"კორონას შემდგომი სპორტიც შეიცვლება" - კვირის პალიტრა

"კორონას შემდგომი სპორტიც შეიცვლება"

"ლელომ" არსებობის ისტორიაში პირველად აიღო "ტაიმ-აუტი". იმედია, დროებით!"

ჭლევანდელ იუბილეს ყველა თაობის საყვარელი გაზეთიც "კარანტინში" შეხვდა. 86-წლიანი ისტორიის (1934 წლის 13 აპრილიდან საქართველოს პირველი სპორტული გაზეთი "საქართველოს ფიზკულტურელის" სახელით იბეჭდებოდა, 1949 წლის ზაფხულიდან კი "ლელო" ჰქვია. - რ.შ.) განმავლობაში პირველად გაზეთმა იძულებითი, პანდემიით გამოწვეული "ტაიმ-აუტი" აიღო. რაც შეეხება "ლელოს" იუბილე(ებ)ს, საკარანტინო პერიოდი ორივე მათგანს "გასწვდა": 13 აპრილს საქართველოს პირველ სპორტულ გაზეთს ჰქონდა დაბადების დღე, 28 აპრილს - თენგიზ გაჩეჩილაძემ დაიწყო მეცხრე ათწლეული! ნახევარ საუკუნეზე მეტია, ბატონი თენგიზი "ლელოში" მუშაობს, აქედან 30 წელიწადს გაზეთის მთავარი რედაქტორი იყო, ახლა კი საპატიო რედაქტორია და... პირობას გვაძლევს - "ლელოს" 100 და ჩემი 95 წლის იუბილესაც ერთად აღვნიშნავთო! თენგიზ გაჩეჩილაძე იმითაც არის უნიკალური ჟურნალისტი, რომ 15 ოლიმპიადას დასწრებია და ერთი წლით გადადებულ "ტოკიო-2020"-საც აუცილებლად გააშუქებს! 23 აპრილს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, თენგიზ გაჩეჩილაძეს მიენიჭა "საქართველოს სპორტის რაინდის" წოდება!

იუბილარი გაზეთის იუბილარ რედაქტორს მშობლიურ გაზეთზე, ასევე, გასულ და მომავალ ოლიმპიადებზე ველაპარაკეთ:

- ბატონო თენგიზ გილოცავთ დაბადების დღეს, "ლელოს" იუბილეს და საქართველოს სპორტის რაინდის დამსახურებულ წოდებას! გთხოვთ გაიხსენოთ პირველი დღე გაზეთში, რომელიც თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა...

- ცხენოსანი ვიყავი. 1958 წელს პირველი წერილი სწორედ მხედართა ასპარეზობაზე მივიტანე ელბაქიძის დაღმართზე მდებარე რედაქციაში. ის დღე არასოდეს დამავიწყდება, რადგან ძალიან თბილად მიმიღეს. იმ დღიდან აღარც გამიწყვეტია ურთიერთობა "ლელოსთან", მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანს ვიმუშავე ჟურნალ "მართვეს" რედაქტორის მოადგილედ, შემდეგ კი რედაქტორად. 30 წელიწადს ვიყავი მართლაც ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ქცეული "ლელოს" მთავარი რედაქტორი, აქ ვარ დღესაც და ვრჩები ბოლომდე...

- რა არის "ლელოს" პოპულარობის საიდუმლო? როგორ ახერხებს გაზეთი მკითხველის შენარჩუნებას დღესაც, ციფრულ საუკუნეში, როცა ინტერნეტმა ყველაფერი ჩაყლაპა და ნებისმიერი ინფორმაციის მიღება ონლაინრეჟიმში არის შესაძლებელი? - თუკი ოდესმე რომელიმე გაზეთი საქართველოში საყოველთაო-სახალხო სიყვარულით გამოირჩეოდა, უპირველესად ეს "ლელოზე" ითქმის. სპორტი ხომ თაობებს აერთიანებს. ეს გაზეთი განსხვავებული ასაკისა და პროფესიის ადამიანების სასურველ გზამკვლევად იქცა სპორტის სამყაროში, ამ სფეროში მათი ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. საბედნიეროდ, ეს ურთიერთობა დღემდე უცვლელი დარჩა, ინტერნეტის ეპოქაშიც კი "ლელომ" შეინარჩუნა თავისი ხიბლი და მიმზიდველობა და ეს არც არის გასაკვირი - მკითხველი ხომ უპირატესობას პროფესიონალიზმს ანიჭებს.

- 2020 წლის 13 აპრილს "ლელო" 86 წლის გახდა, თუმცა ერთი კვირით ადრე ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის მიზეზით მკითხველს დროებით - მაისამდე დაემშვიდობა... რას გრძნობთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, როცა საყვარელი გაზეთი ყოველდღიურად აღარ არის თქვენს ცხოვრებაში? - რას იზამ, კორონავირუსმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. თუმცა ვებგვერდი www.lelo.ge ძველებურად მუშაობს. საოცარია, რომ ჩვენმა რამდენიმე ჟურნალისტმა არ აიღო "ტაიმ-აუტი" - "ფორმის" და მკითხველთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად უანგაროდ, პროფესიული პასუხისმგებლობით აგრძელებენ ვებგვერდთან თანამშრომლობას. ასე რომ, გარკვეულწილად გაქარწყლებულია უგაზეთობით გამოწვეული დისკომფორტი.

