"გამარჯვებით გვევლოს, ქართველებო!" - კვირის პალიტრა

"გამარჯვებით გვევლოს, ქართველებო!"

ზირაქა პირველია

2010 იღბლიანი წელი იყო დავით ზირაქაშვილისთვის. ის პირველი ქართველი მორაგბეა, ვინც საფრანგეთის ჩემპიონი გახდა - მისმა "კლერმონმა" ნავსი მეათე მცდელობაზე გატეხა.

მალე ზირაქა მსოფლიო ნაკრებშიც მიიწვიეს, რუსებთან მატჩში მის მიერ დამიწებული გასაოცარი ლელოც ყველას გახსოვთ, წელი კი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის საყოველთაო აღიარებით დასრულდა - ზირაქაშვილი წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს, მერე კი საუკეთესო მორაგბედაც დაასახელეს. ამაზე უკეთეს მეკვლეს სად ვიპოვიდით და გასული წლის ყველაზე წარმატებული სპორსტმენი - დავით ზირაქაშვილი დღეს "კვირის პალიტრის" სტუმარია:

- "საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი" - რას ნიშნავს ეს ტიტული დავით ზირაქაშვილისთვის?

- თავიდან ვერც დავიჯერე... საფრანგეთში რომ დავბრუნდი, მერე უფრო გავაცნობიერე, რა მოხდა, რამხელა სიყვარული და პატივისცემა გამოხატა ქართველმა ხალხმა ამ აღიარებით. მადლობა ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ დავით ზირაქაშვილი წლის საუკეთესო სპორტსმენის სახელს იმსახურებს.

- ამ ტიტულის შემდეგ ქვეყნის საუკეთესო მორაგბედაც დაგასახელეს... ეს ჯილდოც ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, თუ პირველმა აღიარებამ ოდნავ გააუფერულა საუკეთესო მორაგბის თიკუნი?

- რას ბრძანებთ? საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი იმიტომ გავხდი, რომ ჩემს სახეობაში, რაგბიში მივაღწიე წარმატებას. ამიტომაც სარაგბო სამყაროს აღიარება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ის ტვირთი, რომელიც აქამდე ზურგით მიტარებია, ამ ჯილდოებმა კიდევ უფრო "დაამძიმა", დიდ სიხარულთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაც მეკისრება. ვერც აგიწერთ, როგორი გრძნობაა, შენი ქვეყანა, სპორტის იმ სახეობის სამყარო რომ გაღიარებს, რომელსაც წარმოადგენ.

- გამორჩეული წელი გქონდათ - საფრანგეთის ჩემპიონი გახდით, მსოფლიო ნაკრებში ითამაშეთ, ტრაბზონში საოცარი ლელო გაიტანეთ, საუკეთესოს ტიტული დაიმსახურეთ... 2010 წლის ყველაზე ემოციური მომენტი რომელი იყო ზირაქასთვის?

- საფრანგეთის ჩემპიონობა ძალიან მოულოდნელი იყო, მსოფლიო ნაკრებში მოხვედრა ხომ - წარმოუდგენელი, მაგრამ ყველაზე მეტად ის გამიხარდა, საქართველომ რომ მაღიარა. არ ვიცი, ვიმსახურებდი თუ არა, მაგრამ ქართველმა ხალხმა ასე გადაწყვიტა და დიდი მადლობა ამისთვის.

- მაშინ ორიოდ სიტყვით სხვა მიღწევებიც გავიხსენოთ. ასწლიანი ისტორიის მქონე "კლერმონი" გასულ სეზონში მეათედ გავიდა საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში და, როგორც იქნა, ჩემპიონი გახდა.

- ფინალის წინ მიღებულმა ტრავმამ ჩემპიონობა ცოტა კი ჩამამწარა, მაგრამ ძალიან მიხარია, მეოთხე ცდაზე მაინც რომ შევწვდი ქვეყნის პირველობის მწვერვალს და "კლერმონმა", რომელიც მეათედ გავიდა ფინალში, ჩემპიონის პირველი ტიტული სწორედ ჩემთან ერთად მოიპოვა.

- მით უმეტეს, საფრანგეთში მობურთალ უამრავ ქართველ მორაგბეს შორის პირველი ხართ, ვინც ამ ქვეყნის ჩემპიონობა მოიგო.

