(ვირუს)გადადებული სპორტი?!
09-03-2020
(ვირუს)გადადებული სპორტი?!
რას უქადის კორონავირუსი უახლოეს მატჩებს

გადადებული საქმე ვისიც არის, კარგად ვიცით. არც გვინდა ვიფიქროთ, რომ ბელარუსთან 26 მარტს გასამართ მატჩს, ან ტრიბუნების სისავსეს, შეიძლება რამე დაემუქროს, მაგრამ... მსოფლიოში (სპორტშიც!) მიმდინარე ამბების ფონზე, როცა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისა და ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის უმაყურებლოდ გამართვის ვარიანტებიც განიხილება, უეფას "ერთა თასის" პლეი-ოფის ნახევარფინალი იმდენად უმნიშვნელო მოვლენად ჩანს (რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს ის ჩვენთვის და ბელარუსებისთვის!), ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად...

აქამდე გვეგონა, რომ "ევრო-2020"-ზე
მოხვედრაში მხოლოდ ბელარუსი, კოსოვო ან ჩრდილოეთი მაკედონია თუ შეგვიშლიდა ხელს. თურმე სად ხარ (ჯერ) - ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებს დაემატნენ ჩინეთი, იტალია, ირანი, იაპონია და სხვ. მოკლედ, ყველა ის ქვეყანა, საიდანაც საქართველოში COVID-19 - ახალი ტიპის კორონავირუსი "შემობრძანდა". დიახ, სახუმაროდ ჯერ კიდევ გვაქვს საქმე და იმედია,
მარტის ბოლოსაც ასეთივე ხასიათზე ვიქნებით!

სხვა ქვეყნების მსგავსად, შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა საქართველოშიც და ეს ყველაფერი ზოგიერთ სპორტულ ღონისძიებაზეც აისახა. მაგალითად, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 16 მარტამდე შეწყდა ქვეყნის ასაკობრივი ჩემპიონატების გათამაშება. მაყურებელთა დასწრების გარეშე ჩაიარა ჩემპიონთა ლიგის მატჩმა წყალბურთში თბილისის "დინამოსა" და "მარსელს" შორის. სხვათა შორის, ცარიელ ტრიბუნებს მასპინძლებისთვის ხელი არ შეუშლია ისტორიული გამარჯვების მოპოვებაში.

არა მგონია, საქართველოში ვინმეს უნდოდეს ბელარუსთან მატჩის გადადება ან ცარიელი ტრიბუნების წინ გამართვა (რაც ავტომატურად ნიშნავს ლამის უმთავრესი უპირატესობის დაკარგვას), მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სპორტი, პირველ რიგში, ჯანმრთელობისთვის არის, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქმე ათასობით ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკს ეხება. ამიტომაც, თუ სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით, აღარ უნდა ვიძახოთ, რომ "კორონავირუსით დაავადება გვირჩევნია ამ თამაშის გამოტოვებას", რომ "რაღად გვინდა სიცოცხლე, თუ ასეთი შანსი ვერ გამოვიყენეთ" და ა.შ. სიცოცხლეც გვინდა, სპორტიც და თქვენ წარმოიდგინეთ, ორივე ერთად! ასე რომ, წინასწარ ნურც პანიკას ავტეხთ და ნურც მომავალი მატჩის (როდის და როგორც უნდა გაიმართოს!) შედეგს გამოვიგლოვებთ: დავმშვიდდეთ და გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობასა და ნერვებსაც!

ამასობაში ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალი ყოველდღიურად იზრდება. ისევე, როგორც დაავადებულთა რაოდენობა, გადადებულ-გაუქმებული ღონისძიებების რიცხვი და ფინანსური ზარალი. გაუქმდა, გადაიდო ან მაყურებლების დასწრების გარეშე იმართება არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ტურნირი:

ჩინეთში: გაურკვეველი ვადით გადაიდო "ფორმულა-1"-ის გრან-პრი; გადაიდო საფეხბურთო და საკალათბურთო ეროვნული ჩემპიონატების სტარტი; მექსიკაში გადაიტანეს მსოფლიო ჩემპიონატი თანამედროვე ხუთჭიდში; მომავალი წლისთვის გადაიდო მძლეოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი; გადაიდო მსოფლიო ჩემპიონატი სამთო-სათხილამურო სპორტში, "დევისის თასის", გოლფის ტურის, UFჩ-ის შესარჩევი ტურნირის შეხვედრები, კრივის საღამოები და ა.შ.

