ვის გაუხარდა "ევრო-2020"-ის გადადება - კვირის პალიტრა

ვის გაუხარდა "ევრო-2020"-ის გადადება

ცხადია, ჩვენც. იმ თვალსაზრისით, რომ ბელარუსთან მაყურებლის გარეშე თამაშს მატჩის მოგვიანებით გამართვა გვირჩევნია, წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატის 2021 წელს გადატანას კი ავტომატურად მოჰყვა "ერთა ლიგის" პლეი-ოფის მატჩების გადადებაც. გაუხარდებოდათ ბელარუსებსაც, რადგან მათი ნაკრების მოთამაშეთა 95% ეროვნული ჩემპიონატის წარმომადგენელია, ბელარუსის ჩემპიონატი კი 19 მარტს დაიწყო და ჩვენს მეტოქეებს იმედი აქვთ, რომ ივნისს (საქართველო-ბელარუსი სწორედ ივნისის დასაწყისში გაიმართება. - რ.შ.) უკეთეს ფორმაში შეხვდებიან. დიახ, ევროპისა და აზიის უმეტესი ნაწილის ქვეყნების შეწყვეტილი ჩემპიონატების ფონზე ბელარუსის პირველობა ახლაღა დაიწყო, თუმცა Covid-19-ის გავრცელების ტემპისა და მასშტაბის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ რამდენიმე დღეს ან კვირას თუ გასტანს.

რაც შეეხება გადადებული მატჩების კიდევ ერთ დადებით მხარეს, ბელარუსებთან ერთად რამდენიმეთვიანი პაუზა ჩვენც წაგვადგება - თუ ბელგიისა და კვიპროსის ჩემპიონატები ივნისამდე განახლდება, სასურველი კონდიციების დაბრუნების კარგი შანსი ექნებათ ჩვენი ნაკრებისთვის ისეთ მნიშვნელოვან მოთამაშეებს, როგორიც არიან გიორგი ჩაკვეტაძე, ჯანო ანანიძე და სხვ.

თუკი ჩვენ ორთვიანმა გადავადებამ გაგვახარა, წარმოიდგინეთ იმ ფეხბურთელების ბედნიერება, რომლებსაც ტრავმის გამო უკვე გამოტირებული ჰქონდათ ევროპის წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობის შანსი... და ასეთები საკმაოდ არიან. დღევანდელ წერილში სწორედ მათზე ვილაპარაკებთ:

ჰარი კეინი და მარკუს რაშფორდი (ინგლისი)

კეინმა იანვარში გაიკეთა ბარძაყის ოპერაცია და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. რამდენიმე დღის წინ "ტოტენჰემის" ფორვარდმა ბურთით ვარჯიში განაახლა, თუმცა საჩქარო უკვე აღარაფერია - "ევრო-2020" "ევრო-2021" გახდა, პრემიერლიგის განახლების თარიღზე კი ჯერ ლაპარაკიც ზედმეტია.

იანვარში მიიღო ზურგის სერიოზული ტრავმა მარკუს რაშფორდმაც. "მანჩესტერ იუნაიტედში" იმედოვნებდნენ, რომ 22 წლის შემტევი მოედანს ინგლისის თასის ფინალისთვის მაინც დაუბრუნდებოდა (კორონავირუსამდელ ბრიტანეთში ეს 23 მაისს ნიშნავდა), თუმცა არც ის იყო გამორიცხული, მარკუსს გამოეტოვებინა ევროპის ჩემპიონატიც, რომლის სტარტი 12 ივნისს იყო დაგეგმილი. კეინისა და რაშფორდის არყოფნაში, დიდი ალბათობით, შანსი მიეცემოდა ვეტერან ჯეიმი ვარდის, რომელიც ახლა ნამდვილად იქნება ისეთებს შორის, ვისაც ევროპის ჩემპიონატის გადადება არ გაუხარდათ.

ედენ აზარი (ბელგია)

"რეალის" ბელგიელი ვარსკვლავი თებერვლის ბოლოს დაშავდა, მარტის დასაწყისში კი აშშ-ში ოპერაცია გაიკეთა. მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი არ დასახელებულა, თუმცა კლუბსა და ნაკრებში იმედოვნებდნენ, რომ მაისის ბოლოსთვის ედენი მზად იქნებოდა. "მასთან ხშირი კონტაქტი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ლა ლიგის ბოლო მატჩისთვის მომჯობინდება", - ამბობდა ბელგიის ნაკრების თავკაცი რობერტო მარტინესი. შესაძლოა ასეც მომხდარიყო, თუმცა აზარი ბოლომდე ჯერაც ვერ გაიხსნა მადრიდულ სუპერკლუბში – მხოლოდ 15 თამაში 1 გოლი და 5 საგოლე გადაცემა. ასე რომ, ძნელად სავარაუდოა, როგორ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში შეხვდებოდა ედენი ევროპის ჩემპიონატს.

ჟელსონ მარტინში (პორტუგალია)

კორონავირუსი რომ არა, "მონაკოს" ვინგერი ევროპის ჩემპიონატს სულელური მიზეზით გამოტოვებდა: თებერვლის დასაწყისში ჟელსონმა ორჯერ "უჯიკა" მსაჯს, რის გამოც... ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია დაიმსახურა! მარტინშისთვის საკლუბო სეზონი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავის გამოჩენასა და ნაკრებში მოხვედრას ვეღარ მოახერხებდა.

ჯენკ ტოსუნი და მერიხ დემირალი (თურქეთი)

"ევერტონიდან" "კრისტალ პალასში" განათხოვრებულმა ფორვარდმა მუხლის ტრავმა სეზონის იძულებით შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე, ვარჯიშზე მიიღო და სეზონის ბოლომდე გამოაკლდა კლუბსა და ნაკრებს. ევროპის ჩემპიონატი დაგეგმილ ვადაში რომ გამართულიყო, ტოსუნის გარეშე ჩაივლიდა.

