ალათასა, ბალათასა... - კვირის პალიტრა

ალათასა, ბალათასა...

საქართველო მეოთხე კალათაშია

ევროპის 2011 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი სტარტს 31 აგვისტოს აიღებს, 30 იანვარს კი ვილნიუსში კონტინენტის პირველობაზე მონაწილე 24 ნაკრებს 6 ქვეჯგუფში გადაანაწილებენ. არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს, ამიტომაც იანვრის მიწურულს გასამართ კენჭისყრას, რომელსაც ვილნიუსის თეატრი უმასპინძლებს, ჩვენც მოუთმენლად ველით. თუმცა, იქამდე, ფიბა-ევროპამ უკვე გადაანაწილა 24 ნაკრები ექვს კალათაში, რათა მეტ-ნაკლებად თანაბრად დაკომპლექტებული ჯგუფები მიიღოს.

პირველ-მესამე კალათებში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 10 ევროპული ნაკრები გადანაწილდა, დარჩენილ სამ კალათაში კი ის 12 გუნდი, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ. მეექვსე კალათაში დარჩენილ ორ ვაკანსიას საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე სამი გუნდი (ფინეთი, პორტუგალია, უნგრეთი) ერთმანეთში 3-24 აგვისტოს, მიმოსვლითი სისტემით გაათამაშებენ. როგორც ცნობილია, გასული წლის აგვისტოში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენმა ნაკრებმა ქვეჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა სხვა ჯგუფების მეორეადგილოსნებს.

ამიტომაც იგორ კოკოშკოვის გუნდს მეოთხე კალათაში მიუჩინეს ადგილი, რაც სულაც არ არის ურიგო.

საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა 30 იანვარს გაირკვევა, მანამდე კი ექვსივე კალათის "ბინადრების" გაცნობით დავკმაყოფილდეთ.

I კალათა: ესპანეთი, სერბეთი, საბერძნეთი, სლოვენია.

II კალათა: საფრანგეთი, ხორვატია, რუსეთი, თურქეთი.

III კალათა: გერმანია, ლიტვა, ჩერნოგორია, ბელგია.

IV კალათა: დიდი ბრიტანეთი, მაკედონია, ისრაელი, საქართველო.

V კალათა: იტალია, ბულგარეთი, პოლონეთი, ბოსნია.

VI კალათა: უკრაინა, ლატვია. კვალიფიკაციის გამარჯვებული 1; კვალიფიკაციის გამარჯვებული 2.