ოქს-ანა მეორეში დამარცხდა - კვირის პალიტრა

ოქს-ანა მეორეში დამარცხდა

სანამ "დიდი სლემის" წლის პირველ ტურნირში - ავსტრალიის ღია პირველობაში ძირითადი ბადის ჩოგბურთელები ჩაერთვებოდნენ, მელბურნის კორტები საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეებმა მოსიჯნეს.

პირველი რაუნდის გადალახვა ტურნირის მონაწილე ორი ქართველი გოგონადან განსაკუთრებულად არც ერთს არ გასჭირვებია. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მისთვის სარეკორდო (132-ე) ადგილზეა, პოლონელ ურსულა რადვანსკას (193) სამ სეტში მოუგო - 4:6, 6:2, 6:0. ჯერ კიდევ წლინახევრის წინ რადვანსკა რეიტინგის 62-ე ადგილზე იყო და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია, ასეთი გამოცდილი მეტოქის ძლევა ტატიშვილს წარმატებად უნდა ჩავუთვალოთ. რაც შეეხება მეორე ჩვენებურს, ოქსანა კალაშნიკოვამ (191) რუს ეკატერინა ბიჩკოვას (180) აჯობა - 6:4, 6:7, 6:4. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორივე წარმომადგენელმა მატჩი თითქმის ერთდროულად მოიგო.

სამწუხაროდ, ასევე "შეთანხმებულად" დამარცხდნენ ჩვენები საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში. კალაშნიკოვამ თანატოლ ამერიკელ ირინა ფალკონისთან (184) წააგო - 0:6, 6:4, 5:7, ანა ტატიშვილმა კი ხუთი წლით უფროს უკრაინელთან, მართა კორიტოცევასთან (147) სეტის მოუგებლად დაყარა ფარ-ხმალი - 2:6, 3:6. ამგვარად, ავსტრალიის ღია პირველობა ქართველებისთვის უკვე დასრულდა და მხოლოდ ჩოგბურთის უცხოელი ვარსკვლავების თამაშით ტკბობა მოგვიწევს. სხვათა შორის, საინტერესო წყვილები პირველივე რაუნდში შეიყარნენ. მაგალითად, კლაისტერსი-საფინას და ჰიუიტი-ნალბანდიანის დაპირისპირებების დასახელებაც კმარა.