, რომ 26 მარტს "დინამო არენა" სავსე იქნება. მასპინძელი ქომაგების გარდა, მატჩს დაესწრება რამდენიმე ათასი ბელარუსი გულშემატკივარიც. როგორია მათი მოლოდინი?

- გულშემატკივარი მოუთმენლად ელის ამ მატჩს, რადგან ეს არის რეალური შანსი, იბრძოლო ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. ეს არის შანსი, რომელიც აქამდე არ გვქონია. ბუნებრივია, ისინი დადებით შედეგსაც ელიან.

- კონტინენტის პირველობაზე თამაში ბევრ რამეს შეცვლის როგორც ქართულ, ის ბელარუსულ ფეხბურთში. თქვენი აზრით, რას მოუტანს თქვენს ფეხბურთს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა? - ამ თემაზე უკვე ველაპარაკე უეფას ოფიციალურ ვებგვერდს: ბელარუსისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ნამდვილი ზეიმი იქნება. დარწმუნებული ვარ, ის მძლავრ იმპულსს მისცემს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას.

- ბელარუსში ფეხბურთი პოპულარობით ჰოკეისაც აჯობებს? - ვფიქრობ, აჯობებს.

- თქვენი აზრით, თბილისურ მატჩში მთავარი მწვრთნელებს შორის ტაქტიკური დუელი იქნება, გაიმარჯვებს უკეთეს ფიზიკურ კონდიციაში მყოფი გუნდი, თუ შეხვედრის ბედს ინდივიდუალური ოსტატობა გადაწყვეტს? - თქვენი ნახსენები ყველა ფაქტორი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, თუმცა მაინც მგონია, რომ გადამწყვეტი ფსიქოლოგია იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში შეხვდებიან გუნდები მატჩს.

- რა შეიძლება იქცეს საქართველოს (ბელარუსის) უპირატესობად? - საქართველოსთვის ტრიბუნების მხარდაჭერა, ჩვენს პლუსად კი შეიძლება იქცეს განწყობა, სურვილი და შესრულება გეგმისა, რომელსაც შევადგენთ.

- რას იტყვით ვლადიმირ ვაისზე? თქვენი გზები აქამდე გადაკვეთილა? - აქამდე არასდროს, თუმცა მას პატივს ვცემ - ვაისის სამწვრთნელო კარიერაში ბევრი მიღწევაა.

- უკანასკნელ ათწლეულში მხოლოდ ბელარუსის ასაკობრივ ნაკრებებში (მხოლოდ ერთი სეზონი გაატარეთ სოლიგორსკში), ამჟამად კი ეროვნული გუნდის თავკაცი ხართ. ეს ნიშნავს, რომ ნაკრებ გუნდებში კლუბებზე უკეთ გრძნობთ თავს? - საკლუბო სპეციფიკა განსხვავდება ნაკრებ გუნდებში მუშაობისგან. როგორც იცით, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ეროვნულ გუნდთან მუშაობა მაინც განსხვავებულია, უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად უნდა შეეგუო დიდ ყურადღებასა და წნეხს ყველა მხრიდან!

- ბელარუსის ნაკრების "საჭე" რამდენიმე თვის წინ განდეს. მთავარი თქვენ იქნებით ქვეყნისთვის ისტორიულ მატჩებშიც, რაც მეტ პასუხისმგებლობასა და წნეხს ნიშნავს - თუ გუნდი ცუდად ითამაშებს, მთავარ დამნაშავედ სწორედ მარხელი დასახელდება! მსგავს მდგომარეობაშია ვლადიმერ ვაისიც. როგორ ფიქრობთ, ეს დამატებითი ზეწოლა თამაშზეც მოახდენს გავლენას? - თქმა არ უნდა, რომ კარიერაში არც ისე ხშირია ასეთი მნიშვნელობის მატჩები. შესაბამისად, ისიც ცხადია, რომ ზეწოლაც იქნება, მაგრამ ყველანაირად ვეცდები ეს მღელვარება მოთამაშეებზე არ გადავიდეს და ყველა მათგანმა შეძლოს მოედანზე თავისი შესაძლებლობების სრულად ჩვენება.

- ბელარუსის ჩემპიონატი თბილისურ მატჩამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე იწყება. მოასწრებს თქვენი გუნდი შეთამაშებას? რა გაჩვენათ უზბეკეთსა და ბულგარეთთან გამართულმა ამხანაგურმა მატჩებმა? - ჩემპიონატის სტარტამდე, 4 მარტს, გვაქვს მატჩი ბელარუსის სუპერთასისთვის ("დინამო-ბრესტი"-"შახტიორი"), შემდეგ გაიმართება ქვეყნის თასის მეოთხედფინალური შეხვედრები. გარდა ამისა, თებერვალში ორი ამხანაგური მატჩის ჩატარებაც მოვახერხეთ. ვფიქრობ, 26 მარტისთვის ფეხბურთელები მოასწრებენ საჭირო სათამაშო რიტმის მიღწევას და საქართველოსთან მატჩს კარგ კონდიციაში შეხვდებიან.

- ამჟამად თქვენი ყურადღება საქართველოსთან მატჩზეა გადატანილი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პლეი-ოფის ფინალი ნახევარფინალიდან მხოლოდ ხუთ დღეშია, ცხადია, პოტენციურ მეტოქეებს - კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიასაც აკვირდებით: რომელი უფრო სახიფათო მოწინააღმდეგეა? - თუ ფინალში გავალთ, მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის ვიქნებით მზად. ამჟამად კი თქვენ სწორად აღნიშნეთ - მხოლოდ საქართველოსთან შეხვედრაზე ვფიქრობთ!

- და მაინც, როგორ ფიქრობთ, რა ელის ბელარუსის ნაკრებს თბილისში "დინამო არენას" გადაჭედილი ტრიბუნების წინაშე? - ჯერ კიდევ საბჭოეთის პერიოდიდან მახსოვს, როგორი ქომაგობა შეუძლიათ საქართველოში. მით უმეტეს, რომ ეს შეხვედრა ქართველებისთვისაც "ცხოვრების მატჩია"! ზოგჯერ ასეთმა მხარდაჭერამ შეიძლება პირიქითაც იმოქმედოს და მასპინძლები ფსიქოლოგიურ წნეხში მოექცნენ, მაგრამ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რა გველის თბილისში. ვიცით, რომ სტადიონი სავსე იქნება და ამისთვის ვემზადებით.