რაც შეეხება "იუვენტუსის" მცველ მერიხ დემირალს, მას ქირურგიული ჩარევა იანვარში დასჭირდა ჯვარედინი იოგების და მენისკის ტრავმის სამკურნალოდ. დემირალი ვარჯიშის განახლებას ივლისამდე ვერ შეძლებდა, ამიტომაც არც მალავს, რომ ევროპის ჩემპიონატის გადადებით ძალიან კმაყოფილია.

უსმან დემბელე (საფრანგეთი)

მიმდინარე სეზონში დემბელემ "ბარსელონის" მაისურით მხოლოდ ხუთი მატჩი ითამაშა ლა ლიგაში. თებერვლის დასაწყისში, მან თითქმის ბოლომდე აღიდგინა მუხლის ტრავმის შემდეგ დაკარგული ფორმა, თუმცა მალევე გაიწყვიტა კუნთი და აუცილებელი გახდა მორიგი ოპერაცია, რაც ნახევარწლიან იძულებით "შვებულებას" და "ევრო-2020"-ის 100%-ით გამოტოვებას ნიშნავდა. ამგვარად, ევროპის ჩემპიონატის გამართვის თარიღის გადატანით ფრანგმა კონტინენტის პირველობაზე თამაშის შანსი მიიღო. დიახ, სწორედაც რომ შანსი, და არა გარანტია, რადგან ვინ იცის, კიდევ რამდენი ტრავმის მიღებას მოასწრებს 2021 წლის ივნისამდე? შეგახსენებთ, რომ "ბარსაში" გატარებული 2,5 წლის განმავლობაში, 22 წლის ფრანგი ცხრაჯერ(!) დაშავდა!

მემფის დეპაი, იეტრო ვილემსი და დონიელ მალენი (ჰოლანდია)

გასულ წელს დეპაი "ლიონში" ბრწყინავდა საფრანგეთის ჩემპიონატშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც. თუმცა დეკემბერში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ფეხბურთს ნახევარი წლით ჩამოშორდა. ვარჯიშის განახლების შემდეგ მემფისი თავდაუზოგავად შრომობდა, თუმცა ძნელად წარმოსადგენია, ძველებური ფორმის აღდგენა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მოესწრო.

წლის დასაწყისში დეპაის მსგავსი ტრავმა მიიღო "ნიუკასლის" მცველმა იეტრო ვილემსმაც, პსვ-ს ფორვარდმა დონიელ მალენმა კი მძიმედ დაიზიანა მუხლი. ორივე მათგანი სეზონის ბოლომდე გამოეთიშა საყვარელ საქმეს.

ნიკლას ზულე (გერმანია)

მიუნხენის "ბაიერნის" 24 წლის მცველმა მძიმე ტრავმა ოქტომბრის ბოლოს მიიღო. გერმანიის ნაკრების თავკაცი იოაჰიმ ლიოვი ამ ამბავმა ძალიან დაამწუხრა, "ბაიერნის" მაშინდელმა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა კი დანანებით აღნიშნა, რომ "ზულესთვის სეზონი დასრულებულია, ისევე, როგორც იმედი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობისა". მართლაც, ვინ წარმოიდგენდა, რომ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატს გადადებდნენ. მართალია, თეორიულად, ზულეს ივნისამდეც შეეძლო გამოჯანმრთელება (5 მარტს მან პირველად ივარჯიშა), მაგრამ ახლა, როცა გერმანიის ჩემპიონატი შეჩერებულია, "ევრო-2020" კი გადადებული, საჩქარო აღარაფერია, მით უმეტეს, რომ 2014 წელს, ნიკლასს უკვე ჰქონდა მყესის ტრავმა იმავე მუხლზე და ცხადია, რეციდივის შიშით ფეხბურთელი ტყუილუბრალოდ აღარ იჩქარებს.

არტიომ ბესედინი (უკრაინა)

ერთწლიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც 2020 წლის დეკემბრამდე მოქმედებს, კიევის "დინამოს" ფორვარდმა გასული წლის ნოემბერში "აიკიდა". მიზეზი - შვედურ "მალმიოსთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ დოპინგ-ტესტზე უარის თქმა. მისდა ბედად, ბესედინს გაუჩნდა შანსი, მაინც ითამაშოს ევროპის მომავალ ჩემპიონატზე.

ნიკოლო ძანიოლო (იტალია)

"რომას" 20 წლის ნახევარმცველმა გაწყვეტილი იოგების აღსადგენი ოპერაცია იანვარში გაიკეთა. რეაბილიტაციის სავარაუდო ვადად 6 თვე განისაზღვრა, თუმცა ძანიოლოს მკურნალი ექიმი ამბობდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს მაინც ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი. აქვს კიდეც და ახლა ეს შანსი გაცილებით მაღალია! ნიკოლოს შეუძლია კონტინენტის პირველობისთვის აუჩქარებლად მოემზადოს.

ჯო ალენი (უელსი)

"სტოკ სიტის" ნახევარმცველს სეზონის ბოლომდე დასვენება მარტის დასაწყისში გამოუწერეს. აქილევსის მყესი ალენმა "ჰალის" წინააღმდეგ მატჩში გაიწყვიტა, თუმცა, თუ სხვა დაზიანება აღარ მიიღო, მომავალი წლის ივნისამდე აუცილებლად გამოკეთდება. ჯო 2009 წლიდან თამაშობს უელსის ნაკრებში, რომელმაც ევროპის ბოლო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო.