ლევან კობიაშვილი: "უმაყურებლოდ თამაში კატასტროფა იქნება!" - კვირის პალიტრა

ლევან კობიაშვილი: "უმაყურებლოდ თამაში კატასტროფა იქნება!"

26 მარტს გასამართი საქართველო-ბელარუსის მატჩიც შეუერთდება იმ მრავალრიცხოვანი სპორტული ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებიც მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო გაუქმდა, გადაიდო ან უმაყურებლოდ გაიმართ(ებ)ა. 17 მარტს მოწვეული საგანგებო სხდომის შემდეგ, სადაც უეფა თავის წევრ ფედერაციებთან ერთად განიხილავს უახლოეს პერიოდში გასამართი მნიშვნელოვანი მატჩების საკითხს, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ვერდიქტს ოფიციალურად გამოაცხადებს. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, "ევრო-2020"-ის გამართვა ერთი წლით გადაიდება, ასევე, დამტკიცდება გასული კვირის ბოლოს გაცემული რეკომენდაცია მარტსა და აპრილში გასამართი სანაკრებო შეხვედრების გადადების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო-ბელარუსის შეხვედრა, მინიმუმ ორი თვით გადავადდება. მინიმუმ აპრილამდე შეჩერდა საქართველოს ეროვნული პირველობა, გადაიდო ასაკობრივი ნაკრებების მატჩებიც. სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს გასულ კვირას შევხვდით და ბელარუსთან თამაშის გარდა, სხვა საკითხებზეც ველაპარაკეთ.

- "წლის მატჩის" ლოდინი კიდევ უფრო გახანგრძლივდა, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ: მნიშვნელობის მხრივ, რას შეადარებთ ბელარუსთან მომავალ მატჩს?

- რთულია შედარება, რადგან მსგავსი მნიშვნელობის შეხვედრა არასდროს გვითამაშია. ერთადერთი, გამართვის თარიღის მხრივ თუ შევადარებდი ხორვატიასთან მატჩს (2011 წლის 26 მარტს ხორვატიის ნაკრებს სწორედ ლევან კობიაშვილის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით მოვუგეთ. - რ.შ.), მაგრამ დიდი ალბათობით ბელარუსთან მატჩი 26 მარტს აღარ გაიმართება. ისე, მე არც თარიღების დამთხვევას ვაქცევ ყურადღებას და არც შემთხვევითობის მჯერა! ის გამარჯვება შემთხვევითი არ ყოფილა - წინასამატჩო განწყობის, უამრავი დროშის, სტადიონზე დროულად მისული ათიათასობით ქომაგის დამსახურება იყო. მაშინ ამ ყველაფრით დავიმსახურეთ, თვითონ შევქმენით გამარჯვება და ასე უნდა იყოს ამჯერადაც, როცა უნდა გაიმართოს ბელარუსთან მატჩი.

- არის შანსი, თარიღი არ შეიცვალოს?

- ვითარება ყოველდღიურად იცვლება, შეჩერებულია ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების უმეტესობა, ევროთასები, სანაკრებო თამაშები. წინასწარი განცხადებები უკვე გაკეთდა, 17 მარტს უეფა საგანგებო თათბირის შემდეგ ოფიციალურად გამოაცხადებს როგორც მთლიანად "ევრო-2020"-თან, ისე საკვალიფიკაციო მატჩებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასაც.

- ცხადია, უმაყურებლოდ გამართვას თამაშის გადადება გვერჩივნა, რადგან სავსე ტრიბუნები ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა უნდა იყოს! - ასეთი დონის მატჩის მაყურებლის გარეშე გამართვა სრული კატასტროფა იქნება! პირველივე დღიდან უეფასთან განვიხილავდით თამაშის გადადებას, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გულშემატკივრების, ისე ჩვენი ფეხბურთელების უსაფრთხოებაც. ლეგიონერების უმეტესობას მოუწევდა გამომგზავრება აეროპორტებიდან, სადაც კორონავირუსის გამო რთული ვითარებაა. რაც შეეხება თამაშის თარიღის შეცვლას, ესეც დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული, რადგან პლეი-ოფის მატჩების გარდა, გასამართია სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების თამაშები, ევროთასები, ეროვნული ჩემპიონატები... წარმოქმნილი ქაოსის დალაგება ძალიან რთული იქნება.

- ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელების 95% ეროვნული ჩემპიონატის წარმომადგენელია, ჩვენს გუნდში კი აბსოლუტურ უმრავლესობას ლეგიონერები შეადგენენ. თუმცა კორონავირუსით გამოწვეულმა შეზღუდვებმა და შეწყვეტილმა ჩემპიონატებმა ამ "განსხვავებასაც" დაუკარგა აზრი... - იმის მიუხედავად, რომ პატივს ვცემ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს, მათი შემადგენლობა ჩემთვის უინტერესოა. მთავარი ჩემი გუნდის ფეხბურთელები და მათი მდგომარეობაა. მე მჯერა ჩემი გუნდის და ვიცი, რომ თუ ჯანმრთელად ვიქნებით და თვითონ არ შევუქმნით თავს პრობლემებს ტრავმებით ან შეცდომებით, ყველაფერი კარგად იქნება!

ბელარუსებისგან განსხვავებით, საკონტროლო შეხვედრები არ გვითამაშიაო.–შეიძლება სურვილი ჩვენც გვქონდა და კარგიც იქნებოდა, თუ ვითამაშებდით, მაგრამ 26 მარტამდე ეს თეორიულადაც კი შეუძლებელი იყო. ამის მიუხედავად, შეთამაშების პრობლემა ნამდვილად არა გვაქვს: წლებია, ნაკრების ძირითადი ბირთვი ერთად თამაშობს, განსაკუთრებული ცვლილებები კი არც ტაქტიკის თვალსაზრისით იქნება – მოწინააღმდეგეს ჩვენი თამაში უნდა მოვახვიოთ თავს, სტადიონი და გულშემატკივარი კი დამატებით უპირატესობად იქცეს!

- ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ნაკრები მიიღებს უეფასგან ჩარიცხული თანხის 80%-ს, რაც 7 მილიონ ევროზე მეტია. ჩვენს შემთხვევაშიც ხომ არ იგეგმება მსგავსი რამ?

- ოღონდ დასახულ მიზანს მივაღწიოთ და უეფას გამოყოფილ თანხას ფულს ჩვენც დავამატებთ! მეტიც, "ერთა ლიგის" ჯგუფის მოგებისთვის უეფას მიერ ფედერაციისთვის გამოყოფილი საკმაოდ დიდი თანხა სრულად გადავეცით გუნდს! რაც შეეხება მომავალს, არ მაინტერესებს, რამდენია გამოყოფილი ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის.

- ცნობილია, რომ ბილეთების შეძენა შეზღუდული რაოდენობით იყო შესაძლებელი, მაგრამ მაინც არის ალბათობა, გარკვეული ნაწილი ისევ აღმოჩენილიყო გადამყიდველების ხელში? - ვცადეთ ყველა თანაბარ პირობებში ჩაგვეყენებინა და შეძლებისდაგვარად შეგვეზღუდა ცალკეული პირების ხელში დიდი რაოდენობის ბილეთების მოხვედრა, მაგრამ ამის გამო, უკმაყოფილოც ბევრი დაგვრჩა.

- უკვე ცნობილია უეფას "ერთა ლიგის" მომავალი გათამაშების წილისყრის შედეგებიც: ჩრდილოეთი მაკედონია, ესტონეთი, სომხეთი - რას იტყვით ჩვენს მომავალ მეტოქეებზე? - მაკედონიასთან არასოდეს გვითამაშია, ისევე როგორც ოფიციალური არასოდეს გვითამაშია სომხეთთან. შედარებით მეტჯერ შევხვედრივართ ესტონეთს. მიზანი ამჯერადაც უცვლელია,–ეს ჯგუფიც უნდა მოვიგოთ! "ერთა ლიგის" პირველი გათამაშებისგან განსხვავებით, ამჯერად მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსიც გვექნება: ზედა ორი დივიზიონის მონაწილე გუნდები დიდი ალბათობით "ჩვეულებრივ" შესარჩევშიც მოიპოვებენ მუნდიალის საგზურს, "ერთა ლიგის" პლეი-ოფში კი მათ ადგილს არა ჯგუფის მეორეადგილოსნები, არამედ ჩვენი "ც" დივიზიონის პირველადგილოსნები დაიკავებენ. ასე რომ, ჯგუფი მოსაგებია.