- რთული პერიოდები წინათაც ჰქონია ამ ერთ-ერთ უძველეს გაზეთს. როდის გაუჭირდა "ლელოს" ყველაზე მეტად? ამა თუ იმ მიზეზით გაზეთის გამოცემა სხვა დროსაც შეწყვეტილა? - 1990-იანი წლები პრესისთვისაც ურთულესი იყო, პერიოდი, როცა განსაცდელს ვერ უძლებდნენ და ერთიმეორის მიყოლებით იხურებოდნენ გამოცემები. მართალია, ჩნდებოდა ახლებიც, მათ შორის სპორტულიც (რეგიონებშიც კი), თუმცა გამომცემლები მალე რჩებოდნენ იმედგაცრუებული... "ლელო" კი... ჩვენი გაზეთი სახალხო სიყვარულმა გადაარჩინა, ამის მეშვეობით გაუძლო განსაცდელს. "ლელო" შევინარჩუნოთ!"- ეს იყო მთავარი ამოცანა, რისთვისაც დიდი მადლობა ყველას. მადლობა კოლეგებსა და სპორტის სპეციალისტებს უანგარო თანადგომისთვის... მერე, როცა "პალიტრამედიის" ქოლგის ქვეშ აღმოვჩნდით, ნამდვილად შვებით ამოვისუნთქეთ. აქ ჩვენ არა მარტო ორგანიზაციული თვალსაზრისით ვნახეთ საიმედო თავშესაფარი, არამედ ახალ, უმაღლეს ხარისხში ვიგრძენით ტრადიციული სიყვარულისა და ერთგულების გამოვლენა საქართველოს პირველი და ევროპაში ერთ-ერთი უძველესი სპორტული გაზეთისადმი. რაც შეეხება იძულებით "არდადეგებს", ვინ წარმოიდგენდა, რომ ახალი კორონავირუსი მსოფლიოში ყველას და ყველაფერს ამოაყირავებდა, თუმცა... "ლელომ" არსებობის ისტორიაში პირველად აიღო "ტაიმ-აუტი". იმედია, დროებით!

- როგორი განწყობით შეხვდით მეცხრე ათეულის დასაწყისს? - "ლელო" ხუთი წლით უფროსია ჩემზე. რაც შეეხება განწყობას, ის ერთად ყოფნის გაუნელებელი სიყვარულით განცდის საკადრისია. გაზეთის 100 და ჩემი 95 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ!..

- 2020 თენგიზ გაჩეჩილაძისთვისაც უნდა ყოფილიყო მორიგი ოლიმპიური წელი... ალბათ, უდიდესი იმედგაცრუება დაგეუფლათ, როცა ოფიციალურად გამოცხადდა "ტოკიო-2020"-ის ერთი წლით გადადების ამბავი... - ჩემი იმედგაცრუება არაფრად ღირს იმასთან, რაც მთლიანად სპორტს დაატყდა თავს. კორონავირუსის სასჯელ-განაჩენით ბევრი უცნაური, მეტიც, აქამდე წარმოუდგენელი ამბავი მოხდა კაცობრიობის ისტორიაში. დიახ, ისტორიას არ ახსოვს არც ანტიკური და არც თანამედროვე ოლიმპიური თამაშების გადადება. საერთოდ, "გადადება" სრულიად უცნაური, ტრადიციებთან შეუთავსებელი რამაა, რასაც ოლიმპიური ქარტიაც კი არ ითვალისწინებს... ასე რომ, მეც მაშინ წავალ ამ გადადებულ ოლიმპიადაზე, როცა გაიმართება (თუ საერთოდ გაიმართა) - აკრედიტაციას ვადა არ გაუვა!

- როგორ იმოქმედებს ოლიმპიური თამაშების საგაისოდ გადადება ოლიმპიადაზე - სპორტსმენებზე, ორგანიზატორებზე, მაყურებელზე? - პასუხი ცალსახაა - უარყოფითად! განსაკუთრებით პრობლემურია ათლეტების საკითხი: დაირღვა მათი მზადების ციკლი, გადაიწია შედეგების ჩვენებაზე გათვლილმა პიკმა, რომლის კორექტირება სულაც არ არის ადვილი, აირია ლიცენზიების მოპოვების ვადები... მოკლედ, სხვა პრობლემებზე აღარაფერს ვამბობ, არაორდინარულ ვითარებაში ოლიმპიელისთვის სასურველ დონეზე სპორტული ფორმის შენარჩუნება ძალიან ძნელი იქნება. მთლიანობაში ჩრდილი მიადგა "წმინდა თამაშების" ტრადიციებს.

