საახალწლო საჩუქარი... - კვირის პალიტრა

საახალწლო საჩუქარი...

ჩვეულებრივ, საახალწლო საჩუქრებს ახალი წლის დადგომის შემდეგ ვიღებთ ხოლმე, თუმცა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა და მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ "საჩუქარი" ახალ წლამდე მიიღო.

სფფ-ს თავკაცს 22 იანვარს აირჩევენ და მიუხედავად იმისა, რომ სიჭინავა დღემდე ირწმუნება, არ ვიცი, მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობასო, ძნელი გამოსაცნობი არ არის, ვინ უხელმძღვანელებს ფედერაციას უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. იმ დროს, როცა კანდიდატობისთვის ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენაც საკმარისია, ემანდ, ვინმემ არ დამასწროსო და ზვიად სიჭინავა უკვე წარადგინა...

ოცმა სუბიექტმა! 22 იანვრამდე დიდი დროა და იქამდე, ორიოდ გამონაკლისის გარდა, ალბათ, დანარჩენებიც ოფიციალურად ჩაეწერებიან მხარდამჭერთა სიაში. აღმასკომში სულ 33 საარჩევნო სუბიექტია, ასე რომ, "არჩევნები" დღესვე რომ ჩატარდეს, მოქმედ პრეზიდენტს გამარჯვება მაინც გარანტირებული აქვს. მით უმეტეს, უთანასწორო ბრძოლაში მონაწილეობის სურვილით არც მისი ოპონენტები იწვიან.

საახალწლო "საჩუქარს" რაც შეეხება, სფფ-ს "პრივატბანკმა" (ყოფილი "ტაოპრივატბანკი") გაუკეთა. ფედერაციის ძველი ხელმძღვანელობის მიერ ამ ბანკიდან სესხად აღებულმა 300 ათასმა ევრომ ამ დროისთვის საურავებთან ერთად 459.600 ევროს მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელმძღვანელობა მზად იყო, სხვა ვალებთან ერთად ეტაპობრივად ეს დავალიანებაც დაეფარა, 29 დეკემბერს სფფ-ის ანგარიში დააყადაღეს.

ფედერაციამ თანხის ნაწილი იმ დღესვე გადარიცხა და ყადაღის მოხსნის დაპირებაც მიიღო, თუმცა, თავად ფაქტი ნამდვილად არასასიამოვნო გახლდათ. რას იზამ, წინასაარჩევნო პერიოდი ყოველთვის დაძაბულია ხოლმე, ოღონდ ეს ის შემთხვევაა, როცა ფედერაციის თავკაცს "არჩევნების" შედეგზე ნამდვილად არაფერი აქვს სანერვიულო.