იტალიაში: სერია "ა"-ს მატჩები გადატანილია მაისში; საკალათბურთო ევროლიგის მატჩები, ასევე უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩი "ინტერი"-"ლუდოგორეცი" უმაყურებლოდ იმართება; კორონავირუსით დაავადდა სერია "ც"-ს რამდენიმე ფეხბურთელი; გასული კვირის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ დიდი ალბათობით, ქვეყანაში ერთი თვით გაუქმდება ყველა სპორტული ღონისძიება!

იაპონიაში: მაყურებლების გარეშე იმართება ოსაკას ბაშო (8-22 მარტი), რომელშიც ქართველ სუმოისტთაგან მხოლოდ ლევან გორგაძე ("ტოჩინოშინი") იასპარეზებს; გადაიდო აზიის თასის საკვალიფიკაციო მატჩები ფეხბურთში, ქვეყნის თასის მატჩები ამავე სახეობაში, აზიის ჰოკეის ლიგის ფინალი და ა.შ. ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაიმართება ქვეყნის ჩემპიონატი ბეისბოლში, ასევე "დევისის თასის" შეხვედრები და სხვ.;

კორეაში: გადაიდო ტურნირი M-1 GLOBAL; გადაიდო მსოფლიო ჩემპიონატი შორტ-ტრეკში;
შვეიცარიაში: მინიმუმ 15 მარტამდე შეჩერებულია ქვეყნის ჩემპიონატის თამაშები ფეხბურთში;
ირლანდიაში: გადაიდო სარაგბო "ექვსი ერის" შეხვედრა ირლანდია-იტალია;
ტაილანდში: გადაიდო MOთO GP-ის გრან-პრის ეტაპი;

ჩეხეთში: მსოფლიო თასის ეტაპი ბიატლონში იმართება მაყურებლების დასწრების გარეშე;
ინგლისში: თHE თELEGღAPH-ის მონაცემებით, არის ინგლისის პრემიერლიგის დროებით შეჩერების რისკი, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციას სხვა არც ერთი საინფორმაციო საშუალება არ ადასტურებს;

რაც შეეხება 2020 წელს გასამართ გაცილებით მასშტაბურ ტურნირებს: საფეხბურთო "ევრო-2020"-ის შესაძლო გადადებაზე (გეგმის თანახმად, კონტინენტის წლევანდელი პირველობა 12 ივნისიდან 12 ივლისამდე უნდა გაიმართოს. - რ.შ.) ჯერ ლაპარაკი არ არის. თუმცა არსებობს საშიშროება, რომ ევროპის ჩემპიონატის მატჩების უმაყურებლოდ გამართვა იქნება აუცილებელი. შეგახსენებთ, რომ ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის თამაშებს თორმეტი ქალაქი მასპინძლობს: ლონდონი, მიუნხენი, რომი, ბაქო, სანქტ-პეტერბურგი, ბუდაპეშტი, ბუქარესტი, ბილბაო, ამსტერდამი, გლაზგო, დუბლინი და კოპენჰაგენი.

მივადექით წლის მთავარ სპორტულ მოვლენასაც - ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. "ტოკიო-2020"-ის შესაძლო გადავადებაზე ლაპარაკი დაიწყო ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში, როცა ეპიდემია ახალი დაწყებული იყო, იაპონიაში კი ჯერ ერთი ინფიცირებულიც არ აღმოეჩინათ. სამწუხაროდ, ვითარება მკვეთრად გაუარესდა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში - ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო მაქსიმალურად შეიზღუდა ადამიანთა თავშეყრა: ქვეყნის ყველა სკოლაში სწავლა შეწყდა აპრილის დასაწყისამდე, გარდა ამისა, გაუქმდა და გადაიდო იაპონელთათვის მნიშვნელოვანი არაერთი ღონისძიება, მათ შორის იმპერატორ ნარუჰიტოს დაბადების დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები (ასეთი რამ 1996 წლის შემდეგ აღარ მომხდარა. - რ.შ.), საკურის ყვავილობასთან დაკავშირებული დღესასწაული, დაიხურა "დისნეილენდი" და ატრაქციონების სხვა პარკები, მაყურებლის გარეშე ჩაივლის მარტის ბაშო სუმოში, გადაიდო სხვა არაერთი სპორტული ღონისძიებაც, თუმცა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ირწმუნება, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დადგენილ ვადაში (24 ივლისი-9 აგვისტო) გაიმართება!

