500 ათასი ქართველი მორაგბისთვის - კვირის პალიტრა

500 ათასი ქართველი მორაგბისთვის

გორგოძის გამო საფრანგეთში სკანდალი ატყდა

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი - მამუკა გორგოძე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯერ იყო და, ფრანგულმა გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" ქართველი მესამეხაზელი საფრანგეთის ჩემპიონატის დეკემბრის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, კვირის მიწურულს კი "გულივერას" მიერ ამჟამინდელ კლუბ "მონპელიესთან" კონტრაქტის სამი წლით გახანგრძლივებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

საქმე ის არის, რომ გორგოძეს წინასწარი შეთანხმება "ტულონთან" ჰქონდა გაფორმებული და რადგან "მონპელიეში" დარჩენა გადაწყვიტა, საფრანგეთის ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბის - "ტულონის" მილიარდერი მფლობელი - მურად ბურჯელალი კომპენსაციად 500 ათას ევროს ითხოვს. საბედნიეროდ, როგორც უნდა დამთავრდეს ეს სკანდალური ისტორია, "გორგოძილას" (ასე ეძახიან გორგოძეს ფრანგულ პრესაში. - ავტ.) კარიერას არაფერი ემუქრება - ეს თავად მორაგბემ დაგვიდასტურა.

- "ტულონთან" მართლაც მქონდა გაფორმებული წინასწარი შეთანხმება, მაგრამ "მონპელიეში" დარჩენა გადავწყვიტე და კლუბთან ხელშეკრულება სამი წლით გავაგრძელე. "მონპელიესგან" გარანტია მივიღე, რომ თუ რამე პრობლემა შეიქმნა, მის მოგვარებას საკუთარ თავზე კლუბი აიღებს.

- არადა, "ტულონის" მფლობელი ბურჯელალი საკომპენსაციოდ 500 ათას ევროს ითხოვს.

- ტულონელთა რეაქცია გასაგებია, მათ ჩემი გადაბირება სურდათ და... წესით და რიგით, საკომპენსაციო თანხას მოთამაშისგან ითხოვენ ხოლმე, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, "მონპელიესგან" გარანტია მივიღე, რომ პრობლემის გადაწყვეტაზე თავად იზრუნებენ. ჩემს გუნდს აქვს თავისი არგუმენტები და დარწმუნებულია, რომ პრობლემას იურიდიული გზით მოაგვარებს. ფრანგული კანონმდებლობით, კლუბს უფლება არა აქვს, სხვა გუნდის მოთამაშეს კონტრაქტი 1-ელ თებერვლამდე გაუფორმოს და "მონპელიე" სწორედ ამის გამოყენებას აპირებს სათავისოდ. იმ შემთხვევაში კი, თუ კომპენსაცია მაინც იქნება გადასახდელი, მას კლუბი გადაიხდის.

- ძალიან კარგი. შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებს ურთულესი მატჩები ელის და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო თასს უპრობლემოდ, კარგი განწყობით შეხვდე.

- რა თქმა უნდა, თუმცა, მოტივაციის ნაკლებობას და სათამაშო განწყობას არასდროს ვუჩიოდი. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

- რამდენიმე დღის წინ "მიდი ოლიმპიკმა" დეკემბრის სიმბოლურ ნაკრებში დაგასახელა. მანამდეც რამდენჯერმე გამოგარჩიეს. ფაქტია, რომ კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებ.

- ასეა, ეს მართლაც ყველაზე კარგი სეზონია ჩემთვის. წინათ შეიძლება ვიღაცას დავჯახებოდი და ეთქვათ - რა მაგრად წააქციაო. ბოლოს ხანს კი მეტ ყურადღებას გუნდურ თამაშს ვაქცევ, ვცდილობ, გუნდს რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო. ამას ყველა ამჩნევს და საუკეთესოთა შორის უფრო ხშირად ამიტომაც მასახელებენ. ფრანგებისთვის დასამტკიცებელი აღარაფერი მაქვს, უკვე კარგად იციან, ვის რა შეუძლია, დაჯახებით და მეტოქის გადათელვით აქ ვერავის გააკვირვებ და რაც გუნდურ თამაშს მეტ ყურადღებას ვუთმობ, სპეციალისტების აღიარებამაც იმატა.

- რაც მთავარია, მოჩხუბართა შორის გორგოძე გაცილებით იშვიათად ჩანს ხოლმე.

- ახლახან ერთ-ერთმა ფრანგულმა გაზეთმა გამოაქვეყნა "ხუთი ყველაზე აგრესიული და არასასურველი მორაგბის" ჩამონათვალი, სადაც მეორე პოზიცია მერგო. თუმცა, იყო სხვა გამოკითხვაც, რომელშიც 120 მორაგბე მონაწილეობდა და არც ერთ მათგანს არ დაუწერია ჩემზე, რომ ოდესმე ჩხუბს ვეძებ. მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ საპასუხო რეაქცია მაქვს ხოლმე და დადებითად დამახასიათეს. მინდა, ხალხმა იცოდეს, რომ ჩხუბი არასდროს დამიწყია, თუმცა, ასეთი ხასიათი რომ არ მქონდეს, ისე ნამდვილად ვერ ვითამაშებდი, როგორც ახლა. თუ რამეს ვაკეთებ და ვინმე მაფასებს, ამ ხასიათის დამსახურებაა და ეს თუ მოვიშორე, მერწმუნეთ, მამუკა გორგოძისგან ნახევარი ძალის მორაგბე დარჩება.

- რადგან საფრანგეთის უმდიდრეს კლუბებთან ჭიდილში "მონპელიემ" შენი შენარჩუნება შეძლო, ჩანს, სერიოზული გეგმები აქვთ.

- კლუბის ხელმძღვანელობის მიზანი რამდენიმე ძირითადი მოთამაშის შენარჩუნება იყო, რასაც მიაღწიეს კიდეც და ახლა გუნდს მათ გარშემო ააშენებენ. ძალიან დიდი გეგმები აქვთ, მით უმეტეს, რომ "მონპელიეს" საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი - ფაბიენ გალატიე ხელმძღვანელობს.

- იმედია, მთავარ მიზანს - საუკეთესო ექვსეულში მოხვედრას მიაღწევთ. საფრანგეთის ჩემპიონატის მსგავსად "ჩელენჯ კაპზეც" ლიდერთა შორის ხართ.

- ასეა. გუშინ "ნიუკასლს" ვეთამაშეთ სტუმრად და 6:0 გავიმარჯვეთ. მე არ მითამაშია, თუმცა, ძალიან რთული მატჩი გახლდათ, თან ამინდიც ინგლისური იყო - მთელი თამაში წვიმდა. ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ "ჩელენჯ კაპს" დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. აი, "ჰეინეკენის თასი" სხვა საქმეა.