საქართველო 8:0 ესტონეთი - კვირის პალიტრა

საქართველო 8:0 ესტონეთი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.

ახალდანიშნული მწვრთნელის - ზაალ ჩიტალაძის სამწყსომ ესტონეთის ნაკრებს ფეხი არ გაანძრევინა და 8:0 გაანადგურა. ქართველთაგან 3-3 ბურთი დავით ბობოხიძემ და არჩილ სებისკვერაძემ გაიტანეს, თითოჯერ კი მაყაშვილმა და ჭანუყვაძემ ისახელეს თავი.

საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ ტურში ყველაზე დიდი ანგარიშით სწორედ საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა. ქვეჯგუფის მეორე მატჩში საკვალიფიკაციო ეტაპის მასპინძელმა მაკედონიამ ინგლისი 3:1 დაამარცხა. ორშაბათს ჩვენი გუნდი სწორედ მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტს - მაკედონიას დაუპირისპირდება, მანამდე კი ბრიტანელებთან ითამაშებს.

ჯგუფში პირველობის შემთხვევაში, 24-27 თებერვალს, საქართველოს ნაკრები უკვე შესარჩევი რაუნდის მე-3 ჯგუფში ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქეები პორტუგალია, ბელორუსია და შესარჩევი რაუნდის მასპინძელი პოლონეთი იქნებიან. სულ 6 ქვეჯგუფი შეიქმნება, საიდანაც პირველადგილოსნები და ხუთი საუკეთესო მეორეადგილოსანი კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე გავა.