- ეს ორმაგად საამაყოა. მინდა, ყველა ქართველმა მორაგბემ გამოცადოს ის სიხარული, რასაც ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სარაგბო პირველობის ჩემპიონობა ჰქვია.

- საქართველო-რუსეთის მატჩი, ულამაზესი ლელო და ის ატმოსფერო გავიხსენოთ, ტრაბზონის სტადიონზე რომ იყო.

- დღემდე საამაყოდ მაქვს ქართველების საოცარი ქომაგობა. ბევრი ფულის სესხებასაც არ მოერიდა იმისთვის, რომ თურქეთში წამოსულიყო ჩვენს საგულშემატკივროდ. "კლერმონი" ირლანდიაში სათამაშოდ რომ ჩავიდა, თან სამი ათასი ფრანგი გულშემატკივარი წაჰყვა და საფრანგეთში ერთი ამბავი ატყდა - არ გვახსოვს, ამდენი ხალხი ჩასულიყოს გუნდის საქომაგოდო.

მაშინ ამაყად ვთქვი, სამი კი არა, შვიდი ათასი ქართველი ჩავიდა თურქეთში საქართველო-რუსეთის მატჩზე დასასწრებად-მეთქი. განცვიფრდნენ - თურქეთში კი არა, ისიც კი ვერ წარმოედგინათ, საქართველოში თუ ესწრებოდა ამდენი მაყურებელი რაგბის მატჩებს. რომ არა საოცარი ქომაგობა, შეიძლება, წაგვეგო კიდეც რუსებთან მატჩი.

- პირველი ქართველი მორაგბე ხართ, ვინც მსოფლიო ნაკრებში ითამაშა.

- ფინალი ახალი მოგებული გვქონდა, ჯერ კიდევ ჩემპიონობას ვზეიმობდით, კლუბში ფაქსი რომ მოვიდა, ზირაქაშვილი მსოფლიო ნაკრებშია მიწვეულიო. თავდაპირველად ვერც ვიჯერებდი და მდივან გოგონას რამდენჯერმე ვუთხარი, კარგად წაიკითხე, რამე ხომ არ გეშლება-მეთქი (იცინის). მსოფლიო ნაკრებისა და ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდის მატჩი კუალა-ლუმპურში ჩატარდა. იქ რაგბის ისეთ ვარსკვლავებს შევხვდი, რამდენიმე წლის წინ ერთად თამაშზე კი არა, მათ ახლოს ნახვაზეც რომ ვერ ვიოცნებებდი. სახალისო მატჩი გამოვიდა და სხვათა შორის, ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა - 36:14.

- ნოემბრის ტესტმატჩების დროსაც ერთ-ერთი საუკეთესო იყავით. კანადასა და აშშ-თან შეხვედრებს როგორ გაიხსენებთ?

- მნიშვნელოვანი მატჩები იყო და კარგია, რომ მოვიგეთ, მაგრამ მინდა ჩემს ძვირფას ქართველებს ვუთხრა: სტადიონი მხოლოდ რუსეთთან თამაშის დროს არ უნდა ივსებოდეს. აშშ-თან ათი ათასი ძლივს შეგროვდა, მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგით ნოემბრის მატჩები გაცილებით მნიშვნელოვანი იყო. ქომაგის აქტიურობა ბევრს ნიშნავს, ხშირად გადამწყვეტიც არის.

- თქვენს ერთ-ერთ ჯილდოზე წარწერაა: "ღმერთი შეეწიოს საქართველოს საუკეთესო მორაგბე დავით ზირაქაშვილს".

- ამ გულსაკიდს სულ თან ვატარებ. წინა მხარეს წმინდა გიორგია გამოსახული, წარწერა კი უკანა მხარეს აქვს. ეს არ ვიცოდი და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ სპეციალურად შემოატრიალა მედალიონი, წარწერა რომ წამეკითხა. ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ღვთის ნებაა, ამიტომაც მადლობას ვწირავ უფალს იმ წარმატებისთვის, რისი ღირსიც გავხდი.

- 2010 ყველაზე გამორჩეული წელი იყო თქვენთვის. რას უსურვებს "კვირის პალიტრის" მკითხველს წლის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი დავით ზირაქაშვილი?

- საქართველოს ვულოცავ შობა-ახალ წელს და 2011 წელს იმას ვუსურვებ, რაც მე 2010-ში მქონდა - ანუ, ყველაფერ კარგს. გამარჯვებით გვევლოს, ქართველებო!