- გასაგებია, რომ ფონდის წყალობით ბევრი კლუბი დაშლას გადაურჩა, მაგრამ დღეს უფრო აქტუალურია მთავარი კითხვა: რა შეგვრჩება ხელში ხუთწლიანი პროგრამის დასრულების და 250 მილიონი ლარის დახარჯვის შემდეგ? - ხშირად ისმის კითხვა, რატომ ფინანსდებიან კლუბები სახელმწიფო ბიუჯეტიდან? მეც მიმაჩნია, რომ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდნენ. სხვათა შორის, სხვა სახეობებში ფეხბურთზე არანაკლები თანხა იხარჯება. თუ ვინმეს ჰგონია, ფონდის არარსებობის შემთხვევაში ბიუჯეტი ფეხბურთს აღარ დააფინანსებს, ძალიან ცდება: დააფინანსებს ზუსტად ისე, როგორც წინათ აფინანსებდა, მაგრამ განსხვავება ის არის, ვერც მე და ვერც თქვენ ვერ გაიგებთ, რამდენით დააფინანსებს და რაში დაიხარჯება ეს თანხა.

ფეხბურთის გულშემატკივრის პოზიცია გასაგებია - ამდენი ფული იხარჯება, შედეგი კი არ ჩანსო. "შედეგში", კლუბების პრობლემებთან ერთად, ევროთასებზე ნაჩვენები თამაში იგულისხმება, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ფეხბურთი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან. ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ყველაფერი სატელევიზიო უფლებების გაყიდვით, სპონსორებით, ბილეთებით და ა.შ. მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე იგეგმება, ჩვენნაირ რეგიონებში კი მთავარი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფოს გამოყოფილი ფულის გარდა, კლუბები იყენებენ გუნდის ხელმძღვანელის ე.წ. ჯიბის ფულს, რომელსაც ის თავისი ჯიბიდან იხდის, მისი ფინანსური პრობლემები კი მომენტალურად აისახება კლუბზეც. როცა გულშემატკივარი ხედავს, რა ხდება ქუთაისის "ტორპედოს" ან სხვა კლუბების შემთხვევაში, ცხადია, უჩნდება კითხვა, ეს რა განვითარებაა?! ამიტომაც ფიქრობს, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდი არასწორად მუშაობს.

- სახელმწიფოს დახმარების მიუხედავად, კლუბები როგორ ახერხებენ ვალების დაგროვებას. - კლუბები ვალს არ დაიდებენ, თუ მხოლოდ სახელმწიფოს გამოყოფილი ფული ექნებათ. ეს თანხა (მაქსიმუმ 1,5 მილიონი ლარი) საკმარისი არ არის და როცა მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები მოჰყავთ, საქმეში კლუბის მეპატრონის პირადი თანხები ერთვება. მფლობელების პრობლემების გაჩენასთან ერთად, კლუბის პრობლემებიც იწყება, გულშემატკივარი კი ამ ყველაფერს განიხილავს კონტექსტში "ფონდი", რაც არასწორია. როცა სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეთა უმეტესობას მუნიციპალური კლუბები შეადგენდნენ. წელს კი, უმაღლესი ლიგის ყველა კლუბი კერძოა!

- რამდენიმე თვეში იწურება თქვენი, როგორც პარლამენტის წევრის მანდატიც. როგორი იყო ეს ოთხი წელიწადი ლევან კობიაშვილისთვის? - ფაქტებმა უნდა გვიჩვენოს, დავაკელი თუ არა რამე რომელიმე საქმიანობას. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად მაინც გამოიხატა ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მხოლოდ ბათუმის ახალ სტადიონს არ ვგულისხმობ, მხედველობაში მაქვს კასპი, ხაშური, სხვა ქალაქები, ასევე ბათუმის ანგისას ბაზა, ზუგდიდში სტადიონის დასრულება და ა.შ.

პარლამენტარობა არ ყოფილა ჩემი ცხოვრების მთავარი ოცნება, თუმცა დღეს აქ ვარ და ვცდილობ საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა ფეხბურთის დასახმარებლადაც გამოვიყენო.