- სხვადასხვა რანგის ბევრ სპორტულ ასპარეზობას დასწრებიხართ. საინტერესოა, მაინც რა არის ოლიმპიური თამაშების მთავარი ხიბლი, განმასხვავებელი ნიშანი, რატომ ითვლება ოლიმპიური მედალი სპორტში ყველაზე ღირებულ ჯილდოდ? - ოლიმპიური თამაშები თანამედროვეობის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრებაა, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობასა და პროგრესს, მსოფლიოს ახალგაზრდობის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, ყველაზე ჰუმანური იდეალების დამკვიდრებას. ანტიკური ოლიმპიადებიდან მოყოლებული, თამაშებში გამარჯვება უდიდესი პატივი და გმირობის ტოლფასია. ნებისმიერი მაღალი რანგის სპორტული ასპარეზობებისგან განსხვავებით, ოლიმპიური ჩემპიონობა მარადიულია, წინსართი "ექს" არ ერთვის.

- თქვენი მდიდარი "კოლექციიდან", რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი ოლიმპიადა?

- როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი) საბჭოთა ეპოქაში, 1989 წელს შეიქმნა "ლელოს" რედაქციის თაოსნობით. დამფუძნებელ ყრილობაზე ამირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად და წილად მხვდა ბედნიერება ვყოფილიყავი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური მისიის პირველი ხელმძღვანელი ლილეჰამერში 1994 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე. რა უნდა იყოს იმაზე მეტად სამახსოვრო და სასიამოვნო, რაც ერთდროულად გიკავშირდება შენ და შენს ქვეყანას...

რაც შეეხება უშუალოდ ოლიმპიადებიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს, როგორც ამბობენ, ყველაფერი შედარებითია. ყოველი მომდევნო ოლიმპიადის მასპინძლები ცდილობენ სხვებზე უკეთ და შთამბეჭდავად ჩაატარონ თამაშები. ამას აღწევენ კიდეც, მაგრამ უფრო ცალკეულ კომპონენტებში: საზეიმო გახსნა, კულტურული ღონისძიებები, ტრანსპორტით მომსახურება, პრესცენტრების გამართულობა და სხვა... ასე რომ, მიჭირს ყოველმხრივ სრულყოფილის დასახელება, სტანდარტი არ არსებობს, არც შეფასების კრიტერიუმი. შემოქმედებითი მიდგომის სრული თავისუფლებაა.

- თუმცა ამ "სრულ თავისუფლებაშიც" შეიძლება რომელიმეს გამორჩევა... - სიამოვნებით გავიხსენებ ბარსელონაში 1992 წელს გამართული ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს: გახსნის ცერემონიალის ისტორიაში პირველად ოლიმპიური სტადიონის თავზე აღმართული კოშკურის თასში ცეცხლი აინთო არ უშუალოდ კონტაქტით, არამედ ალმოდებული ისრით, რომელიც სტადიონის ერთი კიდიდან მეორე კიდისკენ უზუსტესად გატყორცნა მშვილდოსანმა ანტონიო რობოლიომ!

- ყველაზე ემოციურად ქართველი სპორტსმენის რომელი გამარჯვება დაგამახსოვრდათ?

- არც მე და, ცხადია, არც ჩვენ ხალხს არასდროს დაავიწყდება ის ემოცია, რომელიც ათენში 2004 წლის ოლიმპიადაზე მოგვანიჭა ძიუდოისტ ზურაბ ზვიადაურის გამარჯვებამ. 12 წელიწადი ელოდა დამოუკიდებელი საქართველო ამ პირველ ოლიმპიურ ოქროს მედალს. ისტორიას შემორჩა და მთელმა მსოფლიომ იხილა ტელეეკრანებზე ემოციისგან აცრემლებული ჟურნალისტი ვაჟა დანელია, რომელიც იმ მომენტში ჩემ გვერდით იდგა. სიმბოლურად ეს ჩვენი საერთო-სახალხო ემოცია იყო.

- კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო "გაჩერებულია" სპორტის თითქმის ყველა სახეობა. როგორ ფიქრობთ, როდის დაბრუნდება და როგორი იქნება პოსტპანდემიური სპორტი? - ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება ადვილი არც ერთ სფეროში არ იქნება, ცხადია, სპორტშიც. ყველაფერი აღდგება თანდათანობით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რაც ამ ვირუსმა გვასწავლა. ალბათ, აღარც პოსტკორონა სპორტი იქნება ისეთი, რაც მანამდე იყო...

- საქართველო მოხვდა იმ უდიდეს მცირერიცხოვან სახელმწიფოებს შორის, რომელთა წარმომადგენლებსაც 10 და მეტი ოლიმპიადა გაუშუქებიათ. უკვე რამდენიმე წელიწადია, მათ ყველა ოლიმპიადაზე აჯილდოებენ. როგორც ვიცი, საქართველოდან თქვენ ერთადერთმა უკვე ოთხჯერ მიიღეთ ეს საპატიო ჯილდო. მინდა გისურვოთ, რომ კიდევ დიდხანს იყოთ ღვაწლით და სტაჟით გამორჩეულ მსოფლიოს სპორტულ ჟურნალისტთა ამქარში! - დიდი მადლობა!