სპორტის ახალი რეალობა
სპორტის ახალი რეალობა
"ტაივანის ერთ-ერთმა ბეისბოლკლუბმა ტრიბუნებზე საკლუბო ფორმებში გამოწყობილი გულშემატკივარი-რობოტები განათავსა და მოთამაშეების გამამხნევებელი ბანერებითაც აღჭურვა!"

ყველა სხვა სფეროს მსგავსად, ახა­ლი კორონავირუსით გამოწ­ვეულმა პანდემიამ მსოფლიო სპორტის "წესებიც" შეცვალა. პრინციპში, უფრო სწორი იქნებოდა დაგვეწერა, რომ "სპორტიც გაჩერდა", თუმცა სპორტ(სმენებ)ის ონლაინრეჟიმში გადაბარგება, ინოვაციური მეთოდიკა და გარკვეული პოზიტიური სია­ხლეები იმედს გვაძლევს, რომ სპორტული სამყაროც მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს, მანამდე კი მსოფლიო სპორტში დღეს არსებულ ვითარებაზე ვილაპარაკოთ:

გუნდების უმეტესობა ონლაინ ვარჯიშობს - ფიზიოთერაპევტების მითითებებს სპეციალური აპლიკაციების
მეშვეობით "პირდაპირ ეთერში" ასრულებენ. ცხადია, ასეთი ვარჯიში სრულფასოვნად ვერ შეცვლის მოედანზე გატარებულ დროს. ამიტომაც ზოგიერთი გუნდი უკვე "დაბრუნდა". მაგალითად, "ბაიერნი" - მიუნხენელები ვარჯიშებს საკუთარ ბაზაზე, 3-4-კაციან ჯგუფებად დაყოფილი ატარებენ, სავარჯიშო ამუნიციასაც ცალ-ცალკე იცვლიან და ვარჯიშის დასრულების შემდეგ შინ შხაპის მიღების გარეშე ბრუნდებიან.

და რადგან გერმანიის
ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ "ბაიერნი" კონტრაქტების გაფორმების მხრივაც პირველია - ახალი ხელშეკრულების ხელმოწერისას თომას მიულერი და კლუბის ბოსები ზუსტად იცავდნენ "სოციალურ დისტანციას"!

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქ­ტუა­­ლური გახდა კიბერტურნირები: სპორ­ტ­ს­მენები არა მარტო ერთობიან სპორტის სხვადასხვა სახეობის სიმულატორე­ბით, ტურნირებშიც აქტიურად მონაწილეობენ! ფეხბურთელები - PES-სა და FIFA-ში,­ ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გამართა ტურნირი NBA2K, "ფორმულა-1"-ის პილოტები კი ვირტუალურ ტრეკებზე "დაშლიგინებენ".

რაც მთავარია, უკვე რამდენიმე ლიგის კლუბები განიხილავენ შეწყვეტილი სეზონის დასრულების ახალ სქემას: ყველა გუნდი ერთ რომელიმე ქალაქში გაივლის მოკლე, დახურულ შეკრებას, ითამაშებენ 72 საათში ერთხელ, "ტურნირს" კი მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი და "გარეშე პირი" დაესწრება. ინგლისის პრემიერლიგა ასეთი მინი-ბანაკების მოწყობას 2-3 ქალაქში გეგმავს, მატჩების გასამართავად კი ლაპარაკია საწვრთნელი ბაზების მოედნებზე. ანალოგიურ ვარიანტებს განიხილავენ "სერია A"-ში (რომი) და ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (დაკოტა).


მსგავსი მაგალითი უკვე არსებობს შერეულ ორთაბრძოლებში: UFC-მ დაიქირავა კერძო კუნძული, სადაც ოქტაგონს მოაწყობს და ორთაბრძოლებს გამართავს. რაც მთავარია, მონაწილე სპორტსმენებს არ ეცოდინებათ, სად მიფრინავენ! პროექტი საკმაოდ ძვირად ღირებულია - ლაპარაკია დაახლოებით 20 მილიონ დოლარზე.
განსხვავებული მიდგომა აქვთ გერმანიაში, სადაც მაყურებლის გარეშე გეგმავენ ბუნდესლიგის ამ სეზონის ჩამთავრებას. პარალელურად, მნიშვნელოვნად შემცირდება მატჩებში მონაწილეთა რაოდენობაც: "კორონამდელ" პერიოდში მაყურებლების გარეშე გასამართავი შეხვედრის მონაწილეთა (მოთამაშეებისა და პერსონალის ჩათვლით) რაოდენობა 600-ს აღწევდა, ახლა მაქსიმალური რაოდენობაა 239. მატჩის მონაწილე გუნდებს უფლება ექნებათ განაცხადში ჰყავდეთ ჯამში 126 პირი (ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და სამედიცინო პერსონალი). მათ გარდა, იქნება მხოლოდ 113 "გარეშე პირი" - მსაჯები, ჟურნალისტები, ოპერატორები და სატელევიზიო კომპანიების სხვა წარმომადგენლები და ბურთის მიმწოდებელი მხოლოდ ოთხი ბიჭი (ამჟამად დაშვებულია 12).

