რეკორდი, რომელმაც დროს გაუძლო - კვირის პალიტრა

რეკორდი, რომელმაც დროს გაუძლო

არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ცხოვრობენ და შრომობენ ჩვენ გვერდით, ჩვენთან ერთად იზიარებენ ქვეყნის სიხარულსა და სატკივარს. თითქოს არაფრით გამორჩეულია მათი ყოფა და ძნელად თუ იგრძნობ, რომ ეს, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დუშელი კაცი გამორჩეული ცხოვრების, დიდი ბიოგრაფიის ადამიანია.

კარლო გორძამაშვილი გასული საუკუნის სამოციანი წლების ყველაზე გამორჩეულ ქართველ სპორტსმენთა რიცხვს ეკუთვნის, იმ სპორტსმენთა პლეადას, რომელთა უნარმა, ძალ-გულოვნებამ და გამარჯვებისაკენ დაუღალავმა სწრაფვამ არაერთხელ ასახელა საქართველო, შორს გაუთქვა სახელი მშობლიურ კუთხეს.

მის გამოსვლებს მოუთმენლად ელოდა გულშემატკივართა უზარმაზარი არმია. მსოფლიოს მრავალ სტადიონს დღესაც ახსოვს მისი რეკორდებით აღტაცებულთა ოვაცია. ლეგენდარული მძლეოსნის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, შუბის მტყორცნელი კარლო გორძამაშვილის მიერ 1966 წელს დამყარებული საქართველოს რეკორდის - 81,99 მეტრის გაუმჯობესებას მრავალი წლის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ ქვეყნის წამყვანი სპორტსმენები (რამდენიმე წლის წინ კი შუბი შეიცვალა - თანამედროვე სპორტსმენები უფრო მძიმე შუბს ისვრიან, ამიტომ გორძამაშვილის რეკორდი მოუხსნელი დარჩება).

ბატონი კარლოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს სპორტის ისტორიაში უპრეცედენტოა ისეთი რეკორდი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა ვერავინ მოხსნა.

ერთ-ერთი საწვრთნელი შეჯიბრების დროს მის მიერ ნატყორცნი შუბი მსოფლიოს რეკორდის აღმნიშვნელ მიჯნასთან დაეცა. ბატონი კარლოს შესაძლებლობებს დიდად აფასებდა მეხიკოს ოლიმპიადის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი რიგელი იანის ლუსისი, რომელიც მას ღირსეულ კონკურენტად თვლიდა.

- ვარჯიში პირველად სპორტული ყუმბარის ტყორცნასა და ბირთვის კვრაში დავიწყე, - იხსენებს ბატონი კარლო, რომელსაც რამდენიმე თვის წინ 70 წელი შეუსრულდა, - ამ სახეობებში 1960 წელს ბათუმში გამართულ მოსწავლეთა შეჯიბრებაში ჩემ მიერ მიღწეული შედეგები შეუმჩნეველი არ დარჩენიათ საქართველოს სპორტის მესვეურებს და მათი რჩევით შუბის ტყორცნაში მოვსინჯე ძალა, ჩემი მწვრთნელის, ბატონ ნოე ლობჟანიძის ხელმძღვანელობით. უკვე 1962 წელს დავამყარე საქართველოს მაშინდელი რეკორდი 73,73 მეტრი, რომელიც შემდეგ რამდენჯერმე გავაუმჯობესე.

- მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სტადიონზე გამოსულხართ. ყველაზე მეტად რომელი მათგანი დაგამახსოვრდათ?

- გამორჩეულად მახსოვს პოტსდამში ჩატარებული საერთაშორისო შეჯიბრება, სადაც გულშემატკივართა შორის რამდენიმე ჩვენი თანამემამულე, მათ შორის ჩემი მეგობრებიც მიჭერდნენ მხარს, რომლებიც იმ ქალაქში სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდნენ. მათთან საუბარში ისე გავერთე, რომ დაგვიანების გამო ერთი ცდის გამოტოვებაც მომიხდა. ამის მიუხედავად, დარჩენილი ორი ცდით  მაინც მოვიგე ტურნირი.

კარლო გორძამაშვილი დიდხანს იყო საბჭოთა კავშირის ნაკრებში, იყო ოლიმპიური გუნდის კანდიდატიც, მაგრამ, როგორც ჩანს, პატარა ერის შვილს არაერთმა სუბიექტურმა მიზეზმა შეუშალა ხელი ნიჭის გამოვლინებაში, რაც მას დიდების მწვერვალზე აიყვანდა.

სახელოვანი სპორტსმენი დღესაც მხნედ არის. ცხოვრებისეულმა სიძნელეებმა და პირადმა მწუხარებამ, მართალია, კვალი დააჩნია მის ცხოვრებას, მაგრამ ჭარმაგი ვაჟკაცი დღესაც მზადაა საჭიროების შემთხვევაში კვლავაც ერთგულად ემსახუროს საყვარელ ქვეყანას.

მრავალრიცხოვან მკითხველთა სახელით ვულოცავთ ბატონ კარლოს 70 წლის იუბილეს, ჯანმრთელობას ვუსურვებთ მას, საქართველოს არ მოჰკლებოდეს მისი მსგავსი ვაჟკაცები.

მარიამ ხულუზაური