იმავეს ამტკიცებს (ზოგიერთი წარმომადგენლის გამოკლებით) საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც, თუმცა ბრიტანული DAILY MAIL-ი ირწმუნება, რომ საკმაოდ დიდია ალბათობა, ზაფხულის თამაშებმა მხოლოდ ტელერეჟიმში - ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაიაროს. ასპარეზობები არ გადაიდება, მაგრამ მაყურებელი მათ მხოლოდ პირდაპირ ტელეეთერში ნახავს - საფრთხე სატელევიზიო კომპანიებთან გაფორმებულ მრავალმილიონიან კონტრაქტებს მაინც არ უნდა დაემუქროს! მაგალითი უკვე არაერთია. მაგალითად, ჩეხურ ნოვე-მესტოში გამართული მსოფლიო თასი ბიატლონში მაყურებლების გარეშე ორგანიზატორებისთვის უკვე ნიშნავს 2-მილიონიან ზარალს, ოლიმპიური თამაშების მასშტაბი კი გაცილებით დიდია: სპორტის 33 სახეობის შეხვედრები 17 დღის განმავლობაში...

ცხადია, ტრიბუნაზე მაყურებლის დაკარგვა არც ოლიმპიადის ორგანიზატორებს აწყობთ, არც სოკ-ს და არც მაყურებელს. ამიტომაც განიხილება სათადარიგო ვარიანტი, რაც თამაშების მოგვიანებით, შედარებით უსაფრთხო პერიოდში გადატანას გულისხმობს. ზარალი ამ შემთხვევაშიც იქნება, მაგრამ არა იმდენი, რაც მთლიანად ცარიელი ტრიბუნებისას. ასეთ შემთხვევაში, არც სოკ-ს და ორგანიზატორებს შორის კონტრაქტი დაირღვევა: ხელშეკრულებაში წერია, რომ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა 2020 წელს უნდა გაიმართოს, ეს კი ნიშნავს, რომ თეორიულად, ტურნირის სტარტის ბოლო ვადა... 15 დეკემბრით განისაზღვრება.

თუმცა დავანებოთ თავი "მკითხაობას" და რამდენიმე სიტყვა ვთქვათ შესაძლო ფინანსურ ზარალზეც: ოთხწლიანი ოლიმპიური ციკლის განმავლობაში სატელევიზიო უფლებების გაყიდვით მიღებული შემოსავალი სოკ-ისა და ოლიმპიადის ორგანიზატორებისთვის დაახლოებით 6 მილიარდი დოლარია. თუ ოლიმპიადა გადაიდება, თავისი ფული ისევ ტელევიზიებს დარჩებათ. არადა, ოლიმპიადისთვის უკვე დახარჯულია თითქმის 13 მილიარდი დოლარი (თანხის ძირითადი ნაწილი მასპინძელმა ქვეყანამ გაიღო, სოკ-ის დანახარჯი მხოლოდ 800 მილიონია)...

აღსანიშნავია, რომ აქამდე ოლიმპიური თამაშები მხოლოდ სამჯერ გადაიდო, სამივეჯერ ომის გამო: 1916 წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ბერლინი ელოდა, თუმცა დაიწყო პირველი მსოფლიო ომი; 1940 წლის ზაფხულის ოლიმპიადა სწორედ ტოკიოში უნდა გამართულიყო, თუმცა სტარტამდე ორი წლით ადრე იაპონელებმა უარი განაცხადეს და ოლიმპიური თამაშები ჰელსინკიში გადაიტანეს, მალე კი საერთოდ გადადეს მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო; ამავე მიზეზით გადაიდო 1944 წლის ლონდონში გასამართი ოლიმპიადაც... სხვათა შორის, იაპონიის დედაქალაქმა მაინც უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს 1964 წლის ოქტომბერში, რადგან ზაფხულში იაპონიაში გაუსაძლისი სიცხე და ტენიანობაა.

მოკლედ, ახალმა კორონავირუსმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა არა მარტო სპორტული ღონისძიებების გრაფიკში, ქცევის წესებშიც: მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში ისე ზედმიწევნით იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომ მატჩის წინ ფეხბურთელები... ერთმანეთს ხელსაც კი აღარ ართმევენ და იდაყვების "ჩამორთმევით" კმაყოფილდებიან!

P.S. ისე, მთავარია, იდაყვზე და "თითზე კბენანი" არ დაგვჭირდეს და იდაყვის ჩამორთმევას რა უჭირს?!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით