ბენდელა მალე დაბრუნდება - კვირის პალიტრა

ბენდელა მალე დაბრუნდება

აფხაზეთში გმირულად დაღუპული ფეხბურთელის - ზაზა ბენდელიანის სახელობის თასის საიუბილეო, რიგით XX გათამაშება ახლახან დასრულდა. ეს ტურნირი უკვე ოცი წელიწადია, ყოველწლიურად იმართება და სტაბილურობის გარდა გულშემატკივრების, ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელების სიმრავლითაც გამოირჩევა.

წინა წლებში "ბენდელას თასი" სხვადასხვა მოედანზე თუ დარბაზში ჩატარდა, საიუბილეო ტურნირს კი საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მოედანმა უმასპინძლა. დეკემბრის მიწურული საფეხბურთო შვებულებების პერიოდია და "ბენდელას" არც ამჯერად აკლდა ცნობილი სახეები. სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში ზაზა ბენდელიანის ხსოვნას პატივი ლევან კობიაშვილმა, გოგიტა გოგუამ, ალეკო ამისულაშვილმა, გიორგი ჭანტურიამ, დავით სირაძემ, დავით მუჯირმა, გურამ კაშიამ და სხვებმა მიაგეს.

ჩემპიონობა კი ამჯერად სეუ-ს დარჩა, რომელმაც ფინალში "მასპინძელი" "საბურთალო" 2:0 დაამარცხა და ჯგუფურ ეტაპზე ნაწვნევი მარცხის გამო რევანში აიღო. უფროსების პარალელურად, ტურნირი 1999 წელს დაბადებულ ბავშვებს შორისაც ჩატარდა, რომელშიც "შევარდენმა" გაიმარჯვა.

აქვე სასიამოვნო სიახლეც: გადაწყდა, რომ 29 იანვრიდან 6 თებერვლამდე "ბენდელას თასი" სტანდარტულ მოედანზეც გაიმართება. იდეა ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძეს ეკუთვნის, ასპარეზობაში კი, რომელსაც სავარაუდოდ თბილისის, რუსთავისა და ზესტაფონის სტადიონები უმასპინძლებენ, უმაღლესი ლიგის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას და ტურნირს ეროვნული ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპად გამოიყენებენ.