ჟენე-ვისთვის გაუქმებული პრემიერები?
16-03-2020
ჟენე-ვისთვის გაუქმებული პრემიერები?
ვირუსმა ავტომანქანებიც დაამუხრუჭა

საიუბილეო, 90-ე საერთაშორისო ავტოშოუ ჟენევაში 7-17 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საავტომობილო გამოფენა ონლაინპრემიერებს დასჯერდა. თუნდაც არ გაუქმებულიყო, ჟენევის წლევანდელ ავტოშოუს, დიდი ალბათობით, მაინც ვერ დავესწრებოდით. ასე რომ, ნუღარ იდარდებთ და ჩვენც ონლაინ ვნახოთ გამოფენის ყველაზე საინტერესო ექსპონატები:

Cupra Formentor

ესპანურმა ბრენდმა Cupra, რომელიც აქამდე Seat-ის ქვედანაყოფი იყო, შვეიცარიაში წარსადგენად თავისი პირველი დამოუკიდებელი ქმნილება გაამზადა - 310-ცხ.ძალიანი, სრული ამძრაობის კროსოვერი Formentor. ზემოთ აღნიშნული
სპეციფიკაციის გარდა, შესაძლებელია შედარებით მოკრძალებული, ჰიბრიდული ძრავის მქონე მოდელის შეძენაც, სადაც 150 ცხ. ძალის სიმძლავრის 1,4-ლიტრიანი ტურბომოტორი "პარტნიორობას" უწევს 115-ცხ.ძალიან ელექტროძრავას.

Porsche 911 Turbo S

Porsche 911 Turbo S - ყველაზე სწრაფი და მძლავრი სპორტკარია ამ მოდელის ისტორიაში. მაქსიმალური სისწრაფე 330 კმ/სთ-ია, 3,8-ლიტრი მოცულობის 650
ცხ. ძალის სიმძლავრის ძრავის წყალობით, 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად თურბო შ-ს მხოლოდ 2,7 წამი ჰყოფნის, რაც 0.2 წამით ნაკლებია წინა თაობის წარმომადგენელთან შედარებით.

Bentley Bacalar

ღოდსტერი Bentley Bacalar აგებულია კუპე Continental GT-ის ბაზაზე და 1930 წლის შემდეგ,"ბენტლის"მხოლოდ მეორე ორადგილიანი მოდელია. სალონის გაფორმებაში გამოყენებულია ბუნებრივი, უძველესი ხისა და სპილენძისგან დამზადებული დეტალები და შოტლანდიური ქსოვილი. ეს ყველაფერი (არა მარტო) Bacalar-s­ Bentley-ს ყველაზე ძვირად ღირებულ მოდელად აქცევს და მისი ფასი 1,5 მილიონი გირვანქა სტერლინგიდან იწყება. Bentley Bacalar-ი აღჭურვილია 6,0 ლიტრი მოცულობის 660 ცხ. ძალის სიმძლავრის ძრავით.

McLaren 765LT


კომპანია McLaren-მა ჟენევაში წარადგინა კუპე 720S-ის შედარებით მსუბუქი და მძლავრი მოდიფიკაცია - 765LT (Longtail), რომელიც ასევე შედის Super Series-ის ხაზში. განსაკუთრებული საკიდრის, კომპოზიტური მასალებისა და ტიტანის გამშვები სისტემის წყალობით ახალი მოდელი 80 კილოგრამით მსუბუქია. გაუმჯობესებულია სიჩქარის გადაცემათა შვიდსიჩქარიანი კოლოფიც და წინამორბედთან შედარებით, სიჩქარეებს 15%-ით სწრაფად ცვლის! რაც შეეხება ძრავას, 4.0-ლიტრიან ორტურბინიან V8-ს 765 ცხ. ძალის განვითარება შეუძლია.

Bugatti Chiron

Bugatti-ში გადაწყვიტეს კიდევ უფრო გაეუმჯობესებინათ ჰიპერკარი Chiron და ახალი მოდელი მოდერნიზებული "ავტომატით" აღჭურვეს. შედეგად, მბრუნავი მომენტი კიდევ უფრო გაიზარდა. გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, აეროდინამიკა უფრო გააუმჯობესეს, წონა კი შეამცირეს, რამაც ჰიპერკარის მართვა უფრო სასიამოვნო გახადა. ახალ Chiron-ს ახალი აქვს ამორტიზატორები, სამუხრუჭე სისტემა და დისკებიც, ფასი კი 3,2 მილიონი ევროდან იწყება.

Morgan Plus Four


ბრიტანულმა კომპანია Morgan-მა შექმნა ახალი სპორტკარი Plus Four, რომელიც BMW-ს ოთხცილინდრიანი ტურბირებული ძრავით არის აღჭურვილი. აგრეგატის სიმძლავრე 258 ცხ. ძალას შეადგენს და შეუძლია იმუშაოს როგორც რვასიჩქარიან ავტომატურ, ისე ექვსსიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად. პირველ შემთხვევაში, 100 კმ/სთ-ის განსავითარებლად Plus Four-ს 4.8 წამი ეყოფა, მაქსიმალური სიჩქარე კი 240 კმ/სთ იქნება.

Koenigsegg Jesko Absolut

შვედური კომპანია მზად არის ყველაზე სწრაფი სერიული ავტომანქანის ტიტულისთვის Bugatti Chiron-ს შეეჯიბროს! კრისტიან ფონ კენიგსეგის ხელქვეითებმა შექმნეს ჰიპერკარი Jesko Absolut, რომელსაც 532 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. 5,0 ლიტრი მოცულობის ბიტურბო ძრავას 1622 ცხ. ძალის სიმძლავრე აქვს და 100 კმ/სთ-ის "ასაკრეფად 1,9 წამი ჰყოფნის!" ეს არის ყველაზე სწრაფი Koenigsegg-ი, რომელიც ოდესმე შეგვიქმნია, და კომპანია არასდროს ეცდება აწარმოოს კიდევ უფრო სწრაფი სერიული მოდელი", - ამბობენ შვედურ კომპანიაში. რაც შეეხება რეალურ მაქსიმალურ სისწრაფეს, ის დიდწილად იქნება დამოკიდებული საგზაო პირობებზე, პილოტის გამბედაობასა და ბევრ სხვა ფაქტორზე.

Hyundai Prophecy

Hyundai-ში ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე აც­ხადებენ, რომ მათ ახ­ალ მოდელს Prophecy-ს იდ­ეა­ლური პროპორციები აქვს. სინამდვილეში, მთლად ახა­ლიც" არ არის და შარშან ნაჩვენები Hyundai 45 Concept-ის გაუმჯობესებული ვარიანტია. ბორბლების გადიდებული ბაზის და სახურავის სი­ლუეტის ცვლილების ხა­რჯზე Prophecy მართლაც ჩინებულად გამოიყურება. სიახლეებია სალონშიც, სადაც გაცილებით ბევრი ადგილი გათავისუფლდა მართვის ჯო­ისტიკური სისტემის წყა­ლობით.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?