დიდი ალბათობით, კარანტინის შემდგომი პირველი მატჩები იტალიაში VAR-ის­ (Video Assistant Referee, ანუ მსაჯის ვიდეოასისტენტი) გარეშე გაიმართება. მიზეზი ის არის, რომ ეს ახალი ტექნოლოგია დიდი რაოდენობით ადამიანის ახლო კონტაქტს საჭიროებს - ლაპარაკია არა მარტო არბიტრებზე, არამედ ტექნიკურ პერსონალზეც, რადგან სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მოწყობილობების დაყენება და მომსახურება როგორც სტადიონზე, ისე VAR-ცენტრებში.

რაც შეეხება ცარიელ ტრიბუნებს, ეს არა მარტოდ პანდემიით გამოწვეული აუცილებლობაა, არამედ მომავლის პერსპექტივაც: Horizon Media-ს კვლევების თანახმად,­ აკრძალვების მოხსნა სულაც არ იქნება გულშემატკივრის სტადიონებზე დაბრუნების გარანტია - "თავისუფლების" პირველ კვირებში და შესაძლოა თვეებშიც, პოტენციური მაყურებლის მინიმუმ 60% შეიკავებს თავს სპორტული არენებზე სტუმრობისგან.
ამ არცთუ სასიამოვნო პერსპექტივისთვის ყველა თავისებურად ემზადება. მაგალითად, ტაივანის ერთ-ერთმა ბეისბოლკლუბმა ტრიბუნებზე საკლუბო ფორმებში გამოწყობილი გულშემატკივარი-რობოტები განათავსა და მოთამაშეების გამამხნევებელი ბანერებითაც აღჭურვა!

მანამდე კი, სანამ COVID-19-თან ბრძოლა აქტიურ ფაზაშია, მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო არენებიც "ბრძოლის ველზე" არიან. კლუბების დიდმა ნაწილმა (მადრიდის "რეალის", "ბორუსიას", "ტოტენჰემის" და სხვ. ჩათვლით), სტადიონების ინფრასტრუქტურა ადგილობრივ ექიმებს დაუთმო, ლონდონის "ჩელსიმ" მედიკოსებს თავისი სასტუმრო შესთავაზა და ა.შ.

ყველაზე წინდახედული კი "უიმბლდონის" ხელმძღვანელობა გამოდგა - სხვა დიდი ტურნირების მსგავსად, პანდემიის გამო "დიდი სლემის" ეს ტურნირიც გადაიდო, თუმცა... კომპენსაცია მოსალოდნელ ზარალზე გაცილებით დიდია! როგორც აღმოჩნდა, "უიმბლდონმა ჯერ კიდევ 17 წლის წინ დააზღვია ტურნირი პანდემიისგან და მას შემდეგ დაზღვევაში წლიურად 2 მილიონს იხდის. შესაბამისად, პანდემიის გამო ტურნირის გადადების საკომპენსაციოდ "უიმბლდონი" 141 მილიონს მიიღებს!

და რადგან ფეხბურთით დავიწყეთ, წერილის ბოლოს საფეხბურთო ტურნირების განახლების სავარაუდო თარიღებიც დავასახელოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უეფამ და ევროპის კლუბების ასოციაციამ უკვე მიაღწიეს შეთანხმებას მიმდინარე სეზონის განახლების შესახებ: თუ არაფერი შეიცვალა, ეროვნული ჩემპიონატის ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი ბუნდესლიგა განახლდება - გერმანელები ამას მაისში აპირებენ, დანარჩენი ქვეყნები - ივნისის დამდეგს. მაყურებლის გარეშე ჩაივლის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის აგვისტოში დაგეგმილი შეხვედრებიც. გარდა ამისა, ერთმატჩიანი იქნება ევროტურნირების მეოთხედფინალები და ნახევარფინალები, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდები ნეიტრალურ მოედანზე ითამაშებენ.

ითამაშონ. მთავარია, ითამაშონ და თუნდაც უმაყურებლოდ - სპორტის დაბრუნება ხომ იმის ნიშანი იქნება, რომ ცხოვრება მეტ-ნაკლებად მაინც დაუბრუნდა ნორმალურ რიტმს!

მანამდე კი დარჩით სახლში!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?